საქმე №ას-1098-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ.ქ–ი, მ.გ–ი, ე.ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ის (შემდგომ – პირველი მოპასუხე), ე.ს–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე), ბ.ქ–ის (შემდგომ - მსესხებელი მოპასუხე) და ნ.ქ–ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 16 471.26 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 000 ლარი, სარგებელი -5 339.89 ლარი; 463.37 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 668 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 171 ლარის ოდენობით და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 26 დეკემბერს მსესხებელ მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გადაეცა 10 000 ლარი 36 თვის ვადით, წლიური 28.5%-ით. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმტეს 275 დღე) და ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი.
3. 2018 წლის 24 დეკემბერს აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნვესაყოფად მოსარჩელემ მეორე და მესამე მოპასუხეებთან, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს - პირველ მოპასუხესთან გააფორმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა სულ - 22 861 ლარით.
4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში. მოპასუხეებმა ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს და, გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრ ვალდებულებები არ შეასრულეს.( იხ. სარჩელი).
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებს სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარუდგენიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. 2019 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა (იხ. ტ.1.ს.ფ.146).
7. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელემ გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
10. რაიონულმა სასამართლომ მიიღო სარჩელი განსახილველად და მოსარჩელეს დაავალა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება.
11. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს სარჩელი და თანდართული მასალები მსესხებელ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა; 2019 წლის 21 ოქტომბერს პირველი მოპასუხისათვის გადასაცემად სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მისმა მეუღლემ; 2019 წლის 22 ოქტომბერს მესამე მოპასუხისათვის გადასაცემად - ოჯახის წევრმა, მამამთილმა (მსესხებელმა მოპასუხემ), ხოლო 2019 წლის 10 ოქტომბერს მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად გზავნილი ჩაბარდა ადრესატის მეუღლეს.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ, ასევე, 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებიც განემარტა.
14. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
15. გორის რაიონულმა სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიოდ შეაფასა და 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორების მიერ დასაბუთებული არგუმენტი სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მისი უტყუარობისა და რელევანტურობის შეფასებაც შეუძლებელია.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, თუ პროცესში მონაწილე მხარეებს სხდომის გადადების ან საპროცესო მოქმედებების შესასრულებელი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული მიზეზების არსებობისას, მაშინ საქმის დროული და ეფექტური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება, რაც უდავოდ დაარღვევს, როგორც მოსარჩელე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე, ეჭვქვეშ დააყენებს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვის ვალდებულებას.
18. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინების მსჯელობა 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სსსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარდგენა არ მოხდება და აღნიშნული არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა.
20. სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა - სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს. სარჩელში მითითებული გარემოებები კი, სასამართლოს მიერ, ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დამტკიცებულად მიიჩნევა.
21. მოცემულ საქმეზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რაც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა და მიიჩნია, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
22. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
23. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
24. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
25. აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო დოკუმენტაცია ან/და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც პალატას საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის ლეგიტიმურობაში დაარწმუნებდა, ვერ წარმოადგინა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთს კი კანონმდებელი მას აკისრებდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს.
26. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აგრეთვე რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა, კერძოდ, მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიული არამართებულობის ან/და შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე ვერ უთითებდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
28. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მათ ნაცვლად, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაიბარეს მეუღლეებმა, რომელებმაც აღნიშნულ გზავნილზე სათანადოდ ყურადღება არ გაამახვილეს და მოგვიანებით აცნობეს, როდესაც უკვე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მან ბანკში წარმომადგენლის მიერ გაიგო საქმის ვითარება შემდგომ კი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, იმდენად ინერვიულა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით სტაციონარში აღმოჩნდა. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. ორივე ინსტანციის სასამართლოებს, ამ ობიექტური გარემოებების არსებობა უნდა ჩაეთვალათ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და უნდა დაეკმაყოფილებინათ მოპასუხეების მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებულია, დაიცვას ბალანსი მხარეთა უფლებებს შორის და არ დაჩაგროს ერთი მხარე მეორისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გზით. სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს სათანადო ზომები, თუ მხარე შეგნებულად თავს არიდებს და არ ცხადდება სასამართლოს სხდომაზე ან აჭიანურებს საქმის განხილვას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სანქციის სახით გამოყენება არ არის აუცილებელი და მიზანშეწონილი. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება კი მხარის უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს. მისი ლეგიტიმურობა სარწმუნოდ უნდა დადასტურდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
29. კასატორები მიუთითებენ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მათ სესხის ნაწილი -4514 ლარი უკვე გადახდილი აქვთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, რის შესახებაც მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
30. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, რადგან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივარს. კასატორებმა მოითხოვეს წინამდებარე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ. ამავე სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
34. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განჩინების კანონიერება, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით, კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს კი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან. ამასთან ერთად, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით.
36. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პროცესუალურ-სამართლებრივ და მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს. პროცესუალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა მოპასუხის მიერ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები უკავშირებენ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას ან საქმის წარმოების შეჩერებას. მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება ისეთ ფაქტებზე მითითებით, რომლებსაც მატერიალური სამართალი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმას.
37. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).
38. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება, ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
39. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
40. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები ითვალისწინებს სამართალწარმოების განხორციელებას მხოლოდ მხარეთა პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულობა. სანქცია ამ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მდგომარეობს მოპასუხე მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაში.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ.დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრაქტიკა, თბ., 2022, გვ.58.).
42. ამასთან, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
43. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმფციას ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ზეპირი მოსმენის გარეშე, არ ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს, რადგან მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, თანდართული მასალებით სარჩელის ჩაბარებისას სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაგებლით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. მოპასუხეს ასევე შეეძლო მოეთხოვა დამატებით გონივრული ვადა, შესაგებლისა და მტკიცებულებათა წარდგენისათვის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
44. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას; გ) თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
45. მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სსსკ-ის 2321 მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი მოსამართლე ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ან საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს მოსარჩელე მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სსსკ-ის როგორც 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 2321 მუხლის დათქმა სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წელი).
46. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (შდრ: სუსგ-ები: №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ., საქმე №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წელი).
47. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან შესაგებლის წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას (შესაგებლის წარუდგენლობას) ან/და შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა ან შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, კერძოდ, ასეთად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. სსსკ-ის 240-11 მუხლის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის ( შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. (შდრ: სუსგ №ას-928-2021, 28 თებერვალი, 2022 წ.).
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების ან შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.
50. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).
51. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.
52. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
53. 2019 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელემ გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
54. რაიონულმა სასამართლომ მიიღო სარჩელი განსახილველად და მოსარჩელეს დაავალა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება.
55. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს სარჩელი და თანდართული მასალები მსესხებელ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა (იხ. ტომი 1, ს.ფ 141, აქტზე აღინიშნება ადრესატის პირადი ნომერი და ხელმოწერა), 2019 წლის 21 ოქტომბერს პირველი მოპასუხისათვის გადასაცემად სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მისმა მეუღლემ (იხ. ტომი 1, ს.ფ 142), 2019 წლის 22 ოქტომბერს მესამე მოპასუხისათვის გადასაცემად - ოჯახის წევრმა, მამამთილმა (მსესხებელმა მოპასუხემ) (იხ. ტომი 1, ს.ფ 143), ხოლო 2019 წლის 10 ოქტომბერს მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად გზავნილი ჩაბარდა ადრესატის მეუღლეს (იხ. ტომი 1, ს.ფ 144).
56. მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ სსსკ XXVI-ე თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
57. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
58. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
59. გორის რაიონულმა სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიოდ შეაფასა. შესაბამისად, 2019 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.
60. საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება იმას, რომ არსებობდა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მსესხებელი მოპასუხისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გადაეცა მის მეუღლეს, რომელმაც აღნიშნულ გზავნილს სათანადოდ ყურადღება არ მიაქცია. მხარისათვის გზავნილის შესახებ ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ.
61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლი ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც მხარე ვალდებულია, სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების არსებობა. კასატორის ზემოხსენებული არგუმენტი წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელმა მოპასუხემ პირადად ჩაიბარა გზავნილი და სადავო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებისას საფოსტო უკუგზავნილზე დააფიქსირა საკუთარი პირადი ნომერი, ამის საწინააღმდეგოდ კი, კასატორს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია (იხ. ტომი 1, ს.ფ 141, აქტზე აღინიშნება ადრესატის პირადი ნომერი და ხელმოწერა). რაც შეეხება დანარჩენი მოპასუხეების საკასაციო პრეტენზიას, რომ მეუღლეებმა დროულად არ აცნობეს სარჩელის ჩაბარების შესახებ, საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და მიუთითებს სსსკ-ის 74-1 და 184-3 მუხლის დანაწესებზე.
62. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არასაპატიო მიზეზით არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.
63. კასატორები მიუთითებენ, ორივე ინსტანციის სასამართლოებს, ამ ობიექტური გარემოებების არსებობა უნდა ჩაეთვალათ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და უნდა დაეკმაყოფილებინათ მოპასუხეების მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ.
64. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორების აღნიშნულ პრეტენზიას, რადგან განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის და არა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით.
65. რაც შეეხება იმ გარემოებას, ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გაზიარებულ უნდა იქნეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ.
66. კასატორები მიუთითებენ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მათ სესხის ნაწილი -4514 ლარი უკვე გადახდილი აქვთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, რის შესახებაც მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
67. კასატორების აღნიშნულ პრეტენიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის ან სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ სასამართლო „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
68. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის (შესაგებლის წარუდგენლობის) შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა (ები). სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 2321 -ე მუხლის დათქმა სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-479-2023, 24 ივლისი, 2023 წელი).
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყო დავის თაობაზე მოპასუხეების ინფორმირებულობა. სასამართლო გზავნილის ჩაბარებით მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის სავალდებულობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ მიეცა გონივრული ვადა, გასცნობოდნენ და საკუთარი მოსაზრება წარედგინათ სასამართლოსათვის სასარჩელო მოთხოვნების თაობაზე (შდრ: ტერნოვსკისი ლატვიის წინააღმდეგ -Ternovskis v.Latvia, №33637/02, 29.04.2014, §65; დილიპაკი და კარკაია თურქეთის წინააღმდეგ -Dilipak and v Turkey, №7942/05, №24838/05, 04.03.2014, §78, 80.).
70. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ ერთ-ერთ საფუძველს კი წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლი (შდრ: სუსგ №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წელი, პ.51; №ას -205-2022, 05 მაისი, 2022 წ.).
71. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორების შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
72. საკასაციო პლატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22 ივლისი, 2015წ.; №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8).
73. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
74. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წ, პ.55; №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.). მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
75. ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; (5ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
76. რაც შეეხება კასატორის მითითებას მხარეთა შორის დავის მორიგებით დამთავრების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მორიგება მოდავე მხარეთა შორის ხორციელდება და ორმხრივ ურთიერთდათმობას ემყარება. მორიგებისას აუცილებელია მხარეთა კონცენტრირება საერთო სასარგებლო და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგზე. ორმხრივი ინტერესი ის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც უმოკლეს დროში იძლევა მორიგების სამართლებრივ შედეგს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მორიგებისას „დამარცხებულის პოზიცია“ არ არსებობს და მორიგებაში მხარეთა სტატუსია „მორიგებულები“. მხარეებს შეუძლიათ გააკონტროლონ შედეგი, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებით. ნებისმიერი მორიგების პროცესის „ხიბლი“ სწორედ შედეგშია (The beauty of any negotiated settlement – finality – იხ: Stephen G. Crane., Judge Settlements Versus Mediated Settlements, Dispute Resolution Magazine, 2011, 22.).
77. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2023 წლის 25 სექტემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელზე ( წერილობითი პასუხი), სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს დავის მორიგებით დასრულებაზე ( იხ. ტ.4.ს.ფ. 109. მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პასუხი).
78. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც.
79. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
80. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
81. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
82. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
84. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, მსესხებელი მოპასუხე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო პირველი და მეორე მოპასუხეები კი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. სტ.4,.ს.ფ. 97).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ქ–ის, მ.გ–ის და ე.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე