Facebook Twitter
საქმე №ას-346-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ.ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ლ–ვა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

დ.ლ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „მ.ს–ოს“ მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ლ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დ.ლ–ვას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „მ.ს–ოს“ გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, თვეში 500 აშშ დოლარის (ხელზე ასაღები) ეკვივალენტი ლარის გათვალისწინებით; სარჩელი სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მხოლოდ კომპანიამ გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, ვინაიდან მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობას არ ახასიათებდა სუბორდინაცია, მოსარჩელე თავის სამუშაოს არ ასრულებდა შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში და მასზე არ ვრცელდებოდა ორგანიზაციის დასაქმებულთა მიმართ გამოსაყენებელი ორგანიზაციული წესები, პროცედურები, სამუშაო წესრიგი, სოციალური შეღავათების სქემები; მის სამუშაო ადგილს არ წარმოადგენდა კომპანიის ოფისი; იგი საქმეს ასრულებდა ნებისმიერი, მისთვის სასურველი ადგილიდან და უმეტესწილად საკუთარი საადვოკატო ბიუროს ოფისიდან; სამუშაოს ასრულებდა სასურველ დროს და მასზე არ ვრცელდებოდა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, შვებულების აღების წესი. რაც შეეხება სამუშაოს ანაზღაურებას, ერთი მხრივ, ფიქსირებული ანაზღაურება არ არის ექსკლუზიურად მხოლოდ შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი, მეორე მხრივ კი, მხარეებს შორის გათვალისწინებული იყო როგორც ფიქსირებული ანაზღაურება, ასევე, კონკრეტულ საქმეებში მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის სადავო თანხის 5%-ის გადახდა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე იყო დამოუკიდებელი ადვოკატი და მასთან დავალების ხელშეკრულების ხანგრძლივი ვადით დადება ურთიერთობას შრომით ხელშეკრულებად ვერ გადააქცევდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მას საადვოკატო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეეძლო, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე კი, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის პირადად ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

ამრიგად, როგორც დავალების, ისე შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა. „დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის №ას-302-287-2016 გადაწყვეტილება). რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ახასიათებს ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან: დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის №ას-1132-1088-2016 განჩინება). ამრიგად, კონკრეტული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების განსასაზღვრად, რასაც უკავშირდება დავის გადაწყვეტისთვის დამფუძნებელი ნორმის მოძიება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა კონკრეტული გარემოება, მათ შორის, მხარის მიერ შესრულებული ქმედებების ბუნება, მათი შესრულების წესი, სპეციფიკა, დავალებების მიცემის წესი, სუბორდინაციის არსებობა, ანაზღაურების წესი და სხვ.

განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე დადგენილია, რომ დ.ლ–ვასა და შპს „მ.ს–ოს“ შორის გაფორმებული „საადვოკატო საქმიანობის ხელშეკრულების“ თანახმად, მოსარჩელე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა საზოგადოების საჭიროების მიხედვით. ხელშეკრულების მიხედვით, ადვოკატს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევდა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით; თავისი შეხედულებისამებრ დაეცვა საზოგადოების ინტერესების დაცვა. საზოგადოება ვალდებული იყო, ხელშეკრულების ხელმოწერიდან მის დამთავრებამდე არ გაეუქმებინა ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და საჭიროების შემთხვევაში გაეცა დამატებითი პროცესუალურად აუცილებელი უფლებამოსილებები. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიური ხელფასის სახით - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; ასევე, სასამართლოში ან სადავო სამართლებრივი ურთიერობიდან გამომდინარე საქმეებზე საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის პრემიის (ბონუსის) სახით სადავო თანხის 5%. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი თვის 25 რიცხვში, ხოლო ადვოკატის მიერ მოგებულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საზოგადოებისთვის ჩაბარებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრებოდა როგორც ხელფასი, რომელსაც გადაიხდიდა საზოგადოება.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2003 წლიდან, რის საფუძველზეც, კომპანიის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებდა მოსარჩელე. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიდოში, კომპანიას, მოსარჩელის გარდა, სხვა იურისტი არ ჰყოლია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულება გაფორმებული იყო ფიზიკურ პირთან - მოსარჩელესთან, რომელიც პირადად ასრულებდა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა უწყვეტად გრძელდებოდა 17 წლის განმავლობაში, განსაზღვრული იყო ფიქსირებული და ყოველთვიური ანაზღაურება - „ხელფასი“, რომელიც არ იყო დაკავშირებული სამუშაოს მოცულობასა თუ სახეობასთან, სამუშაოს შედეგთან და/ან შესრულების დადასტურებასთან (დამატებით მხოლოდ ბონუსის გაცემა იყო შეთანხმებული), ხელშეკრულებით მოსარჩელესთან ურთიერთობის შეწყვეტა არ იყო ცალმხრივად მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული. ხსენებულ გარემოებათა ერთობლიობა კი ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სწორედ შრომის ხელშეკრულებად უნდა იქნეს მიჩნეული. რაც შეეხება სამუშაო დროისა და ადგილის საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსაზღვრულ საათებში კომპანიის ოფისში სამუშაოს შესრულება, მართალია, არის ხელშეკრულების შინაარსის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კომპონენტი, თუმცა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით (როდესაც იგი სავალდებულოდ არ მოითხოვს ადგილზე ყოფნას), არ გამოირიცხება განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმება.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის 17 წლის განმავლობაში არსებობდა შრომითი ურთიერთობა, იგი, საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6) მუხლის მიხედვით, ატარებდა უვადო ხასიათს, შესაბამისად, დასაქმებულთან შრომის ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო მხოლოდ შრომის კოდექსის 47-ე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე) მუხლის საფუძველზე, სათანადო წინაპირობის არსებობის მიზეზით. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელესთან მოპასუხემ 2020 წლის 1 აპრილიდან ხელშეკრულება შეწყვიტა შრომის კოდექსით გათვალისწინებული, სათანადო საფუძვლის გარეშე. მაშასადამე, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა და ვერ დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. აქედან გამომდინარე, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების პირობებში, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის კომპენსირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. შპს „მ.ს–ოს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.03.2023 წლის №11234 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1305 ლარის 70% - 913.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე