Facebook Twitter

საქმე №ას-842-2020 30 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიერანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჰ.ჰ–უ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ.ჰ–უმ (შემდეგ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ლ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ (მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური) უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა ქ. ბათუმში, ...... – ...... ქუჩის მხრიდან არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 159 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, გამოთავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა; სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის - 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის ბათუმში, ....... და ......... ქუჩების კვეთაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელის შეშლა; მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 2013 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელე იყო.

7. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტმა მიუთითა, რომ დასკვნა მომზადებულია უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული აზომვითი ნახაზითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. სწორედ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და არც მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მოპასუხის როგორც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ისე მის საფუძველზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელისა, რასაც ადასტურებს: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 47); 2. 27.06.2003 წელს გაცემული ბინის სააღრიცხვო ბარათი, სადაც მითითებულია, რომ სადავო მისამართზე 921.82 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართიდან 5/23 ნაწილი ბათუმის მერიას ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრებაში, ხოლო 5/23 ნაწილი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო გამყიდველის (ვ.მ–ძის) საკუთრებაში (ს.ფ. 57); 3. 2003 წლის 26 ივნისის კერძო საკუთრებაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლისა და არასაცხოვრებელი ფართის ტექნიკური პასპორტი, რომელსაც თან ახლავს როგორც მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, ისე ლიტერ „ვ“ შენობის გეგმა-ნახაზი (ს.ფ. 58-61); 5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც სადავო მისამართზე ქ.ბათუმის მერიას საკუთრებაში ჰქონდა №3-5 ოთახები (ს.ფ. 77). გეგმა-ნახაზის მიხედვით, ოთახები №3,4,5 საერთო ფართით 159 კვ.მ, ესაზღვრება მხოლოდ .......... ქუჩას, ხოლო ....... ქუჩას - მხოლოდ №1,1ა ოთახები (ს.ფ. 81). საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მასალები სასამართლოს არ აქვს გამოკვლეული და შეფასებული და ისინი არც ექსპერტიზის დასკვნას არ უდევს საფუძვლად, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილ კვლევას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებების გათვალისწინებით სწორად უნდა განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, სრულყოფილად გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად).

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უპირველესად, გამოსარკვევი იყო, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის უკანონო მფლობელიბიდან გამოთხოვასაც იგი ითხოვდა. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი თავად ამ უკანასკნელს ეკისრებოდა.

10. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სადავო ქონებაზე მის საკუთრებას დაადასტურებდა. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით კი დადასტურდა, რომ მოპასუხეს აქვს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, რაც მან ჯერ კიდევ 2007 წელს მოიპოვა. ეს კი სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ კანონი“ და არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის პოზიცია, რომელიც აპელირებდა კასატორის საკუთრების უფლების კანონიერ რეგისტრაციაზე. ასევე, ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ადგილმდებარეობა უძრავი ქონებისა, რომელიც დარეგისტრირებულია მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად, ვერ იდენტიფიცირდებოდა. სასამართლომ, ასევე არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2008 წლის 25 თებერვლის 106-ე, 2009 წლის 22 იანვრის 41/ს და 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებები.

13. საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი მიუთითებს კასატორის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით შესყიდვაზე, ამასთან, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს სახელმწიფოს სახელზე კანონის დაცვით რეგისტრირებული ქონების განკარგვას, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ გაიზიარა.

14. სასამართლო დაეყრდნო ექსპერტ გურგენ როსნაძის განმარტებას, რომელიც ეთანხმება თავის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ საქმეში არსებული ტექბიუროს ნახაზების შესაბამისად აღმოაჩინა, რომ 2010 წელს ბათუმის მერიამ აუქციონზე გაიტანა დასავლეთით არსებული შენობის ნაწილი, რაც მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაა და კასატორმა აუქციონზე შეიძინა. ბათუმის მერიას აუქციონზე უნდა გაეტანა აღმოსავლეთით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა არასწორად, ნახაზის შემოტრიალებული ფორმით გაიტანა დასავლეთ მხარეს არსებული ნაწილი, რაც ეკუთვნოდა მოწინააღმდეგე მხარეს, შესაბამისად, მერიამ შეცდომით მიჰყიდა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის საკუთრება. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ თავად ექსპერტი დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთების (ს/კ ......... და .......) ზუტი მდებარეობა საჯარო რეესტრში არ არის მითითებული და გაურკვეველია. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტმა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება გააკეთა, სასამართლომ მაინც გაიზიარა და დაეყრდნო მის განმარტებას და ფაქტობრივად საფუძვლად დაუდო არაკანონიერ გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება სსკ-ის 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. პალატა განმარტავს, რომ პირველი წინაპირობის არარსებობა თავშივე გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ისე, რომ შემდეგი წინაპირობების შემოწმება საჭირო აღარაა. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, ის გარემოება უნდა დაამტკიცოს, რომ იგი სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს. ამასთან, მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის წარდგენისას სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება სადავო გარემოების დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.

21. კასატორს მისი საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუმცა, მოპასუხის მტკიცებით, ამავე მისამართზე მასაც გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც 2007 წლიდან რეგისტრირებულია მის სახელზე საჯარო რეესტრში და ეს ქონება სწორედ ისაა, რომელზედაც მოსარჩელე დავობს. ამდენად, მხარეთა შორის დავას იწვევს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების ზუსტი ადგილმდებარეობა.

22. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს დაადასტურებდა, აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №48-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ......) 199.63 კვ.მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 28.11.2007 წელს აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1568.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: .....), ხოლო 14.12.2010 წელს მოსარჩელემ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონზე შეიძინა ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №48-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ......), სართული 1, 159.09 კვ.მ ფართი (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი: 1141.00 კვ.მ). მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მოპასუხის როგორც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ისე მის საფუძველზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელისა.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-7 მუხლში მითითებულ გარემოებებზეც, ასევე, საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე და განმარტავს, რომ მასში მითითებული გარემოებები მოსარჩელის სასარგებლო გარემოებებს არ ადასტურებს (10.10.2012 წლის ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, 2012 წლის 10 ოქტომბერს დათვალიერებულ და შესწავლილ იქნა ქ. ბათუმში, ...... მდებარე სახლთმფლობელობა. აღნიშნული სახელთმფლობელობა წარმოადგენს 1568 კვ.მ მიწის ნაკვეთში განთავსებულ ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ესაზღვრება .......... ქუჩას და ყოფილი შენობის დანგრევის შედეგად გამოთავისუფლებულ 235 კვ.მ მიწის ფართს, სადაც დღეს განთავსებულია ავტოსამრეცხაოს შენობა-ნაგებობები. აღნიშნული მიწის ფართი განთავსებულია ..... და .......... ქუჩების კვეთაში, ის იზოლირებულია ქუჩების მხრიდან ლითონის კონსტრუქციის ღობით, ხოლო სახლთმფლობელობის დანარჩენი მიწის ნაკვეთიდან ბეტონის ღობით. საქმის მასალებიდან ირკვევა, სახლთმფლობელობაში არსებული მოპასუხის საცხოვრებელი სახლით სასარგებლო ფართი შეადგენდა 199.63 კვ.მ ფართს, მაგრამ ტექნიკური პასპორტის მიხედვით მისი დაშენების ფართობი შეადგენდა 235 კვ.მ-ს, რაც დღევანდელი მდგომარეობით ემთხვევა შემოსაზღვრული მიწის ფართობს. სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, საჯარო რეესტრში არ არის მითითებული უძრავი ნივთების (ს/კ N....... და ს/კ ......) ზუსტი მდებარეობა, რისი გათვალისწინებითაც, სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობის შედარება (ს/კ N........ და ს/კ .......) ტექნიკურად შეუძლებელია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. ბათუმის, მერიის ს/კ №......... მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და ვ.მ–ძისათვის (ს/კ ........ თ.ლ–ძე) გამოყოფილი უძრავი ნივთების სათავსების განლაგება მოცემულია №2 დანართში. ამ უძრავი ქონების სათავსების მიხედვით, სადავო უძრავი ქონება (ავტოსამრეცხაო) ძირითადად მდებარეობს ვ.მ–ძისათვის (ს/კ ....... თ.ლ–ძე) გამოყოფილი სათავსების ტერიტორიაზე (დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, დასკვნა მზადდებოდა საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციების, ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებისა და დოკუმენტების ურთიერთშედარების მეთოდით. მხარეთა მიერ წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთის მახასიათებელი წერტილები სახელმწიფო საკორდინატო სისტემაში დაფიქსირებულ იქნა GPS აპარატის LEICA VIVA GS08-ის გამოყენებით. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება .......... ქუჩა, დასავლეთ მხარეს - 26 მაისის ქუჩა, ხოლო ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ს/კ №....... მიწის ნაკვეთის ტერიტორია)). ნიშანდობლივია ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოსარჩელეს განცხადებაზე გაცემული პასუხიც, რომლის თანახმად, ლიტ „ვ“-ს ნაწილი ....... ქუჩის მხრიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხის საკუთრების უფლებით. მოსარჩელის მტკიცებით, ამ პასუხში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც მეორე დღეს გამოსწორდა და წერილში მიეთითა, რომ შენობა ........ ქუჩის მხრიდან მოსარჩელეს ეკუთვნოდა, თუმცა აღნიშნული წერილი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლებას დაადასტურებდა. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, ხოლო კასატორს ამ თვალსაზრისით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. აღნიშნლის გათვალისწინებით, ვინაიდან ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობს ის წინაპირობა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰ.ჰ–უს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ჰ.ჰ–უს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის (საგადახდო დავალება 23810620 / გადახდის თარიღი 7.07.2020), 70% - 105 ლარი, ასევე, ზედმეტად გადახდილი 10 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე