Facebook Twitter

საქმე №ას-1099-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.კ.ე.ჯ–ია" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემსყიდველი) სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მიმწოდებელი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის, 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N419, რომლის შესყიდვის ობიექტია ხელშეკრულების N 2 დანართით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

2.2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 920 000 ლარს. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა სადაზღვევო პერიოდი - 2019 წლის 01 ივნისის 00:00 საათიდან 2019 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე;

2.3. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით;

2.4. ხელშეკრულების N1 დანართის მე-2 ნაწილის 2.15 პუნქტის თანახმად, არაუმეტეს 5 წლის წლოვანების (რომლებზეც ვრცელდება საგარანტიო პირობა) სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებების, მათი სპეციფიკის მიხედვით, იმ სერვის ცენტრებში, რომელთა ნუსხაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეთანხმდება დამზღვევთან;

2.5. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს დაზიანდა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,HYUNDAI SUPER AERO CITY”, სახელმწიფო ნორმით: .......;

2.6. შპს „თ–ს“ 2019 წლის 2 სექტემბერს შესაკეთებლად წარედგინა ავტომანქანა „HYUNDAI SUPER AERO CITY” (სახელმწიფო ნორმით: .....). შპს „თ–ის“ მიერ შედგენილი N986698 დეფექტური აქტის თანახმად, ავტომობილის შეკეთების საფასური შეადგენდა 6 490 ლარს;

2.7. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 9 სექტემბრის № DEC MI 3142/19 გადაწყვეტილებით შემთხვევა დაექვემდებარა ანაზღაურებას და დაზღვეულის მოთხოვნით ასანაზღაურებელი თანხა - 6 490 ლარი უნდა გადარიცხვოდა შპს “თ–ს“ ანგარიშზე. აღნიშნული თანხა სადაზღვევო კომპანიამ 2019 წლის 16 სექტემბერს აანაზღაურა;

2.8. მოსარჩელე სამინისტრომ 2019 წლის 29 ოქტომბრის №MIA 0 19 02886010 წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული №419 ხელშეკრულების თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის ან მისი ნაწილების აღდგენის ან შეცვლის ვადაა ზარალის ანაზღაურების შესახებ აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუმეტეს 45 კალენდარული დღე. ავტომანქანაზე დარეგულირების აქტი შედგენილია 2019 წლის 9 სექტემბერს, თუმცა ავტომანქანა ამ დრომდე არ იყო შეკეთებული;

2.9. მოსარჩელის ბალანსზე რიცხული 2019 წლის 29 აგვისტოს დაზიანებული ავტომანქანის ,,HYUNDAI SUPER AERO CITY” (სახელმწიფო ნორმით: ........) შეკეთება შპს „თ–მა“ დაასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს.

2.10. 2019 წლის 29 ოქტომბრის №MIA 0 19 02886010 წერილით კომპანიას 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული №419 ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 29 აგვისტოს დაზიანებული ავტომანქანის ,,HYUNDAI SUPER AERO CITY” აღდგენის ვადის გადაცილებისათვის (სულ 49 დღე), პირგასამტეხლო 4900 ლარის ოდენობით დაეკისრა;

2.11. 31.05.2019 წლის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-2 ნაწილის 2.10 პუნქტის თანახმად, ზარალების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა;

2.12. საქმეში წარმოდგენილი დარეგულირების აქტი ხელმოწერილია 2019 წლის 9 სექტემბერს. შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 9 სექტემბრიდან 45 დღის ვადაში - არაუგვიანეს 2019 წლის 24 ოქტომბრისა (დეფექტური აქტის თანახმად უნდა მომხდარიყო ნაწილების შეკვეთა, თუმცა წარმოდგენილი მიღება/ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ავტომანქანის აღდგენა დასრულდა 2019 წლის 12 დეკემბერს);

2.13. მხარეთა შორის სადავოდ არის ქცეული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი;

2.14. მოპასუხემ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 129-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია მოთხოვნის წარდგენის 3 წლიანი ვადა;

2.15. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანხის გადახდის მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა 2019 წლის 12 დეკემბრიდან, როდესაც დასრულდა ავტომანქანის აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო;

2.16. მოსარჩელე სამინისტროს მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 21 დეკემბერს, ხანდაზმულობის კანონით დადგენილი 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ;

2.17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება სამინისტროს წარმოეშვა 2019 წლის 12 დეკემბრიდან. საქმეში წარმოდგენილია მხარეების წარმომადგენელთა ხელმოწერილი მიღება/ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანის აღდგენა დასრულდა 2019 წლის 12 დეკემბერს. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2022 წლის 21 დეკემბერს, კანონით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელე სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება სრულად გაიზიარა.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შემსყიდველმა სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2. კასატორის განმარტებით, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღიდან - 2020 წლის 31 მაისიდან უნდა დაწყებულიყო.

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის (სამინისტროს) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ არა მხოლოდ მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე, არამედ წარადგინა მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).

11. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო.ს–ი და ი.ხ–ვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

13. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 128.1-ე, 129.1-ე, 130.1-ე მუხლებზე მიუთითებს და დამატებით აღნიშნავს, რომ თანხის გადახდის მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა 2019 წლის 12 დეკემბრიდან, როდესაც დასრულდა ავტომანქანის აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო, სამინისტროს სარჩელი კი 2022 წლის 21 დეკემბერსაა წარდგენილი, კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დარღვევით, რაც მისი უარყოფის საფუძველია. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ პრეტენზია მოპასუხემ წერილობით წარდგენილ შესაგებელში განაცხადა, რითაც შეაფერხა დაგვიანებული მოთხოვნის სასამართლო გზით განხორციელების შესაძლებლობა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

15. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ნ. ბაქაქური