საქმე №ა-1918-შ-53-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - „ვ.კ.ტ.ფ.“ (W. C.T.F.)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-ჯ–ია“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება
დავის საგანი - კომპანიის წილის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
„ვ.კ.ტ.ფ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
შპს „მ-ჯ–იამ“ წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც დაეთანხმა შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ „ვ.კ.ტ.ფ–ის“ შუამდგომლობა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანებით შპს „მ-ჯ–იას“ 100% წილი გადაეცა „ვ.კ.ტ.ფ–ს“. მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „ვ.კ.ტ.ფ–ის“ (W. C.T.F.) შუამდგომლობა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სენტ - კრისტოფერის და ნევისის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება, რომლითაც შპს „მ-ჯ–იას“ (ს/კ .........) 100% წილი, მასზე საკუთრების უფლება, შენატანი, წილის მესაკუთრის ყველა უფლება სამართალმემკვიდრეობით გადაეცა „ვ.კ.ტ.ფ–ს“ (W. C.T.F.).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე