Facebook Twitter

№ას-306-2022

14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე-მა“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების 27572.10 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის 4747 ლარისა და პირგასამტეხლოს 2079 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-18).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ე-თვის“ ზიანის ანაზღაურების სახით 36916.80 ლარის და პირგასამტეხლოს 194.20 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღს შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების ღირებულების 27572.10 ლარისა და პირგასამტეხლოს 2079 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში შპს „ე-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარიდ თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხის მოთხოვნას წარმოდგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2017 წლის 14 სექტემბერს, ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს „ე-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 618 სკოლამდელი აღსაზრდელის კვება და კვებითი მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 155 643.3 ლარი.

5.2. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 618 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან, - 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

5.3. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდა ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან აცილებულიყო რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გათვალისწინებულ იქნა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 4747 ლარის ოდენობით.

5.4. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.5. 2017 წლის 14 სექტემბერს, შპს „ე-სა“ და ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-ის“ მიერ შემსყიდველისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე, სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა იქნებოდა არა უმცირეს 52%-სა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა დაფშხვნილიყო. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს; - შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ხლებოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

5.6. 2017 წლის 14 სექტემბერს, შპს „ე-სა“ და ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-ის“ მიერ შემსყიდველისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა დაფშხვნილიყო. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი); შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ხლებოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

5.7. 2017 წლის 14 სექტემბერს, ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ-ის“ საბანკო გარანტია NBB.14.09/13, რომლის თანახმად, პრინციპალია შპს „ე-ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 4747 ლარით.

5.8. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-ის“ მიერ ააიპ „თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენდა 27 572.1 ლარს.

5.9. ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შპს „ე-თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან - 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

5.10. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე-ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

5.11. 2016 წლის 22 აგვისტოს, ერთი მხრივ შპს „ე-ს“ და მეორე მხრივ N153 საბავშვო ბაგა-ბაღს შორის, სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად გაფორმდა ხელშეკრულებები. ყველა ხელშეკრულების საგანი იყო შესაბამის ბაღებში სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულებები მოქმედებდა 2016 წლის 15 სექტემბრიდან, - 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „ე-ი“ დასახელებულ ბაგა-ბაღებს აწვდიდა საკვებ პროდუქტებს, მათ შორის ყველს და კარაქს. ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული პროდუქტების ღირებულება ბაგა-ბაღებმა სრულად აანაზღაურეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე შპს „ე-ი“ არ იყო ვალდებული, საბავშვო ბაგა-ბაღისათვის მიეწოდებინა ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქცია. შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე შპს „ე-ი“ ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ე.ი 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულება მას არ დაურღვევია.

5.13. პალატის მითითებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის N152 დადგენილების ახალი რედაქცია, რომლის შესაბამისადაც ყველი და კარაქი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ნატურალური რძისაგან. სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება მასზედ, რომ სანამ აღნიშნული ცვლილება ამოქმედდებოდა, მათ მანამდეც ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტების მიწოდების მოთხოვნა ედოთ ხელშეკრულებაში, და აღნიშნა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველი და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები ზუსტ შესაბამისობაში იყო 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი საქართველოს მთავრობის N152 დადგენილების მოთხოვნებთან.

5.14. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ე-ის“ მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რაც ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენდა. თუმცა, ნაკლის მქონე შესრულების გამო მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს და მისი გამოსწორება, ფასის შემცირება ან ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია.

5.15. სააპელაციო სასამართლომ პროდუქტ „კარაქთან“ მიმართებით მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა იყო უსაფუძვლო. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდებოდა პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.

5.16. პალატის მითითებით, კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია. კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებდა.

5.17. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელირება ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე, რადგან დადგენილი იყო, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა არ გადაიხდა, ამასთან, შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე, დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და მისი გაქვითვა ვერ მოხდებოდა სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო.

5.18. თბილისის N153 ბაგა-ბაღის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, მოთხოვნას წარმოადგენდა მიყენებული ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა მისთვის მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, დადგენილი იყო შპს „ელფის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მისგან გამომდინარე მოპასუხისათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული ჰქონდა პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით არ არსებობდა ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ მისაწოდებელი საკვების მახასიათებლები მხარეებს შორის ზედმიწევნით იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ასევე, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია და აქედან გამომდინარე, მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს. შესაბამისად, ხელშეკრულებით რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში აღნიშნული განიმარტება არაჯეროვან შესრულებად, მაშინ კონკრეტული პროდუქტის მიწოდებისას, იგი წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. დადასტურებულია, რომ შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება, ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში შპს „ე-ის“ მხრიდან ადგილი აქვს კასატორისათვის ზიანის მიყენებას.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს „ე-ს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების მიუხედავად, შპს „ე-ი“ არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან, მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

6.3. კასატორის მხრიდან ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლის გამოყენებაც არ მომხდარა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებისათვის.

6.4. სასამართლომ ასევე არასწორად დაასკვნა, რომ პროდუქტ „კარაქთან“ მიმართებით მოსარჩელეს ვალდებულება არ დაურღვევია. სინამდვილეში კი, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ველდებულება მოპასუხეებისთვის მიეწოდებინა არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქი, მაშინ, როდესაც ფაქტობრივად მიწოდებულ პროდუქტში დაშვებულ იქნა +/- 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. ამდენად, როგორც ყველის, ასევე კარაქის შემთხვევაში, იმ ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული, არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ იწვევს მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას და გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი.

6.5. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე პირგასამტეხლოს დაკისრებას, ვინაიდან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება.

7. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, ა(ა)იპ თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია შეეხება შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებით დარღვევას, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა, ხოლო მისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები - დასაბუთებული.

13. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

14. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო საბავშვო ბაგა-ბაღმა უარი უთხრა შპს „ე-ს“ შედარების აქტების შედგენაზე.

15. პალატა პირველ რიგში შეაფასებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ეს მოსაზრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების, ასეთი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს.

16. შპს „ე-ის“ მიერ ბაღებისათვის მიწოდებულ პროდუქტთან - კარაქთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომელსაც მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დაუდგენია. მოპასუხისგან არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან. პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული იყო რძის ცხიმის შემცველობა 80% (+/- 0.5), აღნიშნული კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტში ჯდებოდა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მხარეს იყო, თუმცა მოპასუხემ მტკიცების ტვირთის დაძლევა ვერ შეძლო. შესაბამისად, უდავო გარემოებას წარმოადგენს კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული მაჩვენებლის 80% (+/-0,5) არსებობა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.

17. რაც შეეხება, პროდუქტთან - ყველთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, მოპასუხე (კასატორი) მიწოდებული პროდუქტის (ყველის) ღირებულების ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს. კასატორს მიაჩნია, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თუმცა, თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად კი, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (იხ. სუსგ საქმე Nას-596-2020, 29.10.2020წ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოუთხოვია. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) არ უთითებს, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორის მითითება არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. ამასთან, ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1057-2020 , 20.01.2022წ.). შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის (კასატორის) პრეტენზია მისთვის თანხის დაკისრების საფუძვლის არ არსებობის შესახებ და ასევე უსაფუძვლოა პრეტენზია უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ.

19. გამომდინარე იქიდან, რომ პალატამ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მიიჩნია საფუძვლიანად, თავისთავად დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

20. დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ კასატორთა პრეტენზიაც. როგორც თავად მოპასუხეები აღნიშნავენ, მოსარჩელის მიმართ ანგარიშსწორების დაყოვნება განაპირობა 1) შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და 2) დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო მოპასუხეთა ზემოთ მითითებული მოთხოვნა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი როგორც შესაგებელი, ისე შეგებებული სარჩელი და საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (იხ. სუსგ საქმე №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ საქმე №ას-174-2020; 17.06.2020წ.).

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3338.20 ლარის 70% – 2336.74 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ,,თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ა(ა)იპ ,,თბილისის N153 საბავშვო ბაგა-ბაღს" (209472462) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3338.20 ლარის (საგადახდო დავალება N220405110907951, გადახდის თარიღი 04.05.2022) 70% – 2336.74 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე