Facebook Twitter

საქმე №ას-1381- 2023

24 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (კასატორი) - ხ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - პ.ბ–ი, უ.ნ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხ.გ–მა სარჩელი აღძრა პ.ბ–ის და უ.ნ–ის მიმართ და მოითხოვა:

1.1 მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 124 137 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით;

1.2 მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 12166 ლარის გადახდა;

1.3 მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 06.11.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 12413 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით.

1.4 წარდგენილ სარჩელთან ერთად, ხ.გ–მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, კერძოდ, ყადაღის დადება მოპასუხე პ.ბ–ის საკუთრებაში არსებულ 35.59% წილზე შპს „ე–ში“ და უ.ნ–ის საკუთრებაში არსებულ 35.41% წილზე შპს „ე–ში“, ასევე ქალაქი თბილისის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 16 ივნისის აღუსრულებელი N2/406-21 გადაწყვეტილების შესაბამისი თანხების პ.ბ–ისათვის 61560.16 ლარის, ხოლო უ.ნ–ისათვის 60100.23 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, ხ.გ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე პ.ბ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „ე–ის“ (ს/კ: ........) 35.59% წილის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა; მოპასუხე უ.ნ–ის აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „ე–ის“ (ს/კ: ......) 35.41% წილის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პ.ბ–ს და უ.ნ–ის, ხ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 94 173.93 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული კურსით; პ.ბ–ს და უ.ნ–ის, ხ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 4866.4 ლარის გადახდა; პ.ბ–ს და უ.ნ–ის, ხ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 94 137.93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის წლიური 6%-ის გადახდა, 2020 წლის 07 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხეებმა მოითხოვეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, პ.ბ–ის და უ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები; პ.ბ–ს და უ.ნ–ის ხ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 103 455 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; პ.ბ–ს და უ.ნ–ის ხ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 103 455 აშშ დოლარის წლიური 6% 2020 წლის 7 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხეებმა მოითხოვეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. 2023 წლის 22 ნოემბერს, საკასაციო პალატას შუამდგომლობით მომართა ხ.გ–მა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების დამატებითი ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, ითხოვს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს მოპასუხე უ.ნ–ის, პ/ნ ....... საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: 1) ქ. თბილისი, .........., ბინა N20 საკადასტრო კოდი N.......; 2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 24 718 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული ს/კ N..........; 3) ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ....... მდებარე (ს/კ N........) 3 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის N1 შენობა, საცხოვრებელი ფართი - 233.70 კვ.მ, შენობა N2, მარანი საერთო ფართით, 21.60 კვ.მ-დან ½ წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური მეორე წელია უფიქსირებს დავალიანებას შპს „ე–ს“, რომელ კომპანიაშიც არსებული წილებიც დაყადაღებულია. თუ კომპანია იქნება გადახდისუუნარო და მის მიმართ დაწყებული იქნება გაკოტრების საქმე, ბუნებრივია, რომ მისი წილის ღირებულებას არ ექნება მნიშვნელობა და ფასი. კასატორმა წარმოადგინა შპს „ე–ს“ 2023 წლის 22 ნოემბრის სამეწარმეო ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ უ.ნ–ის მიმართ ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც ცალსახად მოწმობს, რომ მას ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დავალიანება. ასევე უ.ნ–ის ყველა ქონებაზე, რაზეც მხარე ითხოვს უზრუნველყოფის გამოყენებას, უფიქსირდება იპოთეკის სანივთო უფლებებიც, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლოა შეექმნას საფრთხე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 31.05.2022 წელს გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და დადგენილია მოპასუხეთა კუთვნილი წილების გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა, დამატებით ითხოვს მოპასუხეზე უ.ნ–ის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებებზე დამატებითი სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას, რათა გადაწყვეტილება არ დარჩეს აღუსრულებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის (მოსარჩელის, კასატორის) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 271-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად xxIII დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

11. სსსკ-ის 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

12. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

14. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

15. განმცხადებელი მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენებას, რადგან, მართალია საქალაქო სასამართლოს განჩინებით მოპასუხეებს აეკრძალათ შპს „ე–ში“ არსებულ წილების გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა, თუმცა მოპასუხეებს, როგორც თანდართული მასალებით დასტურდება გაეზარდათ საგადასახადო დავალიანების მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლებელია დარჩეს აღუსრულებელი. განმცხადებელი მიუთითებს 2023 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე, ასევე 2023 წლის 22 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერებზე (უძრავი ქონებები საკადასტრო კოდით ......., .......... და ........), რომლითაც დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ნოემბრის N02410193 შეტყობინებით, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა გავრცელდა უ.ნ–ის მთელ ქონებაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ზემოაღნიშნული მოსაზრება საკმარისადაა დასაბუთებელი და ემყარება თანდართულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. არსებულ ვითარებაში, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, ამ უკანასკნელების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ქმნის იმის რეალურ საშიშროებას, რომ საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას.

17. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხის საკუთრებაა (იხ. სუსგ Nას-413-413-2018, 27.04.18 წ.).

18. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები, მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა, რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.

19. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. კასატორი, სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების სახით, ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს მოპასუხე უ.ნ–ის, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხისათვის კონკრეტული ქმედების უძრავის ქონების გასხვისებისა და იპოთეკის დატვირთვის აკრძალვა, სავსებით უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოთხოვნის მიზანს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა დასაბუთებელია, რის გამოც განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე,198-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.გ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეს, უ.ნ–ის, პ/ნ ...... აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: 1)ქ.თბილისი, .........საკადასტრო კოდი N.......; 2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 24 718 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული ს/კ N..........; 3) ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...........იმდებარე (ს/კ N..........) 3 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის N1 შენობა, საცხოვრებელი ფართი - 233.70 კვ.მ, შენობა N2, მარანი საერთო ფართით, 21.60 კვ.მ-დან - ½ წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

მირანდა ერემაძე