Facebook Twitter

საქმე №ას-1206-2023 17 ნოემბერი, 2023 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, შემსყიდველი) სარჩელი შპს „ბ“-ის (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.1. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4 080 ლარის გადახდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 122.4 ლარის გადახდა;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2.1. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 10 200 ლარის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 306 ლარის და 244.8 ლარის გადახდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 3 აგვისტოს N15/3-306 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელისთვის, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა 200 000 ლარის ღირებულების ქურთუკი და შარვალი (ზამთრის, ლურჯი), რომლის მიწოდებაც განხორციელდა ეტაპობრივად.

3.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01%.

3.3. მისაწოდებელი საქონლის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 11 თებერვალს 102 დღის დაგვიანებით. დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 20 400 ლარით.

4. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა და მიუთითა მათზე.

6. აპელანტის პრეტენზიას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 417-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისთვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დაღვევა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას.

8. განსახილველ შეთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველს მყიდველისთვის, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა 200 000 ლარის ღირებულების ქურთუკი და შარვალი. უდავოდ დადგენილია, რომ მიმწოდებელმა დაარღვია საქონლის მიწოდების ვადები, რაც მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.

9. სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების დაღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნულ საკითხს სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყვეტს, ამასთან, შეფასების მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ხარისხზე. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2021 წლის 30 დეკემბერს მიაწოდა 46 400 ლარის ღირებულების საქონელი; 2022 წლის 11 იანვარს - 61 200 ლარის; 2022 წლის 18 იანვარს - 44 600 ლარის, 2022 წლის 24 იანვარს - 7800 ლარის, 2022 წლის 4 თებერვალს - 27 600 ლარის, 2022 წლის 10 თებერვალს - 11 000 ლარის ღირებულების, ხოლო 2022 წლის 11 თებერვალს - 1400 ლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხისგან მისაწოდებელი საქონლის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 11 თებერვალს 102 დღის დაგვიანებით.

11. აღნიშნული მონაცემებით დადგენილია, რომ მიმწოდებელს ნასყიდობის საგნის არც ერთი ნაწილი, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ მიუწოდებია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა 200 000 ლარის ღირებულების ზამთრის ქურთუკები და შარვლები, რომელიც უნდა გამოეყენებინათ შემსყიდველის თანაშრომლებს. შესაბამისად, მოსარჩელის ფუნქციებისა და სპეციფიკის, ასევე ნასყიდობის ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების მიმართ, არსებობდა მნიშვნელოვანი ინტერესი, რაც, თავის მხრივ, აისახებოდა მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბოლოოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა სრულად, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე პოზიცია, შესრულების ვადის გადაცილების შედეგად დამდგარი ზიანის ან მიღებული შესრულების ნაკლოვანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია სრულად, თუმცა ვადაგადაცილებით.

12. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 4080 ლარი, არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის ხასიათსა და ხარისხს. შესაბამისად, შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მის სასარგებლოდ მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა განსაზღვრა 10 200 ლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დადებული ხელშეკრულების დარღვევისას, პირგასამტეხლოს იმ ოდენობით ანაზღაურების საკითხი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის.

13.3. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, შესაბამისად პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების ”სუსტი“ მხარე და ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს/ თანმდევ შედეგებს. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.

13.4. კასატორმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების მიმართ კრედიტორის მხრიდან არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი, რაც ცნობილი იყო მოპასუხისთვის. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეცვალა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არსებითი პირობა, მაშინ როდესაც ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის პირობის ცვლილება არ წარმოადგენდა დავის საგანს.

13.5. კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს რატომ იყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იმ პირობებში, როდესაც კრედიტორი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლისთვისაც ვალდებულების დროული შესრულება ორმაგად პრიორიტეტული იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა თანაზომიერების პრინციპი და პირგასამტეხლოს შემცირებით ადმინისტრაციულ ორგანოს მიაყენა ზიანი. სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმდა პირგასამტეხლო, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.

13.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საურავის შემცირების საფუძველი და მოითხოვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოსეულ გაანგარიშებას მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.).

19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

20. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

21. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: N ას-400-2023, 20.10.2023წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; Nას-708-678-2016, 27.01. 2017 წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; N ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

23. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016; Nას-581-2019; Nას-249-2021).

26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური