Facebook Twitter

საქმე №ას-1342-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები - დ.კ–ი, მ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ტ–მა“ 2010 წლის 23 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ს.ს.მ.ა–ის“ 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა ნაწილობრივ და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14870.29 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 532.61 ლარის გადახდა; განსაზღვრულ იქნა, რომ აღნიშნული თანხების გადახდევინება მომხდარიყო დ.კ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „პ–ის“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში დ.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ი და განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ და უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში მ.კ–ის მიმართ. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ.კ–მა და მ.კ–მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

2023 წლის 16 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

2023 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს დ.კ–მა და მ.კ–მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ.კ–ისა და მ.კ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად, რაც განმცხადებლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. ამასთან, 2023 წლის 27 ოქტომბერს მათ სასამართლოს განცხადებით მომართეს და სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, ზემოაღნიშნული შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2023 წლის 20 ნოემბერს სასამართლოს კვლავ მომართეს მ.კ–მა და დ. კ–მა, რომლებმაც განმეორებით მოითხოვეს აღსრულების შეჩერება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არსებული მოთხოვნა, ფაქტობრივი საფუძვლები და დასაბუთება შეესაბამება იმ შუამდგომლობას, რის შესახებაც სასამართლომ უკვე იმსჯელა 2023 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, ამიტომ, განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ სუბსუმირდება ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ რეგულირებასთან, სახეზეა იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რაც მისი განუხილველად დატოვების ცალსახა საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე, 399-ე, 284-ე-285-ე, 194-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ისა და მ.კ–ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე