Facebook Twitter

საქმე №აა-4490-შ-122-2023 20 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მამის, როგორც მშობლის მეურვეობა მისი შვილის - 2012 წლის 6 აპრილს დაბადებული დ.მ–ის მიმართ არის შეწყვეტილი, რადგან მამა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას. აქედან გამომდინარე, მეურვეობას მთლიანად განახორციელებს მეორე მშობელი (დ.ს–ი).

2. 2023 წლის 31 აგვისტოს დ.ს–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2019 წლის 19 ივნისიდან.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მშობლის უფლების შეწყვეტა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ უცნობია მამის ადგილსამყოფელი. მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა მამასთან კავშირი სკაიპის ან ელ. ფოსტის საშუალებით, და ასევე ცნობილია მამის დის საცხოვრებელი მისამართი, მაინც ვერ დადგინდა მამის ადგილსამყოფელი. მისი საცხოვრებელი ადგილი უცნობია მეურვეობის სამსახურისთვისაც. ყოველივე ეს განაპირობებს სასამართლოს დროებითი დადგენილების თანახმად, მშობლის მეურვეობის დაკისრებას მთლიანად ბავშვის დედაზე.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დ.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული განახლებული ცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

6. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 22 სექტემბერს.

7. 2023 წლის 5 ოქტომბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საცნობი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით განახლებული ცნობა, თუმცა მხარისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ცნობა მომზადდება და გამოიგზავნება 3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი შუამდგომლობს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დ.ს–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ.ს–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალოს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული განახლებული ცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით;

9. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა დ.ს–ის წარმომადგენელს - ლ.დ–ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დ.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული განახლებული ცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით; ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

16. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და 2023 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა დ.ს–ს - ლ.დ–ს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 20-დღიანი ვადის დენა 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და ამავე წლის 7 ნოემბერს ამოიწურა.

19. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

20. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

21. სასამართლოს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა 2023 წლის 10 ნოემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ს–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2016 წლის 10 აგვისტოს №512 F 8532/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე