საქმე №ას-1278-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდულაური მეწარმე შ.კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდულაური მეწარმე შ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით 29 148,3 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად - ერთ ლარად მოპასუხეს, ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 324,8 კვმ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .........). 2013 წლის 22 აგვისტოს, აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
3. 2014 წლის პირველ აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №43 განკარგულებით მოწონებულ იქნა სამინისტროს წინადადება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შეცვლის თაობაზე და სამინისტროს მიეცა თანხმობა, მყიდველი - მოპასუხე გათავისუფლებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13 331.4 ლარი), იმ პირობით, თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდებოდა.
4. 2014 წლის 3 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის №78 ბრძანებით ცვლილება შევიდა აჭარის .ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებაში. 2014 წლის 10 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №ს-175 ბრძანებით მოპასუხე 2013 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13 331.4 ლარი) გათავისუფლდა იმ პირობით, თუ მყიდველი ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულება. 2014 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №ს-218 ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) ნასყიდობის ხელშეკრულება, რაზეც მოპასუხემ შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი (ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 7 აგვისტოს №263 ბრძანებით მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №ს-218 ბრძანება და სამინისტროს დაევალა, კანონით დადგენილ ვადებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი და სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარეთა შორის 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის 9 დეკემბერს შემოვიდა მოპასუხის განცხადება (რეგ. №7188), რომელზე თანდართული შპს „ბ–ის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №03-10 აუდიტორული დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ მყიდველის მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო. 2014 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორს და ურიკას. 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია, მოპასუხის 2016 წლის 3 თებერვლის განცხადებაზე (რეგ. №518) თანდართული შპს „ბ–ის“ 2016 წლის პირველ თებერვალს შედგენილი №03/1-03 დასკვნით ირკვევა, რომ „2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემული ქონების შიგნით (შესასვლელთან) მოწყობილია საოფისე ფართი, სხვა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული შენობა არ მოწყობილა. 2015 წლის პირველ იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე, საწარმოში ფაქტობრივად დასაქმებულია ერთი საქართველოს მოქალაქე. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებით განხორციელებულია 6110 ლარის ინვესტიცია და შენარჩუნებულ იქნა საწარმოს პროფილი“.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №ს-56 ბრძანებით მოიშალა მხარეთა შორის 2013 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით მოპასუხეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 29 148,3 ლარის ოდენობით.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №ს-56 ბრძანებაზე მოპასუხემ შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №147 ბრძანებით იგი არ დაკმაყოფილდა.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №ს-56 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ .......... მდებარე 324 კვ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ......) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოსა და 2014 წლის 5 მაისის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხემ ყველა ვალდებულება შეასრულა, გარდა ეზოს ბეტონით დასხმისა, რაც განხორციელდა დაყოვნებით. აღნიშნულის გამო, 2015 წლის 6 მაისის №eს-218 ბრძანებით ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა. მითითებული მოპასუხემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №o2233 ბრძანებით მოპასუხის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად და სათანადოდ გამოკვლევა. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. მოპასუხემ წერილობით მიმართა სამინისტროს წინადადებით და მთელი ციტრუსის სეზონის განმავლობაში ელოდებოდა საქმიან შეხვედრას ან წინადადებას, რომელიც ეფექტური და მისაღები იქნებოდა საწარმოსთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებაში მითითებულია, რომ სამინისტროს ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე (2015 წლის 14 დეკემბერი, ოქმი No10) რეკომენდაცია მიეცა, ემოქმედა ხელშეკრულების შესაბამისად. მოპასუხემ აუდიტორული დასკვნები ხელშეკრულებითა და შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებეთან დაკავშირებით წარადგინა სამინისტროში, სადაც გაწერილია მოპასუხის მიერ შესრულებული ვალდებულებები.
11. 2014-2017 წლებში ძირითადად მანდარინი მიეწოდებოდა რუსეთს, უკრაინას, ბელორუსიას, აზეირბაიჯანს და სომხეთს. რუსული ბაზარი არასტაბილურია საქართველოსთვის. თუ სახელმწიფოს არ ექნება მხარდაჭერა და ფერმერებს არ დაეხმარება ბაზრის მოძიებასა და პროდუქციის რეკლამირებაში, საქონელი ხდება საექსპორტოდ უვარგისი, მანდარინი მალფუჭებადობის გამო. ყოველ სეზონზე ხელოვნურად წარმოიქნებოდა პრობლემა, რომელიც აფერხებდა საქონლის ექსპორტს. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება დამფასოებელი საწარმოების ძვირი მომსახურებისადმი შემცირდა, საწარმოებმა ნელ-ნელა დაკარგეს ფუნქცია.
12. ამდენად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სადავო ვალდებულებები შეასრულა, დიდი ფინანსური ხარჯი გასწია, თუმცა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა სამომავლოდ იმისთვის, რომ მომხდარიყო აღნიშნული საწარმოების პოპულარიზაცია, ბაზრის ძიება, ქართული პროდუქციის რეკლამირება და ა. შ. ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა რეალურად ამ საწარმოების ფუნქციონირებას და ბაზარზე მორგებას. ქართული მანდარინის გასაღების ბაზარი არის ცვალებადი და ეკონომიურად არასტაბილურია, რაც პირაპირ აისახება აჭარაში მანდარინის გასაღების პოლიტიკაზე. სახელმწიფო დასახელებული საკითხი საკმარისად ღრმად რომ შეესწავლა და სამომავლო პერსპექტივა მიეღო მხედველობაში, მსგვასი სახის კაბალურ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.
13. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში შენობა ნაგებობის და მიწის ფასი შეფასებულია 27000 ლარად, მაშინ როდესაც მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 29148.3 ლარის გადახდას. სსკ-ის 420-ე მუხლი ითავლისწინებს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცდელობა და მოლაპარაკების წარმოება კრედიტორთან, რაზეც თავის დროზე არაფერი იმოქმედა გამყიდველმა მხარემ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება კაბალურია, მოპასუხემ აქეთ განიცადა ზიანი, რადგან კეთილ მოაწყო გადაცემული შენობა-ნაგებობა, აღჭურვა დანადგარებით, ამას დაემატა ისიც, რომ გაუქმდა მისი საკუთრების უფლება. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს დაკისრებას მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის მიერ უკვე შესრულებულ ვალდებულებებზე, რაც ნათლად დასტურდება აუდიტის დასკვნით. შესაბამისად, პირგასამტეხლო ასევე არათანაზომიერია (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ 209-217).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2914,83 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 1 (ერთ) ლარად მოპასუხეს, ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 324,8 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .....).
17. 2013 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.2 პუნქტის თანახმად, მყიდველმა - მოპასუხემ, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, იკისრა შემდეგი ვალდებულებები: 2013 წლის პირველ ნოემბრამდე აემოქმედებინა არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამახარისხებელი საწარმო; 2013 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით უზრუნველეყო საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორის და პნევმატური ურიკის საკუთრების ფლობა; საწარმოში სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 2 თვე) დაესაქმებინა 10 საქართველოს მოქალაქე; განეხორციელებინა არანაკლებ 89 000 ლარის ინვესტიცია; საწარმოს ამოქმედებიდან, არანაკლებ 20 წლის ვადით, შეენარჩუნებინა საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მოთხოვნისთანავე, წარედგინა ინფორმაცია გამყიდველისათვის; სამუშაოს შესრულების ვადის დასრულების მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტს; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
18. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, „თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებდა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ უგზავნიდა მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდიდა: ა) ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებს შემთხვევაში ყოველ დარღვევაზე ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
19. 2014 წლის პირველ აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №43 განკარგულებით შეიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობები და სამინისტროს მიეცა თანხმობა, მყიდველი - მოპასუხე გათავისუფლებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13331.4 ლარი) იმ პირობით, თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდებოდა.
20. 2014 წლის 3 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის №78 ბრძანებით ცვლილება შევიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებაში. 2014 წლის 10 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №ს-175 ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა 2013 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13 331.4 ლარი) იმ პირობით, თუ მყიდველი ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებდა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, 2014 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.
21. 2014 წლის 9 დეკემბერს, მოპასუხემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა განცხადება (რეგ.N7189) და დაურთო შპს „ბ–ის“ 2014 წლის 8 დეკემბერის N03-10 აუდიტორიული დასკვნა, რომლის თანახმად „მყიდველის“ (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორსა და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია.
22. 2015 წლის 8 იანვრის შეტყობინებით, მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად, ვინაიდან მყიდველის მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების აქტის შესაბამისად, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 1 აპრილის №43 განკარგულების შესაბამისად, გადასახდელი ჯარიმა შეადგენდა 15558.9 ლარს. მოპასუხეს გადახდის ვადად განესაზღვრა დროის პერიოდი, არაუგვიანეს 2015 წლის 6 თებერვლისა.
23. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტრომ 2015 წლის 6 მაისის Nს-218 ბრძანებით მოშალა (გააუქმა) ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც მოპასუხემ ადმინისტრაციული საჩივრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში) გაასაჩივრა.
24. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 7 აგვისტოს N263 ბრძანებით, მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტად, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის Nს-218 ბრძანება და მოსარჩელეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი და სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მოპასუხეს შორს 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
25. 2014 წლის 9 დეკემბერს მოპასუხემ განცხადება (რეგ.N7189) წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თან დაურთო შპს „ბ–ის“ 2014 წლის 8 დეკემბერის N03-10 აუდიტორიული დასკვნა, რომლის თანახმად „მყიდველის (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორს და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია“.
26. 2016 წლის 3 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოპასუხემ კვლავ წარადგინა განცხადება (რეგ. N518), რომელსაც ერთვოდა შპს „ბ–ის“ მიერ 2016 წლის პირველ თებერვალს შედგენილი N03/1-03 დასკვნა, რომლის თანახმად „2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემული ქონების შიგნით (შესასვლელთან) მოწყობილია საოფისე ფართი, სხვა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული შენობა არ მოწყობილა, 2015 წლის პირველ იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე, საწარმოში ფაქტობრივად დასაქმებულია ერთი საქართველოს მოქალაქე, 2014 წლის პირველ ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებით განხორციელებულია 610 ლარის ინვესტიცია და შენარჩუნებული იქნება საწარმოს პროფილი.“
27. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანებით მოიშალა მხარეთა შორის 2013 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით მოპასუხეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 29 148,3 ლარის ოდენობით.
28. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანებაზე მოპასუხემ შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 18 მაისის N147 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
29. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ .......... მდებარე 324 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ..........). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2017 წლის პირველ მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 29 148,3 ლარის დაკისრება. სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი პრეტენზიებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო პალატის შესაფასებელია, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალს და არსებობდა თუ არა სასამართლოს მიერ მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.
31. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ჯეროვნად არ შესრულდა, მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების მიზეზად მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უმოქმედობაზე, თუმცა მოპასუხეს სასამართლოსთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. მან დაადასტურა, საწარმოს ფუნქციონირების შეუძლებლობის ფაქტი, განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად. მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილება და შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები არ გაუსაჩივრებია.
32. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებით (და შეთანხმების აქტით) გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლიდან და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარეობს.
33. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ჯეროვან შეუსრულებლობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი (სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობითა და პირობით გასხვისებული უძრავი ქონების გამოუყენებლობით გამოწვეული), გაცილებით მეტია, ვიდრე მოთხოვნილი პირგასამტეხლო და სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მისი ოდენობა. აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განმსაზღვრელი) საქმეში წარმოდგენილი არ არის.
34. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები.
35. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სფუძვლიანობა. კერძოდ, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი 10-ჯერ შემცირება.
36. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-ე, 418-ე 420-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115-ე მუხლით გათალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
37. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დარღვევის სიმძიმე და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის (ან გამოწვეული ზიანის) მოცულობა; ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხი; ასევე გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ფუნქციები სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობასთან მიმართებაში და პირგასამტეხლოს ფუნქცია, შეითავსოს ზიანის მაკომპენსირებელი როლი. ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანს, თანაფარდობას მხარეთა ფინანსურ მდგომარეობასთან, დარღვევის ხასიათს, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
38. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია, ხოლო 0.1%-ზე გაანგარიშებით (ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად: ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებს შემთხვევაში - ყოველ დარღვევაზე ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) პირგასამტეხლოს დაკისრება, არაგონივრულია და გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხის მიერ სამინისტროსადმი წარდგენილი აუდიტორული დასკვნები ადასტურებს ინდივიდუალური მეწარმის გულისხმიერ დამოკიდებულებას (ქმედებას) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმართ ... „მყიდველის (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორს და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია.
39. შპს „ბ–ის“ მიერ 2016 წლის პირველ თებერვალს შედგენილი N03/1-3 დასკვნის თანახმად: „2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემული ქონების შიგნით (შესასვლელთან) მოწყობილია საოფისე ფართი, სხვა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული შენობა არ მოწყობილა, 2015 წლის პირველ იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე საწარმოში ფაქტიურად დასაქმებულია ერთი საქართველოს მოქალაქე, 2014 წლის პირველ ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებით განხორციელებულია 610 ლარის ინვესტიცია და შენარჩუნებული იქნება საწარმოს პროფილი.“
40. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 29148,3 ლარი შემციდრა 2914,83 ლარამდე (0.01%) გონივრული და სამართლიანია და გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
41. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
42. კასატორის მითითებით, უდავოა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეების და, მათ შორის, სასამართლოს როლი შებოჭილია სამართლებრივი რეგულაციებით, რასაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, არ გამოიყენება ინკვიზიციურობის პრინციპი. შესაბამისად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაიცვას აღნიშნული ნორმები და კანონის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება.
43. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-103-ე, 248-ე მუხლების დანაწესებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვისას, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნას აღნიშნული არ წარმოადგენდა, შესაბამისად, დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი. მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება შეგებებული სარჩელით არ მოუთხოვია, არც პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და არც ადმინისტრაციული წარმოებისას პირგასამტეხლოს ოდენობა არ გაუპროტესტებია. თუკი მოპასუხე თვლიდა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი არ იყო, მაშინ მას უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 188-ე მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლება, კერძოდ, სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე უნდა აღეძრა მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. რა დროსაც უდავოა, რომ სასამართლოს უფლება ექნებოდა, გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ დადგინდებოდა შეუსაბამო პირგასამტეხლოს ოდენობა საქმის ფაქტობრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. სხვა შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, გაცდენოდა დავის საგანს. რადგან, სამინისტროს სასარჩელო განცხადებით დავის საგანს არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. სასამართლომ დაარღვია მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
44. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას სსკ-ის 417-418-ე მუხლებით განსაზღვრული მხარეთა უფლებები არ შეუფასებია. თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დროს, მხარეთა გამოვლენილი ნება და საბოლოო შეთანხმებაა მნიშვნელოვანი, რა დროსაც 418-ე მუხლი აძლევს შესაძლებლობებს მხარეებს, პირგასამტეხლო აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ვინაიდან განსახორციელებელი ვალდებულება მეორე მხარისათვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც საჯარო უფლებამოსილება ხორციელდება და საჯარო დაწესებულებას მოეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. თავის მხრივ, მყიდველი უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ მოგების მიღება არ არის საკმარისი. საქმე უნდა გააკეთოს საზოგადოების ფართო წრისათვის და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც ერიცხება პირგასამტეხლო 29 148,3 ლარის ოდენობით (მათ შორის, 13 331,4 ლარი - 2014 წლის პირველი აპრილის განკარგულების საფუძველზე პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლო, ხოლო 15 816,9 ლარი - შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო).
46. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ 2014 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც მოპასუხე გათავისუფლდა 2013 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13 331.4 ლარი), იმ პირობით, თუ მყიდველის მიერ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულებების შესრულება.
47. მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმებისაგან პირობით გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებით მოპასუხე დაეთანხმა დაკისრებული ჯარიმის გადახდას, თუ შემდგომში დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს. პირგასამტეხლოს აღიარების შემდგომ ვალდებულების კვლავ დარღვევა პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლოს დაკისრების უპირობო საფუძველი იყო. მოპასუხეს დარიცხული პირგასამტეხლოს საკითხზე უკვე ჰქონდა გაფორმებული შეთანხმება სამინისტროსთან. აღნიშნული შეთანხმების არსებობა გამორიცხავდა მსჯელობას ამ ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხზე. პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის შეფასებისას საკმარისი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ გარემოების დადგენა, შეთანხმების აქტის გაფორების შემდგომ ნამდვილად დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები. მოცემულ შემთხვევაში კი უდავოა, რომ მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, რისთვისაც დაერიცხა პირგასამტეხლო.
48. სსკ-ის 327-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს განმარტების ამდაგვარ ფაქტს ადგილი ვერ ექნება, რადგან მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს რაოდენობა არ წარმოადგენს „შეუსაბამოდ მაღალს“, არაგონივრულს, და ვალდებულების დარღვევის არათანაზომიერს, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა დარღვეული უფლების აღდგენა და კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება სრულყოფილად იმის გათვალისწინებითაც, რომ სამინისტრო დაყოვნდა და ვერ მიიღო მისი სათანადო გამოყენებით სარგებელი. სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში 29 148,3 ლარი არა მაღალ, არამედ „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობად ჩათვალა, რაც დაუსაბუთებელია.
49. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და მათი შეუსრულებლობის შედეგები. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ სამინისტროს გააჩნდა მოლოდინი. ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაა.
50. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბასმისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი“ (იხ. საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
52. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
53. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 1 (ერთ) ლარად მოპასუხეს, ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 324,8 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ......).
54. 2013 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.2 პუნქტის თანახმად, მყიდველმა - მოპასუხემ, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, იკისრა შემდეგი ვალდებულებები: 2013 წლის პირველ ნოემბრამდე აემოქმედებინა არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამახარისხებელი საწარმო; 2013 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით უზრუნველეყო საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორის და პნევმატური ურიკის საკუთრების ფლობა; საწარმოში სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 2 თვე) დაესაქმებინა 10 საქართველოს მოქალაქე; განეხორციელებინა არანაკლებ 89 000 ლარის ინვესტიცია; საწარმოს ამოქმედებიდან, არანაკლებ 20 წლის ვადით, შეენარჩუნებინა საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მოთხოვნისთანავე, წარედგინა ინფორმაცია გამყიდველისათვის; სამუშაოს შესრულების ვადის დასრულების მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტს; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
55. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, „თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებდა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ უგზავნიდა მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდიდა: ა) ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებს შემთხვევაში ყოველ დარღვევაზე ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
56. 2014 წლის პირველ აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №43 განკარგულებით შეიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობები და სამინისტროს მიეცა თანხმობა, მყიდველი - მოპასუხე გათავისუფლებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13331.4 ლარი) იმ პირობით, თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდებოდა.
57. 2014 წლის 3 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის №78 ბრძანებით ცვლილება შევიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს №171 ბრძანებაში. 2014 წლის 10 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №ს-175 ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა 2013 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (13 331.4 ლარი) იმ პირობით, თუ მყიდველი ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებდა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, 2014 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.
58. 2014 წლის 9 დეკემბერს, მოპასუხემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა განცხადება (რეგ.N7189) და დაურთო შპს „ბ–ის“ 2014 წლის 8 დეკემბერის N03-10 აუდიტორიული დასკვნა, რომლის თანახმად „მყიდველის“ (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორსა და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია.
59. 2015 წლის 8 იანვრის შეტყობინებით, მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად, ვინაიდან მყიდველის მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების აქტის შესაბამისად, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 1 აპრილის №43 განკარგულების შესაბამისად, გადასახდელი ჯარიმა შეადგენდა 15558.9 ლარს. მოპასუხეს გადახდის ვადად განესაზღვრა დროის პერიოდი, არაუგვიანეს 2015 წლის 6 თებერვლისა.
60. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტრომ 2015 წლის 6 მაისის Nს-218 ბრძანებით მოშალა (გააუქმა) ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც მოპასუხემ ადმინისტრაციული საჩივრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში) გაასაჩივრა.
61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 7 აგვისტოს N263 ბრძანებით, მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტად, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის Nს-218 ბრძანება და მოსარჩელეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი და სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მოპასუხეს შორს 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
62. 2014 წლის 9 დეკემბერს მოპასუხემ განცხადება (რეგ.N7189) წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თან დაურთო შპს „ბ–ის“ 2014 წლის 8 დეკემბერის N03-10 აუდიტორიული დასკვნა, რომლის თანახმად „მყიდველის (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორს და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია“.
63. 2016 წლის 3 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოპასუხემ კვლავ წარადგინა განცხადება (რეგ. N518), რომელსაც ერთვოდა შპს „ბ–ის“ მიერ 2016 წლის პირველ თებერვალს შედგენილი N03/1-03 დასკვნა, რომლის თანახმად „2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემული ქონების შიგნით (შესასვლელთან) მოწყობილია საოფისე ფართი, სხვა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული შენობა არ მოწყობილა, 2015 წლის პირველ იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე, საწარმოში ფაქტობრივად დასაქმებულია ერთი საქართველოს მოქალაქე, 2014 წლის პირველ ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებით განხორციელებულია 610 ლარის ინვესტიცია და შენარჩუნებული იქნება საწარმოს პროფილი.“
64. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანებით მოიშალა მხარეთა შორის 2013 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით მოპასუხეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 29 148,3 ლარის ოდენობით.
65. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანებაზე მოპასუხემ შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 18 მაისის N147 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
66. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ .......... მდებარე 324 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ......). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის Nს-56 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
67. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას არ დაეთანხმა.
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
69. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
70. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.
71. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
72. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
73. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
74. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
75. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ,ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
76. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი) პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93). ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).
77. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
78. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
79. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
81. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).
82. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
83. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
84. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).
85. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წელი).
87. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
88. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული და შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (შდრ: სუსგ №ას-1499-2022, 24 იანვარი, 2023 წელი; №ას-1576-2022, 16 მარტი, 2023 წელი).
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
90. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
91. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
92. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
93. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე (იხ. წინამდებარე განჩინების პ.10-13, აგრეთვე ტ.1.ს.ფ. 209-217), აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნებზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხის მიერ სამინისტროსადმი წარდგენილი აუდიტორული დასკვნები ადასტურებს მოპასუხის გულისხმიერ დამოკიდებულებას (ქმედებას) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიმართ ... „მყიდველის (მოპასუხე) მიერ 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ამოქმედებულია არანაკლებ 5 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო, 2014 წლის პირველ ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ფლობს 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავს, ელექტროსასწორს და ურიკას, 2014 წლის 27 ოქტომბრამდე მოახდინა საკუთრებაში გადაცემული შენობის სახურავის გამაგრება/შეკეთება და 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულია 20000 ლარის ინვესტიცია. შპს „ბ–ის“ მიერ 2016 წლის პირველ თებერვალს შედგენილი N03/1-3 დასკვნის თანახმად: „2015 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემული ქონების შიგნით (შესასვლელთან) მოწყობილია საოფისე ფართი, სხვა რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული შენობა არ მოწყობილა, 2015 წლის პირველ იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე საწარმოში ფაქტიურად დასაქმებულია ერთი საქართველოს მოქალაქე, 2014 წლის პირველ ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებით განხორციელებულია 610 ლარის ინვესტიცია და შენარჩუნებული იქნება საწარმოს პროფილი“ (იხ. წინამდებარე განჩინების პ.37-40).
94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
95. კასატორის პრეტენზია მიემართება აგრეთვე იმას, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნას აღნიშნული არ წარმოადგენდა, შესაბამისად, დაირღვა დისპოზიციურობის პრინციპი. მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება შეგებებული სარჩელით არ მოუთხოვია, არც პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და არც ადმინისტრაციული წარმოებისას პირგასამტეხლოს ოდენობა არ გაუპროტესტებია. თუკი მოპასუხე თვლიდა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი არ იყო, მაშინ მას უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 188-ე მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლება, კერძოდ, სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე უნდა აღეძრა მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. რა დროსაც უდავოა, რომ სასამართლოს უფლება ექნებოდა, გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ დადგინდებოდა შეუსაბამო პირგასამტეხლოს ოდენობა საქმის ფაქტობრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. სხვა შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, გაცდენოდა დავის საგანს. რადგან, სამინისტროს სასარჩელო განცხადებით დავის საგანს არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. სასამართლომ დაარღვია მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (იხ. წინამდებარე განჩინების პ.44).
96. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს მყარად დადგენილ სასამართლო პრატიკაზე: „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (შდრ: სუსგ №ას-576-2022, 7 ივლისი, 2022 წელი; სუსგ №ას-911-851-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი). ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი).
97. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი, ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების სიმძიმე ან სხვა სახის გარემოების არსებობა, განაპირობებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების შესაძლებლობას.
98. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
99. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
100. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
101. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
102. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
103. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე