Facebook Twitter

21 ნოემბერი 2023 წელი

№ას-1580-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენით

კასატორი _ შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ე–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 18 ივლისს შ.პ.ს. „ე–ი“-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგინა შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ყადაღის დადება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „ე–ი“-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს კუთვნილ ფულად სახსრებს, 96146.9 ლარის ფარგლებში, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ე–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30500 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. 2021 წლის 11 ნოემბერს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 01 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩლის უზრუნველყოფის საგანი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე, 96146.9 ლარის ფარგლებში, კუთვნილი ფულად სახსრების ნაცვლად ყადაღა დაედო მოპასუხე შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას BENTLEY MULSANNE SPPEED V8 AUTO (ფერი რუხი, 3/8, გამოშვების წელი 2011, საიდენტიფიკაიო ნომერი ......., სატრანპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა BV3279079). ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ყადაღა მოხდებოდა დალუქვით და შესანახად ჩაბარდებოდა მოვალე - შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს.

7. 2022 წლის 27 მაისს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს განესაზღვრა 14 დღის ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ე–ი“-ს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შეცვლის მიზნით სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 30500 (ოცდაათი ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: ს.ს. „თ. ბ–ი“, ბანკის კოდი - TBCBGE22 №GE07TB7563236020100006 განსათავსებლად და დაევალა ამავე ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების დედნის სახით წარდგენა.

9. 2022 წლის 29 ივნისს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 89548 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების დედანი.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

13. მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2023 წლის 21 ნოემბერს 11:00 საათზე დაინიშნა შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა. სასამართლო სხდომაზე მხარები მორიგდნენ და წარმოადგინეს ხელმოწერილი მორიგების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

16. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სასამართლომ განკარგა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები და საბოლოოდ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

21. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი კასატორის (მოპასუხის) მხრიდან ხელმოწერილია ორგანიზაციის დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ნ.მ–ძის მიერ. საკასაციო საჩივარს დაერთვის შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–იას“ დირექტორის ლ.ქ–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, ნ.მ–ძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით (იხ. მინდობილობა, ტ.3, ს.ფ. 280).

22. მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია ორგანიზაციის დირექტორის - ლ.შ–ძის მიერ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ლ.შ–ძე არის შ.პ.ს. „ე–ი“-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (იხ. ტ.2, ს.ფ. 18). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

27. ვინაიდან, მხარეები მორიგდნენ და გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ შ.პ.ს. „ა.ი.ჯ“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 4115 ლარის და 52 თეთრის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს და შ.პ.ს. „ე–ი“-ს შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“ (ს/კ .........) იღებს ვალდებულებას შ.პ.ს. „ე–ი“-ს (ს/კ ........) გადაუხადოს ფულადი თანხა 13000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს წინამდებარე მორიგების დამტკიცებიდან 2023 წლის 22 დეკემბრისა (ანგარიშსწორება განხორციელდეს გადახდის დღის შესაბამისი კურსით ლარში).

2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ 2019 წლის 11 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემდგომში მხარეთა შორის არ წარმოიშობა რაიმე ტიპის დავა და რომ ყველა მიმდინარე შედავება სრულდება წინამდებარე მორიგების პირობებით.

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (№2-2386/19) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება (№2/ბ-218-2021).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1580-2022.

5. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის (№2/ბ-218-2021) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ე–ი“-ს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება და ამ მიზნით შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს განესაზღვრა 14 დღის ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 30500 (ოცდაათი ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი - TBCBGE22 №GE07TB7563236020100006 განსათავსებლად და დაევალა ამავე ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების დედნის სახით წარდგენა.

6. დაუბრუნდეს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს (ს/კ .....) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი - TBCBGE22 №GE07TB7563236020100006) განთავსებული ფულადი თანხა 89548 (ოთხმოცდაცხრა ათას ხუთას ორმოცდარვა) ლარი (საგადახდო დავალება №178, გადახდის თარიღი 27.06.2022წ.)

7. დაუბრუნდეს შ.პ.ს. „ა.ი.ჯ–ია“-ს (ს/კ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4115 (ოთხიათასასთხუთმეტი) ლარი და 52 (ორმოცდათორმეტი) თეთრი (საგადახდო დავალება №113, გადახდის თარიღი: 06.12.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი