საქმე №ა-4211-შ-112-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ხ.ზ.მ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ.ოღლი ხ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს, ნიზამის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს, ნიზამის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ხ.ზ.მ. კიზის სარჩელი ვ. ვ. ოღლი ხ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხ.ზ.მ. კიზსა და ვ.ვ. ოღლი ხ–ვს შორის რეგისტრირებული ქორწინება; დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩნენ ქორწინების პერიოდში დაბადებული ბავშვები; მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 386 მანეთის ოდენობით შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე.
ხ.ზ.მ. კიზიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს, ნიზამის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვ.ვ. ოღლი ხ–ვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება და ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - ბოლნისის რაიონი, სოფ........ ამის შემდეგ, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კიდევ ორჯერ გაუგზავნა მხარეს 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალით, თუმცა არცერთხელ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ფოსტამ ადრესარტი მითითებულ მისამართზე ვერ მოიძია.
საქართველოს უზენაესი საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაავალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ვ.ვ. ოღლისათვის (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფ.......) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების, ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. მასვე დაავალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მომართა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებამ, საიდანაც დგინდება, რომ ვ.ვ. ოღლი ხ–ვის მოძიება და დოკუმენტაციის ჩაბარება ვერ მოხერხდა, წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ის საქართველოში აღარ ცხოვრობს 2021 წლის 28 დეკემბრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს, ნიზამის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ზ.მ. კიზის შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს, ნიზამის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე