Facebook Twitter
საქმე №ას-598-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - დ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „კ.ბ–ი“

თავდაპირველი მოპასუხეები - ქ.თ–ძე, ნ.მ–ი, ვ.ტ–ძე, კ.კ–ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ.ო.კ–ომ“ (რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, დღეის მდგომარეობით, მისი სახელწოდებაა სს „კ.ბ–ი“) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - დ.ა–ძის, ქ.თ–ძის, ნ.მ–ის, ვ.ტ–ძის და კ.კ–ძის მიმართ და მოითხოვა, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებისთვის 17752.75 ლარის, ასევე, მოპასუხე დ.ა–ძისთვის, 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის - 2680.58 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „კ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 17752.75 ლარის გადახდა; მოპასუხე დ.ა–ძეს, ასევე, დაეკისრა, 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის - 2680.58 ლარის გადახდა; მითითებული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ა–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით დ.ა–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა დ.ა–ძისთვის, ქ.თ–ძისთვის, ნ.მ–ისთვის, ვ.ტ–ძისა და კ.კ–ძისათვის სს „კ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად 17752,75 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14533.08 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ა–ძემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ფულადი ვალდებულების შემცირებული ოდენობით განსაზღვრა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიანგარიშა ფულადი ვალდებულების ოდენობა და მოპასუხეს მხოლოდ 7525.46 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ დ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სესხის ხელშეკრულების შესრულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, სესხად აღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები).

სადავო სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ.ა–ძემ სესხის სახით მიიღო 15000 ლარი. მართალია, მოვალე პერიოდულად იხდიდა სესხს, თუმცა 2016 წლის 29 აგვისტოდან გადახდა შეწყვიტა. განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, მოვალეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხის სახით 12744.01 ლარი; სარგებლის სახით - 1282.82 ლარი (წლიურ 12.36%-ზე გაანგარიშებით), სიცოცხლის დაზღვევის საფასური 506.25 ლარი. მართალია, კასატორი არ ეთანხმება ამ გაანგარიშებას და თანხის შემცირებას ითხოვს, მაგრამ მის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამოიწვევდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე