Facebook Twitter

საქმე №ას-1164-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ–ო“-მ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - მოპასუხე) დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: 1.1. დადგენილ იქნეს: პირგასამტეხლოს, საგარანტიო თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის უფლების არარსებობა (მოსარჩელისთვის 05.05.20წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე). 1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ 2021 წლის 18 ნოემბრის №01/110 წერილით პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში მოთხოვნილი ცვლილებების 05.05.20 წ. №172 ხელშეკრულების 18.2. მუხლით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ განხორციელება; 1.3. მოპასუხეს დაეკისროს შესრულებული და დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 159.598, 52 ლარის გადახდა; 1.4. მოპასუხეს დაეკისროს გარანტორისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურების 246729,29 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.2.ს.ფ.209-212).

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო, მეორე ეტაპი 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. გზის რელიეფისა და გაბარიტიდან გამომდინარე, ბეტონის საფარის სპეციალური მანქანით მოწყობის შეუძლებლობის გამო, მხარეები შეთანხმდნენ რომ საფარის მოწყობა განხორციელებულიყო ხელით, ამის შესაბამისად, ხელშეკრულებაში, პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შევიდა ცვლილება.

3. 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, საფარის მოწყობის მანქანით განხორციელების შეუძლებლობისა და სამშენებლო პროცესის დროს მიწის ჩამოშლის გამო პირველი ეტაპის შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე.

4. 2020 წლის 25 ნოემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც შემსყიდველს ჩაბარდა 2020 წელს შესრულებული სამუშაოები.

5. მეორე ეტაპის განხორციელებისას 2021 წლის აპრილში, სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობა, ასევე ღია ტიპის არხის მოწყობა და საყრდენი კედლის არმირების გაძლიერება, ამ მიზეზებით, ასევე ბეტონის ხელით დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელების საჭიროების გამო მიმწოდებელმა 2021 წლის 27 აპრილს წარადგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ნახაზი და დაურთო ცვლილების შესახებ მიმწოდებლის მოთხოვნას.

6. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს დაეთანხმა მოპასუხე,ზედამხედველობის განმახორციელებელი შპს „ს.მ.ჯ–ი“, პროექტის ავტორი შპს „ბ.გ–ი“ და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახური, რის საფუძველზეც 2021 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა შესაბამისი №5 ცვლილება; ამავე დოკუმენტით პროექტის ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2021 წლის 30 ოქტომბრით.

7. მოსაწყობი გზის რელიეფიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, ისევე როგორც წინა ეტაპებზე, შეუძლებელი აღმოჩნდა საგზაო სამოსის (ბეტონის საფარის) მოწყობა ბეტონის სპეციალური დამგები მექანიზმით, რის გამოც მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა მოთხოვნილ შესაბამისი ცვლილების განხორციელება (აღნიშნული მოთხოვნილ იქნა 20.04.21წ. №01/33 წერილით და არ იქნა გათვალისწინებული №5 ცვლილებით), მანქანის ნაცვლად ბეტონის საფარის ხელით მოწყობის ჩანაცვლება; მოპასუხის დავალებით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.

8. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დაკმაყოფილების ნაცვლად მოპასუხემ მიმართა შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის „შავ სიაში რეგისტრაციის შეტანის მოთხოვნით და გარანტს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის 73226.00 ლარისა და 173503.29 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით- რაც გარანტორის მიერ შესრულდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხეს წარმოეშობოდა მხოლოდ მოსარჩელისა და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მონაწილეობით აქტის შედგენის შემდგომ (05.05.20 წ. ხელშეკრულების 11.7 მუხლი), ისიც მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით (05.05.20წ. ხელშეკრულების 4.4. მუხლი), მათ შემთხვევაში არც აქტი შედგენილა და შემსყიდველ ორგანოს არც რაიმე სახის ზიანი მიყენებია.

9. 2021 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შუალედური მიღებ-ჩაბარების აქტი 41.227,01 ლარის ოდენობის თანხაზე; 2021 წლის 01 ნოემბერს მოპასუხეს წარედგინა შესრულებულ სამუშაოთა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 66555,58 ლარის ოდენობის თანხაზე. 2021 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 118.371,51 ლარის ოდენობის თანხაზე;

10. მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია არც ჩაბარებული და არც წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება. პროექტის/ხარჯთაღრიცხვის/ვადის ცვლილების შესახებ მოსარჩელის ყველა მოთხოვნა განპირობებული იყო მისი ბრალის მიღმა არსებული და მისი ნებისგან დამოუკიდებელი მხოლოდ უცნობი, სამუშაოს პერიოდში ახლად გამოვლენილი და სხვაგვარად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გარემოებებით, რაც დასტურდება მოპასუხის და შესაბამისი პირების მიერ გაცემული დოკუმენტაციით; პროექტის ცვლილების განხორციელებამდე შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება (05.05.20წ. ხელშეკრულების მე-8 მუხლი), რაც გამორიცხავდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულებას. ამასთან, პროექტის/ხარჯთაღრიცხვის დადასტურებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ხშირ შემთხვევაში დროში იწელებოდა, მაშინ როცა მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გაგზავნილი ყველა წერილით მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამუშაოების ვადის გახანგრძლივების შესახებ.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: 1. დადგენილი იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „კ–ო“-სათვის 05.05.2020 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, საგარანტიო თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის უფლების არარსებობა; 2. დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტს მოსარჩელის მიერ 2021 წლის 18 ნოემბრის #01/10 წერილით პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში მოთხოვნილი ცვლილებების 05.05.2020 წლის # 172 ხელშეკრულების 18.2 მუხლით დადგენილი წესით დაუყონებლივ განხორციელება; 3. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპე „კ“-ს სასარებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურების 246729, 29 ლარის გადახდა (იხ. ტ.1.ს.ფ.303).

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მიმწოდებელს №1 შეთანხმების აქტით სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა ჯერ 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. N2 შეთანხმების აქტით სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით; ხოლო 2021 წლის სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.საბოლოოდ, მოსარჩელეს სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2021 წლის 10 ოქტომბერი. აღნიშნულ დროში სამუშაოები ვერ დასრულდა. რის გამოც, მოსარჩელე 2021 წლის 10 ოქტომბრიდან ევემდებარება საჯარიმო სანქციებს. მოპასუხემ მიუთითა, რომ შესრულებულია 637168,86 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ შესრულებულა დაახლოებით 827336,10 ლარის სამუშაოები. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს გადაურიცხა შესრულებულ სამუშაოების ღირებულება 774,104.06 ლარის ოდენობით მათ შორის, (წინასწარი ავანსის სახით 292 637 ლარი).

13. მიმწოდებელმა 2021 წლის 18 ნოემბერს №01/110 წერილით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დროს ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე გასული იყო და შესაბამისად, ხელშეკრულებაში ვერ განხორციელდებოდა ცვლილება. ამდენად, მოპასუხემ მეორე სასარჩელო მოთხოვნაც დაუსაბუთებლად მიიჩნია.

14. მოპასუხე არ დაეთანხმა მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნებსაც უსაფუძვლობის გამო (იხ. შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე, ტ.2.ს.ფ. 232-238).

15. ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: თავდაპირველი მოსარჩელისათვის 3892598, 47 ლარის, ასევე 41366 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

16. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% (ტ.1 ს.ფ. 20-23). იმავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტ.1 ს.ფ. 22).

17. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2021 წლის 26 ნოემბრის №გ 2336 წერილით დასტურდება, რომ „ობიექტზე სამუშაოების დაწყების დღიდან დღემდე შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები: 2020 წელი - საგზაო სამოსის მოწყობა 437315,76 ლარი. 2021 წელი - საყრდენი კედლების მოწყობა 41227,01 ლარი. 2021 წელი - საგზაო სამოსის მოწყობა 118626,09 ლარი. მოწყობილია 40000 ლარამდე ღირებულების საგზაო სამოსი დაახლოებით 800 მ2-ზე. სულ შესრულებულია 637168,86 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, არ შესრულებულა შემდეგი სახის სამუშაოები: პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე საგზაო სამოსის მოწყობა. მიერთებების მოწყობა 600 მ2. პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე გრუნტის სანიაღვრე არხის მოწყობა. მონოლითური რკინა-ბეტონის ღარი 565 გრძ/მ მოწყობა. 32 გრძ/მ ლითონის ცხაურიანი რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა. პკ 2+85-ზე და პკ 9+35-ზე ფოლადის მილების მოწყობა ბეტონის სათავისებით. საგზაო ნიშნების მოწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. სულ შეუსრულებელია 827336,10 ლარის სამუშაოები.

18. შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2020 წლის 20 იანვრის №გ 78 წერილით დასტურდება, რომ №172 ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების თითოეული პოზიციის გათვალისწინებით ვადაგადაცილებული დღეებია 2710 დღე. 2020 წლის 05 მაისს გაფორმებული №172 ხელშეკრულება არაჯეროვნად - 53%-ითაა შესრულებული.

19. შპს „კ–ომ“ 2022 წლის 16 თებერვალს წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვენი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. შემსყიდველის მიერ დათვლილი ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2710 დღე, აღემატება ხელშეკრულების დადებიდან დღემდე გასულ დღეთა რაოდენობას (515 დღე). სსკ-ის 398.1 მუხლის მერე წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეს არ შეძლება მოეთხოვოს შეუცვლელი გარემოებების მკაცრად დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს გარანტორისაგან უკვე მიღებული აქვს იმ თანხების ნაწილი, რასაც მოპასუხისაგან ითხოვს, ამასთან, ვადაგადაცილებული დღეები დათვლილია ხელშეკრულების შინაარსისა და მხარეთა შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რაც არამართლზომიერი და უკანონოა. (იხ. ტ.2.ს.ფ. 179-181).

20. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერია) შპს „კ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 228991 ლარისა და 09 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (მერია) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ.ტ.2.ს.ფ. 300-320).

21. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის უარყოფის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტმა (მერია).

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაპირველ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - დაეკისრა შპს „კ–ოს” პირგასამტეხლოს სახით 20 683 ლარის გადახდა ( იხ.ტ.3.ს.ფ.57-79).

23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

24. მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი- ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №172 ხელშეკრულება; წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 464 504,96 ლარს (ს.ფ. 25-34).

25. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% (ტ.1 ს.ფ. 20-23)

26. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტ.1 ს.ფ. 22).

27. №172 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა (ტ.1 ს.ფ. 20).

28. №172 ხელშეკრულების მე-19 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 10 ნოემბრამდე (ტ.1 ს.ფ. 23). ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის (2021 წლის) სამუშაოების შესრულების ვადად №2 შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ტ.1 ს.ფ. 40).

29. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, პროექტსა და არჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შეტანილ იქნა ცვლილება და №1 შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2020 ლის 30 ოქტომბრამდე (ტ.1 ს.ფ. 32-34). უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადების ცვლილებები გამოწვეული იყო გზის სამოსის მოწყობის სამუშაოების თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვული წესით (სპეციალური ბეტონის დამგები მანქანის მშევეობით) განხორციელების შეუძლებლობით, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის ბიურის დასკვნითაც და მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ მონაკვეთებზე სამუშაოების ხელით შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იყო სამუშაოთა შესრულების ვადების გახანგრძლივება, რაც შემსყიდველის მიერ დაკმაყოფილდა კიდეც (ტ. 2 ს.ფ. 264)

30. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, ზემოაღნიშნული მიზეზისა და მიწის ჩამოშლის გამო 2020 წლის სამუშაოების (პირველი ეტაპის) შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, 2021 წლის (მეორე ეტაპის) სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია - 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხაც დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 464 427,01 ლარით (ტ.2 ს.ფ. 47, 62).

31. დადგენილია, რომ 2021 წლის 20 აპრილს მიმწოდებელმა შემსყიდველს №01/33 წერილით აცნობა, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობის, 1500მ2 მექანიზმის ნაცვლად ბეტონის ხელის დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელება; აღნიშნულის განსახორციელებლად მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს წარდგენილ იქნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ. 1, ს.ფ. 67-69).

32. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 ივლისის წერილით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი შპს ბ.გ–თან შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ტ.1 ს.ფ. 91) კორექტირებისთვის გაეგზავნა შპს ს.მ.ჯ–ს, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბრის წერილით, დაეთანხმა პროექტის ტექნიკური ნაწილის კორექტირების საჭიროებას წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 88-89).

33. დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის N5 შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის 7 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად (ტ.1 ს.ფ. 93), (2021 წლის გეგმა-გრაფიკი). ხელშეკრულების ღირებულება და სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები, 2021 წლის კალენდარული გეგმა-გრაფიკის თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე (2021 წლის 30 ოქტომბრამდე) (ტ.1. ს.ფ. 77).

34. დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის 53%.

35. დადგენილია, რომ შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: 2020 წელს - საგზაო სამოსის მოწყობა 437315,76 ლარი. 2021 წელი - საყრდენი კედლების მოწყობა 41227,01 ლარი. 2021 წელს - საგზაო სამოსის მოწყობა 118626,09 ლარი. მოწყობილია საგზაო სამოსი დაახლოებით 800 მ2-ზე 40000 ლარამდე ღირებულების. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 637168,86 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 105).

36. ხელშეკრულებით გათვალისწინებული - მიმწოდებლის მიერ შეუსრულებული შუალედური სამუშაოების ჩაბარება ხორციელდებოდა ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით - მიღება-ჩაბარების აქტების შედგენით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N172 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ შუალედურად შესრულებული (2020 წლის 17 ოქტომბრიდან 06 ნოემბრის ჩათვლით) და მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლის შუალედური ღირებულება შეადგენს 103 677.95 ლარს (ტ.2, ს.ფ. 91). ასევე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულ იქნა 2 დეკემბერს. 2020 წლის 06 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 108 364.26 ლარი (ტ.2, ს.ფ.100). 2020 წლის 11 დეკემბერს 2020 წლის 02 ივნისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 228 961.13 ლარი (ტ.2 ს.ფ. 112). 2021 წლის 20 სექტემბერს 2021 წლის 07 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 41 227,01 ლარი (ტ.2 ს.ფ. 122). 2021 წლის 25 ნოემბერს 2021 წლის 28 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფაქტობრივად შესრულებაზე, ღირებულებით 118 371.51 ლარი (ტ.2., ს.ფ.146).

37. უდავოა, რომ 2020 წლის 05 მაისის №172 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე) მოსარჩელისათვის გადარიცხულია 654 907,06 ლარი (ტ.2 ს.ფ. 186-198).

38. უდავოა, რომ ხელშეკრულებაზე დართული გეგმა- გრაფიკის მიხედვით არ შესრულებულა შემდეგი სახის სამუშაოები: პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე საგზაო სამოსის მოწყობა. მიერთებების მოწყობა 600 მ2 პკ 0+00-დან პკ 33+50- მდე გრუნტის სანიაღვრე არხის მოწყობა. მონოლითური რკინა ბეტონის ღარი 565 გრძ/მ მოწყობა. 32 გრძ/მ ლითონის ცხაურიანი რკინა ბეტონის კიუვეტის მოწყობა. პკ 2+85-ზე და პკ 9+35-ზე ფოლადის მილების მოწყობა ბეტონის სათავისებით. საგზაო ნიშნების მოწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 827336,10 ლარს შეადგენს (ტ. 1, ს.ფ. 105).

39. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს ამოიწურა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 10 ნოემბრამდე, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის შეუძლებლობისა და შესაბამისად დამატებითი ვადების განსაზღვრის მოთხოვნით.

40. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2021 წლის 18 ნოემბერს - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (10.11.2021წ.) მიმართა წერილით, სადაც მიუთითა, რომ პროექტში გამოვლინდა კიდევ ერთი ცვლილების აუცილებლობა. კერძოდ, შეუძლებელი იყო პროექტით გათვალისწინებული ბეტონის საფარის მოწყობა ბეტონის სპეციალური დამგები მექანიზმით (შ.პ.ს. ,,ბ–ის“ წერილი), რის გამოც, მითითებულ მონაკვეთზე საჭირო იყო ხელით მოწყობითი სამუშაოების წარმოება. კომპანიამ მიმართა პროექტის ავტორებს პროექტის კორექტირების მოთხოვნით (ტ.1 ს.ფ. 94-95).

41. დადგენილია, რომ 2021 წლის 24 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა შპს ბ.გ–ის დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით (შპს ,,კ–ოს“ 2021 წლის 18 ნოემბრის წერილის საფუძველზე) (ტ.1 ს.ფ. 101).

42. დადგენილია, რომ იმავე დღეს - 2021 წლის 24 ნოემბერს, ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დავით სარალიძის მოხსენებითი ბარათით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ შპს „კ–ო“-სთან 2020 წლის 5 მაისს გაფორმებული №172 ხელშეკრულების შესაბამისად, მიმდინარეობს მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები.

43. სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2021 წლის 10 ოქტომბერი. აღნიშნულ დროში სამუშაოები ვერ დასრულდა. შპს „კ–ო“ 2021 წლის 10 ოქტომბრიდან ექვემდებარება საჯარიმო სანქციებს (ტ.1, ს.ფ. 102).

44. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სადაზღვევო კომპანიის მიერ შპს „კ–ო“-სათვის გაცემული №BG/PB-7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში, სს „ს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს შ.პ.ს კ–ოს მიერ 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება N172-ის შესრულებაზე თანხით 73226 ლარი. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სს „ს.კ.ა–ი“-ს მიერ შპს „კ–ო“-სათვის №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში სს„ს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს შ.პ.ს კ–ოს მიერ 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება N172-ის შესრულებაზე თანხით 205422,25 ლარი.

45. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა №BG/PB- 7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში 73226 ლარის გადახდა. ხოლო №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში, შემსყიდველმა - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა ავანსად გაცემული შეუსრულებელი თანხის 173503,29 ლარის გადახდა (ტ.1 ს.ფ. 109-110, ს.ფ. 112-117).

46. ბენეფიციარის (შემსყიდველის) მიერ თანხის გადარიცხვის მოთხოვნა 2021 წლის 29 დეკემბერს დაკმაყოფილდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჩაერიცხა საგარანტიო თანხები: 73226 ლარისა და 173503,29 ლარის (ჯამში 246729,29 ლარის) ოდენობით (ტ.2 ს.ფ. 222-223), გადარიცხული საგარანტიო თანხები გარანტორის (შპს კ–ოს მიერ) 2021 წლის 30 დეკემბერს დაიფარა (ტ.2 ს.ფ. 199-200).

47. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოწესრიგების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327, 394, 400, 417, 418, 420, 879, 880 მუხლებით და აღნიშნა, რომ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, რომლის მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს დასრულდა, შეუსრულებელი იყო სამუშაოების 53% -ით (ეს ფაქტობრივი გარემოება უდავოა, მასზე მხარეები არ დაობენ). ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე. ამასთან, მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის თაობაზე.

48. უარყოფილი იქნა მოსარჩელის (მიმწოდებლის) პოზიცია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით და რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო შემსყიდველის ქმედების შედეგად, კერძოდ, იმით, რომ 2021 წლის 27 აპრილის მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს გასცა პასუხი შემსყიდველმა (მერიამ) და რომ მხოლოდ 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისი 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით (თითქმის 5 თვიანი პასუხის დაყოვნებამ მერიისაგან და შესაბამისი კორექტირებული პროექტის არ არსებობამ სამუშაოების შეფერხება გამოიწვია).

49. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ (შემსყიდველმა) უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და უსაფუძვლოდ აამოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სადაზღვვევო კომპანიის მეშვეობით ბენეფიციარმა გარანტორისგან უსაფუძვლოდ მიიღო საბანკი გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან 246729,29 ლარი. აღნიშნული პოზიცია მოსარჩელემ იმ ფაქტორივ გარემოებას დააფუძნა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ცვლილების მოთხოვნით 2021 წლის აპრილში მიმართა, თუმცა მითითებულ წერილზე რეაგირება შემსყიდველმა (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა) 5 თვის შემდეგ 2021 წლის 24 ნოემბერს, მოახდინა, როცა შპს ,,ბ.გ–ის“ დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად (ანუ იმის მიუხედავად, რომ მიმწოდებლის თხოვნაზე პასუხი თავად დააყოვნა თითქმის 5 თვით) შემსყიდველმა ხელშეკრულება 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ შეწყვეტილად მიიჩნია, უსაფუძვლოდ მოითხოვა და მიიღო საგარანტიო თანხა, ასევე, უსაფუძვლოდ ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას.

50. მოსარჩელის ზემოთმითითებული პოზიცია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, კერძოდ, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება, რომ აპრილის წერილზე პასუხის გაცემის დაგვიანების გამო, ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მიმწოდებელს გააჩნდა მოლოდინი იმისა, რომ სამუშაოთა მიწოდების ვადა (რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა) გაგრძელებული იყო, ამის საფუძველს შემსყიდველის 24.11.21 წლის წერილი იძლევა. რომლითაც მიმწოდებლის 18.11.2021 წლის წერილზე რეაგირების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს ბ.გ–ის დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით.

51. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მერის 24.11.2021 წლის წერილი, რომლითაც მან შპს „ბ.გ–ს“ მიმართა გავლენას ვერ მოახდენს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეთანხმებული ვადა სწორედ 2021 წლის 30 ოქტომბერს დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი - 2021 წლის 10 ნოემბერს. დაუშვებელია მერის აღნიშნული წერილის მიჩნევა (რომლითაც მან არა ხელშეკრულების მხარეს, არამედ მის მიერვე დაქირავებულ საპროექტო ორგანიზაციას მიმართა) სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ კონკლუდენტურ მოქმედებად იქნას მიჩნეული, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხერლშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით და მხოლოდ ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1 ს.ფ. 23).

52. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2021 წლის 10 ნოემბრისთვის შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 53%. დარჩენილი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზებისა და ბრალის დადგენა - შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი შეთანხმება ადასტურებს, რომ შემსყიდველი კონსტრუქციულად განიხილავდა მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ყოველ ცვლილებას, რაც ყოველ ჯერზე მხარეთა შეთანხმებებით მთავრდებოდა. მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (10.11.2021წ.) მიემართა შემსყიდველისთვის, კიდევ ერთხელ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუკი დაადგენდა, რომ ბოლო შეთნხმებით (№5 შეთანხმება და 2021 წლის გეგმა-გრაფიკი) განსაზღვრული ვადა (30.10.2021წ.) არასაკმარისი იყო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისთვის. თუმცა მან პროექტის კორექტირების აუცილელობის შესახებ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 2021 წლის 18 ნოემბერს მიმართა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების დასრულების დროისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა მოცულობის 53 % (ნახევარზე ოდნავ მეტი), რაც გამორიცხავს მოსარჩელის მტკიცების საფუძვლიანობას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება (სამუშაოთა შესრულების საერთო ვადის დარღვევა) გამოწველი იყო არა მიმწოდებლის არამედ, შემსყიდველის ქმედების (უმოქმედობის) შედეგად. კერძოდ, იმ ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 27 აპრილიდან მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით შესაბამისი კორექტირებული პროექტის არარსებობის გამო, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მართალია, აპრილის წერილზე პასუხი დაგვიანებით იქნა გაცემული, თუმცა ვადის გაგრძელების შეთანხმებაზე ხელის მოწერისას 9 სექტემბერს რასაკვირველია მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული ამ ბოლო შეთანხმებით გათვალისწინებულზე (9.09.2021წ), მეტი ვადა მოეთხოვა, ვიდრე ეს შეთანხმებული 2021 წლის გეგმა-გრაფიკით იყო გათვალისწინებული (30.10.2021წ), მით უფრო იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ყოველ ჯერზე, მომწოდებლის მიერ ვადის გაგრძელებას შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევდა და აკმაყოფილებდა. მართალია მიმწოდებლის მიერ აპრილში განხორციელებულ მოთხოვნაზე (ვადის გაგრძელებისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით) შემსყიდველმა, ანუ (მერიამ) მხოლოდ 9 სექტემბერს უპასუხა, (რა დროსაც გაფორმდა კიდეც მხარეთა შორის შეთანხმება ვადის 30 ოქტომბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით) მაგრამ უდავოა, რომ ამ შეთანხმების დადების დროს მიმწოდებელს შეეძლო დაეფიქსირებინა თავის მოთხოვნა ვადის არა 30 ოქტომბრამდე, არამედ მეტი ვადით გადაწევაზე, რაც მის მიერ არ გაჟღერებულა. ეს კი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა მართალია წერილზე პასუხი დააგვიანა, თუმცა წერილზე პასუხის გაცემისას, 9 სექტემბერს, გაითვალისწინა ის ოპტიმალური ვადა რაც ხელშეკრულებითა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების დასამთავრებლად იყო საჭირო. რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მერიას სთხოვდა სამუშაოთა დასრულებისათვის მეტ ვადას ვიდრე ეს 30 ოქტომბერი იყო, საქმის მასალებში არათუ არ მოიპოვება, ამ ფაქტზე მითითებაც კი არ გაჟღერებულა მოსარჩელის მხრიდან.

53. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული ცვლილებებით განსაზღვრული ვადის გასვლით, არაჯეროვანი შერსრულებით დასრულდა (შეწყდა) და არა შემსყიდველის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად (ვინაიდან მიმწოდებელს სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მორიგი მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსწყიდველისთვის არ მიუმართავს).

54. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადის გასვლით მართლზომიერად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 05.05.2020 წლის №172 ხელშეკრულება, რომლის არაჯეროვან შესრულებაზე მხარეები არ დავობენ (შესრულებულია სამუშაოთა მხოლოდ 53%).

55. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სადაზღვევო კომპანიისგან გამოეთხოვა გარანტია და შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ, ნაწილობრივ საფუძვლიანია.

56. შეგებებული სარჩელით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის იმ ნაწილის საფუძვლიანობის შემოწმებისას, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 13.2 მუხლითაა გათვალისწინებული (გეგმა-გრაფიკის შესაბამისი ყველა ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებული დღეებისთვის, გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენლი წერილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2021 წლის 20 და 27 აპრილს, №01/33 წერილით წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 67-69), შეთანხმების, მხოლოდ სექტემბრის თვეში მიღწევით (ტ.1 ს.ფ. 67-93), შეფერხდა ცვლილებას დაქვემდებარებული (მოთხოვნილი) სამუშაოების შესრულება, რამაც, გეგმა-გრაფიკით ჩაშლილი დღეების ვადაგადაცილებები გამოიწვია (27.04.2021წ. ცვლილების მოთხოვნა 9.09.2021 წელს დაკმაყოფილდა). შემსყიდველის წარმომადგენლის განმარტებებით, საკითხის გადაწყვეტა პროექტთა კორექტირებისთვის შემსყიდველის მიერ დაქირავებული სხვა იურიდიული პირის მიერ სამუშაოს შესრულებაზე (კორექტირებული პროექტის შედგენაზე) იყო დამოკიდებული. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გეგმა- გრაფიკით განსაზღვრული ვადების გადაცილებები, იმ სამუშაოებზე, რომლებიც ცვლილებას დაქვემდებარებული პროექტით უნდა განხორციელებულიყო, მიმწოდებულის იმ ხარისხის ბრალეულეობამ გამოიწვია, რაც მისთვის 2710 დღის გადაცილებისთვის, დღიურად 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, ამ ვადების გადაცილებებისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა პალატის აზრით არამართლზომიერად იქნა მიჩნეული.

57. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო ვადის 2021 წლის ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივებაზე შეთანხმებით (№5 შეთანხმება), შემსყიდველმა ფაქტობრივად მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული პირობები დააკამყოფილა, რომლის შედეგი ლოგიკურად - ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება უნდა ყოფილიყო, თუმცა ვადის ამოწურვის მომენტისათვის, ხელშეკრულებით გათავლისწინებული სამუსაოები მხოლოდ 53 %-ით შესრულდა და ვადის გასვლამდე რაიმე ახალ პირობაზე შესათანხმებლად მიმწოდებელს შემსყიდველისათვის არ მიუმართავს. სწორედ ამ გარემოების გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებეული სარჩელი, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა (47%), უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მიმწოდებელს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ის ოდენობით პირგასამტეხლო.

58. სააპელაციო სასამართომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა.

59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115-ე მუხლით გათალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 5%, სააპელაციო პალატის შეფასებით, შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება 2,5% მდე. აქედან გამომდინარე, შეგებეული სარჩელის მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეუსრულებელი სამუსაოს ღირებულების - 827336, 10 ლარის 2,5 %, რაც 20683 ლარს შეადგენს.

60. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, თუმცა არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა მათ, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უნდა იქნეს მიღებული ახალი გადაწყვეტილება. შპს „კ–ოს” სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხების დაკისრების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელიუნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „კ–ოს”,სსიპ თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 20683 ლარი. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

61. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

62. კასატორი აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა კალენდარული გეგემა-გრაფიკის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 3 968 605.3 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის და ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულებისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ის თანხის 41366 ლარის გადახდის დაკისრება. ამ მოთხოვნებიდან, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მხოლოდ 20683 ლარი დააკისრა. შესაბამისად, კასატორი მოითხოვს, რომ მოპასუხეს სრულად დაეკისროს პირაგსამტეხლო ორივე საფუძვლიდან, როგორც კალენდარული გეგემა-გრაფიკის 2710 დღის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო/ჯარიმა - 3 968 605.3 ლარი, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დამატებით 20 683 ლარი.

63. კასატორი მიუთითებს შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2022 წლის 20 იანვრის Nგ78 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რონ №172 ხელშეკრულებაზე დართული გეგმა გრაფიკის მიხედვით სამუშაოების თითოეული პოზიციის გათვალისწინებით ვადაგადაცილებული დღეებია 2710 დღე.

64. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% ანუ, მოპასუხემ შეუსრულებელი სამუშაოს 863825.15 ლარის 5% - 43191.26 ლარი, დაუყოვნებლივ უნდა გადაეხადა.

65. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტ.1 ს.ფ. 22).

66. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 417-ე, 418-ე 394-ე მუხლებზე და მოითხოვს, რომ საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისროს პირაგსამტეხლო ორივე საფუძვლიდან, როგორც კალენდარული გეგემა-გრაფიკის 2710 დღის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 3 968 605.3 ლარი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულებისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% - 41366 ლარიდან, დამატებით 20368 ლარი (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.3.ს.ფ.92-98).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

67. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

68. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო.

69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

70. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

72. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

73. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

74. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

75. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, სსკ-ის 629-1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), მუხლებიდან გამომდინარეობს.

76. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

77. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

78. განსახილველ საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №172 ხელშეკრულება გაფორმდა.

79. ამ განჩინების პპ:24-35-ში დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 10 ნოემბრამდე (ტ.1 ს.ფ. 23). ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის (2021 წლის) სამუშაოების შესრულების ვადად №2 შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ტ.1 ს.ფ. 40).

80. 5.05.2020წლის ხელშეკრულებაში, პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შეტანილ იქნა ცვლილება და №1 შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2020 ლის 30 ოქტომბრამდე (ტ.1 ს.ფ. 32-34).

81. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადების ცვლილებები გამოწვეული იყო გზის სამოსის მოწყობის სამუშაოების თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვული წესით (სპეციალური ბეტონის დამგები მანქანის მშევეობით) განხორციელების შეუძლებლობით, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის ბიურის დასკვნითაც და მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ მონაკვეთებზე სამუშაოების ხელით შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იყო სამუშაოთა შესრულების ვადების გახანგრძლივება, რაც შემსყიდველის მიერ დაკმაყოფილდა კიდეც (ტ. 2 ს.ფ. 264)

82. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, ზემოაღნიშნული მიზეზისა და მიწის ჩამოშლის გამო 2020 წლის სამუშაოების (პირველი ეტაპის) შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, 2021 წლის (მეორე ეტაპის) სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია - 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხაც დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 464 427,01 ლარით (ტ.2 ს.ფ. 47, 62).

83. დადგენილია, რომ 2021 წლის 20 აპრილს მიმწოდებელმა შემსყიდველს №01/33 წერილით აცნობა, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობის, 1500მ2 მექანიზმის ნაცვლად ბეტონის ხელის დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელება; აღნიშნულის განსახორციელებლად მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს წარდგენილ იქნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ. 1, ს.ფ. 67-69).

84. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 ივლისის წერილით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი შპს ბ.გ–თან შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ტ.1 ს.ფ. 91) კორექტირებისთვის გაეგზავნა შპს ს.მ.ჯ–ს, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბრის წერილით, დაეთანხმა პროექტის ტექნიკური ნაწილის კორექტირების საჭიროებას წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 88-89).

85. დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის N5 შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის 7 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად (ტ.1 ს.ფ. 93), (2021 წლის გეგმა-გრაფიკი). ხელშეკრულების ღირებულება და სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები, 2021 წლის კალენდარული გეგმა-გრაფიკის თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე (2021 წლის 30 ოქტომბრამდე) (ტ.1. ს.ფ. 77).

86. დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის 53%.

87. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს ამოიწურა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 10 ნოემბრამდე, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის შეუძლებლობისა და შესაბამისად დამატებითი ვადების განსაზღვრის მოთხოვნით.

88. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02 მარტი, 2019წ.). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ზ.ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბ., 2016წ. გვ.288).

89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

90. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს ამ განჩინების პპ: 50-52 დადგენილია, 2021 წლის 10 ნოემბრისთვის შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 53%.

92. რაც შეეხება დარჩენილი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზებსა და თავდაპირველი მოსარჩელის ბრალს, საქმეში წარმოდგენილი არაერთი შეთანხმება ადასტურებს, რომ შემსყიდველი კონსტრუქციულად განიხილავდა მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ყოველ ცვლილებას, რაც ყოველ ჯერზე მხარეთა შეთანხმებებით მთავრდებოდა.

93. შესაბამისად, თავდაპირველი მოსარჩელე არ იყო შეზღუდული, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (10.11.2021წ.) მიემართა შემსყიდველისთვის, კიდევ ერთხელ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუკი დაადგენდა, რომ ბოლო შეთნხმებით (№5 შეთანხმება და 2021 წლის გეგმა-გრაფიკი) განსაზღვრული ვადა (30.10.2021წ.) არასაკმარისი იყო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისთვის. თუმცა მან პროექტის კორექტირების აუცილელობის შესახებ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ - 2021 წლის 18 ნოემბერს მიმართა.

94. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ 2021 წლის 27 აპრილიდან მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით შესაბამისი კორექტირებული პროექტის არარსებობის გამო, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, აპრილის წერილზე პასუხი დაგვიანებით იქნა გაცემული, თუმცა ვადის გაგრძელების შეთანხმებაზე ხელის მოწერისას 9 სექტემბერს რასაკვირველია მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული ამ ბოლო შეთანხმებით გათვალისწინებულზე (9.09.2021წ), მეტი ვადა მოეთხოვა, ვიდრე ეს შეთანხმებული 2021 წლის გეგმა-გრაფიკით იყო გათვალისწინებული (30.10.2021წ), მით უფრო, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ყოველ ჯერზე, მომწოდებლის მიერ ვადის გაგრძელებას შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევდა და აკმაყოფილებდა. მართალია მიმწოდებლის მიერ აპრილში განხორციელებულ მოთხოვნაზე (ვადის გაგრძელებისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით) შემსყიდველმა, ანუ (მერიამ) მხოლოდ 9 სექტემბერს უპასუხა, (რა დროსაც გაფორმდა კიდეც მხარეთა შორის შეთანხმება ვადის 30 ოქტომბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით) მაგრამ უდავოა, რომ ამ შეთანხმების დადების დროს მიმწოდებელს შეეძლო დაეფიქსირებინა თავის მოთხოვნა ვადის არა 30 ოქტომბრამდე, არამედ მეტი ვადით გადაწევაზე, რაც მის მიერ არ გაჟღერებულა. ეს კი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა მართალია წერილზე პასუხი დააგვიანა, თუმცა წერილზე პასუხის გაცემისას, 9 სექტემბერს, გაითვალისწინა ის ოპტიმალური ვადა რაც ხელშეკრულებითა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების დასამთავრებლად იყო საჭირო. რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველი მოსარჩელე მერიას სთხოვდა სამუშაოთა დასრულებისათვის მეტ ვადას ვიდრე ეს 30 ოქტომბერი იყო, საქმის მასალებში არათუ არ მოიპოვება, ამ ფაქტზე მითითებაც კი არ გაჟღერებულა თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან.

95. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ვინაიდან მიმწოდებელს სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მორიგი მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველისთვის აღარ მიუმართავს, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული ცვლილებებით განსაზღვრული ვადის გასვლით, არაჯეროვანი შესრულებით დასრულდა (შეწყდა) და არა შემსყიდველის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად.

96. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილების დასაბუთებას პირგასამტეხლოს არასრულად დაკისრების ნაწილში და მოითხოვს, რომ შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისროს პირაგსამტეხლო როგორც კალენდარული გეგემა-გრაფიკის 2710 დღის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 3 968 605.3 ლარი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულებისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% - 41366 ლარიდან, დამატებით 20368 ლარი (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.3.ს.ფ.92-98).

97. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:

98. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

99. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

100. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

101. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

102. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წელი).

103. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

104. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

105. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

106. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

107. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტისთვის, მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის 53%.

108. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, თავის მხრივ წარმოშობდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობასაც, კერძოდ, დადგენილია, რომ №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% (ტ.1 ს.ფ. 20-23).

109. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

110. საკასაციო პალატა კასატორის პრეეტნზიის ფარგლებში მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

111. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

112. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

113. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).

114. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

115. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

116. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

117. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წელი).

118. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.).

119. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

120. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ. დამატებით: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე შდრ: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021 წელი).

121. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).

122. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

123. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

124. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

125. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.

126. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

127. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103). მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ.: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118). შეზღუდვის ფუნქცია მოქმედებს ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაშიც, კერძოდ, როდესაც მხარე მოქმედებს საკუთარი ადრინდელი ქცევის საწინააღმდეგოდ (მაგალითად, კრედიტორს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, თუ მან მანამდე მოვალეს შეუქმნა ნდობა, რომ იგი ვადის გადაცილებას ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს არ დაუკავშირებდა) (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.118). რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).

128. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5%-იანი პროცენტული მაჩვენებლების ჯამით (ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი) კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს მიზნებს სცდება და მოვალის მიმართ გადაჭარბებული სანქციის დაწესებას გამოიწვევს, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 5%, შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება ორჯერ - 2,5% მდე. აქედან გამომდინარე, შეგებეული სარჩელის მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების - 827336, 10 ლარის 2,5 %-ი, რაც 20683 ლარს შეადგენს.

129. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის იმ ნაწილის საფუძვლიანობის შემოწმებისას, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 13.2 მუხლითაა გათვალისწინებული (გეგმა-გრაფიკის შესაბამისი ყველა ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებული დღეებისთვის, გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენლი წერილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2021 წლის 20 და 27 აპრილს, №01/33 წერილით წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 67-69), შეთანხმების, მხოლოდ სექტემბრის თვეში მიღწევით (ტ.1 ს.ფ. 67-93), შეფერხდა ცვლილებას დაქვემდებარებული (მოთხოვნილი) სამუშაოების შესრულება, რამაც, გეგმა-გრაფიკით ჩაშლილი დღეების ვადაგადაცილებები გამოიწვია (27.04.2021წ. ცვლილების მოთხოვნა 9.09.2021 წელს დაკმაყოფილდა). შემსყიდველის წარმომადგენლის განმარტებებით, საკითხის გადაწყვეტა პროექტთა კორექტირებისთვის შემსყიდველის მიერ დაქირავებული სხვა იურიდიული პირის მიერ სამუშაოს შესრულებაზე (კორექტირებული პროექტის შედგენაზე) იყო დამოკიდებული. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გეგმა - გრაფიკით განსაზღვრული ვადების გადაცილებები იმ სამუშაოებზე, რომლებიც ცვლილებას დაქვემდებარებული პროექტით უნდა განხორციელებულიყო, მიმწოდებულის იმ ხარისხის ბრალეულეობამ გამოიწვია, რაც მისთვის 2710 დღის გადაცილებისთვის, დღიურად 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს შექმნიდა.

130. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და ამის საწინააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ ამ ვადების გადაცილებებისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა არამართლზომიერია.

131. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

132. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

133. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

134. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

135. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე