Facebook Twitter

საქმე №ას-1342-2023 01 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (განმცხადებლები) - დ.კ–ი, მ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“

განმცხადებლების მოთხოვნა - ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ტ–მა“ 2010 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და შპს „ს.ს.მ.ა–ის“ 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ–ის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა ნაწილობრივ და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14870.29 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 532.61 ლარის გადახდა; განსაზღვრულ იქნა, რომ აღნიშნული თანხების გადახდევინება მომხდარიყო დ.კ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „პ–ის“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში დ.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ი და განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ და უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში მ.კ–ის მიმართ. აღნიშნული განჩინება დ.კ–მა და მ.კ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

2023 წლის 16 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

2023 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს დ.კ–მა და მ.კ–მა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაასკვნა, რომ სახეზე არ იყო ახლადაღმოჩენილი გარემოებები. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეს საქმის განხილვის განმავლობაში შეეძლო მიეთითებინა ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით შედავებოდა მოწინააღმდეგეს, თუმცა მას ეს უფლება არ გამოუყენებია, ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღსრულების დაწყებამ შეაჩერა ხანდაზმულობის ვადის დენა.

ზემოაღნიშნული განჩინება დ.კ–მა და მ.კ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სასამართლოს არ უნდა დაედგინა უფლებამონაცვლეობა ხანდაზმული მოთხოვნის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს შემთხვევა, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინება საქმეზე Nვ-74-ა-5-2016)

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორები ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევენ ხანდაზმულობას, თუმცა არ უთითებენ ისეთ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც დასაბუთდებოდა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ხანდაზმულობის საკითხის დაყენების შეუძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის შესახებ შესაგებელი მოპასუხეს შეეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარედგინა, თუმცა ვერ დაამტკიცა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, ამიტომ, საჩივრის ავტორის პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხზე უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 18 მაისის განჩინებით არსებითად იმსჯელა, შესაბამისად, აღნიშნული საჩივრის განხილვის ფარგლებში, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი კიდევ ერთხელ არსებითად განიხილოს ხანდაზმულობის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამრიგად, საკასაციო სასამართლოს დასკნით, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე