Facebook Twitter
საქმე №ას-656-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ნ.ს.ბ–ი“

დავის საგანი - დისკრიმინაციის აკრძალვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ბ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ნ.ს.ბ–ის“ მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიხატა მოპასუხის მიერ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მოსარჩელის დონორად დარეგისტრირებაზე უარის თქმაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით მ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის უარი მის დონორად დარეგისტრირებაზე არის დისკრიმინაციული და ემყარება მოძველებულ სამედიცინო მოდელს, რადგან დონაციაზე უარის თქმა ინდივიდუალურ გამოკვლევას საჭიროებს და არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარეს არ ჰქონია განზრახვა, ჩაეტარებინა გამოკვლევა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა პასუხობდა თუ არა სისხლის დონორობის კრიტერიუმებს; მას მისვლისთანავე, შემოწმებისა და დასაბუთების გარეშე ეთქვა დონორობაზე უარი. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ თავად მიუთითა, რომ შემოწმების გარეშე ეუბნებიან უარს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ განიხილა მოსარჩელე პაციენტად და უსაფუძვლოდ მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის სადავოობაზე, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობა სოციალური კონსტრუქციაა და არა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს დისკრიმინაციის დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. იმავე კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დისკრიმინაცია განმარტებულია იმავე სახით, თუმცა დამატებით აღნიშნულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება სწორედ პირის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ირიბი დისკრიმინაცია იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, „ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი“ (2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დონორად დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.

საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ყურადღებას გაამახვილებს დონორობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებზე. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობა. დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედითუნარიან მოქალაქეს 18-დან 65 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებები. იმავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისაგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების“ მე-5 თავი ეხება დონორობის უკუჩვენებებს და მათ ორ ჯგუფად ყოფს: ა) აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები; ბ) შეფარდებითი ანუ დროებითი წინააღმდეგჩვენებები. აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებებს, 38-ე პუნქტით, მიეკუთვნება გადატანილი ოპერაციები ავთვისებიანი სიმსივნეების და ექინოკოკის გამო, ამავე დროს რომელიმე ორგანოს ამოკვეთა (კუჭის, თირკმლების, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, თვალების, ფარისებრი ჯირკვლების, კიდურების ამპუტაცია).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის დიაგნოზია Od ანოფთალმია, Os - ანოფთალმია, რეტინობლასტომის ოპერაციის შემდგომი პერიოდი Q11, თირეოიდექტომიის შემდგომი პერიოდი Z54. მოსარჩელეს 2020 წელს ჩატარებული აქვს თირეოდექტომია (ფარისებრი ჯირკვლების ამოკვეთა), მუდმივად იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტს ორივე თვალზე (1994,1996 წ.წ.) გაკეთებული აქვს რეტინობლასტომის ოპერაცია, ჩაუტარდა ორივე თვალის ენუკლეაცია (ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს კაფსულის მქონე ანატომიური ან პათოლოგიური წარმონაქმნების სრულ ამოკვეთაში). მაშასადამე, მოსარჩელეს აღენიშნება დონორობის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები. ამასთან, როგორც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექიმ-თერაპევტმა თინათინ კაკაბაძემ აღნიშნა, მოსარჩელისთვის დამატებით ჯანმრთელობის ცნობა არ მოუთხოვიათ, რადგან უკუჩვენება აშკარად გამოხატული იყო.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე დისკრიმინაციას, რადგან დონორობაზე უარის თქმა გამომდინარეობდა არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონიდან, არამედ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან; უარი არ ატარებდა თვითნებურ ხასიათს, ეფუძნებოდა ნორმატიული აქტის მოთხოვნას, რომელიც მოპასუხისთვის შესასრულებლად სავალდებულოა და რომელიც დონორობის მსურველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს დონორობის განხორციელებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებად; მოსარჩელისთვის დამატებითი ვალდებულების დაწესება - წარედგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იმ პირობებში, როდესაც გამოხატული იყო დონორობის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება, არ იქნებოდა შედეგიანი და სწორედ ამიტომ ეთქვა მოსარჩელეს დონორობაზე უარი.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელის პრეტენზია, დონორობაზე უარის თქმა მოხდეს ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ და არა ავტომატურად კონკრეტულ ჩვენებაზე მითითებით, წინააღმდეგობაშია ნორმატიულ აქტთან. საკასაციო პალატა კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის პირობებში ამოწმებს მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედების მართლზომიერებას და ვერ შეაფასებს ნორმის კონსტიტუციურობას, ასევე, ნორმატიული აქტის მიმღები იმ ორგანოს ქმედების კანონიერებას, რომელიც განსახილველ საქმეში მოპასუხედ არ არის მოწვეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე