Facebook Twitter

საქმე №ას-313-2023 14 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ს–ძე, გ.გ–ძე, მ.მ–ძე, გ.ჭ–ი, ე.კ–ძე, კ.ხ–მია, ზ.ა–ია (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ი.კ–ს“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–მიას და ზ.ა–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელეებმა, რომლებიც მუშაობდნენ შპს ,,ქ.ი.კ“-ში (შემდეგში: მოპასუხე საწარმო ან კასატორი), საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით იმ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნეს, რომ მოპასუხე კომპანიაში მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე (ხელოსანი, მეყალიბე, მუშა, ბრიგადირი...) უვადოდ. 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაზეც ეცნობათ ზეპირსიტყვიერად კომპანიის დირექტორის, ს.გ–ძის მიერ, ხოლო წერილობითი შეტყობინება არ გადასცემიათ;

2.1. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეთათვის უცნობია სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები, თუმცა დირექტორმა ზეპირად, ერთ-ერთ მოსარჩელეს განუცხადა, რომ მათი მუშაობით იყო უკმაყოფილო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება;

2.2. მიუხედავად მოსარჩელეთა მოთხოვნისა, მათ წერილობით არ განმარტებიათ გათავისუფლების საფუძველი, არც ბრძანებები და ხელშეკრულებები ჩაჰბარებიათ, რის გამოც უცნობია გათავისუფლების ზუსტი მიზეზები;

2.3. მოსარჩელეებს უკანონოდ მიაჩნიათ გათავისუფლება. მათ არაერთხელ სცადეს დავის მოგვარება მოლაპარაკების გზით, თუმცა - უშედეგოდ, რის გამოც უფლების სასამართლო გზით დაცვა აირჩიეს.

2.4. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხე კომპანიის დავალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეებს მიუღებელი შემოსავალი შემდეგი ოდენობით:

ა) რ.ს–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან- სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 625 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 300 ლარი);

ბ) გ.გ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 525 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 220 ლარი);

გ) მ.კ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 28 იანვრიდან, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 450 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 160 ლარი);

დ) მ.მ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 6 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 650 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 320 ლარი);

ე) ე.კ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 28 იანვრიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 425 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 140 ლარი);

ვ) გ.ჭ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 462.5 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 170 ლარი);

ზ) კ.ხ–მიას სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 750 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 400 ლარი);

თ) ზ.ა–იას სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1 562.5 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1 250 ლარი.

2.5. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს, თებერვალში ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის, კერძოდ:

ა) რ.ს–ძის მიმართ 268 ლარი გადასახადების ჩათვლით (215 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ბ) ზ.ა–ას მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

გ) გ.გ–ძის მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

დ) მ.მ–ძეს მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ე) კ.ხ–მიას მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ვ) გ.ჭ–ის მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა).

3. მოსარჩელეთა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ და განმარტა, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან (შემდეგში: მუნიციპალური განვითარების ფონდი) დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანია ახორციელებდა ქ. ქუთაისში, ........ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ორი ერთეული 16-სართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის მიმდინარეობის პროცესში, სამშენებლო სპეციფიკის, კონკრეტული მოცემულობის, ხარჯებისა და გრაფიკის გათვალისწინებით, ობიექტზე საჭიროებისამებრ ხელოსნებს იძახებდნენ;

3.1. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ. მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანია საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად იძახებდა ხელოსნებს კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, ამ სამუშაოს შესრულების ვადით. ამ ვადის განმავლობაში ისინი ვალდებული იყვნენ მიეწოდებინათ შემკვეთისათვის მზა პროდუქტი, რომელიც გამოიხატებოდა სამუშაოს ან სამუშაოს ეტაპის დასრულებაში;

3.2. მოსარჩელეებისათვის თავიდანვე იყო ცნობილი სამუშაოს არამუდმივობა. ასევე ცნობილი იყო, რომ სამუშაოები სრულდებოდა არა მოპასუხის, არამედ შემსყიდველი კომპანიის სასარგებლოდ, რომელსაც სამუშაოების ყოველი ეტაპის დასრულების შესახებ მოპასუხე წარუდგენდა ანგარიშს. შესაბამისად, მოპასუხე უვადო ხელშეკრულებას ვერ დადებდა მოსარჩელეებთან, რადგან თვითონაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა;

3.3. სამუშაოს შესრულების გრაფიკიც განსხვავებული იყო. არსებული პროექტი შემუშავებული იყო მესამე პირის, ტენდერის გამომცხადებლის მიერ, რის გამოც მოპასუხეს არ გააჩნდა შრომით საწყისებზე ხელოსნების დასაქმების შესაძლებლობა, რადგანაც თვითონაც შეზღუდული იყო ვადით და ბიუჯეტით. ვინაიდან, მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, მოპასუხე აღჭურვილი არ ყოფილა უფლებით, მოსარჩელეთათვის შვებულება მიეცა ან განესაზღვრა დასვენების დღეები. ამ მხრივ მოსარჩელეები სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ მოპასუხის ჩარევისაგან, ნებისმიერ დროს შეეძლოთ აეღოთ დასვენების დღე და განესაზღვრათ კვირაში სამუშაო საათების ოდენობა. მათ ვალდებულებას წარმოადგენდა სამუშაოების დროული დასრულება და ჩაბარება. რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მათ მიმართ მიღებული ვერ იქნებოდა;

3.4. ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, უსაფუძვლოა სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების საფუძველზე.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–მიას და ზ.ა–ას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე;

6.1. რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–მიას და ზ.ა–ას სასარჩელო მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

6.2. მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) რ.ს–ძის სასარგებლოდ-3 900 ლარი;

ბ) გ.გ–ძის სასარგებლოდ-3 080,37 ლარი;

გ) მ.კ–ის სასარგებლოდ-3 480 ლარი;

დ) მ.მ–ძის სასარგებლოდ-3 960 ლარი;

ე) ე.კ–ძის სასარგებლოდ-3 420 ლარი;

ვ) გ.ჭ–ის სასარგებლოდ-3 510 ლარი;

ზ) კ.ხ–მიას სასარგებლოდ -4 200 ლარი;

თ) ზ.ა–ას სასარგებლოდ-3 539,53 ლარი.

6.3. სააპელაციო მოთხოვნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

7.1. მუნიციპალური განვითარების ფონდსა (,,შემსყიდველი’’) და მოპასუხე კომპანიას („მიმწოდებელი’’) შორის 2019 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N/145 ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა N 190008149 ტენდერი ქ. ქუთაისში, ......, ს/კ N..... -ის მიმდებარედ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის, ორი 16 სართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ტენდერის შედეგად ,,მიმწოდებელმა’’ (წინამდებარე დავაში მოპასუხე კომპანიამ) აიღო ვალდებულება, მიაწოდოს „შემსყიდველს“ ზემოთ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 27 თვის ვადაში (2021 წლის 7 ნოემბრამდე). ხელშეკრულების თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ,,შემსყიდველი’’ კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. სამუშაოს, ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებულის სამუშაოების (შსა) საფუძველზე, „მიმწოდებლის“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 136-149);

7.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებაში 2020 წლის 30 იანვარს შევიდა ცვლილება, სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად -2022 წლის 31 დეკემბერი. ასევე, შეიცვალა განსახლების ობიექტის კოდი N ...... და სამუშაოები გაგრძელდა შემდეგ კოდზე- N.......ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. N4 შეთანხმებით საბოლოოდ სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2023 წლის 30 ივნისი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 234-238);

7.3. მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეები, როგორც დასაქმებულები, სამუშაო საათებში, ასევე გზის გაუმრუდებლად საცხოვრებელი ადგილიდან პირდაპირ სამსახურში და სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობის ჩათვლით, 2021 წლის 11 აგვისტომდე დაზღვეული ჰყავდა სადაზღვევო კომპანია ,,ჯ. პ. ა.“ ვენის სადაზღვევო ჯგუფში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 319-325);

7.4. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით გაფორმებული არ ყოფილა, მათ შორის იყო ზეპირი შეთანხმება კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე, რისთვისაც მიეცემოდათ შესაბამისი ანაზღაურება.

7.5. მოსარჩელე რ.ს–ძე მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 28 ოქტომბრიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მას მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისაგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ ის გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.5.1. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ი/მ რ.ს–ძეს 11.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 04.11.20წ. – 1 038.33 ლარი; 04.12.20 წ. - 1 294,29 ლარი, 29.12.20 წ. - 1 190.70 ლარი; 04.02.21 წ. – 1 141.70 ლარი და 05.02.21 წ-269.50 ლარი. სულ 4 236,07 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 61-65; ტ.2, ს.ფ. 104-105);

7.6. მოსარჩელე გ.გ–ძე მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2019 წლის სექტემბრიდან. ბოლოს მას ბრიგადირის თანამდებობა ეკავა. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.6.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით გ.გ–ძეს, 10.2019 - 02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 06.02.2020 წ. - 960 ლარი; მარტში -1 040 ლარი; აპრილში - 1 040 +120 ლარი; ივნისში - 880 ლარი; ივლისში -1 520 ლარი; აგვისტოში -1 372 ლარი; სექტემბერში -14 440.60 ლარი, ოქტომბერში -1 800 ლარი; ნოემბერში -1 650 ლარი; დეკემბერში -1 364,39 ლარი და 1 200 ლარი; 2021 წლის თებერვლის დასაწყისში 1 080 ლარი. სულ-19 715,10 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-31; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.7. მოსარჩელე მ.კ–ი მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 25 ივნისიდან. 2021 წლის 28 იანვარს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.7.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020-02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20 წ. - 245 ლარი; 03.08.20 წ. – 1 465 ლარი; 03.09.20 წ. – 1 431 ლარი; 05.10.20 წ. - 2 126,60 ლარი; 03.11.20 წ. – 1 520 ლარი; 03.12.20 წ. – 1 288.70 ლარი; 29.12.20 წ. –1 082.90 ლარი; 04.02.21 წ.- 911.40 და 196 ლარი. სულ 11 301,34 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ 47- 50; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.8. მოსარჩელე კ.ხ–მია მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის სექტემბრიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.8.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 10.2020 - 02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 05.10.20 წ. - 1 176 ლარი; 03.11.20 წ. – 1 470 ლარი; 03.12.20 წ. – 1 424,14 ლარი; 29.12.20 წ.- 1 249,50 ლარი; 04.02.21 წ. – 1 283,80 ლარი და 235,20 ლარი. სულ-7 072,69 ლარი (იხ.ტ. 1, ს.ფ. 66-67; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.9. მოსარჩელე მ.მ–ძე მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან. 2021 წლის 6 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან და უშუალო ხელმძღვანელისგან (სამუშაოთა მწარმოებლისაგან) ზეპირსიტყვიერად ეცნობა,რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.9.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 11.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 04.11.20წ. - 1528,80 ლარი; 03.12.20წ. – 1343,60 ლარი; 29.12.20წ.- 1141,70 ლარი; 04.02.21წ. – 1190,70 ლარი და 269.50 ლარი. სულ 5668,22 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 44-46; ტ. 2, ს. 104-105).

7.10. მოსარჩელე ე.კ–ძე მოპასუხე კომპანიაში მეყალიბე-ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. 2021 წლის 28 იანვარს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.10.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 10.2020 - 02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 05.10.20 წ. – 1 705,20 ლარი; 03.11.20 წ. – 1 646,40 ლარი; 03.12.20 წ. – 1 367,79 ლარი; 29.12.20 წ.- 941,49 ლარი; 04.02.21 წ. – 779,79 ლარი და 269.50 ლარი. სულ-7 000,54 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51-59; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.11. მოსარჩელე გ.ჭ–ი მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 12 ივნისიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს მისთვის არ განუმარტავს;

7.11.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020 - 02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20 წ. -989.80 ლარი; 03.08.20 წ. – 1 470 ლარი; 03.09.20 წ. - 1 392 ლარი; 05.10.20 წ. – 1 470 ლარი; 04.11.20 წ. – 1 646.4 ლარი; 04.12.20 წ. – 1 310.75 ლარი; 29.12.20 წ. - 1 097.6 ლარი; 04.02.21 წ.- 867.3 ლარი; 05.02.21 წ. – 269.5 ლარი; სულ-10 781,55 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38- 43; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.12. მოსარჩელე ზ.ა–ა მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 24 ივნისიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მისთვის მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.12.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020 - 02.2021 წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20 წ.- 176.40 ლარი, 03.08.2020 წ. – 799 ლარი; 03.09.20 წ. - 980 ლარი; 05.10.20 წ. - 1 097,60 ლარი; 3.11.20 წ. – 1 176 ლარი; 03.12.20 წ. – 1 365,34 ლარი; 29.12.20 წ. – 999.60 ლარი; 04.02.21 წ. - 1 131,90 ლარი და 269.50 ლარი. სულ - 8 258,91 ლარი (იხ.ტ. 1, ს.ფ. 32- 37; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.13. მოსარჩელეებმა მათი სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთების თაობაზე, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სამჯერ გაუგზავნეს წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს: პირველად 08.02.2021 წელს, მოპასუხის იურიდიულ მისამართზე (ქ. ბათუმი, .....ქ. N91) - აღნიშნული წერილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ადგილზე მისულ კურიერს განუცხადეს, რომ ასეთი კომპანია ამ მისამართზე არ მოქმედებდა. მეორედ, წერილები გაიგზავნა 15.02.2021 წელს, ქ. ქუთაისში, .......- მისამართზე, სადაც უშუალოდ დასაქმებულები იყვნენ მოსარჩელეები, თუმცა, ადგილზე მისულ კურიერს წერილების ჩაბარებაზე უარი განუცხადეს მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, დაცვის სამსახურმა. მესამედ, ასეთი წერილები გაიგზავნა მოპასუხე კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის, ს.გ–ძის სარეგისტრაციო მისამართზე (ქ. ბათუმი, ......, ბინა 11) ამჯერადაც, მისამართზე გამოცხადებულმა საფოსტო კურიერმა ვერ მოახერხა წერილის ჩაბარება და კარებზე დატოვა შეტყობინება, თუმცა, წერილს ფოსტაშიც არ მიაკითხეს (იხ. მოსარჩელეთა განცხადებები - ტ. 2, ს.ფ. 62-69).

7.14. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აგვისტოს N21-11/104364 მომართვაში შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხე კომპანიის მიერ დასაქმებულებზე (მოსარჩელეებზე) გაცემული ანაზღაურებისა და გაცემის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ აღნიშნულია, რომ დამსაქმებლისგან მოსარჩელეებს ერიცხებოდათ ხელფასი, რადგან ჩარიცხვის მიზნობრიობაში დამსაქმებლის მიერ შემოსავლის ტიპად პერიოდულობის გათვალისწინებით მითითებული იყო ,,ხელფასი'' (იხ. ტ.2, ს.ფ. 104-105);

7.15. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 სექტემბრის N21-11/117400 მიმართვაში განმარტებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავების და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლების გადამხდელს. ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განმარტავს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლი, რომლის თანახმად ,,ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 106-107).

8. სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასების დროს განმარტა, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებაა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ, აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ.სუსგ-ები: Nას-877-825-2010, 28.12.2010 წ; Nას-1170-1125-2016, 13.06.2017წ.).

8.1. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში. შესაბამისად, სადავოობისას თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს, იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი.

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. განსახილველ საქმეში, მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ხოლო მოპასუხეს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შეთანხმების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. სსკ-ის 629.1-ე, 630.2-ე და 648-ე მუხლების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას, შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური, სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

8.4. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთ თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო.

8.4.1. სშკ-ის მე-14.1 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;

ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

8.4.2 ამავე კოდექსის 41.3-ე და 43.1-ე მუხლების თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დასტურდება, რომ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, საიდანაც დამსაქმებელი ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო) დაქვითვას, ხოლო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელს (მენარდეს) ეძლევა მხოლოდ ანაზღაურება კონკრეტულად განსაზღვრული ტარიფით და მისი გადახდა ხდება სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ არ არსებობს ნაწილ-ნაწილ მისი გადახდის თაობაზე შეთანხმება.

8.5. საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, რისთვისაც მოსარჩელეებს ყოველთვიურად ერიცხებოდთ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით ანაზღაურება, ამასთან, მათთვის ჩასარიცხი თანხიდან მოპასუხე ახდენდა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვას, ხოლო საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მონაცემებით მოსარჩელეებზე ჩარიცხული თანხები დაფიქსირებულია, როგორც ხელფასი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ დავა გამომდინარეობდა ნარდობის სამართლებივი ურთიერთობიდან, არ იქნა გაზიარებული.

8.6. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა მხარეთა შორის გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, მოსარჩელეთა მოთხოვნების შეფასებისათვის აუცილებელია გაირკვეს ამ ხელშეკრულების არსებითი პირობა-შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ვადა.

8.6.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა (მოსარჩელეთა) მტკიცება უვადო შრომითი ურთიერთობის თაობაზე და დადგენილი ფაქტების გონივრული შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ თითოეულ მოსარჩელესთან სამუშაოს შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს შრომითი გარიგების დადების დროისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდსა (,,შემსყიდველსა’’) და მოპასუხე კომპანიას („მიმწოდებელს’’) შორის 2019 წლის 8 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადასთან მიმართებით. დამსაქმებელს მოსარჩელეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოლოდინი სწორედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გააჩნდა. ამ მსჯელობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთაგან გ.გ–ძესთან გარიგების დადების დროს არსებული შესრულების ვადის მიხედვით, მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო - 2021 წლის 7 ნოემბრამდე, ხოლო სხვა მოსარჩელეებთან - რ.ს–ძესთან, მ.კ–თან, მ.მ–თან, ე.კ–თან, გ.ჭ–თან, კ.ხ–მიასთან და ზ.ა–ასთან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

8.7. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითა და სარჩელით სადავოდაა გამხდარი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–მიას და ზ.ა–ას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. იმისათვის, რომ გაირკვეს ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ მიზნით, სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

8.8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

8.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე უთითებს სამუშაოს შესრულების ვადის გასვლაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის შეთანხმებული ვადა გასული არ ყოფილა, დასტურდება, რომ არ არსებობდა სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) და დამსაქმებელმა იმოქმედა არამართლზომიერად. შესაბამისად, რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–მიასა და ზ.ა–ას სასარჩელო მოთხოვნები, რომ ბათილად იქნეს ცნობილი მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

8.10. აპელანტთა მოთხოვნაზე, რომელიც მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ეხება, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება ბათილია, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტთა მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ვადა უკვე გასულია. ამის მიუხედავად, ვინაიდან, დასაქმებულს არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა, შეთანხმებულ ვადაში განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლოს, მოსარჩელეთა დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მათთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიაჩნია.

8.10.1. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება, სულ მცირე, კომპენსაცია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, ამას კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში. სასამართლო, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (იხ. სუსგ N ას-353-338-2016, 15.06.2015წ.);

8.10.2. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან დათხოვნილი იქნენ 9-10 თვით ვადაზე ადრე, 2021 წელს 28 იანვრიდან -6 თებერვლამდე პერიოდში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობაში (ტ.1, ს.ფ.104-105) დაფიქსირებული ხელფასისა და მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში, მორალური ზიანის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი, გონივრული და პროპორციულია, მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიური საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობით კომპენსაციის გადახდა კერძოდ:

1) რ.ს–ძის სასარგებლოდ - 3 900 ლარი;

2) გ.გ–ძის სასარგებლოდ - 3 080,37 ლარი;

3) მ.კ–ის სასარგებლოდ - 3 480 ლარი;

4) მ.მ–ძის სასარგებლოდ - 3 960 ლარი;

5) ე.კ–ძის სასარგებლოდ - 3 420 ლარი;

6) გ.ჭ–ის სასარგებლოდ - 3 510 ლარი;

7) კ.ხ–მიას სასარგებლოდ - 4 200 ლარი;

8) ზ.ა–ას სასარგებლოდ - 3 539,53 ლარი.

8.11. სსსკ-ის 377.3-ე მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 30 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც აპელანტებს უარი ეთქვათ დამატებითი მტკიცებულებების (სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილების ასლები) საქმეზე დართვაზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა:

8.11.1. გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, რომ სასამართლომ მოპასუხეს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი იყო დაგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსსკ-ის 215.2-ე მუხლის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რაც ადასტურებს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოპასუხე კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.3. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განჩინების ასლი მოპასუხის საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად მოსარჩელეთა წარმომადგენელს 2023 წლის 18 მაისს ჩაჰბარდა. 2023 წლის 29 მაისს კი მოსარჩელეებმა საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართეს და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ანუ სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება (კასატორი ვრცლად მსჯელობს თავის საკასაციო საჩივარში საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და უთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 2020 წლამდე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციამ, სულ მცირე, უნდა მოიცვას იძულებითი განაცდური და მორალური ზიანი, ასევე კასატორს მიაჩნია, რომ უვადო შრომითი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მხარეებს შორის) მოითხოვეს.

9.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივარი მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრებას შეეხება, რაც დაუშვებელია არსებითად განხილვის მიზნით, რადგან საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობები. კასატორის მტკიცება, რომ შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დაიდო მხარეთა შორის და აქედან გამომდინარე კომპენსაციის საკითხი განსხვავებულად უნდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს, დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზიაა. საკასაციო სასამართლო მხოლოდ შეგებებული საკასაციო საჩივრის პრეტენზიით შემოიფარგლება ამ შემთხვევაში, რადგან რაც შეეხება, მოპასუხე კომპანიის ძირითად საკასაციო საჩივარს, რომელიც მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შრომით ურთიერთობად არასწორ კვალიფიკაციას ეხება, იგი საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი და საკასაციო სასამართლო მასზე არსებითად მოგვიანებით იმსჯელებს.

13. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ კანონიერია (მოსარჩელეთა სარჩელის უარყოფის ნაწილში), ხოლო მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.მ–ძის, გ.ჭ–ის, ე.კ–ძის, კ.ხ–მიას და ზ.ა–იას შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური