საქმე №ას-754-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ვ.ა.გ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ტ-?" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ტ-?“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან მეიჯარე) სარჩელი შპს „ვ.ა.გ.“-ის (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან მოიჯარე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 20 480 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 1 იანვარს, საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით დაიდო. მეიჯარის კუთვნილი ქონება, კერძოდ, ხაშურში, ........ მდებარე 432 კვ.მ ფართი, კორპუსის მიმდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მოიჯარეს დროებითი სარგებლობისათვის გადაეცა. საიჯარო ქირის ოდენობა 2 000 (ორი ათასი) ლარით განისაზღვრა, რაც მოპასუხეს ყოველი თვის 2 რიცხვამდე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გადაეხადა;
3.2. მხარეებს შორის 2019 წლის 28 თებერვალს შედარების აქტი შედგა და განისაზღვრა, რომ ამ დროისათვის მოიჯარის დავალიანება მეიჯარის წინაშე 12 080 ლარს შეადგენდა;
3.3. პირველი აპელანტის (მეიჯარის) განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ საიჯარო ქირის დავალიანება 4 000 ლარით იმის გამო შეამცირა, რომ2019 წლის ოქტომბრისთვის მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მოიჯარემ ნაქირავებ ფართში ფუნქციონირება შეწყვიტა და ძირითადი ინვენტარი გაიტანა. აღნიშნული კი დაუსაბუთებელია, რადგან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოიჯარეს წერილობით ან ზეპირი ფორმით მეიჯარისათვის არ მიუმართავს და ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოუთხოვია. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში იჯარით არსებულ შენობას მოიჯარე (მოპასუხე) ფლობდა. მეიჯარეს (მოსარჩელეს) შენობა მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა, მანამდე კი შენობის გასაღები მოპასუხესთან ინახებოდა;
3.4. მეორე აპელანტის (მოიჯარის) განმარტებით, ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად "მეიჯარეს აქვს უფლება, მოიჯარის მიერ 2.2 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულის შესახებ და ათი კალენდარული დღის გასვლის შემდგომ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება." საქმის განხილვის დროს მეიჯარემ (მოსარჩელემ) წარადგინა ცნობა 01/06-02.06.2021წ., სადაც მითითებულია, რომ მეიჯარესა და მოიჯარეს შორის, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანება 2019 წლის თებერვლიდან დღემდე გადახდილი არ არის; ამასთან აზუსტებს, რომ 2019 წლის თებერვლისთვის მოპასუხის დავალიანება 12 500 (თორმეტიათას ხუთას) ლარს შეადგენს, ხოლო 2019 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დავალიანება 25 800 (ოცხადუთიათას რვაასი) ლარს შეადგენდა. სარჩელის აღძვრის დროს მოსარჩელემ წარმოადგინა შედარების აქტი, რომელიც მხარეებს შორის 2019 წლის 28 თებერვალს შედგა და განისაზღვრა, რომ "2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოიჯარის დავალიანება მეიჯარის წინაშე 12 800 ლარს შეადგენდა". მეიჯარემ (მოსარჩელემ) არც ზეპირად და არც წერილობით არ მიმართა მოიჯარეს (მოპასუხეს) ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ და არ მოითხოვა ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული: ზ.ვ–ის და ა.ჩ–ძის (სხდომის ოქმი: 11.06.2021, 12:47:25; 12:48:17 სთ), ასევე, მოწმე მ.ბ–ძის ჩვენებები (2021 წლის 08 ივნისის სხდომის ოქმი-14:41 სთ), რომელთაც დაადასტურეს, რომ მოპასუხემ იჯარით აღებული ტერიტორია 2019 წლის ივნისის ბოლოს დატოვა და რომ იჯარით გაცემულიფართის გათავისუფლების ფაქტი მეიჯარის წარმომადგენლებმაც იცოდნენ. მოწმეთა ჩვენებები და "ე-პ. ჯ–ას" მიერ გაცემული ბარათი, ადასტურებს, რომ მოიჯარემ ქ. ხაშურში, ბორჯომის ქუჩა 28-ში საქმიანობა 2019 წლის ივნისში შეწყვიტა და, 2019 წლის ივლისიდან საქმიანობა ქ. ხაშურში, ..... ქუჩა შენობა 22-ში, გააგრძელა.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანი საიჯარო ქირის დაკისრებაა, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილი (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 531-ე მუხლი (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), 591-ე მუხლი (თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც).
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება მოწმეების: ა.ჩ–ძის, ქ.უ–ისა და ჯ.ხ–ის განმარტებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს - ქ.უ–მა ფაქტობრივად უარყო მოიჯარისგან საიჯარო ქირის სახით კონკრეტული თანხის (თანხების) მიღების ფაქტი. მისი განმარტებიდან ისიც გაირკვა, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ჯ.ხ–ი მას (მოწმეს), როგორც მეიჯარის ერთ-ერთ საქმიან პარტნიორს, წარმოადგენდა გაცემული იყო მხოლოდ სამი თვით და მითითებულ ფაქტს ადგილი, 2017-2018 წლებში, ჰქონდა. მინდობილობასთან დაკავშირებით იგივე დაადასტურა მოწმე ჯ.ხ–მაც. სარჩელიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე სადავო პერიოდი 2019 წელს მოიცავს. ამასთან, კონკრეტული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ჯ.ხ–ის მეშვეობით 8 630 ლარის გადახდის ფაქტი, რაც ჯ.ხ–ის მიერ მოიჯარისაგან საიჯარო ქირის აღების და შემდეგ თუნდაც მეიჯარის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის გადაცემის (თუკი ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი) კანონიერ საფუძველს გამორიცხავს.
6. მოწმე ზ.ვ–მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი ხელოსანია და მოსარჩელე კომპანიისაგან საამქრო აქვს ნაქირავები. მის მიერ დაქირავებული საამქროს გვერდით გარკვეული ფართი მოიჯარეს ჰქონდა დაქირავებული. მისთვის უცნობია, მოპასუხე კომპანია ქირის სახით რა თანხას იხდიდა. მოწმის განმარტებით, მოიჯარე კომპანია დაახლოებით ორი წელი მუშაობდა მეიჯარე კომპანიისგან ნაქირავებ ტერიტორიაზე და, როგორც ახსოვს, 2019 წლის ზაფხულში შეწყვიტეს მუშაობა, ტერიტორია დაცალეს, თუმცაღა საამქროში აგურისა და ბლოკის ნარჩენები კვლავ იყო. ამასთან მოწმემ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდით იმ ფართის გასაღები, რომლითაც მოპასუხე კომპანია სარგებლობდა, მას (მოწმეს) ჰქონდა; მოწმე ავტომანქანის ხელოსანია და მანქანების გასაჩერებლად ესაჭიროებოდა ტერიტორია; მან გასაღები ითხოვა კ.გ–გან, ანუ მოპასუხე (მოიჯარე) კომპანიისაგან. შემდეგ უკვე ჯ.ხ–მა გამოართვა გასაღები და აღარ დაუბრუნა. მოწმემ განმარტა, რომ ზუსტად ვერ იხსენებს, რა პერიოდში ისარგებლა მოპასუხის მიერ ნაქირავები ფართით, ახსოვს, რომ 2019 წლის შემოდგომა იყო (2021 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 13:14:41-13:14:59). დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი სარგებლობდა ტერიტორიით. შემდეგ, ზამთრის პერიოდში, როდესაც კვლავ დასჭირდა მითითებული ფართი, ვეღარ გააღო, კლიტე იყო შეცვლილი.
7. მოწმე მ.ბ–ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მეიჯარე კომპანიისაგან ფართი აქვს დაქირავებული - ხელოსანია. მისი საამქროს გვერდით სხვა ფართი დაქირავებული ჰქონდა მოპასუხეს, რომელიც ორი წლის წინ ზაფხულში სხვაგან გადავიდა, როგორც ახსოვს, 2019 წლის ივნისის თვეში. მისთვის (მოწმისთვის) უცნობია, მოსარჩელე (მეიჯარე) კომპანიის ადმინისტრაციამ იცოდა თუ არა მოპასუხის წასვლის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ იმ ფართის გასაღები, რომელიც მოიჯარემ გაათავისუფლა, ზ.ვ–ს ჰქონდა; მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ ზ.ვ–მა გასაღები ჯ.ხ–ს გადასცა.
8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოწმე ზ.ვ–ის განმარტებით დასტურდება, რომ 2019 წლის შემოდგომაზე მეიჯარის კუთვნილი იმ ფართის გასაღები, რომელიც მოპასუხის მიერ იყო დაქირავებული, ,,ითხოვა კ. გ–გან“, ანუ მოიჯარე მხარისგან“. სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოება მეტად დამაჯერებელს ხდის მოსარჩელე მხარის (კონკრეტულად ო.ყ–ის) განმარტებას იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე ფართი დაკავებული ჰქონდა მოპასუხეს და 2019 წლის სექტემბრის ბოლოს მათთვის ცნობილი გახდა (მოსარჩელე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის), რომ მოიჯარე დაქირავებულ ტერიტორიაზე აღარ ფუნქციონირებდა. ამასთან, მოიჯარის მიერ დაქირავებული ფართის გარკვეული პერიოდით ზ.ვ–ის მიერ სარგებლობის ფაქტი მოწმე მ.ბ–ძის განმარტებითაც დასტურდება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოწმეთა განმარტებებით დასტურდება, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, მოპასუხეს არა მხოლოდ დაკავებული ჰქონდა დაქირავებული ფართი - ტერიტორიაზე კვლავ იყო განთავსებული მოპასუხის კუთვნილი გარკვეული ნივთები, მათ შორის საშენი მასალის ნარჩენები, არამედ ამ ფართის გასაღებიც მოიჯარესთან ინახებოდა.
10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მოსარჩელემ აღნიშნა, ფაქტობრივად 2019 წლის სექტემბრის თვის ბოლოს გახდა მეიჯარისათვის ცნობილი, რომ მოიჯარემ დაქირავებულ ფართში ფუნქციონირება შეწყვიტა და ძირითადი ინვენტარი გაიტანა, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების ქირის გადახდევინებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ცნობილი უსაფუძვლოდ და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რაც პირველი აპელანტის (მეიჯარის) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოიჯარის (მეორე აპელანტის) მტკიცება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 2019 წლის ივნისის თვის ბოლოს მოპასუხე კომპანია სხვა ადგილას გადავიდა, სადაც განაგრძო სამეწარმეო საქმიანობა, არ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირა, რადგან როგორც საქმის მასალებით დგინდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს „ე-პ. ჯ–ას“ მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხაშურში, ........... მოიჯარე (აბონენტი) 2019 წლის ივნისის თვის ბოლოდან აღარ მოიხმარს ელექტრო ენერგიას. ხაშურში, .......... მოპასუხე (აბონენტი) 2019 წლის ივლისიდან მოიხმარს ელექტრო ენერგიას, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით მოპასუხეს (მოიჯარეს) არა მხოლოდ დაკავებული ჰქონდა დაქირავებული ფართი - ტერიტორიაზე კვლავ იყო განთავსებული მისი კუთვნილი გარკვეული ნივთები, მათ შორის საშენი მასალის ნარჩენები, არამედ ამ ფართის გასაღებიც მათთან ინახებოდა. გარდა აღნიშნულისა, კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის შედგა კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ 2019 წლის ივნისის თვიდან მოიჯარე გავიდოდა მეიჯარისგან დაქირავებული ფართიდან, ანუ შეწყდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, მხარეთა მიერ არ იქნა წარდგენილი.
12. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, დაქირავებული ფართის დატოვების შესახებ არ ყოფილა კომუნიკაცია მხარეთა შორის, როდესაც 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დაქირავებული ფართის გასაღები კვლავ მოპასუხესთან (მოიჯარესთან) ინახებოდა და ტერიტორიაზე კვლავ იყო განთავსებული მისი კუთვნილი სამშენებლო მასალა, ასევე სამშენებლო მასალის ნარჩენი, მოიჯარის (მეორე აპელანტის) მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ 2019 წლის ივნისის თვიდან სხვა ტერიტორიაზე და სხვა ფართში განაგრძო სამეწარმეო საქმიანობა, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ, კერძოდ, 2019 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი საიჯარო ქირის მოიჯარისათვის დაკისრების თაობაზე, უარყოფის საფუძველს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით დაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ და მისი გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, კერძოდ, სარჩელის მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებული 5 100 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილება.
13.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები;
13.3. კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები უდავოდ ადასტურებს, რომ მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ურთიერთობა 2019 წლის ივნისში შეწყდა, როცა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმა სადავო ტერიტორია დატოვეს.
13.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოიჯარე კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება.
18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არაკვალიფიციური საკასაციო საჩივარი აქვს წარმოდგენილი, რაც მის წარმატებას გამორიცხავს. საქმეში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საიჯარო ფართი 2019 წლის სექტემბრამდე არ დაუტოვებია, რის გამოც მას მეიჯარის სასარგებლოდ საიჯარო ქირის გადახდა მართებულად დაეკისრა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოწმეთა განმარტებებით დასტურდება, რომ 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხეს (მოიჯარეს) არამხოლოდ დაკავებული ჰქონდა დაქირავებული ფართი - ტერიტორიაზე კვლავ იყო განთავსებული მოპასუხის კუთვნილი გარკვეული ნივთები, მათ შორის საშენი მასალის ნარჩენები, არამედ - ამ ფართის გასაღებიც მასთან ინახებოდა.
20. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საიჯარო ქირის გადახდის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) და დამატებით განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ვ.ა.გ."-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ვ.ა.გ."-ს (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ა.ჩ–ძის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 769 ლარის (საგადახდო დავალება N18202043260, გადახდის თარიღი 2023 წლის 14 აგვისტო), 70% – 538,3 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური