საქმე №ას-859-2023 20 ოქტომბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ნ.თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ჯ.დ.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ნ.თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი, შემსრულებელი/მენარდე, საბუღალტრო კომპანია, ან კონსულტანტი) სარჩელი სს „ჯ.დ.მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი, შემკვეთი ან კლიენტი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 80 242.17 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა (ხელშეკრულებაში მოხსენიებული როგორც საბუღალტრო კომპანია ან კონსულტანტი) და მოპასუხეს (ხელშეკრულებაში მოხსენიებული როგორც კლიენტი) შორის, 2019 წლის 5 ივლისს, საბუღალტრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო;
3.2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობის საგანი საბუღალტრო მომსახურების გაწევა იყო. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით საბუღალტრო მომსახურება საბუღალტრო კომპანიის მიერ კლიენტის ბუღალტერიის წარმოებას მოიცავდა. აღნიშნული გულისხმობდა კლიენტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შედეგების, მოზიდული ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვასა და საბუღალტრო ანგარიშებსა და ანგარიშგებაში მათი მოძრაობის ასახვას. ასევე - კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, გადარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
3.3. ხელშეკრულების 1.6 პუნქტის თანახმად, კონსულტანტი კლიენტს წინამდებარე ხელშეკრულების 1.4 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას, 2019 წლის 1 ივლისიდან მოყოლებულ პერიოდზე, გაუწევდა. ამავე ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების 1.4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის კლიენტი კონსულტანტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად, საზღაურს გადაიხდიდა. ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, საბუღალტრო კომპანია ვალდებული იყო კლიენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობით და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული, ხელშეკრულების 1.4 პუნქტით გათვალისწინებული, მომსახურება გაეწია;
3.4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კონსულტანტის სასარგებლოდ გადასახდელი ყოველთვიური საზღაური 12 500 ლარით, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან (2019 წლის 5 ივლისი) და ძალაში ერთი წლის ვადით იქნებოდა. ხელშეკრულების 11.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დადებულია წერილობით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. მხარეთა შორის 2019 წლის 1 ნოემბერს დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტში და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კონსულტანტის სასარგებლოდ გადასახდელი ყოველთვიური საზღაურის ოდენობა 11 950 ლარით, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა;
3.5. პირველი აპელანტის (შემსრულებლის) განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ თითქოს მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ თანხის დაზოგვა, რაც დღგ-ის სახით 1 196 332 ლარს შეადგენს. 2020 წლის 15 დეკემბრის განცხადებით თავად მოპასუხემაც დაადასტურა, რომ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე დაზოგილი დღგ-ის ოდენობა 755 576 ლარია (წარმოდგენილია აუდიტორული კომპანია E&Y საქართველოს დაანგარიშება), რაც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ოდენობას ემთხვევა. რაც შეეხება 2019 წლის მარტიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდს, შემსრულებელს სარჩელით წარდგენილი ჰქონდა კალკულაცია და იშუამდგომლა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით სადავო პერიოდზე, რადგან დოკუმენტები მოპასუხესთან (შემკვეთთან) ინახებოდა და დამოუკიდებლად არ შეეძლო ექსპერტიზის ჩატარება. ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და ექსპერტიზა არ მიიჩნია საჭიროდ, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი კალკულაცია 2019 წლის მარტიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდზე. სასამართლომ არასწორად შეაფასა მისცა საბუღალტრო კომპანიის სარჩელზე თანდართულ კალკულაციას. იგი თავისი შინაარსით უთანაბრდება მხარის ახსნა-განმარტებას, რომელსაც მტკიცებულებითი ძალა გააჩნია და ექვედებარება სასამართლოს მიერ შესაბამისი წესით შეფასებას. იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა ფაქტობრივი გარემოება და შესაძლებელია ექსპერტიზის დანიშვნის გზით მისი გადაწყვეტა, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, ხოლო თუ სასამართლო ასეთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა, მაშინ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობა დადასტურებულ გარემოებად უნდა მიეჩნია. მხოლოდ მოპასუხის დაუსაბუთებელი შედავება არ უნდა იყოს საკმარისი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის გაზიარებაზე უარის თქმის საკმარის მიზეზად. მოპასუხე თუ კონკრეტულ ოდენობას არ ეთანხმებოდა, მას შეეძლო წარმოედგინა საკუთარი კალკულაცია 2019 წლის მარტიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდზე, როგორც ეს 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდზე გააკეთა;
3.6. ამ განჩინების 3.5 ქვეპუნქტში მითითებული შემსრულებლის კვეთის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, მხარეთა შეთანხმებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კლიენტის (შემკვეთის) სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში კონსულტანტის, როგორც შემსრულებლის, ანაზღაურება უნდა განსაზღვრულიყო მოპასუხის (შემკვეთის) მიერ მისაღები საგადასახადო სარგებლის (წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე ჩასათვლელი წარსული დროის და შესაბამისად დაზოგილი დღგ-ის ოდენობა) 9%-ით დღგ-ის გარეშე. უდავოა, რომ აღნიშნული ურთიერთობა დასრულებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანით;
3.7. მოსარჩელის/პირველი აპელანტის მისაღები ანაზღაურების ოდენობა დაკავშირებულია მოპასუხის მიერ წარსულ დროზე მიღებული სარგებლის ოდენობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის აპრილამდე მოპასუხის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული (დაზოგილი) სარგებლის 9%-ის გადახდა (დღგ-ს ჩათვლით). მოსარჩელე/პირველი აპელანტი მის მიერ მისაღები ანაზღაურების გაანგარიშებას წარმოადგენდა შემდეგნაირად - იგი მოითხოვდა მოპასუხისთვის 127 050.47 ლარის დაკისრებას იმაზე მითითებით, რომ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე 1 196 332 ლარის დღგ დაზოგა. შესაბამისად კლიენტს წარმოეშვა საბუღალტრო კომპანიის მიმართ დღგ-ის გარეშე 107 669.98 ლარის (დაზოგილი თანხის 1 196 332 ლარის 9%), ხოლო დღგ-ის ჩათვლით 127 050.47 ლარის გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელეს/პირველ აპელანტს გაანგარიშება წარდგენილი ჰქონდა (ტ. 1, ს.ფ. 59-60), რომლის მიხედვითაც 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე ძირითადი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 1 196 332 ლარით. სწორედ ეს საწყისი ციფრი წარმოადგენს მის მიერ ანაზღაურების სწორედ ამ ოდენობით მოთხოვნის საფუძველს.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებაა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლი (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ), 629-ე მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 630-ე მუხლი (ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი), სსკ-ის 648-ე მუხლი (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას). შემკვეთის შეგებებული სარჩელით დავის საგანი ზიანის ანაზღაურებაა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 394.1 მუხლი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე მუხლი (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 412-ე მუხლი (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს).
5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქმეში წარმოდგენილ ცხრილს სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102.3-ე მუხლის გათვალისწინებით არ გააჩნია რაიმე სახის მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან აღნიშნული ცხრილი მითითებასაც კი არ შეიცავს იმის შესახებ, რომ მასში მოცემული ციფრები უშუალოდ მოპასუხეს (შემკვეთს) ეხება. გარდა ამისა, უცნობია, რა მონაცემების საფუძველზეა აღნიშნული გაანგარიშება მიღებული. წარმოდგენილი მტკიცებულებიდან შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მიერაა შედგენილი გაანგარიშება და ვის ეხება. რაც შეეხება პირველი აპელანტის (შემსრულებლის/მენარდის) განმარტებას, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რათა მომხდარიყო დავალიანების გაანგარიშება, ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, უნდა წარადგინოს მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხის მხარეზე გადადის.
6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ/პირველმა აპელანტმა ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ ის დოკუმენტაცია რომლის გამოთხოვასაც მოპასუხისგან ითხოვდა მის ხელთ არ არსებობდა და ვერ შეძლებდა მასზე ექსპერტიზის ჩატარებას დადგენილი წესით. უფრო მეტიც, პირველი აპელანტი (შემსრულებელი) მიუთითებდა, რომ ის დოკუმენტები, რომლის გამოთხოვაც სურდა მასთან იმყოფებოდა, რაზედაც შესაბამისი დასკვნებიც მოამზადა. გარდა აღნიშნულისა, მან ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ იქნა მოძიებული, კერძოდ, მიმართა მოპასუხეს დოკუმენტების გამოთხოვის მოთხოვნით რაზედაც მისგან უარი მიიღო, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. მეორე აპელანტის (შემკვეთის)პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებული ხელმოუწერელი ხელშეკრულება (ე.წ. ხელშეკრულების პროექტი). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად მომსახურების გაწევის თაობაზე სახელშეკრულებო შეთანხმების არსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მიმოწერები). კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის მიმოწერაზე 2019 წლის 8 ოქტომბრის ელექტრონული შეტყობინებით, მოსარჩელე აცნობებს მოპასუხეს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად გასაწევი მომსახურების ტარიფები საბუღალტრო კომპანიაში მერყეობს გარკვეულ ფიქსირებულ თანხას დამატებული კომპანიის სასარგებლოდ მიღებული შედეგის (დაზოგილი თანხის) 10-დან 25%-მდე, დღგ-ის გარეშე, თემის სირთულის მიხედვით. შემსრულებელი კომპანიის ამავე წერილის განმარტებით, აღნიშნულ თანხაში ნაანგარიშებია ხოლმე წარსულ პერიოდს დამატებული მომდევნო ერთი წელი (თუ მომდევნო წლებზეც რელევანტურია ეს შედეგი), თუმცა, მათ მოპასუხეს (შემკვეთს) შესთავაზეს მხოლოდ წარსულ პერიოდზე მიღებული შედეგის 9% დღგ-ის გარეშე, რომელსაც შემკვეთი კომპანია გადაიხდიდა მხოლოდ დადებითი შედეგის (დღგ-ისგან ოპერაციის გათავისუფლების) შემთხვევაში. ამავე მიმოწერით მოსარჩელე სთხოვს მოპასუხეს დადასტურდეს აღნიშნულ პირობებზე თანხმობა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე (შემსრულებელი) მზად იყო დაეწყო წინასწარი გადაწყვეტილების მოსამზადებელი პროცედურები.
8. 2019 წლის 18 ოქტომბრის წერილის პასუხად, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დადასტურა მოსარჩელეს, რომ შეთავაზება მიღებულია შემდეგი შინაარსის ტექსტით - ,,შემოთავაზება მისაღებია. ხვალ შევათანხმებ პარტნიორთან და დავიწყოთ მუშაობა. იმედი მაქვს, რომ დადებითი შედეგის დადება შესაძლებელი გახდება წელსვე’’. ამავე ელექტრონული ფოსტის პასუხად 2019 წლის 19 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე სთხოვს მოპასუხე კომპანიის დირექტორს აცნობოს, ხომ არ მომხდარა პარტნიორთან შეთანხმება და ამასთანავე განუმარტავს, რომ საბუღალტრო კომპანიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და მოპასუხისგან (შემკვეთისაგან) ელოდება საბოლოო პასუხს და ხელშეკრულების გაფორმებას.
9. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მხარეთა შორის უკვე 2019 წლის 25 ოქტომბრიდან შემდგომ პერიოდზე განხორციელებული ელექტრონული მიმოწერები, დადასტურებული ფაქტების კონსტატაციის ოქმით (ტ. 1, ს.ფ. 23-57; დისკი ს.ფ. 108), რომლებიც ასახავენ მოპასუხე (შემკვეთი) კომპანიის სასარგებლოდ მისაღებ წინასწარ გადაწყვეტილებაზე ამ უკანასკნელისა და მოსარჩელე (შემსრულებელი) კომპანიის თანამშრომლებს შორის არსებული ინფორმაციის გაცვლის სამუშაო პროცესს. წარმოდგენილი მიმოწერით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი ასევე ინფორმირებულია ყველა იმ მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა კლიენტის სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილების სამუშაო პროცესში ამ ორი კომპანიის თანამშრომლებს შორის, ვინაიდან ისიც იყო ამ ამ ელექტრონული მიმოწერის ადრესატი და მიმღები.
10. სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 27 აპრილს მეორე აპელანტის (შემკვეთის) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე მართლაც გამოსცა წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც დადგინდა, რომ ვინაიდან მოპასუხე კომპანია აწარმოებდა მგზავრთა და ბარგის გადაყვანა/გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას, აღნიშნული მომსახურება დაექვემდებარებოდა ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.
11. საგადასახადო ორგანოდან გამოთხოვილი მტკიცებულებებით (ტ. 2, ს.ფ. 3-141) დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა 2019 წლის 3 დეკემბერს გასცა რწმუნებულება (ტ. 2, ს.ფ. 16) მოსარჩელე კომპანიის თანამშრომლების (ფიზიკური პირების) სახელზე, რომლის შესაბამისადაც, მინდობილობაში მითითებულ ფიზიკურ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, ყოფილიყვნენ კომპანიის წარმომადგენლები სსიპ შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და განეხორციელებინათ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა ქმედება. მინდობილობის მოქმედების ვადად განისაზღვრა სამი თვე.
12. წარმოდგენილია ასევე საგადახდო დავალება (ტ. 2, ს.ფ. 7), რომლის მიხედვითაც მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ 2019 წლის 3 დეკემბერს ასევე გადახდილი აქვს წინასწარი გადაწყვეტილების საფასური 10 000 ლარი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის პირველადი მიმართვა მოპასუხის (შემკვეთის) სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოსარჩელემ (შემსრულებელმა) 2019 წლის 6 დეკემბერს განახორციელა (განცხადება, ს.ფ. 11-19). ამის შემდეგ იმავე პირის (მოსარჩელის თანამშრომლის) მიერ მოპასუხის (შემკვეთის) სასარგებლოდ, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, დამატებითი განცხადებები წარდგენილია 2019 წლის 10 დეკემბერს (ტ. 2, ს.ფ. 53-57), 2020 წლის 15 იანვარს (ტ. 2, ს.ფ. 124-129), 2020 წლის 3 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ. 130-131) და 2020 წლის 27 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ. 133-139).
13. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ მხარეთა შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს (შემსრულებელს) მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ უნდა გაეწია მომსახურება და ემოქმედა მოპასუხის სასარგებლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურთან წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე (უპირველესად შეთანხმება შესასრულებელ სამუშაოზე, ასევე - გასაცემი ანაზღაურება) შეთანხმება დადასტურებულია 2019 წლის ოქტომბრის მიმოწერებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7-9 პუნქტები), რომლის დროსაც გამოვლენილია სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობილად მიჩნევისთვის აუცილებელი ორი ურთიერთმფარავი ნება (სსკ-ის 629-ე მუხლი). გარდა ამისა, იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს სურდა წინასწარი გადაწყვეტილების, როგორც მომსახურების საბოლოო პროდუქტის და შედეგის მიღება, უდავოდ ამყარებს ის ფაქტი, რომ მოპასუხის დირექტორმა 2019 წლის ოქტომბრის მიმოწერის შემდეგ 2019 წლის 3 დეკემბერს სწორედ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად მიანიჭა მოსარჩელის (შემსრულებელი საბუღალტრო კომპანიის) თანამშრომელ ფიზიკურ პირებს შემკვეთი (მოპასუხე) კომპანიის სახელით მოქმედების სპეციალური უფლებამოსილება მინდობილობით და გადაიხადა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი საფასური.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელშეკრულებო დანაწესზე, რომლის თანახმად განისაზღვრა მხარეთა შორის მომსახურების პირობები. კერძოდ, 2019 წლის 5 ივლისის ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, საბუღალტრო მომსახურება მხარეთა შეთანხმებით მოიცავდა საბუღალტრო კომპანიის (შემსრულებლის) მიერ კლიენტის (შემკვეთის) ბუღალტერიის წარმოებას. აღნიშნული გულისხმობდა კლიენტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შედეგების, მოზიდული ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვას და საბუღალტრო ანგარიგშებასა და ანგარიშგებაში მათი მოძრაობის ასახვას. ასევე, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ამდენად, ხელშეკრულების დანაწესი უშუალოდ არ მიუთითებს ბუღალტრული მომსახურების დეტალურ აღწერაზე, თუმცა შეგებებული სარჩელის ავტორის/მეორე აპელანტის განმარტებით სრული საბუღალტრო მომსახურება, თავის მხრივ, აუცილებლად გულისხმობს როგორც შედარების აქტების შედგენას, ასევე ინვენტარიზაციის ჩატარებას. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად სარჩელის ავტორის მიერ წარდგენილია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბუღალტერის თანამდებობრივი ინსტრუქცია (ტ. 5, ს.ფ. 67-70).
15. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ფაქტობრივად სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მას ინვენტარიზაცია ჩატარებული არ აქვს, თუმცა მისი განმარტებით, ეს არ განუხორციელებია იმის გამო, რომ მას აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებიდან არ წარმოშობია. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ თუნდაც მოხმობილი ინსტრუქციის თანახმად, ,,ბუღალტერს ევალება .... ინვენტარიზაციის ჩატარების გაკონტროლება’’. შესაბამისად, შინაარსობრივი დათქმა ვალდებულების ამ ნაწილში უცილობლად არ ადასტურებს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად უნდა უზრუნველეყო ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარება. ამასთან, ინვენტარიზაციის არსი, თავის მხრივ, ბუღალტრულ მონაცემებთან რეალურად არსებული ფაქტობრივი ნაშთის შედარებას გულისხმობს, რაც სპეციალური მითითების გარეშე ავტომატურად ბუღალტრის აუცილებელ განსახორციელებელ ქმედებად ვერ ჩაითვლება.
16. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შესაგებლით განხორციელებული შედავების ფარგლებში მიუთითა, რომ მის უცილობლად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა პირველადი საანგარიშგებო დოკუმენტების წარმოება და აღნიშნულზე მეტყველებს სწორედ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.4 პუნქტის დათქმა, შედარების აქტები კი დგება ამ დოკუმენტების საფუძველზე და მისი შედგენა ყველა შემთხვევაში არ მიიჩნევა აუცილებლად. ამასთან სადავოდ მიჩნეულ შემთხვევებზე მის მიერ არის შედგენილი შედარების აქტები (ტ. 5, ს.ფ. 21-57).
17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სწორი ბუღალტრული მომსახურების გაწევა, უპირველესად, გულისხმობს პირველადი ბუღალტრული აღრიცხვების დოკუმენტების შედგენას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა მოცემულ დავაში სადავო არ არის. მართალია, ზოგადი სტანდარტის თანახმად, შედარების აქტის შედგენა ბუღალტრის ვალდებულების სფეროს განეკუთვნება, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ შედარების აქტების შეუდგენლობა ყველა შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ტოლფასია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ასეთი მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულებით პირდაპირ არაა გათვალისწინებული.
18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბუღალტრული მომსახურება, თავის მხრივ, მომსახურების ხელშეკრულებების ნაირსახეობათა ერთ-ერთ იმ სპეციფიურ სახეს წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს მომსახურების უწყვეტ და მუდმივ რეჟიმში განხორციელებას. შედარების აქტი ხელშეკრულების მომსახურების გამწევ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაბარების მომენტისთვის ჰქონდა თუ არა შედგენილი, თავისთავად ვერ განიხილება მის მიერ ბუღალტრული ანგარიშგების არასწორ ან/და არასრულ განხორციელებად და ამ ნაწილში ვალდებულების დარღვევად.
19. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის განუხორციელებლობა ან/და არასწორად აღრიცხვა ვერ დადასტურდება მოპასუხის (შემკვეთის) მიერ წარდგენილ დისკზე მითითებული ფაილებით (ტ. 1, ს.ფ 533), ვინაიდან ამისთვის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია არსებობდეს ზიანის არსებობის/მიყენების თაობაზე შესაბამისი აუდიტის დასკვნა, ფინანსური ექსპერტიზა და სხვა სახის ჯეროვანი მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხის ცალსახად და უპირობოდ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა შედარებების აქტების შედგენა, ამ აქტების შეუდგენლობით მეწარმე სუბიექტისთვის მიყენებული ზიანი უნდა დადასტურდეს მისთვის განკუთვნადი ჯეროვანი მტკიცებულებებით, რაც უდავოდ სარწმუნოს გახდიდა მოხმობილი ციფრების რეალობასთან შესაბამისობას.
20. გარდა ამისა იმ დაშვებითაც კი, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხემ შედარების აქტების შედგენის ნაწილში ვალდებულება
არაჯეროვნად შეასრულა, როდესაც შედავებული არაა პირველადი საფინანსო დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევის სისწორე, შემკვეთის მიერ წარდგენილ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებს ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ გააჩნია დაკმაყოფილების ვარგისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის შესაბამისად, შემსრულებლის მიერ შედარების აქტების შეუდგენლობა რომც იქნეს მიჩნეული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე განსაკუთრებული გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევად, იგი სათანადო მტკიცებულების გარეშე ვერ განიხილება შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შემკვეთი კომპანიისთვის ზიანის მიყენების დასტურად.
21. რაც შეეხება მეორე აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის ელექტრონული ფოსტა არის იმ ფაქტის აღიარება, რომ კონსულტანტი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და მისი დირექტორი ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანს 25 000 ლარად აფასებს, აღნიშნულიც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილება 2020 წლის 27 აპრილს მიღებული იყო და შემდგომში რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მხარეთა შორის და რაზე მოხდა მათ შორის შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდება.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
22.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საბუღალტრო კომპანიამ (მოსარჩელემ) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
22.2. კასატორის ძირითადი პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების კანონიერებას შეეხება და იგი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება შემსრულებლის სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის შესახებ.
22.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
25. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კონსულტანტი (შემსრულებელი) კომპანიის საკასაციო საჩივარი მხოლოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა მოპასუხისაგან მტკიცებულების გამოთხოვისა და მასზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, უკანონოდ არ დაკმაყოფილდა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე კომპანიის საკასაციო პრეტენზიას მტკიცებულების მოპოვებისა და ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცხრილით შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მიერაა შედგენილი გაანგარიშება და ვის ეხება იგი (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).
30. კასატორმა ვერც იმ გარემოების დადასტურება შეძლო, რომ ის დოკუმენტაცია რომლის გამოთხოვასაც მოპასუხისგან ითხოვდა, მის ხელთ არ არსებობდა და ვერ შეძლებდა მასზე ექსპერტიზის ჩატარებას დადგენილი წესით. ამასთან, შემსრულებელმა კომპანიამ ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ იქნა მოძიებული, კერძოდ, მიმართა მოპასუხეს (შემკვეთს) დოკუმენტების გამოთხოვის მოთხოვნით, რაზედაც მისგან უარი მიიღო (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი). აქედან გამომდინარე, მართებულად ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარი, ხოლო გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებლობას მის მიერ წარმოდგენილი არაკვალიფიციური საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია შემსრულებელი საბუღალტრო კომპანიის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ნ.თ–ი"-ს (ს/ნ ........) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ნ.თ–ი"-ს (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2340,40 ლარის (საგადახდო დავალება N1690283963, გადახდის თარიღი 2023 წლის 25 ივლისი), 70% – 1638,28 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური