Facebook Twitter

საქმე №ას-313-2023 6 ოქტომბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ ქ.ი.კ–ს“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ს–ძე, გ.გ–ძე, მ.მ–ძე, გ.ჭ–ი, ე.კ–ძე, კ.ხ–ია, ზ.ა–ია (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება (სარჩელის უარყოფა)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–იას, ზ.ა–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელეებმა, რომლებიც მუშაობდნენ შპს ,,ქ.ი.კ“-ში (შემდეგში: მოპასუხე საწარმო ან კასატორი), საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით იმ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნეს, რომ მოპასუხე კომპანიაში მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე (ხელოსანი, მეყალიბე, მუშა, ბრიგადირი...) უვადოდ. 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაზეც ეცნობათ ზეპირსიტყვიერად კომპანიის დირექტორის, ს.გ–ძის მიერ, ხოლო წერილობითი შეტყობინება არ გადაცემიათ;

2.1. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეთათვის უცნობია სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები, თუმცა დირექტორმა ზეპირად, ერთ-ერთ მოსარჩელეს განუცხადა, რომ მათი მუშაობით იყო უკმაყოფილო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება;

2.2. მიუხედავად მოსარჩელეთა მოთხოვნისა, მათ წერილობით არ განმარტებიათ გათავისუფლების საფუძველი, არც ბრძანებები და ხელშეკრულებები ჩაბარებიათ, რის გამოც უცნობია გათავისუფლების ზუსტი მიზეზები;

2.3. მოსარჩელეებს უკანონოდ მიაჩნიათ გათავისუფლება. მათ არაერთხელ სცადეს დავის მოგვარება მოლაპარაკების გზით, თუმცა - უშედეგოდ, რის გამოც უფლების სასამართლო გზით დაცვა აირჩიეს.

2.4. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხე კომპანიის დავალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეებს მიუღებელი შემოსავალის შემდეგი ოდენობით:

ა) რ.ს–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან- სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1625 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1300 ლარი);

ბ) მოსარჩელე გ.გ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 5 თებერვლიდან, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება-1525 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1220 ლარი);

გ) მ.კ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 28 იანვრიდან, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1450 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1160 ლარი);

დ) მ.მ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 06 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1650 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1320 ლარი);

ე) ე.კ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 28 იანვრიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1425 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1140 ლარი);

ვ) გ.ჭ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 05 თებერვლიდან, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1462.5 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1170 ლარი);

ზ) კ.ხ–იას სასარგებლოდ, 2021 წლის 05 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1750 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1400 ლარი);

თ) ზ.ა–იას სასარგებლოდ, 2021 წლის 05 თებერვლიდან ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 1562.5 ლარი (დარიცხული ხელფასი, ხოლო ხელზე ასაღები - 1250 ლარი.

2.5. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს, თებერვალში ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის, კერძოდ:

ა) რ.ს–ძისათვის 268 ლარი გადასახადების ჩათვლით (215 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ბ) ზ.ა–თვის მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

გ) გ.გ–ძის მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

დ) მ.მ–ძეს მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ე) კ.ხ–იას მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა);

ვ) გ.ჭ–ის მიმართ - 312.5 ლარი გადასახადების ჩათვლით (250 ლარი ხელზე ასაღები თანხა).

3. მოსარჩელეთა მოთხოვნის გამომრიცხველი სარჩელი წარადგინა მოპასუხემ და განმარტა, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან (შემდეგში: მუნიციპალური განვითარების ფონდი) დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანია ახორციელებს ქ.ქუთაისში, ......... დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ორი ერთეული 16 სართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის მიმდინარეობის პროცესში, სამშენებლო სპეციფიკის, კონკრეტული მოცემულობის, ხარჯებისა და გრაფიკის გათვალისწინებით, ობიექტზე საჭიროებისამებრ იძახებს ხელოსნებს;

3.1. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ. მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანია საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად იძახებდა ხელოსნებს კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, ამ სამუშაოს შესრულების ვადით. ამ ვადის განმავლობაში ისინი ვალდებული იყვნენ მიეწოდებინათ შემკვეთისათვის მზა პროდუქტი, რომელიც გამოიხატებოდა სამუშაოს ან სამუშაოს ეტაპის დასრულებაში;

3.2. მოსარჩელეებისათვის თავიდანვე იყო ცნობილი სამუშაოს არამუდმივობა. ასევე ცნობილი იყო, რომ სამუშაოები სრულდებოდა არა მოპასუხის, არამედ შემსყიდველი კომპანიის სასარგებლოდ, რომელსაც სამუშაოების ყოველი ეტაპის დასრულების შესახებ მოპასუხე წარუდგენდა ანგარიშს. შესაბამისად, მოპასუხე უვადო ხელშეკრულებას ვერ დადებდა მოსარჩელეებთან, რადგან თვითონაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა;

3.3. სამუშაოს შესრულების გრაფიკიც განსხვავებული იყო. არსებული პროექტი შემუშავებული იყო მესამე პირის, ტენდერის გამომცხადებლის მიერ, რის გამოც მოპასუხეს არ გააჩნდა შრომით საწყისებზე ხელოსნების დასაქმების შესაძლებლობა, რადგანაც თვითონაც შეზღუდული იყო ვადით და ბიუჯეტით. ვინაიდან, მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, მოპასუხე აღჭურვილი არ ყოფილა უფლებით, მოსარჩელეთათვის შვებულება მიეცა ან განესაზღვრა დასვენების დღეები. ამ მხრივ მოსარჩელეები სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ მოპასუხის ჩარევისაგან, ნებისმიერ დროს შეეძლოთ აეღოთ დასვენების დღე და განესაზღვრათ კვირაში სამუშაო საათების ოდენობა. მათ ვალდებულებას წარმოადგენდა სამუშაოების დროული დასრულება და ჩაბარება. რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მათ მიმართ მიღებული ვერ იქნებოდა;

3.4. ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, უსაფუძველოა სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების საფუძველზე.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–იას და ზ.ა– სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე;

6.1. რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–იას და ზ.ა– სასარჩელო მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

6.2. მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) რ.ს–ძის სასარგებლოდ-3900 ლარი;

ბ) გ.გ–ძის სასარგებლოდ-3080,37 ლარი;

გ) მ.კ–ის სასარგებლოდ-3480 ლარი;

დ) მ.მ–ძის სასარგებლოდ-3960 ლარი;

ე) ე.კ–ძის სასარგებლოდ-3420 ლარი;

ვ) გ.ჭ–ის სასარგებლოდ-3510 ლარი;

ზ) კ.ხ–იას სასარგებლოდ -4200 ლარი;

თ) ზ.ა– სასარგებლოდ-3539,53 ლარი.

6.3. სააპელაციო მოთხოვნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

7.1. მუნიციპალური განვითარების ფონდსა (,,შემსყიდველი’’) და მოპასუხე კომპანიას („მიმწოდებელი’’) შორის 2019 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N/145 ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა N 190008149 ტენდერი ქ.ქუთაისში, ......., ს/კოდი N.....-ის მიმდებარედ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის, ორი 16 სართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ტენდერის შედეგად ,,მიმწოდებელმა’’ (წინამდებარე დავაში მოპასუხე კომპანიამ) აიღო ვალდებულება, მიაწოდოს „შემსყიდველს“ ზემოთ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 27 თვის ვადაში (2021 წლის 7 ნოემბრამდე). ხელშეკრულების თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ,,შემსყიდველი’’ კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. სამუშაოს, ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებულის სამუშაოების (შსა) საფუძველზე, „მიმწოდებლის“ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 136-149);

7.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებაში 2020 წლის 30 იანვარს შევიდა ცვლილება, სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად -2022 წლის 31 დეკემბერი. ასევე, შეიცვალა განსახლების ობიექტის კოდი N ....... და სამუშაოები გაგრძელდა შემდეგ კოდზე- N ........... ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. N4 შეთანხმებით საბოლოოდ სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2023 წლის 30 ივნისი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 234-238);

7.3. მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეები, როგორც დასაქმებულები, სამუშაო საათებში, ასევე გზის გაუმრუდებლად საცხოვრებელი ადგილიდან პირდაპირ სამსახურში და სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობის ჩათვლით, 2021 წლის 11 აგვისტომდე დაზღვეული ჰყავდა სადაზღვევო კომპანია ,,ჯ. პ. ა.’’ ვ–ის სადაზღვევო ჯგუფში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 319-325);

7.4. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით გაფორმებული არ ყოფილა, მათ შორის იყო ზეპირი შეთანხმება კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე, რისთვისაც მიეცემოდათ შესაბამისი ანაზღაურება.

7.5. მოსარჩელე რ.ს–ძე მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 28 ოქტომბრიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მას მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისაგან-ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ ის გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.5.1. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ი/მ რ.ს–ძეს 11.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 04.11.20წ.-1038.33 ლარი; 04.12.20წ.-1294,29 ლარი, 29.12.20წ.-1190.70 ლარი; 04.02.21წ. - 1141.70 ლარი და 05.02.21წ-269.50 ლარი. სულ 4236,07 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 61-65; ტ.2, ს.ფ. 104-105);

7.6. მოსარჩელე გ.გ–ძე მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2019 წლის სექტემბრიდან. ბოლოს მას ბრიგადირის თანამდებობა ეკავა. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.6.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით გ.გ–ძეს, 10.2019- 02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 06.02.2020 წელს-960 ლარი; მარტში -1040 ლარი; აპრილში - 1040 +120 ლარი; ივნისში - 880 ლარი; ივლისში -1520 ლარი; აგვისტოში -1372 ლარი; სექტემბერში -14 440.60 ლარი, ოქტომბერში -1800 ლარი; ნოემბერში -1650 ლარი; დეკემბერში -1364,39 ლარი და 1200 ლარი; 2021 წლის თებერვლის დასაწყისში 1080 ლარი. სულ-19715,10 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-31; ტ. 2, ს.ფ. 104-105);

7.7. მოსარჩელე მ.კ–ი მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 25 ივნისიდან. 2021 წლის 28 იანვარს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.7.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20წ. - 245 ლარი; 03.08.20წ. – 1465 ლარი; 03.09.20წ. – 1431 ლარი; 05.10.20წ.-2126,60 ლარი; 03.11.20წ. – 1520 ლარი; 03.12.20წ. – 1288.70 ლარი; 29.12.20წ. –1082.90 ლარი; 04.02.21წ.- 911.40 და 196 ლარი.სულ 11301,34 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ 47- 50; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.8. მოსარჩელე კ.ხ–ია მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის სექტემბრიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.8.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 10.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 05.10.20წ. - 1176 ლარი; 03.11.20წ. – 1470 ლარი; 03.12.20წ. – 1424,14 ლარი; 29.12.20წ.- 1249,50 ლარი; 04.02.21წ. – 1283,80 ლარი და 235,20 ლარი. სულ-7072,69 ლარი (იხ.ტ. 1, ს.ფ. 66-67; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.9. მოსარჩელე მ.მ–ძე მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან. 2021 წლის 6 თებერვალს, მოპასუხე კომპანის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან და უშუალო ხელმძღვანელისგან (სამუშაოთა მწარმოებლისაგან) ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.9.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 11.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 04.11.20წ. - 1528,80 ლარი; 03.12.20წ. – 1343,60 ლარი; 29.12.20წ.- 1141,70 ლარი; 04.02.21წ. – 1190,70 ლარი და 269.50 ლარი. სულ 5668,22 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 44-46; ტ. 2, ს. 104-105).

7.10. მოსარჩელე ე.კ–ძე მოპასუხე კომპანიაში მეყალიბე-ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. 2021 წლის 28 იანვარს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან-ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.10.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 10.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 05.10.20წ.- 1705,20 ლარი; 03.11.20წ. – 1646,40 ლარი; 03.12.20წ. – 1367,79 ლარი; 29.12.20წ.- 941,49 ლარი; 04.02.21წ. – 779,79 ლარი და 269.50 ლარი. სულ-7000,54 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51-59; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.11. მოსარჩელე გ.ჭ–ი მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 12 ივნისიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან - ს.გ–ძისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მოპასუხეს მისთვის არ განუმარტავს;

7.11.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20წ. -989.80 ლარი; 03.08.20წ. – 1470 ლარი; 03.09.20წ.- 1392 ლარი; 05.10.20წ. –1470 ლარი; 04.11.20წ. – 1646.4 ლარი; 04.12.20წ. – 1310.75 ლარი; 29.12.20წ. -1097.6 ლარი; 04.02.21წ.- 867.3 ლარი; 05.02.21წ. – 269.5 ლარი; სულ-10781,55 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38- 43; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.12. მოსარჩელე ზ.ა–ია მოპასუხე კომპანიაში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობდა 2020 წლის 24 ივნისიდან. 2021 წლის 5 თებერვალს, მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციისაგან ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მისთვის მოპასუხეს არ განუმარტავს;

7.12.1. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 07.2020-02.2021წწ. მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები: 02.07.20წ.- 176.40 ლარი, 03.08.2020წ. – 799 ლარი; 03.09.20წ.- 980 ლარი; 05.10.20წ.- 1097,60 ლარი; 3.11.20წ. – 1176 ლარი; 03.12.20წ. – 1365,34 ლარი; 29.12.20წ. – 999.60 ლარი; 04.02.21წ.- 1131,90 ლარი და 269.50 ლარი. სულ-8258,91 ლარი (იხ.ტ. 1, ს.ფ. 32- 37; ტ. 2, ს.ფ. 104-105).

7.13. მოსარჩელეებმა მათი სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთების თაობაზე, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სამჯერ გაუგზავნეს წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს: პირველად 08.02.2021 წელს, მოპასუხის იურიდიულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ........ ქ. N91) - აღნიშნული წერილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ადგილზე მისულ კურიერს განუცხადეს, რომ ასეთი კომპანია ამ მისამართზე არ მოქმედებდა. მეორედ, წერილები გაიგზავნა 15.02.2021 წელს, ქ. ქუთაისში, ........ ქ. N53 - მისამართზე, სადაც უშუალოდ დასაქმებულები იყვნენ მოსარჩელეები, თუმცა, ადგილზე მისულ კურიერს წერილების ჩაბარებაზე უარი განუცხადეს მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, დაცვის სამსახურმა. მესამედ, ასეთი წერილები გაიგზავნა მოპასუხე კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის, ს.გ–ძის სარეგისტრაციო მისამართზე (ქალაქი ბათუმი, ........., ბინა 11) ამჯერადაც, მისამართზე გამოცხადებულმა საფოსტო კურიერმა ვერ მოახერხა წერილის ჩაბარება და კარებზე დატოვა შეტყობინება, თუმცა, წერილს ფოსტაშიც არ მიაკითხეს (იხ. მოსარჩელეთა განცხადებები - ტ. 2, ს.ფ. 62-69).

7.14. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აგვისტოს N21-11/104364 მომართვაში შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხე კომპანიის მიერ დასაქმებულებზე (მოსარჩელეებზე) გაცემული ანაზღაურებისა და გაცემის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ აღნიშნულია, რომ დამსაქმებლისგან მოსარჩელეებს ერიცხებოდათ ხელფასი, რადგან ჩარიცხვის მიზნობრიობაში დამსაქმებლის მიერ შემოსავლის ტიპად პერიოდულობის გათვალისწინებით მითითებული იყო ,,ხელფასი'' (იხ. ტ.2, ს.ფ. 104-105).

7.15. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 სექტემბრის N21-11/117400 მიმართვაში განმარტებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავების და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლების გადამხდელს. ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განმარტავს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლი, რომლის თანახმად ,,ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 106-107).

8. სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასების დროს განმარტა, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებაა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ, აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ-ები: N ას-877-825-2010, 28.12.2010 წ; N ას-1170-1125-2016, 13.06.2017 წ.).

8.1. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში. შესაბამისად, სადავოობისას თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს, იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი.

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. განსახილველ საქმეში, მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ხოლო მოპასუხეს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შეთანხმების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. სსკ-ის 629.1-ე, 630.2-ე და 648-ე მუხლების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას, შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური, სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

8.4. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთ თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო.

8.4.1. სშკ-ის მე-14.1 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;

ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

8.4.2 ამავე კოდექსის 41.3-ე და 43.1-ე მუხლების თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დასტურდება, რომ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, საიდანაც დამსაქმებელი ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო) დაქვითვას, ხოლო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელს (მენარდეს) ეძლევა მხოლოდ ანაზღაურება კონკრეტულად განსაზღვრული ტარიფით და მისი გადახდა ხდება სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ არ არსებობს ნაწილ-ნაწილ მისი გადახდის თაობაზე შეთანხმება.

8.5. საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, რისთვისაც მოსარჩელეებს ყოველთვიურად ერიცხებოდთ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით ანაზღაურება, ამასთან, მათთვის ჩასარიცხი თანხიდან მოპასუხე ახდენდა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვას, ხოლო საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მონაცემებით მოსარჩელეებზე ჩარიცხული თანხები დაფიქსირებულია, როგორც ხელფასი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ დავა გამომდინარეობდა ნარდობის სამართლებივი ურთიერთობიდან, არ იქნა გაზიარებული.

8.6. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა მხარეთა შორის გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, მოსარჩელეთა მოთხოვნების შეფასებისათვის აუცილებელია გაირკვეს ამ ხელშეკრულების არსებითი პირობა-შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ვადა.

8.6.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა (მოსარჩელეთა) მტკიცება უვადო შრომითი ურთიერთობის თაობაზე და დადგენილი ფაქტების გონივრული შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ თითოეულ მოსარჩელესთან სამუშაოს შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს შრომითი გარიგების დადების დროისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდსა (,,შემსყიდველსა’’) და მოპასუხე კომპანიას („მიმწოდებელს’’) შორის 2019 წლის 8 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადასთან მიმართებით. ვინაიდან, დამსაქმებელს მოსარჩელეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოლოდინი სწორედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გააჩნდა. ამ მსჯელობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N /145 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთაგან გ.გ–ძესთან გარიგების დადების დროს არსებული შესრულების ვადის მიხედვით, მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო-2021 წლის 7 ნოემბრამდე, ხოლო სხვა მოსარჩელეებთან- რ.ს–ძესთან, მ.კ–თან, მ.მ–ძესთან, ე. კ–თან, გ.ჭ–თან, კ.ხ–იასთან და ზ.ა–თან-2021 წლის 31 დეკემბრამდე.

8.7. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითა და სარჩელით სადავოდაა გამხდარი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–იას და ზ.ა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. იმისათვის, რომ გაირკვეს ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ მიზნით, სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

8.8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

8.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე უთითებს სამუშაოს შესრულების ვადის გასვლაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის შეთანხმებული ვადა გასული არ ყოფილა, დასტურდება, რომ არ არსებობდა სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) და დამსაქმებელმა იმოქმედა არამართლზომიერად. შესაბამისად, რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.კ–ის, მ.მ–ძის, ე.კ–ძის, გ.ჭ–ის, კ.ხ–იას და ზ.ა. სასარჩელო მოთხოვნები, რომ ბათილად იქნეს ცნობილი მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის გადაწყვეტილება, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

8.10. აპელანტთა მოთხოვნაზე, რომელიც მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ეხება, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება ბათილია, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტთა მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ვადა უკვე გასულია. ამის მიუხედავად, ვინაიდან, დასაქმებულს არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა, შეთანხმებულ ვადაში განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლოს, მოსარჩელეთა დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მათთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიაჩნია.

8.10.1. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, ამას კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში. სასამართლო, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (იხ. სუსგ N ას-353-338-2016, 15.06.2015წ.);

8.10.2. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან დათხოვნილი იქნენ 9-10 თვით ვადაზე ადრე, 2021 წელს 28 იანვრიდან -6 თებერვლამდე პერიოდში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობაში (ტ.1, ს.ფ.104-105) დაფიქსირებული ხელფასისა და მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში, მორალური ზიანის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი, გონივრული და პროპორციულია, მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიური საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობით კომპენსაციის გადახდა კერძოდ:

1) რ.ს–ძის სასარგებლოდ-3900 ლარი;

2) გ.გ–ძის სასარგებლოდ-3080,37 ლარი;

3) მ.კ–ის სასარგებლოდ-3480 ლარი;

4) მ.მ–ძის სასარგებლოდ-3960 ლარი;

5) ე.კ–ძის სასარგებლოდ-3420 ლარი;

6) გ.ჭ–ის სასარგებლოდ-3510 ლარი;

7) კ.ხ–იას სასარგებლოდ -4200 ლარი;

8) ზ.ა– სასარგებლოდ-3539,53 ლარი.

8.11. სსსკ-ის 377.3 მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 30 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც აპელანტებს უარი ეთქვათ დამატებითი მტკიცებულებების (სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილების ასლები) საქმეზე დართვაზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა:

8.11.1. გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, რომ სასამართლომ მოპასუხეს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი იყო დაგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსსკ-ის 215.2 მუხლის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რაც ადასტურებს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოპასუხე კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. მოპასუხის ძირითადი არგუმენტი მის მიერვე შესაგებელში ასახულ გარემოებებს ეყრდნობა და იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შრომით ურთიერთობად კვალიფიკაციამ განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა.

9.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10.სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

11. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

13. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

14. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. 7.107.12.1 ქვეპუნქტები) წინამდებარე გადაწყვეტილების სავსებით საკმარისია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და არ წარმოიშობა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412- ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესოსამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ნარდობის და არა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომ შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა ნარდობა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია. რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მის საგანს წარმოადგენს მომსახურება, რომელსაც საერთო წესის მიხედვით არა აქვს შედეგი, ანდა მისი შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001, 238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის შესაფასებლად გადამწყვეტია არა ხელშეკრულების სახელწოდება, არამედ ის დებულებები, რომელთა მიხედვით მხარეთა მიერ გამოვლენილი და შეთანხმებული ნება უნდა შემოწმდეს (იხ. სუსგ N ას-934-2018, 05.06.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოპასუხესთან ზეპირი შეთანხმებით მუშაობდნენ, კონკრეტული პროექტის ფარგლებში და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო, გასაწევი მომსახურება (ხელოსნის, მეყალიბის, მუშის, ბრიგადირის და სხვა) დაკავშირებული იყო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის მიერ ქ.ქუთაისში, ........ ქ.N53-ში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ორი ერთეული 16 სართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან. ამ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სამშენებლო სპეციფიკის, კონკრეტული მოცემულობის, ხარჯებისა და გრაფიკის გათვალისწინებით, მოპასუხე ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით იძახებდა ხელოსნებს (მეყალიბეს, მუშას, ბრიგადირს და სხვა). მოსარჩელეთა მიერ გასაწევი მომსახურება ორიენტირებული იყო კონკრეტული შედეგის მიღებაზე და არა დაქირავებულის/დასაქმებულის ცნების ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტზე, რომელიც „დაქვემდებარებულ მდგომარეობაზე“, მიუთითებს, გულისხმობს შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში სამუშაოს შესრულებას და აქედან გამომდინარე ხელფასის მიღებას, სწორედ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობების დადგენა განსაზღვრავს არსებითად შრომითი ურთიერთობის შინაარსს და მიჯნავს მას სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებისაგან (შდრ. ლ. ადეიშვილი, დ. კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა, 6/2003-1, 16). დაქვემდებარების პრინციპი მიჩნეულია შრომითი ურთიერთობის კვალიფიკაციის პროცესში ძირითად განმსაზღვრელ ნიშნად (შდრ. ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 87). დაქვემდებარება მოიცავს: სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროში, რასაც აკონტროლებს დამსაქმებელი; სამუშაოს შინაარსის და შრომითი პირობების დადგენას; ზედამხედველობას და კონტროლს დასაქმებულის მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე, დამსაქმებლის მითითებებს დასაქმებულისადმი (იხ. მ. დუმბაძე, ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების გვერდის ავლის საშუალება, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), III, თბილისი, 2014, 311; შეად. სუსგ-ებს: N ას1424-2020, 20.10.2022წ. N ას-1401-2022, 15.03.2023წ., N ას-552-2023, 20.06.2023წ,ლ N ას-479-2023, 24.07.2023წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეთათვის მომსახურების ანაზღაურების სახით გადახდილი გადარიცხვის დანიშნულებაში „ხელფასის“ მითითება ვერ აქცევს მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობას შრომით ურთიერთობად, რადგან „ხელფასი“ (რომელიც როგორც შრომითი ურთიერთობის, ისე სხვა მომსახურების ფარგლებში უნდა იქნეს გადახდილი) ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის საფუძველზე ადმინისტრირებას, რაზედაც უთითებს კიდეც სააპელაციო სასამართლო, ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერვე წარდგენილი მტიცებულებების მიხედვით გადარიცხვის დროს დანიშნულებად მოპასუხე კომპანიას მითითებული აქვს, არა მხოლოდ „ხელფასი“, არამედ ზოგჯერ: „ქუთაისი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა“, „ხელფასი ქუთაისში სამშენებლო სამუშაოების“ ან „დღიური მუშა, ქუთაისი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა“, ზოგან კი - „კომპენსაცია დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე“ (იხ. ტ.1, ს.ფ.27-67). მოცემულ შემთხვევაში ისიც საყურადღებოა, რომ მოპასუხეს თითოეული მოსარჩელისათვის ყოველ გადარიცხვაზე განსხვავებული ოდენობის ანაზღაურება (ხელფასი) აქვს ჩარიცხული, რასაც მოპასუხე იმთავითვე განმარტავდა შესაგებელში, რომ ფაქტობრივად ნამუშევარის მიხედვით ახდენდა დაქირავებულ პირებთან ანგარიშსწორებას, რადგან, თავის მხრივ, მოპასუხე კომპანიას, როგორც მენარდეს, შემკვეთის წინაშე ჰქონდა ვალდებულება, წარედგინა შესრულებული სამუშაოების ან მისი ეტაპის დასრულების თაობაზე ყოველთვიური ანგარიში (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 124). შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა შეესაბამება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგებას, რომლის თანახმად „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, ხოლო შრომისამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში სშკ-ის 14.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა „შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი“, ამავე კოდექსის 20.2-ე მუხლით კი „შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით“.

18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შრომით ურთიერთობად კვალიფიკაციას იმ დასაბუთებაზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეები, როგორც დასაქმებულები, სამუშაო საათებში, ასევე გზის გაუმრუდებლად საცხოვრებელი ადგილიდან პირდაპირ სამსახურში და სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობის ჩათვლით, 2021 წლის 11 აგვისტომდე დაზღვეული ჰყავდა სადაზღვევო კომპანია ,,ჯ.პ.ა.’’ ვ–ის სადაზღვევო ჯგუფში. ცხადია, დაზღვევა არ მიემართება მხოლოდ შრომით ურთიერთობას და მომსახურების გაწევის დროსაც გამოიყენება, მით უფრო, როდესაც მომსახურების სფერო გარკვეულწილად რისკებს უკავშირდება. ამასთან, სსკ-ის 997-ე მუხლის თანახმად, „პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე“. დასახელებული ნორმის ანალოგია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: გსკ) 831-ე პრაგრაფი, რომელიც დავალების შემსრულებლის პასუხისმგებლობას არეგულირებს და, ქართული მოწერიგებისაგან განსხვავებით, უფრო ფართო მნიშვნელობით განსაზღვარვს პასუხისმგებლობის წინაპირობებს, რომელიც იმ შინაარსის მატარებელია, რომ „მოპასუხე ვალდებულია გონივრულად შეარჩიოს დაქირავებული მუშა, შემსრულებელი, თანაშემწე...“ და თუნდაც უზრუნველყოს საცხოვრებლიდან სამუშაო ადგილამდე და შემდეგ უკან უსაფრთხოდ დაბრუნება, რადგან ეს მენარდის (მოპასუხე კომპანიის) მიერ შემკვეთის წინაშე აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ინტერესიდან გამომდინარეობს (იხ. დავით სუხიტაშვილისა და თეა სუხიტაშვილის სტატია „პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობისას მიყენებული ზიანისათვის“; მართლმსაჯულება და კანონი N 2(37)’13; გვ.14-25).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ნარდობისსამართლებრივ ურთიერთობად კვალიფიკაცია გამორიცხავს მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებას, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილია.

20. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ ქ.ი.კ–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. რ.ს–ძის, გ.გ–ძის, მ.მ–ძის, გ.ჭ–ის, ე.კ–ძის, კ.ხ–იას და ზ.ა–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს "ქ.ი.კ–სის" სასარგებლოდ, რ.ს–ძეს, გ.გ–ძეს, მ.მ–ძეს, გ.ჭ–ს, ე.კ–ძეს, კ.ხ–იას და ზ.ა–იას, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 1454 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური