საქმე №ას-1177-2022 11 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.ა–ა, ა.ა–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. ნ.დ––ი (პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
2. ვ.ა–ას (მეორე მოსარჩელე) უფლებამონაცვლეები - ც.ბ–ძე, მ.ა–ა, ე.ა–ა, გ.თ–ძე
თავდაპირველი მოპასუხე – ნოტარიუსი მ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.07.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.10.2017 წლის გადაწყვეტილებით ნ.დ––ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ვ.ა–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ნოტარიუსი“) მიერ 23.07.2012 წელს ა.ა–აზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №120773054) ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმში, ......., ს/კ: ......., 162.53 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილში და ამავე ნაწილში ნოტარიუსს დაევალა მოსარჩელეების სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო უძრავ ნივთზე პირველ მოპასუხესა და ა.ა–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „კასატორები“) შორის 17.01.2014 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულება 2/3 ნაწილში.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.12.2020 წლის განჩინებით მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ც.ბ–ძე, გ.ა–ა, მ.ა–ა, ე.ა–ა და პირველი მოსარჩელე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2022 წლის განჩინებით გ.ა–ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი გ.თ–ძე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მამკვიდრებელი ა.ა–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) გარდაიცვალა 13.02.1994 წელს.
4.2. მამკვიდრებლის მეუღლე იყო მეორე მოსარჩელე, შვილები - პირველი მოსარჩელე, პირველი მოპასუხე, ე.ა–ა, ც.ბ–ძე, გ.ა–ა.
4.3. 23.07.2012 წელს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა №120773054, რომლის თანახმად, მამკვიდრებლის აქტივები და პასივები მიიღო მისმა შვილმა/პირველი რიგის მემკვიდრემ პირველმა მოპასუხემ. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმში, ........., ს/კ: ........., დაზუსტებული ფართობი 451,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 301,91 კვ.მ, 25.10.2012 წელს აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად.
4.4. 02.11.2012 წელს პირველ მოპასუხესა და გ.ა–ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონების, მდებარე: ბათუმში, ........, ნაწილი (301 კვ.მ-დან 139,38 კვ.მ) 10 000 ლარად მიჰყიდა გ.ა–ას. შესაბამისად, გ.ა–ა საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრედ. 12.04.2013 წელს გ.ა–ასა და გ.ა–ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკულება, რომლის მიხედვით, გ.ა–ამ უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმში, ....., 139,38 კვ.მ, ღირებული 20 000 ლარად, აჩუქა გ.ა–ას. შესაბამისად, გ.ა–ა საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრედ.
4.5. 17.01.2014 წელს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს (არასწრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი (დედა) ს.ჯ–ძე) შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმში, ......... ქუჩა №12-ში, აჩუქა თავის შვილს - მეორე მოპასუხეს.
4.6. ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, 23.01.2014 წელს უძრავი ქონების, მდებარე: ბათუმში, ......... ქუჩა №12-ში, ს/კ: ......, შენობა-ნაგებობის 162,53 კვ.მ (სადავო უძრავი ნივთი) აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად, ხოლო 139,38 კვ.მ - გ.ა–ას საკუთრებად.
4.7. 10.06.2009 წელს ნ.ა–ა (პირველი მოსარჩელე) დაქორწინდა ე.დ–ზე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა გვარი დამლაჯი. პირველი მოსარჩელე ქორწინების შემდეგ, 2009 წელს, გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში და მას შემდეგ ცხოვრობს იქ, თუმცა, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, რასაც ადასტურებს ხშირი საზღვრის კვეთის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაცია.
4.8. 08.05.2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ.ა–ას ჩვენების შესაბამისად, ის არის მეორე მოსარჩელის შვილი და, შესაბამისად, პირველი მოსარჩელის და. ის დაოჯახებამდე ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში. მამამისის, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას და მის შემდგომაც მოსარჩელეები სადავო სახლში ცხოვრობდნენ. მხოლოდ ბოლო სამი წელია რაც გადავიდა მეორე მოსარჩელე იმ სახლიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მას ამჟამად თავად უვლის და ცხოვრობს მასთან ერთად. პირველი მოსარჩელე რომ ჩამოდიოდა ხოლმე, მიდიდოდა მამისეულ სახლში და რჩებოდა.
4.9. 08.05.2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე.ა–ას ჩვენების შესაბამისად, ის არის მეორე მოსარჩელის შვილი და, შესაბამისად, პირველი მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის და. ის დაოჯახებამდე ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში. მამამისის, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას და მის შემდგომაც მოსარჩელეები სადავო სახლში ცხოვრობდნენ. დაახლოებით ბოლო 4-5 წელია დედამისი, მეორე მოსარჩელე წამოვიდა სადავო სახლიდან. პირველი მოსარჩელე ხშირად ჩამოდიოდა მამისეულ სახლში და უვლიდა დედას, წაყვანილიც ჰყავდა თურქეთში. პირველ მოსარჩელეს არასოდეს არ შეუწყვეტია მამისეული ქონების მოვლა-პატრონობა და არც მეორე მოსარჩელეს.
4.10. 08.05.2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც.ბ–ძის ჩვენების შესაბამისად, ის არის მეორე მოსარჩელის შვილი და, შესაბამისად, პირველი მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის და. ის დაოჯახებამდე ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში, თუმცა, შემდგომში მისი მეუღლე დააპატიმრეს და ამ პერიოდში მამის სურვილით, კარგა ხანს ცხოვრობდა მამისეულ სახლში. მამამისის, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას და მის შემდგომაც მოსარჩელეები სადავო სახლში ცხოვრობდნენ. მეორე მოსარჩელე ამჟამად გულნარასთან ცხოვრობს, დედას უვლის გ–ა. დაახლოებით ორი წელია რაც მეორე მოსარჩელე წამოვიდა მეუღლის სახლიდან.
4.11. 21.08.2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.თ–ძის ჩვენების შესაბამისად, ის არის გ.ა–ას მეუღლე. ის 28 წელია, რაც ოჯახის რძალია. ის ცხოვრობს სადავო სახლში. მამკვიდრებლის სიცოცხლეში ის უკვე სადავო სახლში ცხოვრობდა. პირველი მოსარჩელე გათხოვილია და სტამბულში ცხოვრობს უკვე 10 წელია. მხარეთა შორის ახლა დაძაბული ურთიერთობაა და პირველი მოსარჩელე სადავო სახლში ვერ მოდის, თუმცა მანამდე ხშირად დადიოდა. მოდავე მხარეები ყოველთვის ერთმანეთს ედგნენ მხარში. ისინი ფლობდნენ უძრავ ქონებას, შესაბამისად, მის გაჩუქებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი. აქვე, აღსანიშნავია, რომ მოწმემ მოსარჩელის წარმომადგენლის შეკითხვაზე განმარტა, რომ ყველა ერთიანად დაეუფლა სამკვიდროს, თუმცა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდგომ უარყო აღნიშნული და განმარტა, რომ დაუფლებაში მოიაზრა მოთხოვნა.
4.12. იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 13.02.1994 წელს, მისი სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, ასევე გამოყენებული უნდა იქნეს 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ამდენად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობისა და მოჩვენებით დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე ნოტარიუსის დავალდებულების თაობაზე მოთხოვნა 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე, 540-ე, 542-ე, 544-ე, 556-ე და მოქმედი რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე, 56-ე, 976.1.„ა“, 979.1, 1499.1, 1500-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
4.13. მოდავე მხარეები არიან მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები - მეუღლე და შვილები. მხარეთა შორის სადავოა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ნაწილზე საკუთრების უფლება. მოსარჩელეების მითითებით, ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის მეუღლესა და შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებმაც პირველ მოპასუხესთან ერთად, ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება, რაც გამოიხატა მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრებით. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთის 2/3 ნაწილი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მათი საკუთრებაა. პირველ და მეორე მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს არ დაუფლებიან, რაც გამორიცხავდა სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების არსებობას და სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, მოსარჩელეები პირველ მოპასუხესთან ერთად დაეუფლნენ თუ არა, კანონით დადგენილი წესით, სადავო დანაშთ ქონებას, რის საფუძველზეც ითხოვენ სადავო უძრავ ნივთზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
4.14. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სარჩელითა და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პირველი მოპასუხის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონებიდან სადავოა მხოლოდ ბათუმში, ......... ქუჩა №12-ში, ს/კ: №......, 162.53 კვ.მ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება 2/3 ნაწილში, რაც პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელეთა მტკიცებით, მოჩვენებით დადებული ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა მის შვილს - მეორე მოპასუხეს.
4.15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესზე და განმარტა, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვენ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების 2/3 ნაწილში ბათილად ცნობასა და ნოტარიუსის დავალდებულებას ამავე ნაწილში სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა აღსრულებადია და, შესაბამისად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, ახალი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, გახდება მოსარჩელეების იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საკუთრების უფლების მათ სახელზე აღრიცხვის წინაპირობა. რაც შეეხება პირველ და მეორე მოპასუხეთა შედავებას, სადავო დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არ არსებობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეები ითხოვენ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და უძრავი ქონების ნაწილის მათ სახელზე აღრიცხვას, ხოლო ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებენ, რომ ისინი, პირველ მოპასუხესთან ერთად, ფაქტობრივად დაეუფლნენ სადავო უძრავ ნივთს. ამდენად, ამ ვითარებაში არ არსებობს ფაქტობრივი ფლობის დადგენის თაობაზე ცალკე სასარჩელო მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა.
4.16. უდავოა, რომ მოსარჩელეებს სადავო სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანიათ და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღიათ.
4.17. მოსარჩელეებმა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, წარმოადგინეს მოწმეები - გ.ა–ა, ე.ა–ა და ც.ბ–ძე, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდგომაც, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, ცხოვრობდნენ სამკვიდრო ქონებაში. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ი.თ–ძემ განმარტა, რომ მხარეთა შორის ახლა დაძაბული ურთიერთობაა და პირველი მოსარჩელე სადავო სახლში ვერ მოდის, თუმცა მანამდე ხშირად დადიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი მოსარჩელე ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში მხოლოდ 2009 წლის შემდგომ, მანამდე ის საქართველოში ცხოვრობდა, კერძოდ, სადავო სახლში. ამასთან, ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და რჩებოდა სადავო სახლში. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ ვერანაირი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, ვერ გააბათილა მოსარჩელეთა მტკიცება კანონით დადგენილ ვადაში სადავო დანაშთი ქონების ფაქტობრივი გზით მიღების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული მტკიცებულებები საკმარისია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მათ გამოხატეს ნება გამხდარიყვნენ სამკვიდრო ქონების მესაკუთრეები და ფაქტობრივად დაეუფლნენ კიდეც მას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც ამ ქონებაზე მათი საკუთრების უფლების აღიარების საფუძველია. შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიერ მთელ სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, არასწორია. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სამკვიდროს სადავო ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის 2/3 ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.
4.18. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება 17.01.2014 წელს მამა-შვილს - პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზანთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება იყო მოჩვენებითი (სსკ-ის 56.1 მუხლი). პალატის მითითებით, მოჩვენებითი მოქმედების პრეზუმფციას ის გარემოებები ამყარებს, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეები - მამა და შვილი, ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთად ცხოვრობენ; ჩუქების ხელშეკრულება დადებულია სწორედ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა; ამასთან, გაუგებარია თუ რა მიზანი ამოძრავებდა პირველ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილისათვის მეორე მოპასუხისათვის (დაბ. 19.12.1999წ.) უძრავი ქონების ჩუქებისას. ჩუქების ხელშეკრულების დადებისას (17.01.2014წ.) მეორე მოპასუხე იყო მხოლოდ 14 წლის, უზრუნველყოფილი იყო საცხოვრისით, ასევე, ცხადია, რომ 14 წლის მეორე მოპასუხე საკუთარ ოჯახს ვერ შექმნიდა და ცალკე ცხოვრების საჭიროებას არ განიცდიდა. ეს გარემოებები კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას პირველი მოპასუხე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელეებს ხელი შეშლოდათ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღებისას. აღნიშნული კი, მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო ბრუნვის არაკეთილსინდისიერად წარმართვად და უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა შეფასდეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ 17.01.2014 წელს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი და, სსკ-ის 56.1 მუხლის შესაბამისად, ბათილი. სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო უძრავ ნივთზე გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და 17.01.2014 წლის ჩუქების ხელშეკრულების 2/3 ნაწილში ბათილად ცნობის, აგრეთვე, ნოტარიუსისთვის მოსარჩელეების სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების კანონიერება.
10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (25.11.1997 წლამდე), 13.02.1994 წელს. დადგენილი არ არის დავის ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე დარეგულირების შესახებ მხარეთა შეთანხმების არსებობა. ამდენად, სსკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული დავის გადასაწყვეტად მართებულად იხელმძღვანელეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის შესაბამისი ნორმებით.
11. 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად, მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (556-ე მუხლის იდენტურ მოწესრიგებას გვთავაზობს მოქმედი სსკ-ის 1421-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლები).
12. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ №ას-595-822-08, 04.11.2008წ; №ას-186-175-2017, 02.06.2017წ.).
13. დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელე და პირველი მოპასუხე არიან მამკვიდრებლის შვილები, ხოლო მეორე მოსარჩელე - მეუღლე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელეები კანონით დადგენილ ვადაში, პირველ მოპასუხესთან ერთად, ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მამკვიდრებლის გარდაცვალებისას და მის შემდგომაც სადავო უძრავ ნივთში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 4.8-4.11 პუნქტები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მოსარჩელეების მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ფაქტის გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამრიგად, 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად (კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები), მოსარჩელეები პირველ მოპასუხესთან ერთად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები, სარგებლობენ სამკვიდროს სადავო ნაწილზე - სადავო უძრავ ნივთზე თანასწორი წილის მიღების უფლებით. შესაბამისად, პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელეების ნების გაუთვალისწინებლად, მთლიან სამკვიდრო ქონებაზე აეღო სამკვიდრო მოწმობა, რაც შესაბამის ნაწილში სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველია.
14. დადგენილია, რომ 17.01.2014 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა თავის შვილს - მეორე მოპასუხეს.
15. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებები შეფასდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც (იხ: სუსგ №ას-212-201-2017, 15.05.2017წ; შდრ. სუსგ-ებს: №ას-225-215-2016, 25.05.2016წ; №ას-761-729-2016, 31.01.2017წ.) (სუსგ №ას-1273-2020, 18.02.2021წ.). იმ პირობებში, როდესაც დასაჩუქრებული და მჩუქებლები არიან ერთი ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ცნობილია მოსარჩელის უფლებების შესახებ, სამკვიდრო ქონების განკარგვა ვერ შეფასდება კეთილსინდისიერ, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გამოვლენილ ნებად (შდრ. სუსგ №ას-337-337-2018, 31.01.2022წ.).
16. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ 17.01.2014 წლის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად (სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)). მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; სუსგ №ას-3-2020, 16.06.2020წ.).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სასამართლოს დასკვნა სადავო უძრავ ნივთზე სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების 2/3 ნაწილში ბათილად ცნობისა და ამავე ნაწილში ნოტარიუსისთვის მოსარჩელეების სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-1580-1483-2012, 30.09.2013წ; №ას-1024-1296-09, 09.03.2010წ.).
18. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების ვერც ის პრეტენზია, რომ, რადგან სარჩელით მოთხოვნილი არ არის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა, სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის უფლებამოსილება არ ჰქონდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეები სარჩელის საფუძვლად მათ მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლებაზე უთითებენ, რაც მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა. შესაბამისად, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე (სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობა, ნოტარიუსის დავალდებულება ამავე ნაწილში მოსარჩელეების სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე), მითითებული საკითხი სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა და მისი კვლევა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენად ვერ შეფასდება.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ასა და ა.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ა–ასა (პ/ნ: ......) და ა.ა–ას (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეთ ე. მ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება №29555953, გადახდის თარიღი 17.11.2022წ.) 70% – 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
თეა ძიმისტარაშვილი