საქმე №ას-1017-2023 13 ოქტომბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.რ–ი, ტ.რ–ი (მოსარჩელეები), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (თავდაპირველი მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელეებისთვის უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გ.რ–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ტ.რ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) სარჩელი ი.ხ–ისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელეებისათვის უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადაცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა;
1.1. 5 115,5 ლარის მოპასუხისათვის გადახდის სანაცვლოდ, პირველი და მეორე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ საჯარო რეესტრში N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მისამართზე ქ. თბილისი, ...... მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის პირველ სართულზე არსებული მთლიანი ფართის 1/3 ნაწილის თანამესაკუთრეებად;
1.2. ასევე, უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2020 წლის 17 თებერვლის ცნობა-დახასიათებით მ.გ–ისა და ი.ბ–კოს საკუთრებად აღრიცხული უძრავი ნივთის 2/3 ნაწილი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, შენობა-ნაგებობა N1, და ეს უძრავი ნივთი უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადაეცათ პირველ და მეორე მოსარჩელეებს. ქ. თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის მეორე სართული 64.63მ2, მესამე სართული 63,52მ2 და სხვენი 76.1მ2 უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადაეცათ პირველ და მეორე მოსარჩელეებს;
1.3. პირველი და მეორე მოსარჩელეები დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა N1-ის თანამესაკუთრეებად. მოპასუხეს გადაეცა 5 115,5 ლარი (ხუთი ათას ას თხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) მეორე მოსარჩელის მიერ 2019 წლის 8 ოქტომბერს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით განთავსებული 15 346,50 ლარიდან. სალაროს შემოსავლის ორდერის ნომერი 29264595...
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების დათმობის მომენტისთვის, სადავო მისამართზე მდებარე მთლიან უძრავ ნივთს ჰყავდა სამი თანამესაკუთრე - მ.გ–ი, ი.ბ–კო და პ.ხ–ი. მათი წილები აღრიცხული იყო იდეალური წილების სახით. მოპასუხე მხოლოდ პ.ხ–ის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ვინაიდან მთლიანი სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების წილები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ კვადრატულობაში ასახული არ არის, მოსარჩელეები მოპასუხისაგან სადავო საცხოვრებელი სადგომის 1/3 ნაწილის კომპენსაციის სანაცვლოდ გამოსყიდვას, ხოლო დანარჩენი 2/3 ნაწილის უმკვიდროდ ცნობას და მოსარჩელეებისთვის თანასაკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.
3.2. საჯარო რეესტრის 2020 წლის 18 თებერვლის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........, დაზუსტებული ფართობი 467.00მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3 და N4, საიდენტიფიკაციო კოდი: ........., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის, ასევე - „თანამესაკუთრეების“ სახელზე. ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებია: სააღრიცხვო ბარათი N039211; აღრიცხული 1975 წელს; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დამოწმების თარიღი: 2017 წლის 6 სექტემბერი; სამკვიდრო მოწმობა N100649935, დამოწმების თარიღი 2010 წლის 1 ივლისი;
3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 10 მარტს გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავი ნივთის ამონაწერში განხორციელებულ ჩანაწერში „თანამესაკუთრენი“ იგულისხმება უძრავი ნივთის ის ნაწილი, რომელზედაც ამავე უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებული პირების - ი.ბ–კოს და მ.გ–ის (ან/და მისი უფლებამონაცვლის) - საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ განხორციელებულა;
3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის N 54604 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე ნაკვეთის საკუთრების ტიპია თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართით 467 კვ.მ., შენობა-ნაგებობებზე N1, N2, N3 და N4 რეგისტრირებულია მოპასუხისა და თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება;
3.5. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2008 წლის 19 თებერვლის ცნობა-დახასიათებებით, 475მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1988 წლიდან აღრიცხულია მ.გ–ის, ი.ბ–კოსა და პ.ხ–ის სახელზე, N039211 სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე;
3.6. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2009 წლის 24 იანვრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 467 კვ.მ., შენობა-ნაგებობებით „ა“, „ბ“, „გ-დ-2ვც“ და „ვ“, 1957 წელს აღირიცხა ი.ბ–კოს, მ.გ–ისა და პ.ხ–ის თანასაკუთრებად. ასეთივე ინფორმაციას შეიცავს 2020 წლის 17 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება;
3.7. საქმის მასალებში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ი.ბ–კო 1983 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა;
3.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 2015 წლის 27 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1983 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი ი.მ. ძე ბ–ოს დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე;
3.9. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან 2017 წლის 14 მარტს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1983 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი ი. მ. ძე ბ–ოს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
3.10. პ.ხ–ი 1992 წლის 19 აგვისტოს გარდაიცვალა;
3.11. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 1 ივლისს გაცემული N100649935 სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ი.ხ–მა, როგორც ჯ.ხ–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ) დადგენილი წესით მიიღო უძრავი სამკვიდრო ქონება, კერძოდ, პ.ხ–ის წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......;
3.12. ი.ხ–მა 2017 წლის 6 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლება უძრავ ქონების შესაბამის წილზე, მდებარე - ქ. თბილისი, ......, მოპასუხეს გადასცა;
3.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით (საქმე N2/18146-16) პირველი და მეორე მოსარჩელეების განცხადება დაკმაყოფილდა; მ.გ–ი (უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, .......) გამოცხადდა გარდაცვლილად. მ.გ–ის გარდაცვალების დღედ მიჩნეულ იქნა სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მ.გ–ი გარდაიცვალა - 2016 წლის 25 აგვისტოს;
3.14. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 1 მარტის ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2016 წლის 25 აგვისტოს გარდაცვლილი მ.გ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ასეთივე ინფორმაცია იქნა გაცემული 1998 წლის 8 დეკემბერს გარდაცვლილ მ.გ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე;
3.15. პირველი და მეორე მოსარჩელეები, ასევე მისი ოჯახის წევრები, მისამართზე ქ. თბილისი, ....... 1980 წლიდან არიან რეგისტრირებულები, თუმცა იქ 1970-იანი წლებიდან ცხოვრობენ;
3.16. სს "თ–ის" მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქ. N7-ში 1996 წლიდან რეგისტრირდება გ.მ.რ–ი სააბონენტო ნომრით ......;
3.17. საქმეზე წარმოდგენილი იქნა 1980-იანი წლების კომუნალური გადასახადების ქვითრები ქ. თბილისში, ........ ქ. N7 მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
3.18. ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1984 წლის 7 ივნისის N 1191643 გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო ტექნიკურმა კომისიამ შეისწავლა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა და უვარგისად სცნო ქ. თბილისში, ........ ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (ლიტ. "ა"), რიცხული მოქ. მ.ი. გ–ზე, როგორც ბნელი და დაბალჭერიანი;
3.19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2019 წლის 16 ივლისის N 004908419 დასკვნის თანახმად, "ქ. თბილისში, ........ ქ. N7-ში მდებარე, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი უძრავი ქონებიდან N1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული ფართის (65.24კვ.მ) საბაზრო ღირებულება, 2019 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 21 529 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 61 386 ლარს";
3.20. ამასთან, წარმოდგენილი ნახაზით დგინდება, რომ ამჟამად ქ. თბილისში, ........ ქ. N7-ში მდებარე უძრავი ქონება 3 სართულისა და მანსარდისგან შედგება;
3.21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი) გათვალისწინებულ სადავო უძრავი ქონების მოსარგებლეები არიან, რომლებსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული უფლების დათმობა საცხოვრებელი სადგომის იდეალური წილის თანამესაკუთრის მ.გ–ის მიერ განხორციელდა;
3.22. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სადავო საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ........ ქ. N7, 1980 წლიდან არიან რეგისტრირებული. კერძოდ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მეორე მოსარჩელე მისამართზე - ქ. თბილისი, ........ ქ. N7, რეგისტრირებულია 1980 წლის 3 აპრილიდან, ხოლო პირველი მოსარჩელე 1980 წლის 4 აპრილიდან. სადავო მისამართზე მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმი, მოწმე - ვახტანგ გამცემლიძე 11.31.59-11.46.57 სთ, ტ.1, ს.ფ. 158-180);
3.23. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 1984 წლის N 577 და 1989 წლის N 118 ცნობებით დასტურდება, რომ მათი გაცემის დროისათვის პირველი მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა - ქ. თბილისი, ........ ქ. N7-ში მდებარე შენობა- ნაგებობის პირველ სართულზე;
3.24. მოსარჩელეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილია ........ N7-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საბინაო წიგნი, რომლის ჩანაწერის თანახმად, პირველი და მეორე მოსარჩელეები სადავო საცხოვრებელი სადგომის საბინაო წიგნში 1980 წლის 4 აპრილიდან არიან ჩაწერილები;
3.25. სს „თ–ის“ მიერ 2018 წლის 20 ივლისს გაცემული ინფორმაციის თანახმად, კერძოდ, აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ 1996 წლიდან, მისამართზე ქ. თბილისი, ........ ქ. N7, სს „თ–ის“ N2505131 აბონენტად რეგისტრირებულია გ.მ. რ–ი. რაც შეეხება, 1996 წლამდე ინფორმაციას, ხანდაზმულობის გამო, კომპანიაში არ ინახება;
3.26. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, სს „თ–ის“ ზემოთ მითითებული აბონენტის 2002-2021 წლების ბრუნვის ისტორია, გაცემული 2022 წლის 26 იანვარს. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია, ასევე გაცილებით ადრეული პერიოდის 80-იანი წლების კომუნალური გადახდის ქვითრები. შესაბამისად, სადავო მისამართზე კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით დასტურდება;
3.27. სპეციალური კანონის (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებაზე, რომელიც წარმოშობილია ქირავნობის საფუძველზე ან საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე. თუ მხარეებმა იურიდიულად ნამდვილი ხელშეკრულებით მოაწესრიგეს ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა, მხარეთა შეთანხმებას ენიჭება უპირატესობა ამ კანონით დადგენილი წესების მიმართ. ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებზე არ ვრცელდება სსკ-ით დადგენილი ვადები;
3.28. სპეციალური კანონის (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) მე-11 მუხლით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11). ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე;
3.29. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი ეს არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე;
3.30. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა;
3.31. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. თბილისი, ........ ქ. N7, მოსარჩელეებს სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ საცხოვრებელი სადგომის იდეალური წილის თანამესაკუთრედ აღრიცხულ მ.გ–თან საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სადგომის 1/3 ნაწილის საბაზრო ღირებულების 25 პროცენტის სანაცვლოდ გამოსყიდვისა და ამ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნა სწორად იქნა დაკმაყოფილებული. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელი სადგომი არსებითად გააუმჯობესეს, ჩაატარეს რემონტი და დააშენეს მეორე და მესამე სართულები, ასევე - სხვენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შენობა-ნაგებობა N1- ის მეორე სართული, მესამე სართული და სხვენი, როგორც მოსარჩელეების მიერ განხორციელებული დაშენება, წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის ნაწილს და შესაბამისად, მოსარჩელეების საკუთრებას.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
5. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
6. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგინდა მოსარჩელეთა მოსარგებლის სტატუსი; მ.გ–ისა და ი.ბ–კოს სამკვიდრო ქონება არავის მიუღია, კერძოდ, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილთა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრის მიმართვის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ცნო უმკვიდროდ მათ თანასაკუთრებად აღრიცხული სადავო საცხოვრებელი სადგომის 2/3 ნაწილი და ეს უძრავი ნივთი სწორად გადაეცათ უსასყიდლოდ მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში.
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელი სადგომი არსებითად გააუმჯობესეს, ჩაატარეს რემონტი და დააშენეს მეორე და მესამე სართულები, ასევე - სხვენი. იმ ფაქტს, რომ 1984 წლისთვის სადავო საცხოვრებელი სადგომი საცხოვრებლად უვარგისს წარმოადგენდა, ადასტურებს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1984 წლის 7 ივნისის ცნობა, რომლის თანახმად, ტექნიკურმა კომისიამ შეისწავლა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მ.ი. გ–ზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლი მდებარე ........ ქ. N7, წარმოადგენს ბნელ და დაბალჭერიან საცხოვრებელ ფართს (ამდენად, საცხოვრებელი სადგომი მოხსენიებულია როგორც საცხოვრებელად უვარგისი), ხოლო მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელი სადგომი არსებითად გააუმჯობესეს და,ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქ. N7-ში მდებარე, საჯარო რეესტრში N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი უძრავი ქონებიდან N1 შენობა-ნაგებობის პირველი სართულის - 65.24მ2 ფართის - საბაზრო ღირებულება 61 386 ლარს შეადგენს.
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ ხდიდა საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებს და მიუთითებდა, რომ მათში ასახული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან არ დადასტურდა აპელანტის მიერ მითითებული დოკუმენტების უზუსტობა, ხოლო საპირისპირო მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეები სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეების სტატუსს არ ფლობენ, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელეებსა და მ.გ–ს შორის დადებული გარიგება, თუნდაც შინაურული ხელწერილი. ამასთან, სადავო უძრავი ქონება პ.ხ–ის საკუთრება იყო;
10.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ნოტარიუსთა პალატიდან გამოგზავნილი წერილი, რადგან სამკვიდრო არ გახსნილა ბ–ო ი. მ. ძეზე, ხოლო საბინაო წიგნში და 1957 წლის სააღრიცხვო ბარათში მითითებული იყო სულ სხვა პიროვნება - ბ–ო ი.პ. ძე.
10.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (აპელანტის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა მოსარჩელეებისთვის, სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლებიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაადგინა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
17. სპეციალური კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
18. სპეციალური კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობანი ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ – სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობა დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, სპეციალურმა კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები – უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლეს სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა იქნეს განკარგული ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (იხ. სუსგ Nას-317-2022, 03.11.2022 წ.).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემობაზე, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემული ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა (იხ. სუსგ N ას-445-2023, 28.07.2023 წ.). სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კონკრეტულ საქმეზე კი, სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენდნენ თუ არა მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების მოსარგებლეებს იმგვარად, როგორც ამას სპეციალური კანონი ითვალისწინებს.
20. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სადავო საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ........ ქ. N7, 1980 წლიდან არიან რეგისტრირებული. კერძოდ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მეორე მოსარჩელე მისამართზე - ქ. თბილისი, ........ ქ. N7, რეგისტრირებულია 1980 წლის 3 აპრილიდან, ხოლო პირველი მოსარჩელე 1980 წლის 4 აპრილიდან. სადავო მისამართზე მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ (იხ. ამ განჩინების 3.22 ქვეპუნქტი). მოსარჩელეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილია ........ N7-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საბინაო წიგნი, რომლის ჩანაწერის თანახმად, პირველი და მეორე მოსარჩელეები სადავო საცხოვრებელი სადგომის საბინაო წიგნში 1980 წლის 4 აპრილიდან არიან ჩაწერილები.
21. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე სს „თ–ის“ ზემოთ მითითებული აბონენტის (პირველი მოსარჩელის) 2002-2021 წლების ბრუნვის ისტორია, გაცემული 2022 წლის 26 იანვარს. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია, ასევე გაცილებით ადრეული პერიოდის 80-იანი წლების კომუნალური გადახდის ქვითრები. შესაბამისად, სადავო მისამართზე კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით დასტურდება.
22. დადგენილია, რომ მ.გ–ისა და ი.ბ–კოს სამკვიდრო ქონება არავის მიუღია - ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილთა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრის მიმართვის შესახებ. მართებულად იქნა ცნობილი უმკვიდროდ მათ თანასაკუთრებად აღრიცხული სადავო საცხოვრებელი სადგომის 2/3 ნაწილი და ეს უძრავი ნივთი სწორად გადაეცა უსასყიდლოდ მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში.
23. კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ნოტარიუსთა პალატიდან გამოგზავნილი წერილი და შესაბამისად მცდარად დაადგინა ფაქტი, რომ სამკვიდრო გაიხსნა ბ–ო ი.მ. ძეზე, ხოლო რეალურად საბინაო წიგსა და 1957 წლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია სულ სხვა პიროვნება - ბ–ო ი.პ. ძე, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ კასატორის მსჯელობა არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები სწორედ ი.მ. ძე ბ–ოს სამკვიდრო ქონებას ეხება, რაც დადასტურებულია საბინაო პირობების შემოწმების ცნობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 85), ასევე - ორიგინალის სახით წარმოდგენილი საბინაო წიგნით (იხ. ტ.1,საბინაო წიგნის ჩანაწერი N3).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე