თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „რ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „რ.ჯ–ია“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „რ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „რ.ჯ–იას“ მიმართ, 711 462 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „რ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება შპს „რ–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით შპს „რ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „რ–ს“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად) განესაზღვრა 7 დღე; ამასთან, კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2023 წლის 13 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 დეკემბრის შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ; ცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, შპს „რ–ს“ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 782.82 ლარი და არააღიარებული საგადასახადო დავალიანება 703 018.95 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 (ათი) დღით და დაევალა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან მისი მძიმე ქონებრივი (უძრავ-მოძრავი) მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2023 წლის 10 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 4 მაისის წერილი, რომ შპს „რ–ის“ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 13 უძრავ ნივთზე. ასევე, 2023 წლის 17 მაისს, კომპანიამ წარადგინა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 16 მაისის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შპს „რ–ის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სააპელაციო პალატამ, წარდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების პროცესუალური საფუძველი, რის გამოც 2023 წლის 19 მაისის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაავალა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2023 წლის 29 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა და წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დამოწმებული შედარების აქტი, ასევე, 2023 წლის 27 მაისის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „რ–ის“ მიერ წარდგენილი, დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს. გარდა ამისა, აპელანტმა წარადგინა საშემფასებლო ანგარიში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს „რ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აღნიშნული განჩინება კომპანიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უსაფუძვლოდ არ გადაუვადა, რადგან კომპანიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „რ–ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, დასახელებული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაში ერთ-ერთ ასეთ ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულოობა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი და ოდენობა კი, მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივარზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. ამრიგად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დართვა სავალდებულოა; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა ან სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდა კი სააპელაციო საჩივრის განმხილველ სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს ხარვეზის შესახებ განჩინება და მხარეს განუსაზღვროს გონივრული ვადა მის შესავსებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. იმ პირთა თუ სასამართლო დავათა კატეგორიას კი, რომლებზეც სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, კანონმდებლობა პირდაპირ აწესრიგებს; გარდა ამისა, კანონმდებლობით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, გაათავისუფლოს მოქალაქე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ან მხარეს გადაუვადოს/შეუმციროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა; მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, „თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის №38736/04 გადაწყვეტილება საქმეზე „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“; §45).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ უარი უთხრა შპს „რ–ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 დეკემბრის №001-28603 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ; შედარების აქტი, რომ კომპანიას ერიცხება არააღიარებული საგადასახადო დავალიანება 703 018.95 ლარის ოდენობით; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მაისის წერილი, რომ შპს „რ–ის“ მიერ წარდგენილი, დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, კომპანიის ბრუნვა 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით 0 ლარს შეადგენდა; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 16 მაისის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შპს „რ–ის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის მაღალ ოდენობაზეც (მხარეს უნდა გადაეხადა 7000 ლარი). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად და ერთობლიობაში არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა გადასახდელი ბაჟის ოდენობა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად ვერ მიუთითა, რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისთვის, ან დამატებით რა დოკუმენტის წარდგენა შეიძლებოდა მიჩნეულიყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად. ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას უკანონოდ მიიჩნევს (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის №ას-1825-2018 და 2020 წლის 29 სექტემბრის №ას-284-2020 განჩინებები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიცვას სამართლიანი ბალანსი სასამართლო ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და მომჩივნის კანონიერ ინტერესებს შორის, ასევე, სასამართლომ სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე