Facebook Twitter
საქმე №ას-518-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ.ვ–ძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი

(შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი)

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორ დ.ვ–ძის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

კასატორ სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის) მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

დ.ვ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის) მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2022 წლის 14 იანვრის №08 ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის სახით 2100 ლარის და იძულებითი განაცდურის სახით, 2022 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის (დარიცხული) გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი დ.ვ–ძე სადავოდ ხდის მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას; მისი მოსაზრებით, მოპასუხეს კომპენსაციის სახით 14000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

კასატორი იურიდიული პირი მიუთითებს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონიერი საფუძვლით, რეორგანიზაციის გამო, კონკურსის შედეგების გათვალისწინებით და სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება და განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის №ას-1334-2021 განჩინება). ამასთან, თითოეული საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც შრომითსამართლებრივი ნორმების უპირატესად დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით განმარტებას გულისხმობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც ეკისრება დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის №ას-194-185-2016 და 2021 წლის 21 ოქტომბრის №ას-379-2020 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- დ.ვ–ძეს 2021 წლის 1 აგვისტოდან მოპასუხე ორგანიზაციაში ეკავა სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია;

- მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 700 ლარს;

- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის №05/01 ბრძანებით მუზეუმებში განხორციელდა ახალი ორგანიზაციული მოწყობა, რამაც განაპირობა საკადრო ცვლილებები და ახალი საშტატო განრიგის ჩამოყალიბება;

- დ.ვ–ძე გაფრთხილებულ იქნა, რომ ორგანიზაციულ ცვლილებებს შესაძლოა მოჰყოლოდა შტატით დასაქმებული პირის გათავისუფლება/გადაადგილება;

- მოპასუხე ორგანიზაციის 2021 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, ორგანიზაციული ცვლილებების პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და შერჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია;

- 2021 წლის 24 დეკემბერს, სხვა დასაქმებულებთან ერთად, განხორციელდა დ.ვ–ძის შეფასება. გასაუბრების ოქმის მიხედვით, შეფასების პროცესში კომისიამ გაითვალისწინა კანდიდატის კომპეტენცია, სამუშაო გამოცდილება, სამომავლო სამუშაო გეგმები; ყურადღება გამახვილდა კანდიდატის ისეთ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის უნარები; გასაუბრების დროს გამოვლინდა, რომ ის არ იზიარებს მუზეუმის ხელმძღვანელობის პოზიციას მუზეუმის განვითარებასთან დაკავშირებით; არ ცხადდება სამსახურში; კომისიამ მოსარჩელეს შეკითხვები დაუსვა მისი წინა პოზიციით გათვალისწინებულ ფუნქციებთან მიმართებითაც, რაზეც გაცემულ იქნა არადამაკმაყოფილებელი პასუხები; კომისიის წევრებმა დ.ვ–ძის კანდიდატურა უარყოფითად (3-ზე ნაკლები ქულა) შეაფასეს;

- მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ არ დადიოდა სამსახურში და არ ასრულებდა მასზედ დაკისრებულ ფუნქციებს, ამიტომაც დაუსვეს შეკითხვები წინა პოზიციაზე საქმიანობასთან დაკავშირებით და არა იმ ფუნქციების თაობაზე, რომლებიც არ განუხორციელებია;

- 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით, დ.ვ–ძე 2022 წლის 15 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა, ჩამოთვლილი გარემოებების შეფასებისას, აღნიშნავს, რომ მართალია, დასტურდება მუზეუმში რეორგანიზაციის ჩატარება და შტატების შემცირება, თუმცა მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ობიექტური საფუძვლით განხორციელდა შრომითი ხელშეკრულების უშუალოდ დ.ვ–ძესთან შეწყვეტა. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულებთან გასაუბრება ჩატარდა და ამ გასაუბრების შედეგზე იყო დამოკიდებული შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება, დამსაქმებელს უნდა უზრუნველეყო გასაუბრების იმგვარი ოქმის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა შეამოწმა. განსახილველ შემთხვევაში კი, გასაუბრების ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. ამრიგად, მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული ტვირთი - ვერ უზრუნველყო უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ დადასტურდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, დ.ვ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2022 წლის 14 იანვრის ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის შედეგებს, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, არსებობდა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა და ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის №ას-1161-2018 გადაწყვეტილება). ხსენებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების პირობებში, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას სამართლიან ოდენობად მიიჩნევს, რადგან უზრუნველყოფს დასაქმებულის შელახული უფლებების გონივრულ კომპენსირებას, აქვს პრევენციული ხასიათი და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსაც. აქედან გამომდინარე, კომპენსაციის გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორ იურიდიულ პირს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ დ.ვ–ძეს კი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი, როგორც ზედმეტად გადახდილი, რადგან ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის) და დ.ვ–ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, საქართველოს ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს) (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 945 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №02507, გადახდის თარიღი 19.04.2023 წ.) 70% - 661.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. დ.ვ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ს/კ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №1681993983, გადახდის თარიღი 20.04.2023წ.), შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე