Facebook Twitter

საქმე №ას-1003-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.წ–ი, კ.ძ–ია, ა.რ–ი, ლ.რ–ი

თავდაპირველი მოსარჩელე - ვ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღება; ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ლ.რ–ის და ვ.რ–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ გაცემული 2010 წლის 22 ივლისის N100729497 და 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თითოეულის 1/3-1/3 ნაწილში; 1.2. დადგენილ იქნეს ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.

2. სარჩელის საფუძვლები: ლ.ს–ის, ასევე ვ.რ–ის მამკვიდრებლის მ. რ–ის და ლ.რ–ის დედა ქ.რ–ი გარდაიცვალა 2007 წელს. მის სამკვიდროში შედიოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თელავში, ......... ქ.რ–ის ქალიშვილობის გვარი იყო ბ–ი. 1931 წელს ქ.ბ–ი დაქორწინდა რ.გ. ძე ლ–ზე. ქორწინების შემდეგ ქ.ბ–მა მიიღო მეუღლის გვარი ლ–ი. ქორწინებიდან მათ შეეძინათ მოსარჩელის მარწმუნებელი ლ. ლ–ი, დაბადებული 1931 წელს. ლ. ლ–ი 1958 წელს დაქორწინდა ი.ს–ზე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიიღო ქმრის გვარი ს–ი.

3. მამკვიდრებელი ქ.ბ–ი გარდაიცვალა, როგორც ქ.რ–ი. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ქ.ბ–ი განქორწინდა პირველ ქმართან რ. ლ–თან და დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი, რის შემდეგაც დაქორწინდა ო. რ–ზე და მიიღო მეუღლის გვარი. აღნიშნული ქორწინებიდან მას ეყოლა ორი შვილი-ლ.რ–ი და მ. რ–ი.

4. ქ.რ–ის გარდაცვალების შემდეგ, ლ. და მ. რ–ებმა მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით და ამ გზით მიიღეს მემკვიდრეობა. სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მოსარჩელე ლ.ს–ი, რადგან სახლიდან წამოიღო მოძრავი ნივთები, რაც მიუთითებს მის ნებაზე, მიეღო სამკვიდრო. აღნიშნული უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და ნივთიერი მტკიცებულებებით.

5. 2013 წელს გარდაიცვალა მ. რ–ი, რომელსაც ჰყავდა შვილები: ქ.რ–ი და ვ.რ–ი. სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მთლიანი სამკვიდრო დარეგისტრირდა ლ.რ–ის სახელზე.

6. მოსარჩელემ განმარტა, რომ ლ. და მ. რ–ების სახელზე არ უნდა მომხდარიყო სამკვიდრო მოწმობების გაცემა სამკვიდროში შემავალი ქონების 50%-50%-ზე, რის გამოც არსებობს გაცემული სამკვიდრო მოწმობების (კერძოდ, 09.08.2010 წლის №100790767, მ. რ–ის სამკვიდრო მოწმობა და 22.07.2010 წლის №100729497, ლ.რ–ის სამკვიდრო მოწმობა) ნაწილობრივ ბათილობის საფუძველი.

7. ლ.ს–ი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს, - უპირატესი უფლების მატარებელს პირს, მას აქვს უფლება მიიღოს კუთვნილი წილი სამკვიდროდან. მოსარჩელის მიერ მოხდა სანოტარო ბიუროსათვის მიმართვისა და სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის გაშვება, თუმცა იგი ზუსტად ამ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდროს შემადგენელ მოძრავ ნივთებს, რაც წარმოადგენს სამკვიდროს მიღებას.

8. 2015 წლის 08 ნოემბერს გარდაიცვალა ლ.ს–ი. 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით ვ.ს–ი მიჩნეული იქნა ლ.ს–ის უფლებამონაცვლედ.

9. ვ.ს–მა გაერთიანებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების დ.ა–ის, ვ.რ–ის, ა.რ–ის და ლ.რ–ის მიმართ და მოითხოვა: 1. ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე ქ. თელავი, ........, საკადასტრო N ....., ასევე, ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების იმავე უძრავი ქონების 2/6 წილზე, ბათილად ცნობა; 2. ვ.ს–ი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ....... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი .......; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.)

10. ვ.ს–ი გაერთიანებულ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა: მოსარჩელე წარმოადგენს გარდაცვლილი დედის-ლ.ს–ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენით სანოტარო ბიუროში. ლ.ს–მა თავის მხრივ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივად ფლობით (დაეუფლა დედის საკუთრებაში არსებულ ქ.თელავში ......... მდებარე მოძრავ ნივთებს) მისი აწ. გარდაცვლილი დედის-ქ.რ–ის დანაშთ ქონებაზე.

11. ლ.ს–ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე მისმა დამ ლ.რ–მა და ძმამ მ. რ–მა დედის დანაშთი ქონება, მდებარე ......., საკადასტრო კოდი N........., თითოეულმა ½ წილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირეს თავიანთ სახელზე.

12. 2013 წლის 31 ივლისს ლ.რ–მა იმ მოტივით, რომ მემკვიდრეობით უკანონოდ მიღებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ........, საკადასტრო კოდი N ...... არ მოდავებოდა მისი და, ლ.ს–ი, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გადაუფორმა თავის შვილს ა.რ–ს.

13. მ. რ–ის მიერ მემკვიდრეობით უკანონოდ მიღებული უძრავი ქონება, მდებარე .........., საკადასტრო კოდი N........ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისმა შვილმა, ვ.რ–მა და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

14. ვ.რ–ის და მისი წარმომადგენლის დ.ა–ისთვის ცნობილი იყო ლ.ს–ის მოთხოვნა/პრეტენზიები სამკვიდრო ქონების მიმართ. ასევე ვ.რ–ს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის N2/182-14 გადაწყვეტილებით დაეკისრა 1870 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, იმ მოტივით, რომ ვ.რ–ს თავი აერიდებინა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდისთვის, ვ.რ–მა მის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციიდან ერთ თვეში 2016 წლის 15 იანვარს უძრავი ქონების, მდებარე ქ.თელავი, ........., საკადასტრო კოდი N ..........., 1/2 ნაწილი, ერთ დღიანი დაჩქარებული მომსახურების ღირებულების 200 ლარის გადახდით, იმავე დღეს მინდობილი პირის, ლ.ზ–ვას მეშვეობით გადაუფორმა თავისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ.ა–ს.

15. დ.ა–მა შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის და ა.რ–ის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით: .1. ბათილად იქნეს ცნობილი ლ.რ–სა და ბ.წ–ს შორის 2014 წლის 11 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ.წ–სა და კ.ძ–იას შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 3. სადავო უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით .........-ის ცნობა უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი .......-ის არსებით შემადგენელ ნაწილად და მოსარჩელე დ.ა–ი ცნობილ იქნეს უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ 1/2 წილში.

16. დ.ა–ის შეგებებულ სარჩელი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება: ვ.რ–მა 2014 წლის 09 იანვარს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, (ქ.თელავი, ........), სადაც მას გააჩნია მამისაგან დანატოვარი სახლი, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მ.ე–ს, სადაც მიუთითა, რომ 2013 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა მამა-მ. რ–ი და მოითხოვა მამკვიდრებლის მ. რ–ის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე სამკვდრო მოწმობის გაცემა. მ. რ–ს საკუთრებაში ჰქონდა ქ. თელავში, ........, მდებარე მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა 108.80, რომლის საკადასტრო კოდია ....... მ. რ–ს დარჩა სულ ორი კანონისმიერი მემკვიდრე შვილები - ვ.რ–ი, დაბადებული რუსეთის ფედერაციაში 04.11.1986 წელს და ქ.რ–ი, დაბადებული 26.11.1976 წელს, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები. ქ.რ–ი უარს აცხადებს თავის წილ სამკვიდრო ქონებაზე ვ.რ–ის სასარგებლოდ და არ შეუტანია განცხადება სანოტარო ბიუროში, თუმცა განცხადება წერილობითი უარი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის 131313667). მოსარჩელე მხარის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით, იმ დროს, როდესაც ისინი დოკუმენტაციას აწესრიგებდნენ, ლ.რ–ს მიუმართავს თბილისში მოქმედი ნოტარიუსისთვის ნ.ჯ–თვის განცხადებით, თითქოს მ. რ–ს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები და მას, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეს - დას მიუღია სამკვიდრო მოწმობა, რითაც საკუთრებაში აღირიცხა მ. რ–ის კუთვნილი ქონების წილი, ხოლო, თავისი წილი ამ დრომდე გასხვისებული აქვს თავის შვილზე ა.რ–ზე. ამგვარად, მ. რ–ის კუთვნილი წილი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ლ.რ–ზე სადავო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. ამის შემდეგ მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და სასამართლოს მეშვეობით ყადაღა დაადეს ბინის განუყოფელ ნაწილს 100 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ვინაიდან აერიდებინათ ბინის ლ.რ–ზე გაფორმების საფრთხე. თელავის რაიონულმა სასამართლომ დაუბრუნა მათ ქონება, თუმცა ნაკვეთი დავის პერიოდში გაასხვისა ლ.რ–მა ბ.წ–ზე, ხოლო, მყიდველმა კვლავ გაასხვისა კ.ძ–იაზე. დ.ა–ის მოსაზრებით, ორივე ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ვინაიდან ქონება ორჯერ გასხვისდა დავის დროს და მყიდველს უნდა სცოდნოდა ეს, ვინაიდან ბინა დაკეტილი იყო და ნაკვეთის ნახვის საშუალებაც არ იქნებოდა. ნაკვეთს არ აქვს გზა და არ გამოდგება ცალკე დანიშნულებისთვის. აღნიშნული პირები არიან მთავარი დაინტერესებული პირის ახლობლები. სადავო 100 კვ.მ. საკრებულომ გადასცა ლ.რ–ს და მ. რ–ს, როგორც მიმდებარე მიწის ნაკვეთი და ერთგვარი საკუთვნებელი.

17. თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო, მოპასუხე ვ.რ–ის ადვოკატი დ.ა–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

18. გაერთიანებულ სარჩელში სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ლ.რ–ისა და ა.რ–ის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო, მოპასუხე ვ.რ–ის წარმომადგენელი და ასევე გაერთიანებული სარჩელით მოპასუხე და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ი, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

19. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (იხ. ტ.2. ს.ფ. 142-159) დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელში მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის წარმომდგენელის მოთხოვნა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ვ.რ–ის და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ვ.რ–ისა და დ.ა–ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო: ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში. დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთ ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება; ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ......, საკადასტრო N ........; ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ....... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი .......) შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N..... დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის სარჩელი თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის, ლ.რ–ის მიერ სარჩელის ცნობის გამო და ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 22 ივლისის N100729497 სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში; დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება; ბათილად იქნა ცნობილი ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე, ქ. თელავი, ......., საკადასტრო N .......; ვ.ს–ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ........ (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი:600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი .....; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ......; დაკმაყოფილდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის, ა.რ–ის წარმომადგენელის მ.მ–ის შუამდგომლობა და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც, არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ის სარჩელი სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე დ.ა–ის გამოუცხადელობის გამო.

20. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა გაერთიანებული სარჩელით ერთ-ერთმა მოპასუხემ და შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ- დ.ა–მა (იხ. ტ.2.ს.ფ. 166-175).

21. მოწინააღმდეგე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა საჩივრის ავტორს და განმარტა, რომ თანახმანი იყვნენ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. და 1.4. ქვეპუნქტების, ასევე დ.ა–ის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე, სადაც მოპასუხეები იყვნენ ბ.წ–ი, კ.ძ–ია, ლ.რ–ი, ა.რ–ი, მე-5 და მე-6 პუნქტების და მე-8 პუნქტის ნაწილში, ხოლო, დანარჩენ ნაწილში მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

22. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით (იხ. ტ.2.ს.ფ. 300-305), თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველი პუნქტის 1.3. პუნქტი, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ........., საკადასტრო N ......... პირველი პუნქტის 1.4. პუნქტი, რომლის თანახმად, ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე, ქ. თელავი, ....... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი .......) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ........ გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ.ა–ის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე, სადაც მოპასუხეები არიან ბ.წ–ი, კ.ძ–ია, ლ.რ–ი, ა.რ–ი. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 750 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ. რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვსი გადახდილი 200 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მერვე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 დოლარის ოდენობით. სამოქალაქო №2/421-14 საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება. არ დაკმაყოფილდა დ.ა–ის საჩივარი 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში გაუქმების შესახებ.

23. აღნიშნული განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ა–მა, რომელმაც, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დასწრებული გადაწყვეტილების, ასევე, ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (აპელანტის მოთხოვნა: ,,1. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სრულად (ყველა მხარის ნაწილში) და განაახლოთ საქმის წარმოება; 2. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. 3. განახლებულ საქმეზე უარი უთხრათ მოსარჩელეებს ლ. ს–ს და ვ. ს–ს სარჩელების დაკმაყოფილებაზე და დააკმაყოფილოთ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ. რ–ის და ა. რ–ის მიმართ სრულდ; 4. გააუქმოთ მოსამართლე ლაბაზა დუიშვილის განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელეების მიმართ 2016 წლის 13 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (საქმე (2/421-14). აღნიშნული განჩინების გაუქმებით ძალაში დატოვოთ 2016 წლის 13 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; 5.გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება - ორი, ერთი და იგივე საქმიდან (სარჩელიდან) ერთი საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ (საქმე N2/421-14), 12 ივლისი, 2019 წელი და შეწყვიტოთ პირველად წარმოდგენილი (ქ.ს–ის დ მისი წარმომადგენლის ა. რ–ის) სარჩელი; 6. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმეთა გაერთიანების შესახებ (საქმე N2/421-14) 7. არ დააკმაყოფილოთ ლ. ს–ის სარჩელი. არ დააკმაყოფილოთ მისი უფლებამონაცვლის ვ.ს–ის სარჩელი და დააკმაყოფილოთ დ.ა–ის შეგებებული სარჩელი ბ.წ–ის და კ.ძ–ას მიმართ, ან დააბრუნოთ ყველა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა არსებითად განსახილველად“) (იხ. ტ.2.ს.ფ. 313-325).

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის გაჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება (იხ. ტ.5.ს.ფ.214-244) შემდეგი საფუძვლებით:

25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის( შემდეგ - სსსკ-ი) 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

26. სხდომაზე არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

27. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

28. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

29. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

30. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. მოპასუხის მიერ საპროცესო უფლებების განკარგვის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სარჩელის ცნობის ინსტიტუტია. სარჩელის ცნობა ნიშნავს მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია, მოსამართლე ასეთ შემთხვევაში არ ადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი (საქმე №ას-1213-2019; 20 მაისი, 2021 წელი). ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (საქმე Nას-64-58-2015; 08 აპრილი, 2015 წელი). სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ასევე შემდეგი განმარტება გააკეთა: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოება დისპოზიციურობის პრინციპით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და იგი სარჩელის დაკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს მოცემულ საქმეზე საჩივრის საფუძვლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას. იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს“ (საქმე №ას-763-1089-07; 15 მაისი, 2008 წელი).

31. ამდენად, სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 229.1. მუხლი), სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (სსსკ-ის 230-მუხლი). ამასთან, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

32. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ერთ საქმეში რამოდენიმე სარჩელი, ან/და სარჩელთან მიმართებით შეგებებული სარჩელი იქნება განსახილველი, მუთუმეტეს იმ დავაში, სადაც მხარედ თანამოპასუხეები გვევლინებიან, რომელთა მიმართ შესაძლოა მოსარჩელეს/შეგებებული სარჩელის ავტორს დამოუკიდებელი მოთხოვნა გააჩნდეს (სსსკ-ის 86-ე მუხლით გათვალისწინებული თანამონაწილეობის საფუძვლები: 1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი; 2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად), სასამართლო შესაძლოა დადგეს რამოდენიმე საპროცესო დოკუმენტის მიღების წინაშე, რაც შეიძლება ასევე ერთ საპროცესო დოკუმენტში გამოისახოს.

33. განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ლ.რ–ის და ვ.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ გაცემული 2010 წლის 22 ივლისის N100729497 და 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თითოეულის 1/3-1/3 ნაწილში; 1.2. დადგენილ იქნეს ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.

34. დადგენილია, რომ ვ.ს–მა გაერთიანებული სარჩელის მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების დ.ა–ის, ვ.რ–ის, ა.რ–ის და ლ.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 3.1. ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე ქ. თელავი, ........, საკადასტრო N ........., ასევე, ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმავე უძრავი ქონების 2/6 წილზე, ბათილად ცნობა; 3.2. ვ.ს–ი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ........; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.).

35. დ.ა–მა კი შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის და ა.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ლ.რ–სა და ბ.წ–ს შორის 2014 წლის 11 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; 2. ბათილად იქნას ცნობილი ბ.წ–სა და კ.ძ–იას შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 3. სადავო უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით ......-ის ცნობა უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი ........-ის არსებით შემადგენელ ნაწილად და მოსარჩელე დ.ა–ი ცნობილ იქნას უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ 1/2 წილში.

36. დადგენილია, რომ დ.ა–ი, რომელიც პირადად იყო მხარე განსახილველ დავაში, ასევე, აღჭურვილი იყო ვ.რ–ის წარმომადგენლობის უფლებით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის თაობაზეც დ.ა–ი გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. დ.ა–ისა და ვ.რ–ის მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის, ლ.რ–ის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ სასამართლომ მოაქცია ერთ აქტში, რომელიც დაასათაურა, როგორც გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

37. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფორმით.

38. აპელირება მასზედ, რომ სასამართლოს ორი დამოუკიდებელი დოკუმენტი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

39. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტ დ.ა–ის მიერ გასაჩივრებულ შემდეგ სასამართლო აქტებზე: 1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი/დასწრებული გადაწყვეტილება; 2. თელავის რაიონული სასამართლო 2022 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა.

40. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი/დასწრებული გადაწყვეტილებით:

41. 1. დაკმაყოფილდა თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის წარმომადგენელის მოთხოვნა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ვ.რ–ის და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ვ.რ–ისა და დ.ა–ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო: 1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში; 1.2. დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.1.3. ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ........., საკადასტრო N......... 1.4. ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, .......... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი:600,00 კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი ......) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ........ 2. დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის სარჩელი თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის, ლ.რ–ის მიერ სარჩელის ცნობის გამო და:2.1. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 22 ივლისის N100729497 სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში; 2.2. დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება; 2.3. ბათილად იქნა ცნობილი ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე ქ. თელავი, ........., საკადასტრო N .........; 2.4. ვ.ს–ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, .......... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი:600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ........; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N .......; 3. დაკმაყოფილდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის, ა.რ–ის წარმომადგენელის მ.მ–ის შუამდგომლობა და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: 3.1 არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ის სარჩელი სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე დ.ა–ის გამოუცხადელობის გამო. 4. მოპასუხე ვ.რ–ს დაეკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 210 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. 5. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 750 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. 6. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. 7. მოპასუხე ვ.რ–ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 აშშ დოლარის ანაზღაურება.8. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 დოლარის ოდენობით.

42. დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველი პუნქტის 1.3. პუნქტი, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ........, საკადასტრო N ....... პირველი პუნქტის 1.4. პუნქტი, რომლის თანახმად, ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე, ქ. თელავი, ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი .....) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ...... გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ.ა–ის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე, სადაც მოპასუხეები არიან ბ.წ–ი, კ.ძ–ია, ლ.რ–ი, ა.რ–ი. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 750 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მერვე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 დოლარის ოდენობით. სამოქალაქო №2/421-14 საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება. არ დაკმაყოფილდა დ.ა–ის საჩივარი 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში.

43. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით დ.ა–ი მოითხოვდა ზემოაღნიშნული სასამართლო აქტების სრულად გაუქმებას.

44. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მოპასუხე დ.ა–მა სააპელაციო საჩივარი აღძრა ძირითადი სარჩელის მოპასუხეების ა.რ–ისა და ლ.რ–ის მიმართ, ასევე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეების კ.ძ–იასა და ბ.წ–ის მიმართ. რაც შეეხება მოსარჩელე ვ.ს–ს, აპელანტს სააპელაციო ინსტანციაში მხარედ არ მიუთითებია.

45. ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც რაიმე სახით ეხებოდა დ.ა–ის ინტერესებს, ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით გაუქმებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილებში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ........, საკადასტრო N ..... (1.3. პუნქტი), ასევე, რომლითაც ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე, ქ. თელავი, ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი .....) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ..... (1.4. პუნქტი), ასევე იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის, ა.რ–ის წარმომადგენელის მ.მ–ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ისევე როგორც გაუქმდა იმ ნაწილებში, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას (მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები), და ამ ნაწილებში განახლდა საქმის წარმოება.

46. ამდენად, დ.ა–ის ნაწილში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც შეგებებული, ასევე, ძირითადი სარჩელის ნაწილში, გაუქმებულია, კერძოდ, მხარე დაეთანხმა დ.ა–ის საჩივარს მის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დ.ა–ის ნაწილში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც შეგებებული, ასევე ძირითადი სარჩელის ნაწილში (მათ შორის მისთვის პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში) გაუქმებულია და განახლებულია საქმის წარმოება.

47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ დ.ა–ის მითითება, იყო თუ არა მისი სასამართლო სხდომაზე დაბარება კანონშესაბამისი, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას. შესაბამისად, უსაფუძვლოა დ.ა–ის პოზიცია მის ნაწილში, გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების შესახებ.

48. რაც შეეხება 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ვახტანგ რ–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები, რომლის თანახმად, ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში, ამასთან, დადგენილ იქნა ლ. ს–ის მიერ დედის, ქ. რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება), დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ვახტანგ რ–ს გაეგზავნა 2020 წლის 10 აგვისტოს და ჩაბარდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. ვორონეჟში მის საცხოვრებელ მისამართზე. ვ.რ–ს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია.

49. დ.ა–ს ვ.რ–ის სახელით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება არ გაუსაჩივრებია.

50. ამასთან, დ.ა–ს 2020 წლის 05 აგვისტოს შემდეგ სასამართლოში არ წარმოუდგენია ვ.რ–ისაგან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელი მას მიანიჭებდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას.

51. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, დ.ა–ი წარმოადგენდა ვ.რ–ის ინტერესებს ძალაში მყოფი დაცვის ორდერის საფუძველზე.

52. თავდაპირველად დ.ა–ი იყო ვ.რ–ის წარმომადგენელი ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძელზე, ხოლო, შემდეგ, მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ორდერის თანახმად ახორციელებდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

53. ორდერი გაუქმებული იქნა თავად დ.ა–ის მიერ. შესაბამისად, მას ვ.რ–ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება არ გააჩნია.

54. საქმის მასალებში წარმოდგენილი დასტურით ირკვევა, ვ.რ–ისათვის 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე გზავნილის ჩაბარების თაობაზე, თუმცა, მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. მას არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოუმართია სასამართლოსათვის.

55. დამატებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში, დ.ა–ს, როგორც ვ.რ–ის წარმომადგენელს, სასამართლო უწყება 2020 წლის 05 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით. შეტყობინების დროისათვის, დ.ა–ი წარმოადგენდა ორდერით მოპასუხე ვ.რ–საც, რომლის დაცვის ორდერის გაუქმების შესახებ დ.ა–მა სასამართლოს ფაქტობრივად შეატყობინა 2020 წლის 14 აგვისტოს სასამართლოში წარმოდგენილ საჩივართან ერთად თანდართული თავის მიერ მიღებული 30.07.2020 წლის გადაწყვეტილებით. აღნიშნულით წარმომადგენელმა უგულვებელყო სსსკ-ის მე-100 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა. ამდენად, წარმომადგენლის მიერ მითითებული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის კეთილსინდისიერად შესრულებისა, კერძოდ, თუ წარმომადგენელი დროულად აცნობებდა სასამართლოს თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეწყდა 30.07.2020 წელს, შესაძლოა აღარ დამდგარიყო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რომელიც 2020 წლის 05 აგვისტოს, ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ იქნა მიღებული რაიონული სასამართლოს მიერ.

56. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).

57. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

58. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ- სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

59. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში/გაერთიანებულ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელი/გაერთიანებული სარჩელი დააკმაყოფილა.

60. როგორც აღინიშნა, ვ.რ–ს, მის წინააღმდეგ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე, საჩივარი, მათ შორის სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია, მას არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოუმართია სასამართლოსათვის.

61. ამასთან, დ.ა–ს არ წარმოუდგენია ვ.რ–ისაგან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელი მას მიანიჭებდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას.

62. შესაბამისად, დ.ა–ის აპელირება, ვ.რ–ის ნაწილში გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების შესახებ, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

63. რაც შეეხება 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებას თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის, ლ.რ–ის მიერ სარჩელის ცნობის გამო ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის ცნობით მათ განახორციელდეს საკუთარი მატერიალურ- სამართლებრივი უფლებამოსილება და შესაბამისად, ა.რ–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 წილის 1/3 ნაწილი გადასცა მოსარჩელე ვ.ს–ს. აღნიშნული შეეხო მხოლოდ მის 1/2 წილს და არა დ.ა–ის წილს, შესაბამისად, დ.ა–ს არ გააჩნია რაიმე სახის უფლება ა.რ–ის წილზე. ამდენად, ამ ნაწილში, აპელანტს არ გააჩნდა ინტერესი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ.

64. საქართველოს სსსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

65. მოცემულ შემთვევაში, დ.ა–ის მიერ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულია რაიონული სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, გასაჩივრებულია განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელეების მიმართ, 2016 წლის 13 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმეთა გაერთიანების შესახებ, ასევე ითხოვდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და უარის თქმას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

66. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტმა აღარ მოითხოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული მოთხოვნების განხილვა.

67. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (დ.ა–მა) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილება (იხ., ამ განჩინების პ-24; ასევე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები - ტ.5. ს.ფ. 14, 15; ).

68. კასაციის საფუძვლები: კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილება არ ეხება დ.ა–ს სამკვიდრო ქონების 1.3 წილზე, მესამე პირის მიერ ფაქტობრივი დაუფლების ფაქტის დადგენის ნაწილში, მაშინ როდესაც ფაქტობრივი ფლობის საკითხის დადგენა, გამოიწვევს ან და შესაძლოა გამოიწვიოს კასატორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის შემცირება 1/3-მდე.

69. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, დ.ა–ი კანონიერად იყო თუ არა მოწვეული საქმის განხილვაზე და საქმეში არსებობდა თუ არა პირის სასამართლოში დაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმების საფუძველი, რასაც თავი აარიდა სააპელაციო სასამართლომ.

70. რაც შეეხება მოთხოვნების მოხსნას, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეცდომაში შეიყვანა და მხოლოდ პირობით მოხსნა მოთხოვნები, თუ მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა (იხ. კასაციის საფუძვლები - ტ.5. ს.ფ. 254 -258).

71. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

72. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 16 ნოემბერს, რის შესახებც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

73. 2023 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე საკასციო პალატამ მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება და განუსაზღვრა ვადა 2023 წლის 04 დეკემბრამდე. მხარეებს განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდნენ მორიგების აქტს ან არ მოითხოვდნენ ვადის გაგრძელებას, საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.

74. საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მხარეებმა მიმართეს სააკსაციო სასამართლოს და განაცხადეს, რომ ვერ შეძლეს დავის მორიგებით დასრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

75. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

76. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება.

77. კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმების საფუძველი, რასაც თავი აარიდა სააპელაციო სასამართლომ, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დ.ა–ი კანონიერად იყო თუ არა მოწვეული საქმის განხილვაზე და საქმეში არსებობდა თუ არა პირის სასამართლოში დაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პრეტენზია კასატორს მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარშიც, სადაც მოითხოვდა, რომ: ,,1. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სრულად (ყველა მხარის ნაწილში) და განაახლოთ საქმის წარმოება; 2. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. 3. განახლებულ საქმეზე უარი უთხრათ მოსარჩელეებს ლ. ს–ს და ვაჟა ს–ს სარჩელების დაკმაყოფილებაზე და დააკმაყოფილოთ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ. რ–ის და ა. რ–ის მიმართ სრულდ; 4. გააუქმოთ მოსამართლე ლაბაზა დუიშვილის განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელეების მიმართ 2016 წლის 13 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (საქმე (2/421-14). აღნიშნული განჩინების გაუქმებით ძალაში დატოვოთ 2016 წლის 13 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; 5.გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება - ორი, ერთი და იგივე საქმიდან (სარჩელიდან) ერთი საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ (საქმე N2/421-14), 12 ივლისი, 2019 წელი და შეწყვიტოთ პირველად წარმოდგენილი (ქ. ს–ის დ მისი წარმომადგენლის ა. რ–ის) სარჩელი; 6. გააუქმოთ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმეთა გაერთიანების შესახებ (საქმე N2/421-14) 7. არ დააკმაყოფილოთ ლ. ს–ის სარჩელი. არ დააკმაყოფილოთ მისი უფლებამონაცვლის ვ.ს–ის სარჩელი და დააკმაყოფილოთ დ.ა–ის სარჩელი ბ.წ–ის და კ.ძ–ას მიმართ, ან დააბრუნოთ ყველა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა, არსებითად განსახილველად’’).

78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

79. დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).

80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( თეორია და პრატიკა), თბილისი, 2022 წ, გვ. 181).

81. სსსკ-ის 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

82. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები [სსსკ-ის 233.1. მუხლი].

84. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ-ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

85. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).

86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).

87. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

88. საკასაციო პალატა ყურადღებას გამახვილებს მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც, რომელიც შეეხება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

89. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.)

90. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება, იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ: სუსგ-ები: №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017წ.; №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.).

91. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400).

92. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.

93. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

94. ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ლ.რ–ის და ვ.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ გაცემული 2010 წლის 22 ივლისის N100729497 და 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თითოეულის 1/3-1/3 ნაწილში; 1.2. დადგენილ იქნეს ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.

95. ვ.ს–მა გაერთიანებული სარჩელის მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების დ.ა–ის, ვ.რ–ის, ა.რ–ის და ლ.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 3.1. ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე ქ. თელავი, .........., საკადასტრო N ......, ასევე, ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმავე უძრავი ქონების 2/6 წილზე, ბათილად ცნობა; 3.2. ვ.ს–ი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ......... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ........; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.).

96. დ.ა–მა შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის და ა.რ–ის მიმართ, და მოითხოვა: 5.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლ.რ–სა და ბ.წ–ს შორის 2014 წლის 11 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; 5.2. ბათილად იქნას ცნობილი ბ.წ–სა და კ.ძ–იას შორის 2015 წლის 30 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 5.3. სადავო უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ...........-ის ცნობა უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი .......-ის არსებით შემადგენელ ნაწილად და მოსარჩელე დ.ა–ი ცნობილ იქნას უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ½ წილში.

97. დადგენილია, რომ დ.ა–ი, რომელიც პირადად იყო მხარე, ასევე, აღჭურვილი იყო ვ.რ–ის წარმომადგენლობის უფლებით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის თაობაზეც გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. დ.ა–ისა და ვ.რ–ის მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა, და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო, ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის და ლ.რ–ის წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ სასამართლომ მოაქცია ერთ აქტში - გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი/დასწრებული გადაწყვეტილებით: 1. დაკმაყოფილდა თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის წარმომადგენელის მოთხოვნა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ვ.რ–ის და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ვ.რ–ისა და დ.ა–ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო: 1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში;1.2. დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.1.3. ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ......., საკადასტრო N ......... ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი:600,00 კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი ......) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ...... დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის სარჩელი თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის, ლ.რ–ის მიერ სარჩელის ცნობის გამო და:2.1. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 22 ივლისის N100729497 სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში;2.2. დადგენილ იქნა ლ.ს–ის მიერ დედის, ქ.რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება;2.3. ბათილად იქნა ცნობილი ლ.რ–სა და ა.რ–ს შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების 2/6 წილზე, მდებარე ქ. თელავი, ......, საკადასტრო N ....... ვ.ს–ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე ქ. თელავი, ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი:600,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ........; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ......... დაკმაყოფილდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის, ა.რ–ის წარმომადგენელის მ.მ–ის შუამდგომლობა და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: 3.1 არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ის სარჩელი სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე დ.ა–ის გამოუცხადელობის გამო. 4. მოპასუხე ვ.რ–ს დაეკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 210 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. 5. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 750 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. 6. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. 7. მოპასუხე ვ.რ–ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 აშშ დოლარის ანაზღაურება.8. მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 დოლარის ოდენობით.

98. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველი პუნქტის 1.3. პუნქტი, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ....., საკადასტრო N ........ პირველი პუნქტის 1.4. პუნქტი, რომლის თანახმად, ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე, ქ. თელავი, ....... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი ......) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა- ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ....... გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ.ა–ის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე, სადაც მოპასუხეები არიან ბ.წ–ი, კ.ძ–ია, ლ.რ–ი, ა.რ–ი. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 750 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მერვე პუნქტი, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ვ.რ–ს და დ.ა–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 დოლარის ოდენობით. სამოქალაქო №2/421-14 საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება. არ დაკმაყოფილდა დ.ა–ის საჩივარი 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში გაუქმების შესახებ.

99. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. წინამდებარე განჩინების პპ: 44-47-ში დადგენილია და კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა ის გარემოებები, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც რაიმე სახით ეხებოდა დ.ა–ის ინტერესებს, ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით გაუქმებულია.

100. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილებში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ–სა და დ.ა–ს შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავი, ......., საკადასტრო N ....... (1.3. პუნქტი), ასევე, რომლითაც ვ.ს–ი ცნობილი იქნა მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე, ქ. თელავი, ........ (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 600,00კვ.მ., (ნაკვეთის წინა ნომერი .......) შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-შენობა-ნაგებობის საერთო ფართი-184,30 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N ......(1.4. პუნქტი), ასევე იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხეების ბ.წ–ის, კ.ძ–იას, ლ.რ–ის, ა.რ–ის წარმომადგენელის მ.მ–ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დ.ა–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ისევე როგორც გაუქმდა იმ ნაწილებში, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას (მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები). მითითებულ ნაწილებში განახლდა საქმის წარმოება.

101. ზემოაღნიშნული იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, მოწვეული იყო თუ არა კასატორი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

102. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ საქმეში მოსარჩელის მხარეზე, მოპასუხის მხარეზე ან ორივე მხარეზე ერთდროულად რამდენიმე პირის მონაწილეობას, საპროცესო თანამონაწილეობა ეწოდება. თანამონაწილეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ერთი მოსარჩელე აღძრავს სარჩელს რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, ან რამდენიმე მოსარჩელე აღძრავს სარჩელს ერთი მოპასუხის წინააღმდეგ ან რამდენიმე მოსარჩელე აღძრავს სარჩელს რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. ცხადია, რომ ერთ მხარეზე მონაწილე თანამონაწილეების ინტერესები ეწინააღმდეგება მეორე მხარეზე მონაწილე თანამონაწილეების ინტერესებს, მაგრამ ერთ მხარეზე მონაწილე თანამონაწილეთა ინტერესები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. თანამონაწილეობის ასეთი ხასიათი და შინაარსი განასხვავებს მას დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირისაგან, რომლის ინტერესები ეწინააღმდეგება როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს. ასეთი მესამე პირი აცხადებს თავის მოთხოვნას იმ საგანზე, რომელზეც დავობენ მოსარჩელე და მოპასუხე. თანამონაწილეობის მიზანია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დაჩქარება, საპროცესო ხარჯების შემცირება, ერთმანეთის საწინააღმდეგო ან შეუსაბამო გადაწყეტილებათა გამოტანის თავიდან აცილება. თანამონაწილეობისაგან უნდა განვასხვაოთ რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის ერთ სარჩელში გაერთიანება (სარჩელების ობიექტური გაერთიანება) სსსკ-ის 182-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

103. თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სავალდებულო და ფაკულტატური (არასავალდებულო). თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ ურთიერთობის ყველა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა, კერძოდ, როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება (შდრ. სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

104. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თვალსაზრისით, როდესაც საქმეში მონაწილეობს რამდენიმე მოსარჩელე ან რამდენიმე მოპასუხე და სასამრთლო სხდომაზე ერთ-ერთი ან ყველა მათგანი არ გამოცხადდა. „საპროცესო თანამონაწილეობა არ წარმოადგენს მისი შინაარსიდან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ ფაქტორს“ (იხ: შ.ქურდაძე, ნ. ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2015წ, გვ. 609.).

105. სავალდებულო თანამონაწილეობის დროს ერთ-ერთი თანამონაწილის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე ნიშნავს ყველა თანამონაწილის გამოცხადებას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ერთ-ერთი სავალდებულო თანამონაწილე, სასამართლომ უნდა გამოიტანოს არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყეტილება საქმის მასალების მიხედვით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა რომელიმე მხარეზე მონაწილე არცერთი სავალდებულო თანამონაწილე ( თანამოსარჩელე ან თანამოპასუხე), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსსკ-ის 229- 230-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე, ე.ი. არცერთი თანამოსარჩელე და არცერთი თანამოპასუხე არ გამოცხადდა, სასამართლომ სარჩელი განუხილველად უნდა დატოვოს სსსკ-ის 231-ე მუხლის მოთხოვნთა შესაბამისად.

106. არასავალდებულო (ფაკულტატური) თანამონაწილეობა შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან ან კიდევ იმით, რომ სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი (შდრ. სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები). არასავალდებულო თანამონაწილეობის დროს სასამრთლო სხდომაზე საქმის განხილვაზე ერთ-ერთი თანამონაწილის გამოცხადება, არ ნიშნავს ყველა თანამონაწილის გამოცხადებას.

107. არასავალდებულო თანამონაწილეობის დროს, თუ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე არცერთი თანამონაწილე, სასამართლოს სსსკ-ის 229-230-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელ მხარეზე მონაწილე ყველა თანამონაწილის საწინააღმდეგოდ. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაზე გამოცხადდა ერთ მხარეზე მონაწილე არა ყველა, არამედ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე თანამონაწილე, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ გამოუცხადებელ თანამონაწილეთა მიმართ, ხოლო გამოცხადებული თანამონაწილის (ეთა) მიმართ კი გამოიტანს ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას საქმის მასალების მიხედვით.

108. „მატერიალური სამართლის ნორმები დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს, რომლებიც იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას სასამართლოს მოვალეობაა საპროცესო წესების დაცვით (შეჯიბრებითობა, მტკიცების ტვირთის განაწილება და სხვა) დაადგინოს მატერიალური ნორმის შემადგენლობა _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ამ გზით გადაწყვიტოს დავა. რაც შეეხება საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის თანამონაწილეობის საკითხს, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით რეგულირდება და ნორმის პირველი ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს თანამონაწილეობის საფუძვლებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ თუკი ერთ-ერთი მოპასუხის საჩივარი საფუძვლიანი იქნებოდა, ის დანარჩენი მოპასუხეების მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა. ამ თვალსაზრისით გათვალისწინებული იქნა, რომ არც საქმის მასალებით ირკვევოდა და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ საჩივრის ავტორის სახელზე სხვა თანამოპასუხეების მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხი (სსსკ-ის 87-ე და 98-ე მუხლები)“ (შდრ: სუსგ №ას-555-526-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წ).

109. პროცესში თითოეული თანამონაწილე ინდივიდუალურ სუბიექტად გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის საპროცესო-სამართლებრივ ქმედებას მის მიმართ ინდივიდუალური ეფექტი აქვს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზეა მოპასუხეთა საპროცესო თანამონაწილეობა (სსსკ-ის 86.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თანამონაწილეებს ერთ-ერთი მათგანისათვის მინდობილი ჰქონდათ საქმის წარმოება სასამართლოში, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ამავე კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს (შდრ: სუსგ №ას- 687-641-2017, 28 ივლისი, 2017 წ).

110. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ვ.რ–ის ნაწილში გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები, რომლის თანახმად, ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2010 წლის 09 აგვისტოს N100790767 გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში, ამასთან, დადგენილ იქნა ლ. ს–ის მიერ დედის, ქ. რ–ის დანაშთი ქონების სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება) გაუქმების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვახტანგ რ–ს გაეგზავნა 2020 წლის 10 აგვისტოს და ჩაბარდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. ვორონეჟში მის საცხოვრებელ მისამართზე.( საქმის მასალებში განთავსებულია შპს „ს.კ.ს–ის“ 2020 წლის 24 სექტემბრის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ვ.რ–ს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2020 წლის 24 აგვისტოს. იხ. ტ.2.ს.ფ. 209). ვ.რ–ს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია.

111. დადგენილია ასევე, რომ კასატორს ვ.რ–ის სახელით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება არ გაუსაჩივრებია.

112. ასევე დადგენილია, რომ დ.ა–ს 2020 წლის 05 აგვისტოს შემდეგ სასამართლოში არ წარმოუდგენია ვ.რ–ისაგან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც მარწმუნებელი მას მიანიჭებდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, დ.ა–ი წარმოადგენდა ვ.რ–ის ინტერესებს ძალაში მყოფი დაცვის ორდერის საფუძველზე. თავდაპირველად, დ.ა–ი იყო ვ.რ–ის წარმომადგენელი ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძელზე, ხოლო, შემდეგ, მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ორდერის თანახმად ახორციელებდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. ორდერი გაუქმებული იქნა თავად დ.ა–ის მიერ ( იხ. ტ.2.ს.ფ. 176), შესაბამისად, მას ვ.რ–ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება არ გააჩნია. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებში წარმოდგენილი დასტურით ირკვევა, ვ.რ–ისათვის 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე გზავნილის ჩაბარების თაობაზე, თუმცა, მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. მას არც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის.

113. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელში/გაერთიანებულ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

114. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია ვ.რ–ის ნაწილში, გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, დაუსაბუთებელია.

115. რაც შეეხება 2020 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე ლ.რ–ისა და გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების ა.რ–ის და ლ.რ–ის წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობის გამო, ლ.ს–ის უფლებამონაცვლე ვ.ს–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

116. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

117. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ-ები: №ას-1382-2022, 01 მარტი, 2023, პ.68; №ას-1028-2021, 01 ივლისი, 2022). თუ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგ (იხ., სუსგ №ას-1293-2022 18 იანვარი, 2023 წელი, პპ:44-46).

118. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 83-ე მუხლებით რეგლამენტირებულია მხარეთა უმნიშვნელოვანესი საპროცესო უფლებები. აღნიშნული ნორმები განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებშიც ვლინდება მხარის ნება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების მიხედვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი). სარჩელის ცნობის შემთხვევაში, საპროცესო თვალსაზრისით ფაქტობრივი გარემოებების კვლევა და მატერიალური სამართლის ნორმასთან მათი სუბსუმირების ვალდებულება აღარ არსებობს (იხ. სუსგ №ას-1710-2019 24 ივლისი, 2020 წელი, პ.1.3.1.).

119. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობა მოპასუხის წარმომადგენელსაც შეუძლია, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ მას აღნიშნული უფლებამოსილება სპეციალურად ჰქონდეს მინიჭებული საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (შდრ: სუსგ №ას-1270-1210-2014, 10 მარტი, 2015 წელი). აღსანიშნავია, რომ ამგვარი უფლებამოსილების არსებობის პირობებში, წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობით, რომელიც ამ საპროცესო მოქმედების შედეგების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, მოპასუხე საკუთარ თავზე იღებს ყველა იმ ნეგატიურ შედეგს, რაც ამ საპროცესო უფლების განკარგვას მოჰყვება (შდრ: სუსგ №ას-276-262-2016, 27 მაისი, 2016 წელი). საქმის მასალებში წარმოდეგნილი მინდიობილობით, მ.მ–ს მინიჭებული აქვს სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ ცნობის უფლებამოსილება (იხ. ტ.2.ს.ფ. 109).

120. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.63) და ამის საწინააღმდეგეოდ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია (იხ. სუსგ №ას-1213-2019, 20 მაისი, 2021 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობის შედეგი შეეხო მხოლოდ ა.რ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების 1/2 წილს 1/3 ნაწილს და არა დ.ა–ის წილს.

121. კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა აგრეთვე თელავის რაიონული სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, გასაჩივრებული იქნა განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელეების მიმართ, 2016 წლის 13 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საქმეთა გაერთიანების შესახებ. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტმა აღარ მოითხოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული მოთხოვნების განხილვა.

122. რაც შეეხება მოთხოვნების მოხსნას, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იგი შეცდომაში შეიყვანა და მხოლოდ იმ პირობით მოხსნა მოთხოვნები, თუ მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა.

123. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია.

124. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ კასატორმა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

125. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

126. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

127. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

128. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. დ.ა–ს (საინდეფიკაციო/პირადი №…….) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 01.08.2023წ. საგადახდო დავალებით N18048181872) გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ვლადიმერ კაკაბაძე