თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს „ჯ.მ–ი“, გ.ჭ–ძე, კ.ქ–ძე, დ.ჯ–ი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.გ–ძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - შპს „ჯ.მ–ის“, გ.ჭ–ძის, კ.ქ–ძისა და დ.ჯ–ის მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.გ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასრულად გამოიკვლია და ფაქტები არასწორად დაადგინა, არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანია სრულად არ უხდიდა ხელფასს, გაუყალბა სამედიცინო დოკუმენტაცია, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კასატორი დამატებით შუამდგომლობს საქმის მხარეთა დასწრებით განხილვისა და ტელევიზიის მეშვეობით გაშუქების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, ასევე, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა, კერძოდ, კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილების (კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლი) მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამრიგად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება).
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის №ას-1298-1218-2015 და 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-905-871-2016 განჩინებები, 2021 წლის 20 მაისის №ას-790-2020 გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ.გ–ძე შპს „ჯ.მ–ში“ დასაქმებული იყო 2007 წლის 1 იანვრიდან. მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 16 ივნისიდან, კომპანიის დირექტორის 2014 წლის 13 ივნისის ბრძანებით, ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო.
ამრიგად, ვინაიდან 2014 წლის 16 ივნისიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, ამასთან, მოპასუხემ შესაგებელშივე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს ხანდაზმულობის საკითხზე და სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისთვის (2021 წლის 29 აპრილს) გასული იყო მოთხოვნის 30-დღიანი ხანდაზმულობის ვადა, უფრო მეტიც, მოთხოვნა ხანდაზმული იყო 2015 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობითაც, როდესაც მოსარჩელემ პირველად წარადგინა სარჩელი სასამართლოში, თუმცა მისი მოთხოვნა განუხილველად იქნა დატოვებული. მაშასადამე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები: 1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის; 4. ბრალეულობა. ამასთანავე, მატერიალური ზიანის ანაზღაურების გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება არაქონებრივი ზიანიც, თუმცა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგულისხმოა, რომ „ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზიანის ანაზღაურების რომელიმე შემადგენელი ნაწილის არსებობას მაინც. აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი, ასევე, მართებულად არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, „საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. ასეთ პირობებში კი, ასევე, არ არსებობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ.გ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე