Facebook Twitter

საქმე Nას-1197-2022

02 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.ე–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ს.უ.კ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების, უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კავშირის რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის კავშირის თავმჯდომარის მოადგილის და გამგეობის წევრობიდან განთავისუფლების შესახებ, მოსაჩელის განთავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება.

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად

ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნას ცნობილი ააიპ ს.უ.კ–ის თავმჯდომარის 2021 წლის 27 დეკემბერს N21 ბრძანება გ.ე–ძის მიმართ საყვედურის გამოცხადების თაობაზე;

1.2 ბათილად იქნას ცნობილი ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარის 2022 წლის 17 იანვარს N26 ბრძანება ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

1.3 ბათილად იქნას ცნობილი 2022 წლის 09 თებერვლის ააიპ ს.უ.კ–ის 36-ე რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება გ.ე–ძის ს.უ.კ–ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და ს.უ.კ–ის გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

1.4 აღდგენილ იქნას გ.ე–ძე ააიპ ს.უ.კ–ის თავმჯდომარის მოადგილისა და ს.უ.კ–ის გამგეობის

წევრის პოზიციაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 16.09.2021 წელს გ.ე–ძე, გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით, კავშირის ყრილობის გადაწყვეტილებით, 5 წლის ვადით, არჩეულ იქნა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, რაც კავშირის წესდების 11.2 პუნქტის შესაბამისად, ავტომატურად ნიშნავს გამგეობის წევრად არჩევას. ყრილობის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2021 წლის 20 სექტემბერს. ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის გრაფაში გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად, დარეგისტრირდა მოსარჩელეც, როგორც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. წესდების შესაბამისად, გ.ე–ძის საქმიანობის მიმართულებად განისაზღვრა საწარმო - ეკონომიკური მიმართულება, გრანტები და პროექტები უცხოეთიდან და დონორებთან ურთიერთობა.

2.2 ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარის 27.12.2021წ. N21 ბრძანების საფუძველზე, სამსახურეობრივი მოვალეობების გულგრილი დამოკიდებულების გამო გ.ე–ძეს გამოეცხადა საყვედური.

2.3 ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარის 17.01.2022წ. N26 ბრძანებით, გ.ე–ძეს კავშირის ყრილობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეუჩერდა უფლებამოსილება და აეკრძალა ხელმძღვანელობა -წარმომადგენლობა მოსარჩელის მიერ დაუმორჩილებლობის და თანამშრომლობის უკიდურესად გართულების საფუძვლით. მოსარჩელეს 25.01.2022 წელს ელ. ფოსტით ეცნობა, რომ გაიმართებოდა კავშირის რიგგარეშე ყრილობა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი დღის წესრიგის საკითხი იყო გ.ე–ძის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან ვადაზე ადრე გადარჩევა.

2.4 09.02.2022 წელს, დისტანციურად პროგრამა ,,ზუმის“ მეშვეობით, გაიმართა კავშირის N36-ე რიგგარეშე ყრილობა, რა დროსაც ღია კენჭისყრით 45 დამსწრე დელეგატიდან, 37 წევრი დელეგატის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გადარჩეულ იქნა, როგორც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე გამგეობის წევრობიდან, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სხდომაზე მონაწილეობდა მოსარჩელეც, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ეპასუხა დელეგატთა შეკითხვებისთვის.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით წარმოადგენს აღიარებით მოთხოვნას. აღიარებითი სარჩელის არძვრას კი გააჩნია შესაბამისი წინაპირობები. მოსარჩელის მიმართ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, შესაბამისად ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება თუ რა მიზანი აქვს აღნიშნული დოკუმენტის გაბათილებას.

3.2 რაც შეეხება 2021 წლის 27 დეკემბრის ბრძანების შინაარსობრივ მხარეს მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული კონკრეტული ვალდებულება, რის გამოც დაზარალდა კავშირის წევრი. სწორედ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოეცხადა საყვედური. მითითებული ბრძანება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

3.3 მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელის მსჯელობას, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებაზე უნდა გავრცელდეს შრომით-სამართლებრივი რეგულაციები და მიუთითებს, რომ ხელმძღვანელობით უფლებამოსილების მქონე პირებთან ურთიერთობაზე ვრცელდება მეწარმეთა შესახებ კანონის რეგულაციები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ე–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზაირა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება.

5.3 პალატამ აღნიშნა, იმისდა მიუხედავად, რომ მხარეთა შორის დადებულია წერილობითი ხელშეკრულება, რომლის სათაურის გრაფაში მითითებულია შრომითი ხელშეკრულება, აღნიშნული ურთიერთობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება შრომით ურთიერთობად დაკვალიფიცირებული, ვინაიდან როგორც ძველი რედაქციით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, ასევე ახალი კანონის 45-ე მუხლით აღნიშნული ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირებთან ურთიერთობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამეწარმეო რეესტრში მიიჩნევა სასამსახურე (მინდობა/დავალების) ხელშეკრულებად. ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.

5.4 სასამართლომ მიუთითა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45.4 მუხლის დანაწესზე, რომლითაც, თუ სასამსახურო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს,მოშალოს სასამსახურო ხელშეკრულება და ამით უარი თქვას თანამდებობაზე, თუკი ამის შესახებ სულ მცირე 1 თვით ადრე წერილობით შეატყობინებს სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელ ორგანოს ან საერთო კრებას. ამავე კანონის 45.5 მუხლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.5 პალატა დაეთანხმა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებაში ვეღარ იქნება ლეგიტიმური, ვინაიდან საქმის განხილვის დროისთვის იგი აღარც გამგეობის წევრია და აღარც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკავია.

5.6 რაც შეეხება ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმებას, პალატამ განმარტა, რომ სასამართლო ასეთი საქმეების განხილვისას ამოწმებს მხოლოდ პროცედურულ საკითხებს. მოწვეული იყო თუ არა ყრილობა წესდებით დადგენილი წესის და წესდებით დადგენილ ვადაში, იყო თუ არა კრება (ქვორუმი), გადაწყვეტილებაუნარიანი, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეტანილ იყო თუ არა დღის წესრიგში, დღის წესრიგის შესახებ ცნობილი იყო თუ არა წინასწარ კრებაზე მოწვეული პირებისათვის, კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თუ არა წესდებით გათვალისწინებულმა დელეგატებმა, ყრილობაზე მოუსმინეს თუ არა და ჰქონდა თუ არა განმარტების მიცემის შესაძლებლობა იმ პირს, ვის საკითხსაც კრება იხილავდა თავის უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია.

5.7 სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ კავშირი წარმოადგენს თვითმმართველ დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და იგი თავის საქმიანობას ახორციელებს მიღებული წესდების შესაბამისად, წესდებაში გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, რისთვისაც გააჩნია წესდებით გათვალისწინებული მართვის და კონტროლის ორგანოები. ამდენად, ამ დავის განხილვის ფარგლებში სასამართლო უფლებამოსილი არ არის შევიდეს ყრილობის გადაწყვეტილების მართლზომიერების კვლევაში იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროში შესაძლებელია მართვის და წამომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რა შემთხვევაზეც არ ვრცელდება შრომის კოდექსის დებულებანი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.2 კასატორი უთითებს, რომ არასწორია ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაადგინეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება შრომით ურთიერთობად დაკვალიფიცირებული, არამედ მიიჩნევა სასამსახურე ხელშეკრულებად. აღნიშნული შეფასება სასამართლომ დააფუძნა ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლზე რა დროსაც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ გ.ე–ძე არ წარმოადგენდა არც კავშირის დირექტორს და არც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ გ.ე–ძის მიმართ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის გავრცელებით, ფაქტობრივად უფლების დაცვის გარეშე დატოვა მოსარჩელე მხარე, რომელსაც ჯერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოეცხადა საყვედური და შეუჩერდა უფლებამოსილება, შემდეგ კი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.2

6.3 კასატორი უთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა კრების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით არის არასწორი. კერძოდ, კრების ჩატარების შეტყობინებაში მითითებულია მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა - მოადგილის ვადამდე გადარჩევა, ხოლო კრებამ განიხილა გამგეობის წევრის გაწვევა და გამგეობის წევრთა რაოდენობის საკითხები, რაც დაუშვებელია, რადგანაც შეტყობინებაში მითითებულ უნდა ყოფილიყო ყველა განსახილველი საკითხი. ს.უ.კ–ის წესდება არ ითვალისწინებს, რომ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევა ავტომატურად იწვევს მის გაწვევას გამგეობის წევრობიდან. შესაბამისად, ყრილობა არ იყო უფლებამოსილი ორი განსხვავებული და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკითხი განეხილა თებერვლის ყრილობაზე. კასატორმა კრების მოწვევის შეტყობინება მიიღო 25 იანვარს, ხოლო კრების მოწვევის გადაწყვეტილება გამგეობამ მიიღო 28 იანვრის გამგეობის სხდომაზე. კავშირის წესდების თანახმად, ყრილობის მოწვევის შესახებ ფილიალებს და დელეგატებს უნდა ეცნობოთ ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა. აღნიშნული ჩანაწერი წინამდებარე საქმეზე არ ყოფილა დაცული, ვინაიდან იანვრიდან თებერვლამდე ყრილობის ჩატარებამდე ორ კვირიანი ვადა არ ყოფილა გასული. ასევე დარღვეულ იქნა კენჭისყრის პროცედურაც, რადგანაც კენჭისყრის დროს დელეგატები თავად არ აჟღერებდნენ მათ პასუხს გადარჩევასთან დაკავშირებით, არამედ ჯგუფურ პოზიციას აფიქსირებდნენ.

6.4 კასატორი აღნიშნავს - არასწორია სასამართლოს მსჯელობა რომ, ვინაიდან დღეის მდგომარეობით გ.ე–ძე აღარც გამგეობის წევრია და აღარც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკავია, მას ვერ ექნება იურიდიული ინტერესი ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობასთან მიმართებაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული აქტები, როგორც შინაარსობრივად არის უსაფუძვლო, ასევე ფორმალური თვალსაზრისითაც არის უკანონო, ვინაიდან თავმჯდომარეს არ გააჩნდა საყვედურის გამოცხადებისა და შეჩერების შესახებ ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ძალაში ყოფნის არანაირი საფუძველი.

6.5 კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი სამართლებრივად რთულია, ვინაიდან მოითხოვს კომპლექსურ შეფასებას, ერთის მხრივ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისა და მეორეს მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო სპეციალურ, რთულ და პრობლემატურ ხასიათს სძენს მოცემულ დავას.

6.6 როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდანაა ცნობილი კასატორსა და ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კასატორი მიღებულ იქნა სამსახურში 2021 წლის 16 სექტემბრიდან, ხუთი წლის ვადით, კავშირის 35-ე საანგარიშო საარჩევნო ყრილობის დადგენილებით, განსაზღვრული შრომითი საქმიანობის შესრულების მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული მოწმობს იმას, რომ კასატორი სამსახურში აყვანილ იქნა კონკრეტული სახის სამუშაოსა და ფუნქციების შესასრულებლად, იგი რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, როგორც კავშირის დირექტორი, რომლის უშუალო მოვალეობაა ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, გ.ე–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით,

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (ას-475-2019 15.04. 2021წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, კერძოდ: 2021წლის 16 სექტემბერს, გ.ე–ძე, გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით, მოპასუხე კავშირის ყრილობის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით არჩეულ იქნა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, რაც ავტომატურად მოპასუხე კავშირის წესდების 11.2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს გამგეობის წევრად არჩევას. ყრილობის გადაწყვეტილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 20.09.2021 წელს, რომლითაც ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის გრაფაში გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად ასევე დარეგისტრირდა მოსარჩელეც, როგორც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

16. კავშირის წესდების 14.1 პუნქტით გამგეობის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე დამოუკიდებლად ცალ-ცალკე ახორციელებენ წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებებს მესამე პირებთან ურთიერთობისას. ამავე წესდების 14.2 პუნქტით კავშირის ხელმძღვანელები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, კავშირის წინაშე პასუხს აგებენ მიყენებული ზიანისათვის. გამგეობის წევრთა ფუნქცია მოვალეობები მათ შორის მოსარჩელის განისაზღვრა გამგეობის 24.09.2021 წლის სხდომაზე. მოსარჩელის საქმიანობის მიმართულებად განისაზღვრა საწარმო - ეკონომიკური მიმართულება, გრანტები და პროექტები უცხოეთიდან და დონორებთან ურთიერთობა.

17. ააიპ ს.უ.კ–ის გამგეობის თავმჯდომარის მიერ 27.12.2021 წელს წერილობით გამოვლენილ იქნა ნება, რომლითაც კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს გ.ე–ძეს გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობების გულგრილი დამოკიდებულების გამო. ბრძანების საფუძვლად მითითებულია, გ.ე–ძის, როგორც თვითდასაქმების კომისიის თავმჯდომარის მიერ 2021 წლის დეკემბერში ზ/ა სხდომის მოწვევის ვალდებულების შეუსრულებლობა.

18. კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მიერ 17.01.2022 წელს წერილობით გამოვლენილი იქნა ნება, რომლითაც მოსარჩელეს კავშირის ყრილობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეუჩერდა უფლებამოსილება და აეკრძალა ხელმძღვანელობა - წარმომადგენლობა მოსარჩელის მიერ დაუმორჩილებლობის და თანამშრომლობის უკიდურესად გართულების საფუძვლით.

19. მოსარჩელეს 25.01.2022 წელს ელ. ფოსტით ეცნობა, რომ გაიმართებოდა კავშირის რიგგარეშე ყრილობა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი დღის წესრიგის საკითხი იყო გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით მოსარჩელის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან ვადაზე ადრე გადარჩევა.

20. 2022 წლის 09 თებერვალს, დისტანციურად პროგრამა ,,ზუმის“ მეშვეობით გაიმართა მოპასუხე კავშირის N36-ე რიგგარეშე ყრილობა, რა დროსაც ღია კენჭისყრით 45 დამსწრე დელეგატიდან 37 წევრი დელეგატის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გადარჩეულ იქნა როგორც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე გამგეობის წევრობიდან, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. გამართულ სხდომაში მოსარჩელეც მონაწილეობდა, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ეპასუხა დელეგატთა შეკითხვებისათვის.

21. უფლებამოსილების შეჩერების დროისათვის მოსარჩელე ანაზღაურების სახით ღებულობდა თვეში 1020 ლარს.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სწორად უნდა შეფასდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც საკითხი შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას. განსახილველ საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი, შეფასება, წარმოადგენს თუ არა იგი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას და ვრცელდება თუ არა მასზე შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობა და მისგან წარმოშობილი მოთხოვნები, რამეთუ შრომის კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაში დასაქმებული სარგებლობს დაცვის სპეციალური მექანიზმებით, სხვა შემთხვევაში კი - არა.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უპირველესად, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხი, კერძოდ:

24. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავაზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას - წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც - ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს (იხ.სუსგ.ას-999-2019 24.07.2020 წ.).

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ. №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ.№ას-895-845-2015წ, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ. №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

28. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დასათაურებულია როგორც შრომითი ხელშეკრულება, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მის შინაარსზე და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირებთან არსებული ურთიერთობა, რომლებიც ასეთებად რეგისტრირებული არიან სამეწარმეო რეესტრში, მიიჩნევა დავალების ურთიერთობად და შესაბამისად სასამსახურე ხელშეკრულებად.

29. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (იხ. სუსგ. Nას-536-2020, 11.03.2022).

30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 16.09.2021 წელს მოსარჩელე გ.ე–ძე, გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით, მოპასუხე კავშირის ყრილობის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით არჩეულ იქნა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, რაც ავტომატურად მოპასუხე კავშირის წესდების 11.2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს გამგეობის წევრად არჩევას. ყრილობის გადაწყვეტილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 20.09.2021 წელს, რომლითაც ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის გრაფაში გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე დარეგისტრირდა მოსარჩელეც, როგორც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

31. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ააიპ ს.უ.კ–ის 36-ე რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება გ.ე–ძის ს.უ.კ–ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და ს.უ.კ–ის გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, რომლებიც საქართველოს შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ იგი დატოვებული იქნა შრომითი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებითა და დასაქმებულის დაცვის მინიმალური სტანდარტების გარეშე.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებს, რომ დარღვეულია დელეგატებისთვის ყრილობის ჩატარების შეტყობინების ვადა და კენჭისყრის პროცედურაც. პალატა განმარტავს, რომ მხარე, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია, მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში, ამდენად, ზემოთ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით შედავება შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება კი სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში დაუშვებელია. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაზე, რომელთა შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების შემდეგ, ე.ი მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ისეთი შუამდგომლობებისა თუ განცხადებების აღძვრა, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოსამზადებელ სტადიაზე არასაპატიო მიზეზით. კასატორმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში კავშირის ყრილობის ჩატარების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე (სსსკ-ის 377.1 მუხლი), ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ ვერ იმსჯელებდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მიუთითებია და შედავება არ განუხორციელებია.

33. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კავშირის თავმჯდომარეს არ გააჩნდა საყვედურის გამოცხადებისა და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება, თუმცა ვერ ასაბუთებს ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმად, კასატორი (მოსარჩელე) კავშირის ყრილობის მიერ არჩეული პირი იყო, რომელსაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება წესდების შესაბამისად ჰქონდა მინიჭებული და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებული. ამდენად, მასთან შრომითი ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა. შესაბამისად, იგი არც კავშირის გამგეობის თავმჯდომარის დაქვემდებარებაში არსებულ პირს წარმოადგენდა. საყვედურის გამოცხადებისა და ასევე უფლებამოსილების შეჩერების დროს, კავშირის თავმჯდომარე გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი ცალმხრივი ნების გამოვლენა, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, უცილოდ ბათილია და სამართლებრივი ძალის არმქონეა ნების გამოვლენის მომენტიდან.

34. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით. ამ მუხლის დანაწესის მიხედვით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1525-2019, 16.12.2019წ.).

35. სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).

36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც არანაირი სამართლებრივი ბმა არ არსებობს საყვედურის გამოცხადებისა და ასევე უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ბრძანებებსა და გ.ე–ძის ს.უ.კ–ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და ს.უ.კ–ის გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას შორის, ასევე ააიპ ს.უ.კ–ის 36-ე რიგგარეშე ყრილობის 2022 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების კანონშესაბამისობისა და მოსარჩელის ააიპ ს.უ.კ–ის თავმჯდომარის მოადგილისა და ს.უ.კ–ის გამგეობის

წევრის პოზიციაზე აღდგენის უსაფუძვლობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ არის.

37. განსახილველ შემთხვევაში ააიპ ს.უ.კ–ის შესაბამისმა ორგანომ, ყრილობამ საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით მოსარჩელე უკვე გადაირჩია დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნული გადაწყვეტილება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრშიც. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

38. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

39. საკასაციო პალატის დასკვნით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

40. პროცესის ხარჯები

კასატორი „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,მ” პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ე–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე