Facebook Twitter

საქმე №ას-1164-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ–ო“

მოწინააღმდეგე მხარე – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ–ო“-მ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: 1.1. დადგენილ იქნეს: პირგასამტეხლოს, საგარანტიო თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის უფლების არარსებობა (მოსარჩელისთვის 05.05.20წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე). 1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ 2021 წლის 18 ნოემბრის №01/110 წერილით პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში მოთხოვნილი ცვლილებების 05.05.20 წ. №172 ხელშეკრულების 18.2. მუხლით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ განხორციელება; 1.3. მოპასუხეს დაეკისროს შესრულებული და დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 159.598, 52 ლარის გადახდა; 1.4. მოპასუხეს დაეკისროს გარანტორისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურების 246729,29 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.2.ს.ფ.209-212).

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო, მეორე ეტაპი 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. გზის რელიეფისა და გაბარიტიდან გამომდინარე, ბეტონის საფარის სპეციალური მანქანით მოწყობის შეუძლებლობის გამო, მხარეები შეთანხმდნენ რომ საფარის მოწყობა განხორციელებულიყო ხელით, ამის შესაბამისად, ხელშეკრულებაში, პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შევიდა ცვლილება.

3. 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, საფარის მოწყობის მანქანით განხორციელების შეუძლებლობისა და სამშენებლო პროცესის დროს მიწის ჩამოშლის გამო პირველი ეტაპის შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე.

4. 2020 წლის 25 ნოემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც შემსყიდველს ჩაბარდა 2020 წელს შესრულებული სამუშაოები.

5. მეორე ეტაპის განხორციელებისას 2021 წლის აპრილში, სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობა, ასევე ღია ტიპის არხის მოწყობა და საყრდენი კედლის არმირების გაძლიერება, ამ მიზეზებით, ასევე ბეტონის ხელით დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელების საჭიროების გამო მიმწოდებელმა 2021 წლის 27 აპრილს წარადგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ნახაზი და დაურთო ცვლილების შესახებ მიმწოდებლის მოთხოვნას.

6. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს დაეთანხმა მოპასუხე,ზედამხედველობის განმახორციელებელი შპს „ს.ი.ჯ–ი“, პროექტის ავტორი შპს „ბ.გ–ი“ და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახური, რის საფუძველზეც 2021 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა შესაბამისი №5 ცვლილება; ამავე დოკუმენტით პროექტის ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2021 წლის 30 ოქტომბრით.

7. მოსაწყობი გზის რელიეფიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, ისევე როგორც წინა ეტაპებზე, შეუძლებელი აღმოჩნდა საგზაო სამოსის (ბეტონის საფარის) მოწყობა ბეტონის სპეციალური დამგები მექანიზმით, რის გამოც მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა მოთხოვნილ შესაბამისი ცვლილების განხორციელება (აღნიშნული მოთხოვნილ იქნა 20.04.21წ. №01/33 წერილით და არ იქნა გათვალისწინებული №5 ცვლილებით), მანქანის ნაცვლად ბეტონის საფარის ხელით მოწყობის ჩანაცვლება; მოპასუხის დავალებით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.

8. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დაკმაყოფილების ნაცვლად მოპასუხემ მიმართა შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის „შავ სიაში რეგისტრაციის შეტანის მოთხოვნით და გარანტს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის 73226.00 ლარისა და 173503.29 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით- რაც გარანტორის მიერ შესრულდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხეს წარმოეშობოდა მხოლოდ მოსარჩელისა და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მონაწილეობით აქტის შედგენის შემდგომ (05.05.20 წ. ხელშეკრულების 11.7 მუხლი), ისიც მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით (05.05.20წ. ხელშეკრულების 4.4. მუხლი), მათ შემთხვევაში არც აქტი შედგენილა და შემსყიდველ ორგანოს არც რაიმე სახის ზიანი მიყენებია.

9. 2021 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შუალედური მიღებ-ჩაბარების აქტი 41.227,01 ლარის ოდენობის თანხაზე; 2021 წლის 01 ნოემბერს მოპასუხეს წარედგინა შესრულებულ სამუშაოთა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 66555,58 ლარის ოდენობის თანხაზე. 2021 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 118.371,51 ლარის ოდენობის თანხაზე;

10. მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია არც ჩაბარებული და არც წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება. პროექტის/ხარჯთაღრიცხვის/ვადის ცვლილების შესახებ მოსარჩელის ყველა მოთხოვნა განპირობებული იყო მისი ბრალის მიღმა არსებული და მისი ნებისგან დამოუკიდებელი მხოლოდ უცნობი, სამუშაოს პერიოდში ახლად გამოვლენილი და სხვაგვარად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გარემოებებით, რაც დასტურდება მოპასუხის და შესაბამისი პირების მიერ გაცემული დოკუმენტაციით; პროექტის ცვლილების განხორციელებამდე შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება (05.05.20წ. ხელშეკრულების მე-8 მუხლი), რაც გამორიცხავდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულებას. ამასთან, პროექტის/ხარჯთაღრიცხვის დადასტურებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ხშირ შემთხვევაში დროში იწელებოდა, მაშინ როცა მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გაგზავნილი ყველა წერილით მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამუშაოების ვადის გახანგრძლივების შესახებ.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: 1. დადგენილი იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „კ–ო“-სათვის 05.05.2020 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, საგარანტიო თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის უფლების არარსებობა; 2. დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტს მოსარჩელის მიერ 2021 წლის 18 ნოემბრის #01/10 წერილით პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში მოთხოვნილი ცვლილებების 05.05.2020 წლის # 172 ხელშეკრულების 18.2 მუხლით დადგენილი წესით დაუყონებლივ განხორციელება; 3. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპს „კ–ო“-ს სასარებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურების 246729, 29 ლარის გადახდა (იხ. ტ.1.ს.ფ.303).

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მიმწოდებელს №1 შეთანხმების აქტით სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა ჯერ 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. N2 შეთანხმების აქტით სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით; ხოლო 2021 წლის სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.საბოლოოდ, მოსარჩელეს სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2021 წლის 10 ოქტომბერი. აღნიშნულ დროში სამუშაოები ვერ დასრულდა. რის გამოც, მოსარჩელე 2021 წლის 10 ოქტომბრიდან ექვემდებარება საჯარიმო სანქციებს. მოპასუხემ მიუთითა, რომ შესრულებულია 637168,86 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ შესრულებულა დაახლოებით 827336,10 ლარის სამუშაოები. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს გადაურიცხა შესრულებულ სამუშაოების ღირებულება 774,104.06 ლარის ოდენობით მათ შორის, (წინასწარი ავანსის სახით 292 637 ლარი).

13. მიმწოდებელმა 2021 წლის 18 ნოემბერს №01/110 წერილით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დროს ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე გასული იყო და შესაბამისად, ხელშეკრულებაში ვერ განხორციელდებოდა ცვლილება. ამდენად, მოპასუხემ მეორე სასარჩელო მოთხოვნაც დაუსაბუთებლად მიიჩნია.

14. მოპასუხე არ დაეთანხმა მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნებსაც უსაფუძვლობის გამო. ( იხ. შესაგებელი დაზუსტებულ სარცელზე, ტ.2.ს.ფ. 232-238).

15. ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: თავდაპირველი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს - 3892598,47 ლარის გადახდის დაკისრება სახელმწიფო შესყიდვის №172 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის/სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების, გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის.

16. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ შპს „ს.ი.ჯ–ის“ 2021 წლის 26 ნოემბრის №გ 2336 წერილით დასტურდება, რომ „ობიექტზე სამუშაოების დაწყების დღიდან დღემდე შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები: 2020 წელი - საგზაო სამოსის მოწყობა 437315,76 ლარი. 2021 წელი - საყრდენი კედლების მოწყობა 41227,01 ლარი. 2021 წელი - საგზაო სამოსის მოწყობა 118626,09 ლარი. მოწყობილია 40000 ლარამდე ღირებულების საგზაო სამოსი დაახლოებით 800 მ2-ზე. სულ შესრულებულია 637168,86 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, არ შესრულებულა შემდეგი სახის სამუშაოები: პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე საგზაო სამოსის მოწყობა. მიერთებების მოწყობა 600 მ2. პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე გრუნტის სანიაღვრე არხის მოწყობა. მონოლითური რკინა-ბეტონის ღარი 565 გრძ/მ მოწყობა. 32 გრძ/მ ლითონის ცხაურიანი რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა. პკ 2+85-ზე და პკ 9+35-ზე ფოლადის მილების მოწყობა ბეტონის სათავისებით. საგზაო ნიშნების მოწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. სულ შეუსრულებელია 827336,10 ლარის სამუშაოები.

17. შპს „ს.ი.ჯ–ის“ 2020 წლის 20 იანვრის №გ 78 წერილით დასტურდება, რომ №172 ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების თითოეული პოზიციის გათვალისწინებით ვადაგადაცილებული დღეებია 2710 დღე. 2020 წლის 05 მაისს გაფორმებული №172 ხელშეკრულება არაჯეროვნად - 53%-ითაა შესრულებული.

18. შპს „კ–ომ“ 2022 წლის 16 თებერვალს წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვენი შესრულების გამო პირგასამტეხლოს (3892598.47 ლარის) დაკისრების თაობაზე არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. შემსყიდველის მიერ დათვლილი ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2710 დღე, აღემატება ხელშეკრულების დადებიდან დღემდე გასულ დღეთა რაოდენობას (515 დღე). სსკ-ის 398.1 მუხლის მერე წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეს არ შეძლება მოეთხოვოს შეუცვლელი გარემოებების მკაცრად დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს გარანტორისაგან უკვე მიღებული აქვს იმ თანხების ნაწილი, რასაც მოპასუხისაგან ითხოვს, ამასთან, ვადაგადაცილებული დღეები დათვლილია ხელშეკრულების შინაარსისა და მხარეთა შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რაც არამართლზომიერი და უკანონოა. (იხ. ტ.2.ს.ფ. 179-181).

19. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერია) შპს „კ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 228991 ლარისა და 09 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (მერია) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ.ტ.2.ს.ფ. 300-320).

20. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის უარყოფის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტმა (მერია).

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაპირველ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - დაეკისრა შპს „კ–ოს” პირგასამტეხლოს სახით 20 683 ლარის გადახდა. ( იხ.ტ.3.ს.ფ.57-79).

22. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

23. მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს გაფორმდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი- ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №172 ხელშეკრულება; წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 464 504,96 ლარს (ს.ფ. 25-34).

24. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% (ტ.1 ს.ფ. 20-23)

25. №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტ.1 ს.ფ. 22).

26. №172 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა (ტ.1 ს.ფ. 20).

27. №172 ხელშეკრულების მე-19 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 10 ნოემბრამდე (ტ.1 ს.ფ. 23). ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის (2021 წლის) სამუშაოების შესრულების ვადად №2 შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ტ.1 ს.ფ. 40).

28. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, პროექტსა და არჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შეტანილ იქნა ცვლილება და №1 შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 30 ოქტომბრამდე (ტ.1 ს.ფ. 32-34). უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადების ცვლილებები გამოწვეული იყო გზის სამოსის მოწყობის სამუშაოების თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვული წესით (სპეციალური ბეტონის დამგები მანქანის მშევეობით) განხორციელების შეუძლებლობით, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის ბიურის დასკვნითაც და მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ მონაკვეთებზე სამუშაოების ხელით შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იყო სამუშაოთა შესრულების ვადების გახანგრძლივება, რაც შემსყიდველის მიერ დაკმაყოფილდა კიდეც (ტ. 2 ს.ფ. 264)

29. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, ზემოაღნიშნული მიზეზისა და მიწის ჩამოშლის გამო 2020 წლის სამუშაოების (პირველი ეტაპის) შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, 2021 წლის (მეორე ეტაპის) სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია - 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხაც დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 464 427,01 ლარით (ტ.2 ს.ფ. 47, 62).

30. დადგენილია, რომ 2021 წლის 20 აპრილს მიმწოდებელმა შემსყიდველს №01/33 წერილით აცნობა, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობის, 1500მ2 მექანიზმის ნაცვლად ბეტონის ხელის დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელება; აღნიშნულის განსახორციელებლად მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს წარდგენილ იქნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ. 1, ს.ფ. 67-69).

31. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 ივლისის წერილით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი შპს ბ.გ–თან შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ტ.1 ს.ფ. 91) კორექტირებისთვის გაეგზავნა შპს ს.ი.ჯ–ს, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბრის წერილით, დაეთანხმა პროექტის ტექნიკური ნაწილის კორექტირების საჭიროებას წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 88-89).

32. დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის N5 შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის 7 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად (ტ.1 ს.ფ. 93), (2021 წლის გეგმა-გრაფიკი). ხელშეკრულების ღირებულება და სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები, 2021 წლის კალენდარული გეგმა-გრაფიკის თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე (2021 წლის 30 ოქტომბრამდე) (ტ.1. ს.ფ. 77).

33. დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის 53%.

34. დადგენილია, რომ შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: 2020 წელს - საგზაო სამოსის მოწყობა 437315,76 ლარი. 2021 წელი - საყრდენი კედლების მოწყობა 41227,01 ლარი. 2021 წელს - საგზაო სამოსის მოწყობა 118626,09 ლარი. მოწყობილია საგზაო სამოსი დაახლოებით 800 მ2-ზე 40000 ლარამდე ღირებულების. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 637168,86 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 105).

35. ხელშეკრულებით გათვალისწინებული - მიმწოდებლის მიერ შეუსრულებული შუალედური სამუშაოების ჩაბარება ხორციელდებოდა ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით - მიღება-ჩაბარების აქტების შედგენით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N172 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ შუალედურად შესრულებული (2020 წლის 17 ოქტომბრიდან 06 ნოემბრის ჩათვლით) და მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლის შუალედური ღირებულება შეადგენს 103 677.95 ლარს (ტ.2, ს.ფ. 91). ასევე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულ იქნა 2 დეკემბერს. 2020 წლის 06 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 108 364.26 ლარი (ტ.2, ს.ფ.100). 2020 წლის 11 დეკემბერს 2020 წლის 02 ივნისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 228 961.13 ლარი (ტ.2 ს.ფ. 112). 2021 წლის 20 სექტემბერს 2021 წლის 07 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით შესრულებაზე, ღირებულებით 41 227,01 ლარი (ტ.2 ს.ფ. 122). 2021 წლის 25 ნოემბერს 2021 წლის 28 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფაქტობრივად შესრულებაზე, ღირებულებით 118 371.51 ლარი (ტ.2., ს.ფ.146).

36. უდავოა, რომ 2020 წლის 05 მაისის №172 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე) მოსარჩელისათვის გადარიცხულია 654 907,06 ლარი (ტ.2 ს.ფ. 186-198).

37. უდავოა, რომ ხელშეკრულებაზე დართული გეგმა- გრაფიკის მიხედვით არ შესრულებულა შემდეგი სახის სამუშაოები: პკ 0+00-დან პკ 33+50-მდე საგზაო სამოსის მოწყობა. მიერთებების მოწყობა 600 მ2 პკ 0+00-დან პკ 33+50- მდე გრუნტის სანიაღვრე არხის მოწყობა. მონოლითური რკინა ბეტონის ღარი 565 გრძ/მ მოწყობა. 32 გრძ/მ ლითონის ცხაურიანი რკინა ბეტონის კიუვეტის მოწყობა. პკ 2+85-ზე და პკ 9+35-ზე ფოლადის მილების მოწყობა ბეტონის სათავისებით. საგზაო ნიშნების მოწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 827336,10 ლარს შეადგენს (ტ. 1, ს.ფ. 105).

38. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს ამოიწურა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 10 ნოემბრამდე, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის შეუძლებლობისა და შესაბამისად დამატებითი ვადების განსაზღვრის მოთხოვნით.

39. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2021 წლის 18 ნოემბერს - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (10.11.2021წ.) მიმართა წერილით, სადაც მიუთითა, რომ პროექტში გამოვლინდა კიდევ ერთი ცვლილების აუცილებლობა. კერძოდ, შეუძლებელი იყო პროექტით გათვალისწინებული ბეტონის საფარის მოწყობა ბეტონის სპეციალური დამგები მექანიზმით (შ.პ.ს. ,,ბ.ი–ის“ წერილი), რის გამოც, მითითებულ მონაკვეთზე საჭირო იყო ხელით მოწყობითი სამუშაოების წარმოება. კომპანიამ მიმართა პროექტის ავტორებს პროექტის კორექტირების მოთხოვნით (ტ.1 ს.ფ. 94-95).

40. დადგენილია, რომ 2021 წლის 24 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა შპს ბ.გ–ის დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით (შპს ,,კ–ოს“ 2021 წლის 18 ნოემბრის წერილის საფუძველზე) (ტ.1 ს.ფ. 101).

41. დადგენილია, რომ იმავე დღეს - 2021 წლის 24 ნოემბერს, ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დ.ს–ძის მოხსენებითი ბარათით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ შპს „კ–ო“-სთან 2020 წლის 5 მაისს გაფორმებული №172 ხელშეკრულების შესაბამისად, მიმდინარეობს მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები.

42. სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2021 წლის 10 ოქტომბერი. აღნიშნულ დროში სამუშაოები ვერ დასრულდა. შპს „კ–ო“ 2021 წლის 10 ოქტომბრიდან ექვემდებარება საჯარიმო სანქციებს (ტ.1, ს.ფ. 102).

43. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სადაზღვევო კომპანიის მიერ შპს „კ–ო“-სათვის გაცემული №BG/PB-7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში, სს ს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს შ.პ.ს კ–ოს მიერ 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება N172-ის შესრულებაზე თანხით 73226 ლარი. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სს ს.კ.ა–ი“-ს მიერ შპს „კ–ო“-სათვის №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში სსს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს შ.პ.ს კ–ოს მიერ 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება N172-ის შესრულებაზე თანხით 205422,25 ლარი.

44. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა №BG/PB- 7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში 73226 ლარის გადახდა. ხოლო №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში, შემსყიდველმა - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა ავანსად გაცემული შეუსრულებელი თანხის 173503,29 ლარის გადახდა (ტ.1 ს.ფ. 109-110, ს.ფ. 112-117).

45. ბენეფიციარის (შემსყიდველის) მიერ თანხის გადარიცხვის მოთხოვნა 2021 წლის 29 დეკემბერს დაკმაყოფილდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჩაერიცხა საგარანტიო თანხები: 73226 ლარისა და 173503,29 ლარის (ჯამში 246729,29 ლარის) ოდენობით (ტ.2 ს.ფ. 222-223), გადარიცხული საგარანტიო თანხები გარანტორის (შპს კ–ოს მიერ) 2021 წლის 30 დეკემბერს დაიფარა (ტ.2 ს.ფ. 199-200).

46. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოწესრიგების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327, 394, 400, 417, 418, 420, 879, 880 მუხლებით და აღნიშნა, რომ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, რომლის მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს დასრულდა, შეუსრულებელი იყო სამუშაოების 53% -ით (ეს ფაქტობრივი გარემოება უდავოა, მასზე მხარეები არ დაობენ). ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე. ამასთან, მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის თაობაზე.

47. უარყოფილი იქნა მოსარჩელის (მიმწოდებლის) პოზიცია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით და რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო შემსყიდველის ქმედების შედეგად, კერძოდ, იმით, რომ 2021 წლის 27 აპრილის მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს გასცა პასუხი შემსყიდველმა (მერიამ) და რომ მხოლოდ 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისი 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით (თითქმის 5 თვიანი პასუხის დაყოვნებამ მერიისაგან და შესაბამისი კორექტირებული პროექტის არ არსებობამ სამუშაოების შეფერხება გამოიწვია).

48. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ (შემსყიდველმა) უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და უსაფუძვლოდ აამოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სადაზღვვევო კომპანიის მეშვეობით ბენეფიციარმა გარანტორისგან უსაფუძვლოდ მიიღო საბანკი გარანტიით გათვალისწინებული თანხიდან 246729,29 ლარი. აღნიშნული პოზიცია მოსარჩელემ იმ ფაქტორივ გარემოებას დააფუძნა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ცვლილების მოთხოვნით 2021 წლის აპრილში მიმართა, თუმცა მითითებულ წერილზე რეაგირება შემსყიდველმა (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა) 5 თვის შემდეგ 2021 წლის 24 ნოემბერს, მოახდინა, როცა შპს ,,ბ.გ–ის“ დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად (ანუ იმის მიუხედავად, რომ მიმწოდებლის თხოვნაზე პასუხი თავად დააყოვნა თითქმის 5 თვით) შემსყიდველმა ხელშეკრულება 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ შეწყვეტილად მიიჩნია, უსაფუძვლოდ მოითხოვა და მიიღო საგარანტიო თანხა, ასევე, უსაფუძვლოდ ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას.

49. მოსარჩელის ზემოთმითითებული პოზიცია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, კერძოდ, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება, რომ აპრილის წერილზე პასუხის გაცემის დაგვიანების გამო, ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მიმწოდებელს გააჩნდა მოლოდინი იმისა, რომ სამუშაოთა მიწოდების ვადა (რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა) გაგრძელებული იყო, ამის საფუძველს შემსყიდველის 24.11.21 წლის წერილი იძლევა. რომლითაც მიმწოდებლის 18.11.2021 წლის წერილზე რეაგირების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს ბ.გ–ის დირექტორს მიმართა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით.

50. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მერის 24.11.2021 წლის წერილი, რომლითაც მან შპს „ბ.გ–ს“ მიმართა გავლენას ვერ მოახდენს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეთანხმებული ვადა სწორედ 2021 წლის 30 ოქტომბერს დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი - 2021 წლის 10 ნოემბერს. დაუშვებელია მერის აღნიშნული წერილის მიჩნევა (რომლითაც მან არა ხელშეკრულების მხარეს, არამედ მის მიერვე დაქირავებულ საპროექტო ორგანიზაციას მიმართა) სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ კონკლუდენტურ მოქმედებად იქნას მიჩნეული, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხერლშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით და მხოლოდ ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1 ს.ფ. 23).

51. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2021 წლის 10 ნოემბრისთვის შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 53%. დარჩენილი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზებისა და ბრალის დადგენა- შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი შეთანხმება ადასტურებს, რომ შემსყიდველი კონსტრუქციულად განიხილავდა მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ყოველ ცვლილებას, რაც ყოველ ჯერზე მხარეთა შეთანხმებებით მთავრდებოდა. მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (10.11.2021წ.) მიემართა შემსყიდველისთვის, კიდევ ერთხელ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუკი დაადგენდა, რომ ბოლო შეთნხმებით (№5 შეთანხმება და 2021 წლის გეგმა-გრაფიკი) განსაზღვრული ვადა (30.10.2021წ.) არასაკმარისი იყო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისთვის. თუმცა მან პროექტის კორექტირების აუცილელობის შესახებ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 2021 წლის 18 ნოემბერს მიმართა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების დასრულების დროისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა მოცულობის 53 % (ნახევარზე ოდნავ მეტი), რაც გამორიცხავს მოსარჩელის მტკიცების საფუძვლიანობას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება (სამუშაოთა შესრულების საერთო ვადის დარღვევა) გამოწველი იყო არა მიმწოდებლის არამედ, შემსყიდველის ქმედების (უმოქმედობის) შედეგად. კერძოდ, იმ ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 27 აპრილიდან მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით შესაბამისი კორექტირებული პროექტის არარსებობის გამო, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მართალია, აპრილის წერილზე პასუხი დაგვიანებით იქნა გაცემული, თუმცა ვადის გაგრძელების შეთანხმებაზე ხელის მოწერისას 9 სექტემბერს რასაკვირველია მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული ამ ბოლო შეთანხმებით გათვალისწინებულზე (9.09.2021წ), მეტი ვადა მოეთხოვა, ვიდრე ეს შეთანხმებული 2021 წლის გეგმა-გრაფიკით იყო გათვალისწინებული (30.10.2021წ), მით უფრო იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ყოველ ჯერზე, მომწოდებლის მიერ ვადის გაგრძელებას შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევდა და აკმაყოფილებდა. მართალია მიმწოდებლის მიერ აპრილში განხორციელებულ მოთხოვნაზე (ვადის გაგრძელებისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით) შემსყიდველმა, ანუ (მერიამ) მხოლოდ 9 სექტემბერს უპასუხა, (რა დროსაც გაფორმდა კიდეც მხარეთა შორის შეთანხმება ვადის 30 ოქტომბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით) მაგრამ უდავოა, რომ ამ შეთანხმების დადების დროს მიმწოდებელს შეეძლო დაეფიქსირებინა თავის მოთხოვნა ვადის არა 30 ოქტომბრამდე, არამედ მეტი ვადით გადაწევაზე, რაც მის მიერ არ გაჟღერებულა. ეს კი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა მართალია წერილზე პასუხი დააგვიანა, თუმცა წერილზე პასუხის გაცემისას, 9 სექტემბერს, გაითვალისწინა ის ოპტიმალური ვადა რაც ხელშეკრულებითა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების დასამთავრებლად იყო საჭირო. რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მერიას სთხოვდა სამუშაოთა დასრულებისათვის მეტ ვადას ვიდრე ეს 30 ოქტომბერი იყო, საქმის მასალებში არათუ არ მოიპოვება, ამ ფაქტზე მითითებაც კი არ გაჟღერებულა მოსარჩელის მხრიდან.

52. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული ცვლილებებით განსაზღვრული ვადის გასვლით, არაჯეროვანი შერსრულებით დასრულდა (შეწყდა) და არა შემსყიდველის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად (ვინაიდან მიმწოდებელს სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მორიგი მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსწყიდველისთვის არ მიუმართავს).

53. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადის გასვლით მართლზომიერად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 05.05.2020 წლის №172 ხელშეკრულება, რომლის არაჯეროვან შესრულებაზე მხარეები არ დავობენ (შესრულებულია სამუშაოთა მხოლოდ 53%).

54. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სადაზღვევო კომპანიისგან გამოეთხოვა გარანტია და შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ, ნაწილობრივ საფუძვლიანია.

55. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

56. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისა და ვალდებულების დარღვევის თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.3. ს.ფ. 111-114). კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის მრავალჯერადი ცვლილების შესახებ ფაქტობრივი გარემოებებით, დასტურდება მიმწოდებლის მიერ 05.05.20წ.-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ორივე ეტაპის შესრულების შეუძლებლობა თავდაპირველი დოკუმენტების საფუძველზე. სასამართლოს მსჯელობა, რომ კასატორმა ბრალეულად დაარღვია ვალდებულება და გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, დაუსაბუთებელია. კასატორი მიუთითებს რომ საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 20 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ვალდებულების მოსარჩელის ბრალს მიღმა შეუსრულებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს. სსკ-ის 398.1 მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, შეცვლილი გარემოებების ან/და ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ არასწორი წარმოდგენის არსებობის შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

57. კასატორი მიუთითებს, მიუხედავად იმის, რომ სასამართლომ დაადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობაა 637168,86 ლარი( ტ.1.ს.ფ.105, გადაწყვეტილების 4.8 პუნქტი) და გადახდილი თანხის ოდენობა 654907,06 ლარი (ტ.2.ს.ფ.186-198), გადაწყვეტილების 4.9 პუნქტი)( სხვაობა -17800 ლარი), მან მაინც კანონიერად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საბანკო გარანტიით მოთხოვნილი 246729.29 ლარის ( გადაწყვეტილების 4.18 პუნქტი) და გაქვითული პირგასამტეხლოს 119198,09 ლარის ( გადაწყვეტილების 3.7 პუნქტი) მიღების კანონიერების ფაქტი, რამაც მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია.

58. რაც შეეხება გარანტიის თანხას, ვალდებულების შესრულების გარანტიის მიზანი იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია. მისი როგორც ჯარიმის სახით გამოყენება წინააღმდეგობაშია გარანტიის მიზანთან.

59. კასატორმა მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რადგან მას არ გადაუცილებია შესრულების ვადისათვის და შესაბამისად, არ დაურღვევია ვალდებულება.

60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

61. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ( შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

63. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

65. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისა და ვალდებულების დარღვევის თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.3. ს.ფ. 111). კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის მრავალჯერადი ცვლილების შესახებ ფაქტობრივი გარემოებებით, დასტურდება მიმწოდებლის მიერ 05.05.20წ.-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ორივე ეტაპის შესრულების შეუძლებლობა თავდაპირველი დოკუმენტების საფუძველზე. სასამართლოს მსჯელობა, რომ კასატორმა ბრალეულად დაარღვია ვალდებულება და გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, დაუსაბუთებელია.

66. განსახილველ საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №172 ხელშეკრულება გაფორმდა.

67. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02 მარტი, 2019წ.). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ზ.ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბ., 2016წ. გვ.288).

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

69. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საკასაციო პალატას მიაჩნია, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:

70. ამ განჩინების პპ:24-35-ში დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2021 წლის 10 ნოემბრამდე (ტ.1 ს.ფ. 23). ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის (2021 წლის) სამუშაოების შესრულების ვადად №2 შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ტ.1 ს.ფ. 40).

71. 5.05.2020წლის ხელშეკრულებაში, პროექტსა და არჯთაღრიცხვაში 2020 წლის 25 სექტემბერს, შეტანილ იქნა ცვლილება და №1 შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2020 ლის 30 ოქტომბრამდე (ტ.1 ს.ფ. 32-34).

72. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადების ცვლილებები გამოწვეული იყო გზის სამოსის მოწყობის სამუშაოების თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვული წესით (სპეციალური ბეტონის დამგები მანქანის მშევეობით) განხორციელების შეუძლებლობით, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის ბიურის დასკვნითაც და მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ მონაკვეთებზე სამუშაოების ხელით შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იყო სამუშაოთა შესრულების ვადების გახანგრძლივება, რაც შემსყიდველის მიერ დაკმაყოფილდა კიდეც (ტ. 2 ს.ფ. 264)

73. 5.05.2020 წლის ხელშეკრულებაში, 2020 წლის 05 ნოემბრის №2 ცვლილებით, ზემოაღნიშნული მიზეზისა და მიწის ჩამოშლის გამო 2020 წლის სამუშაოების (პირველი ეტაპის) შესრულების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, 2021 წლის (მეორე ეტაპის) სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია - 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხაც დაკორექტირდა და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 464 427,01 ლარით (ტ.2 ს.ფ. 47, 62).

74. დადგენილია, რომ 2021 წლის 20 აპრილს მიმწოდებელმა შემსყიდველს №01/33 წერილით აცნობა, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა დამატებით საყრდენი კედლის მოწყობის, 1500მ2 მექანიზმის ნაცვლად ბეტონის ხელის დასხმისა და გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე დამატებით ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის მოწყობის სამუშაოების განხორციელება; აღნიშნულის განსახორციელებლად მოპასუხის წერილის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს წარდგენილ იქნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ. 1, ს.ფ. 67-69).

75. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 ივლისის წერილით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი შპს ბ.გ–თან შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ტ.1 ს.ფ. 91) კორექტირებისთვის გაეგზავნა შპს ს.ი.ჯ–ს, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბრის წერილით, დაეთანხმა პროექტის ტექნიკური ნაწილის კორექტირების საჭიროებას წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 88-89).

76. დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის N5 შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის 7 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად (ტ.1 ს.ფ. 93), (2021 წლის გეგმა-გრაფიკი). ხელშეკრულების ღირებულება და სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები, 2021 წლის კალენდარული გეგმა-გრაფიკის თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2021 წლის ოქტომბრის თვის ბოლომდე (2021 წლის 30 ოქტომბრამდე) (ტ.1. ს.ფ. 77).

77. დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტისთვის მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის 53%.

78. უდავოა, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 10 ნოემბერს ამოიწურა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის 10 ნოემბრამდე, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის შეუძლებლობისა და შესაბამისად დამატებითი ვადების განსაზღვრის მოთხოვნით.

79. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

80. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კასატორის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შესახებ, დაუსაბუთებელია.

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს ამ განჩინების პპ: 48-50-ითაა დადგენილი, 2021 წლის 10 ნოემბრისთვის შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 53%.

82. რაც შეეხება დარჩენილი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზებსა და მოსარჩელის (კასატორის) ბრალს, საქმეში წარმოდგენილი არაერთი შეთანხმება ადასტურებს, რომ შემსყიდველი კონსტრუქციულად განიხილავდა მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ყოველ ცვლილებას, რაც ყოველ ჯერზე მხარეთა შეთანხმებებით მთავრდებოდა.

83. შესაბამისად, მოსარჩელე არ იყო შეზღუდული, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (10.11.2021წ.) მიემართა შემსყიდველისთვის, კიდევ ერთხელ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუკი დაადგენდა, რომ ბოლო შეთნხმებით (№5 შეთანხმება და 2021 წლის გეგმა-გრაფიკი) განსაზღვრული ვადა (30.10.2021წ.) არასაკმარისი იყო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისთვის. თუმცა მან პროექტის კორექტირების აუცილელობის შესახებ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ - 2021 წლის 18 ნოემბერს მიმართა.

84. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ 2021 წლის 27 აპრილიდან მოთხოვნილ ცვლილებაზე, მხოლოდ 2021 წლის 9 სექტემბერს მოხერხდა შეთანხმება (№5 შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც 2021 წლის გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოთა შესრულების ვადა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა), რამაც, მიმწოდებლის განმარტებით შესაბამისი კორექტირებული პროექტის არარსებობის გამო, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, აპრილის წერილზე პასუხი დაგვიანებით იქნა გაცემული, თუმცა ვადის გაგრძელების შეთანხმებაზე ხელის მოწერისას 9 სექტემბერს რასაკვირველია მიმწოდებელი არ იყო შეზღუდული ამ ბოლო შეთანხმებით გათვალისწინებულზე (9.09.2021წ), მეტი ვადა მოეთხოვა, ვიდრე ეს შეთანხმებული 2021 წლის გეგმა-გრაფიკით იყო გათვალისწინებული (30.10.2021წ), მით უფრო, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ყოველ ჯერზე, მომწოდებლის მიერ ვადის გაგრძელებას შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევდა და აკმაყოფილებდა. მართალია მიმწოდებლის მიერ აპრილში განხორციელებულ მოთხოვნაზე (ვადის გაგრძელებისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით) შემსყიდველმა, ანუ (მერიამ) მხოლოდ 9 სექტემბერს უპასუხა, (რა დროსაც გაფორმდა კიდეც მხარეთა შორის შეთანხმება ვადის 30 ოქტომბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით) მაგრამ უდავოა, რომ ამ შეთანხმების დადების დროს მიმწოდებელს შეეძლო დაეფიქსირებინა თავის მოთხოვნა ვადის არა 30 ოქტომბრამდე, არამედ მეტი ვადით გადაწევაზე, რაც მის მიერ არ გაჟღერებულა. ეს კი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შემსყიდველმა მართალია წერილზე პასუხი დააგვიანა, თუმცა წერილზე პასუხის გაცემისას, 9 სექტემბერს, გაითვალისწინა ის ოპტიმალური ვადა რაც ხელშეკრულებითა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების დასამთავრებლად იყო საჭირო. რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მერიას სთხოვდა სამუშაოთა დასრულებისათვის მეტ ვადას ვიდრე ეს 30 ოქტომბერი იყო, საქმის მასალებში არათუ არ მოიპოვება, ამ ფაქტზე მითითებაც კი არ გაჟღერებულა მოსარჩელის მხრიდან.

85. კასატორი მიუთითებს რომ საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 20 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ვალდებულების მოსარჩელის ბრალს მიღმა შეუსრულებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს. სსკ-ის 398.1 მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, შეცვლილი გარემოებების ან/და ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ არასწორი წარმოდგენის არსებობის შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

86. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda“-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალური სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძოსამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.

87. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, „pacta sunt servanda-ს“ პრინციპთან ერთად თანაარსებობს „clausula rebus sic standibus-ის“ დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნეას ითვალისწინებს.

88. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში – vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედებით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.

89. რაც შეეხება შესრულების გართულების სამართლებრივ შედეგებს, არაერთი მართლწესრიგისა თუ უნიფიცირებული სამართლის მიხედვით, უპირველესად ვექტორი მიმართულია მხარეთა მოპალარაკების პრიორიტეტულობაზე. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების ადაპტაციის ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესრულების გართულების ბუნება და სიმძიმის ხარისხი.

90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი შესრულების ნაირსახეობა, რომლითაც აღსრულდება მხარეთა სახელშეკრულებო ნება. ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარემომცველი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად. ხელშეკრულების მისადაგება მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებისადმი არ ცვლის მხარეთა ნებას, არამედ შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა თავდაპირველი განზრახვის, ნამდვილი ნების დადგენის საშუალება ხდება. მხარეთა ნება ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისი აღსრულებაა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაც ხელშეკრულების აღსრულების და შესაბამისად, მხარეთა ნების განხორციელების წინაპირობაა.

91. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში, როდესაც არსებობს შეუსაბამობა, დარღვეული წონასწორობა მხარეთა ურთიერთსანაცვლო შესრულებას შორის, შესაძლებელია, განხორციელდეს სახელშეკრულებო ფასის მოდიფიცირება პირველადი სახელშეკრულებო ვალდებულების სამართლებრივ რეჟიმში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება განახლებული პირობებით და ხელშეკრულების თანხის შემცირების საფუძველზე მხარეთა არაეკვივალენტურ შესრულებათა დაბალანსება.

92. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინის აღსრულებისათვის მოითხოვს მუდმივ ურთიერთთანამშრომლობას და თანაქმედების (duty to cooperate), გულისხმიერების ვალდებულების განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, როგორც მხარეთა ქცევის სახელმძღვანელო პრინციპი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებას შეცვლილი გარემოებების აღმოცენების უპირობოდ თანამდევ პროცესად მოიაზრებს.

93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების გადასინჯვა, შესაძლებელია, ფორმალური სამართლიანობისათვის საფრთხედ იქნეს განხილული, თუმცა თანამედროვე დოქტრინისთვის პირობათა უცვლელობა-დაურღვევლობა არ შეიძლება სახელშეკრულებო სამართლის უზენაეს ღირებულებად იქნეს ცნობილი. სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ მოქმედი ახალი პრინციპები, როგორიცაა პროპორციულობა, განგრძობადობა და უწყვეტობა განიხილება ხელშეკრულების გადასინჯვის კანონიერების დასასაბუთებლად. ხელშეკრულების გადასინჯვა მისი სტაბილურობისა და ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობაა. რისკებისა და შეცვლილი გარემოებების გავლენით წარმოშობილი ზარალისა და სარგებლის ურთიერთგაზიარება მხარეთა მიერ („გაზიარების პრინციპი“) უსამართლობის პრევენციას ახდენს.

94. როგორც წესი, მხარეები ინტერესთა ბალანსის აღდგენისათვის შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების წესს ანიჭებენ უპირატესობას ურთიერთობის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მიზეზით განამტკიცებს უნიფიცირებული კერძო სამართალი და უმრავლესი ეროვნული სამართლის სისტემა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით მხარეთა მოლაპარაკების სავალდებულოობის დანაწესს (ვალდებულების შესრულებაზე შეცვლილი გარემოებების გავლენის თაობაზე უფრო დაწვრილებით იხ: ნ. ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორედ მოთხოვნებზე (შედარებითი ანალიზი), თბ, 2015.).

95. შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამამართლებელი საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, აღნიშნული კი, შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე მისი შემცირებით.

96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი – სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი – სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის „პირობის თეორიიდან“, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.).

97. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება ხელშეკრულების მხარეებისათვის მბოჭავია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბოჭვა, ხელშეკრულების დადების დროს არსებული მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. შესაბამისად, ზოგადად მოქმედი პრინციპია ის, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაიდო ხელშეკრულება, არსებითად არ უნდა იყოს შეცვლილი ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, არსებითია თუ არა ამა თუ იმ გარემოების ცვლილება და რამდენად უქმნის ეს ცვლილება მხარეთა ინტერესების ბალანსს საფრთხეს. გარემოებათა ცვლილება აშკარა და არსებით ცვლილებად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ან ერთ-ერთი მათგანი ამ ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში ხელშეკრულებას არ დადებდა ან სხვა შინაარსით დადებდა.

98. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეცვლილი გარემოება უნდა იმყოფებოდეს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა. ასევე დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეულ შედეგთა რისკის მატარებელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ცვლილება კონტრაჰენტის რისკის ან კონტროლის სფეროს ან რამდენად ითვალისწინებდნენ მხარეები მომხდარ ცვლილებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების მიზანი და ხასიათი. რისკი კი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც პირდაპირ, ისე შეიძლება საგულისხმოც იყოს. გარემოებები იმდენად მკვეთრად და კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რომ თუკი მხარეები შემდგომში თავდაპირველ შეთანხმებას გაჰყვებიან, ეს გამოიწვევდა სამართლისა და სამართლიანობის ცნებებისადმი აშკარა შეუსაბამობას. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება ის ვითარებაც, როცა წარმოდგენები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლას კი არა აქვს ადგილი, არამედ ცდომილებას.

99. სსკ-ის 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლეს სამართლებრივ სისტემაში ვალდებულებითი სამართალი აღიარებს და იცავს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ხელშეკრულების ფორმირებისა და მისი აღსრულების ეტაპზე მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით, რომელიც თავისი არსით სამართლიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეცვლილი გარემოებების გავლენით შესრულების გართულების წარმოშობისას, კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს აკისრებს ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ანიჭებს მისი მისადაგების უფლებამოსილებას, რომელიც მოწოდებულია სახელშეკრულებო სამართლიანობისა და წონასწორობის აღდგენისათვის მხარეთა თავდაპირველი მიზანი განმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპის ჭრილში. მოლაპარაკების სავალდებულოობის პრინციპი კონტინენტური სამართლის სისტემის არსობრივი მახასიათებელია, რამეთუ ის განსაკუთრებით ორიენტირებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის დაცვასა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზე.

100. შეცვლილი გარემოებების აღმოცენება ავტომატურად არ წარმოშობს ადაპტაციის ვალდებულებას, არამედ მოლაპარაკების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს მხარეს. დათქმა Clausula Rebus Sic Stantibus შეცვლილი გარემოებების არსებობისას ითვალისწინებს მოლაპარაკებათა გამართვას კონტრაქტის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, შეთანხმების პირობების გადახედვას იმგვარად, რომ შესრულების გაგრძელება შესაძლებელი გახდეს. ამდენად, შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა უმთავრესი მიზანი ხელშეკრულების შენარჩუნება უნდა იყოს (იხ. დამატებით: გიორგი გოგიაშვილი., Clausula Rebus Sic Stantibus, დინამიკა და სტატიკა სამართალში, ჟურნ. ,,ქართული სამართლის მიმოხილვა”, 9/2006-1/2, 110.).

101. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას სახელშეკრულებო მოლაპარაკების პროცესში, მაშინ სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს – ხელშეკრულება უნდა შესრულდეს უცვლელი შინაარსით, მოხდეს მისი ადაპტაცია თუ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობისგან სრული განთავისუფლება. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი და ხელშეკრულების სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, მოდიფიცირებული ხელშეკრულება ყოველთვის მხარეთა თავდაპირველი სახელშეკრულებო ინტერესებისა და მიზნების ამსახველი უნდა იყოს.

102. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისას კეთილსინდისიერების პრინციპის თვალთახედვით უნდა შეფასდეს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებათა წონასწორობის რღვევის ხარისხი და მისი შედეგები. ვინაიდან, კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის შეფასებისათვის უმთავრესი მექანიზმია, ამიტომ, ხელშეკრულების ადაპტაცია არ იწვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვას, არამედ ბუნებრივი და სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

103. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ვინაიდან მიმწოდებელს სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მორიგი მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველისთვის აღარ მიუმართავს, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული ცვლილებებით განსაზღვრული ვადის გასვლით, არაჯეროვანი შესრულებით დასრულდა (შეწყდა) და არა შემსყიდველის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი, შესაბამისად, არაა გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 398-ე მუხლის დანაწესების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

104. კასატორი მიუთითებს, მიუხედავად იმის, რომ სასამართლომ დაადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობაა 637168,86 ლარი (ტ.1.ს.ფ.105, გადაწყვეტილების 4.8 პუნქტი) და გადახდილი თანხის ოდენობა 654907,06 ლარი (ტ.2.ს.ფ.186-198), გადაწყვეტილების 4.9 პუნქტი)( სხვაობა -17800 ლარი), მან მაინც კანონიერად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საბანკო გარანტიით მოთხოვნილი 246729.29 ლარის (გადაწყვეტილების 4.18 პუნქტი) და გაქვითული პირგასამტეხლოს 119198,09 ლარის (გადაწყვეტილების 3.7 პუნქტი) მიღების კანონიერების ფაქტი, რამაც მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.57).

105. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს აღნიშნული პრეტენზია მითითებული ჰქონდა სარჩელშიც, რაც ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების მოთხოვნით 2021 წლის აპრილში მიმართა, თუმცა მითითებულ წერილზე მოპასუხემ რეაგირება მოახდინა 5 თვის შემდეგ, როდესაც შპს „ბ.გ–ის“ დირექტორს მიმართა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის კორექტირების მოთხოვნით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, შემსყიდველმა ხელშეკრულება 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ შეწყვეტილად მიიჩნია, უსაფუძვლოდ მოითხოვა და მიიღო საგარანტიო თანხა, ასეევ უსაფუძვლოდ ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოსარჩელის აღნიშნულ პრეტენზიასტან მიმართებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებებსა და დასკვნებს ( იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების პპ.4.28-4.39, ტ.3.ს.ფ.73-78) და მიაჩნია, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

106. რაც შეეხება საბანკო გარანტიიით გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქმეზე დადგენილია, რომ №172 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება აგრეთვე შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. (იხ. ტ.1 ს.ფ. 20).

107. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი). რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ამიტომაც საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ., სუსგ Nას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი).

108. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბ., 2015 წ. გვ. 94.)

109. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55).

110. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.

111. სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზანდ ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ეს დოკუმეტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.

112. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.III მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

113. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულიხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო საბანკო სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის ახელობის უნივერსიტეტი, თბ., 2015წ. გვ. 141;148.)

114. სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

115. თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

116. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება, საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის. (შდრ: სუსგ-ები №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წელი; №ას-1633-2019, 9 მარტი, 2020 წ, პ.77.).

117. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელისთვის გაცემული №BG/PB-7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში, სს ს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს მოსარჩელის მიერ 2020 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება N172-ის შესრულებაზე თანხით 73226 ლარი.

118. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს სს ს.კ.ა–ი“-ს მიერ მოსარჩელისათვის №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში სსს.კ.ა–ი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს გარანტს შ.პ.ს კ–ოს მიერ 2020 წლის 05 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება №172-ის შესრულებაზე თანხით 205422,25 ლარი.

119. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა №BG/PB- 7547/04 საბანკო გარანტიის ფარგლებში 73226 ლარის გადახდა. ხოლო №BG/PB-7855/01 საბანკო გარანტიის ფარგლებში, შემსყიდველმა - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა ავანსად გაცემული შეუსრულებელი თანხის 173503,29 ლარის გადახდა (ტ.1 ს.ფ. 109-110, ს.ფ. 112-117).

120. ბენეფიციარის (შემსყიდველის) მიერ თანხის გადარიცხვის მოთხოვნა 2021 წლის 29 დეკემბერს დაკმაყოფილდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჩაერიცხა საგარანტიო თანხები: 73226 ლარისა და 173503,29 ლარის (ჯამში 246729,29 ლარის) ოდენობით (ტ.2 ს.ფ. 222-223), გადარიცხული საგარანტიო თანხები გარანტორის (შპს კ–ოს მიერ) 2021 წლის 30 დეკემბერს დაიფარა (ტ.2 ს.ფ. 199-200).

121. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია,რომ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სადაზღვევო კომპანიისგან გამოეთხოვა გარანტია, შესაბამისად, მოსარჩელის (კასატორი) მოთხოვნა მოპასუხისაგან გარანტიის სახით უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და მართებულად იქნა უარყოფილი სააპელაციო სასამართლოს მიერ.

122. საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტია და როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-420-ე მუხლებით) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-890-ე მუხლებით) და არც ერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტისათვის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (შდრ: სუსგ №ას-1681-2018, 01 მარტი, 2019 წელი). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც მათ გამოყენებას ერთი და იგივე სამართლებრივი გადაცდომისთვის კრძალავს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (შდრ: სუსგ №ას-107-2022, 06 მაისი, 2022 წ. პ.8.3.3).

123. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმეზე დადგენილია, №172 ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება აგრეთვე შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. (იხ. ტ.1 ს.ფ. 20). №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლით (პასუხისმგებლობა) ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ( იხ. ტ.1.ს.ფ.22).

124. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, თავის მხრივ წარმოშობდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობასაც, კერძოდ, დადგენილია, რომ №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის/ არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% (ტ.1 ს.ფ. 20-23). №172 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტ.1 ს.ფ. 22).

125. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

126. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბ., 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წ. გვ. 93).

127. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისაგან მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო.

128. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სასარჩელო მოთხოვნების განხორციელების წინაპირობების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა (მოსარჩელე) ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

129. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

130. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

131. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

132. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „კ–ოს“ (ს.კ:.....) უკან დაუბრუნდეს 23.08.2023წ.-ს ელექტრონული საგადახდო დავალება N22984 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე