Facebook Twitter

საქმე №ა-4468-შ-119-2023 20 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ი–ია

განჩინებები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებები

დავის საგანი – განქორწინება, ექსკლუზიური მეურვეობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 განჩინებით:

1.1. თ.ქ–იას სარჩელი ბ.ი–იას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. გამოცხადდა განქორწინება;

1.3. არასრულწლოვანი გიას მზრუნველობა და მეურვეობა გადაეცა და მიენიჭა დედას, ქ.ნ თ.ქ–იას;

1.4. მშობელთა მეურვეობა ერთობლივი იქნება;

1.5. შვილის მამასთან ურთიერთობის გასაადვილებლად მონახულების განრიგი შემდეგნაირად შედგა: ყოველ მეორე შაბათს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე და ყოველ მეორე კვირა დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; თუკი მოგვი მეფეების დღესასწაული არამეურვე მშობლის მონახულების დღეს არ დაემთხვა, ამ მშობელს არასრულწლოვანთან შეუძლია გაატაროს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე დრო;

1.6. ორივე მშობლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ქვეყნის ტერიტორიას ვერ დატოვებს;

1.7. ურთიერთგაცვლა შედგება დედის საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს მყოფ "პუნტ დე ტრობადაში", თუმცა სანამ ურთიერგაცვლა ამოქმედდება, არასრულწლოვანის წაყვანა და დაბრუნება განხორციელდება დედის საცხოვრებელ ადგილზე ორივე მშობლის ნათესავის ან სანდო მეგობრის მიერ; არდადეგების პერიოდში მონახულების განრიგი იგივე დარჩება;

1.8. დადგინდა ალიმენტი 180 ევროს ოდენობით, რომელიც ბ.ნ ბ.ი–იამ ყოველი თვის პირველი ხუთი რიცხვის ჩათვლით უნდა შეიტანოს საფინანსო დაწესებულებაში შვილისა და დედის სახელზე გახსნილ ანგარიშზე;

1.9. თანხა გაიზრდება სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ან მისი შემცვლელი უწყების სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილების მიხედვით;

1.10. მშობლებმა შუაზე უნდა გაიყონ დაუგეგმავი ხარჯები, როგორებიცაა მაგალითად: სახელმწიფო ან კერძო დაზღვევის მიერ დაუფარავი სამედიცინო ან ფარმაცევტული ხარჯები.

2. ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით ქ.ნ თ.ქ–იას, რომელიც ფლობს საერთო შვილზე, გ–ზე, მზრუნველობის უფლებასა და მეურვეობას მიეცა ნებართვა, რათა დამოუკიდებლად შეძლოს არასრულწლოვანი ვაჟის, გ–ს, პასპორტის აღება, განახორციელოს პროცედურები და მიიღოს არასრულწლოვნის ესპანეთში ბინადრობის ნებართვა მშობლის ბ. ნ ბ.ი–იას ხელმოწერის ან მონაწილეობის საჭიროების გარეშე, რომელიც არ ფლობს არასრულწლოვან შვილზე უფლებასა და მეურვეობას.

3. 2023 წლის 22 აგვისტოს თ.ქ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 განჩინებით ირკვევა, რომ იგი საბოლოოა. განჩინების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ბ.ი–ია წარმოდგენილი იყო ადვოკატების მიერ.

5. ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩნებით დასტურდება, რომ მოპასუხეს, ბ.ნ ი–ას, არ გამოუხატავს პრეტენზია, რომ საქმის აღმძვრელს მინიჭებოდა მოთხოვნილი ნებართვები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებება შესულია თუ არა კანონიერ ძალაში.

7. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტით ირკვევა, რომ თ.ქ–ია საქართველოს მოქალაქეა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: დაზუსტებული მოთხოვნა, რა ნაწილში ითხოვს ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას; ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ცნობა და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლითაც დადასტურდება, რომ ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული; ინფორმაცია მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

9. 2023 წლის 10 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, საქმის მასალების დაბრუნება.

10. 2023 წლის 14 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, განცხადების განუხილველად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ქ–იას წარმომადგენლის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსთვის წარდგენილ მოთხოვნაზე(იხ.: სუსგ-ები №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ.).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

18. განსახილველ შემთხვევაში 2023 წლის 14 ნოემბერს თ.ქ–იას ადვოკატმა წარმოდგენილი განცხადებით გაიხმო შუამდგომლობა. ამასთან, გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ქ–იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-7, 831, 284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. თ.ქ–იას განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. თ.ქ–იას შუამდგომლობა ესპანეთის ქ. ბადალონის ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის №4/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დარჩეს განუხილველი;

3. თ.ქ–იას დაუბრუნდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. ძაბუნიძე