Facebook Twitter

ბს-493-61-გ-03 15 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ განიხილა ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 24 აპრილს გ. და მ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ნ. შ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის 18 კვ.მ-ის მფლობელებად გ. მ-ის ცნობა და რეგისტრაციაში გატარება; ნ. შ-ის მიერ აღნიშნულ ფართის ფლობაზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მისი დავალდებულება სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენაზე.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინის 12,5 კვ.მ და 6,4 კვ.მ ოთახების მფლობელად და მოსარგებლედ; გ. მ-ი რეგისტრირებულ იქნა აღნიშნულ მისამართზე; ნ. შ-ეს დაევალა სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა; სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დაევალა სადავო ფართის მფლობელად გ. მ-ის რეგისტრაცია, ხოლო ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო განყოფილებას – აღნიშნულ მისამართზე გ. მ-ის რეგისტრაციის აღდგენა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას გ. მ-მა დააყენა შუამდგომლობა საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ითხოვდა საჯარო რეესტრის დავალდებულებას სადავო ბინის მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, ასევე საპასპორტო განყოფილებისათვის დავალების მიცემას სადავო ბინაში გ. მ-ის რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა ასევე გაიზიარა ნ. შ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რადგან მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოსადმი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა ქმედების განხორციელების თაობაზე, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად შემდეგი მოტივით გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში:

ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრება მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ. პალატის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს სახლთმფლობელობის მფლობელად და მოსარგებლედ ცნობა. აღნიშნული ურთიერთობა კი რეგულირდება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონით, რომელიც აწესრიგებს მოქალაქეთა შორის წარმოშობილ კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის სავალდებულო პირობაა, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული, ანუ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი გ. მ-სა და ნ. შ-ეს შორის საცხოვრებელი სადგომის თაობაზე არსებული დავა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საჯარო სამართლებრივად და ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნის საგანს ასევე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მიხედვით საპასპორტო რეგისტრაციის აღდგენა და საჯარო რეესტრში ბინათსარგებლობის ფორმის სათანადო წესით რეგისტრაცია, არ ცვლის დავის სამართლებრივ ბუნებას და იგი არის არა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმოშობილი დავის გადაწყვეტის შედეგი, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების ფიქსირების აუცილებლობა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მოსარჩელის მიერ არ არიან დასახელებული მხარეებად და მათ ამ სტატუსით საქმეში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და სასარჩელო მოთხოვნის შესწავლის, საქმის განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დავის განსჯადობის საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ და ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, ხოლო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავების რეგლამენტაცია მოცემულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან ან დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ. მ-ი მოპასუხე (აპელანტი) ნ. შ-ისაგან ითხოვს თბილისში, ...... მდებარე სახლთმფლობელობიდან, სულ 18,9 კვ.მ ორი ოთახის მფლობელად და მოსარგებლედ ცნობას, ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანასა და აღნიშნულ მისამართზე მისი საპასპორტო რეგისტრაციის აღდგენას. სადავო ოთახების მფლობელად და მოსარგებლედ ცნობაზე მოსარჩელე გ. მ-ის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს 1942 წელს მისი ბებიის _ ვ. ლ-ის (მესამე პირი) მიერ ე.წ. “ატსტუპნოით” შეძენილ ფართზე მოსარგებლედ ცნობას. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი _ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998წ. 25 ივნისის კანონი არეგულირებს მოქალაქეთა შორის წარმოშობილ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს და იგი საჯარო კანონმდებლობას არ განეკუთვნება. განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ორგანო მხარედ არ მონაწილეობს და მხარეებს _ მოსარჩელესა და მოპასუხეს მხოლოდ ფიზიკური პირები, გ. მ-ი და ნ. შ-ე, წარმოადგენენ. ამიტომ საკასაციო პალატა სრულიად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას დავის განსჯადობის შესახებ და თვლის, რომ სამართალსუბიექტობის პრინციპისა და დავის არსის გათვალისწინებით განსახილველი დავა წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობებიდან (საცხოვრებელი სადგომის მფლობელად და მოსარგებლედ ცნობა) ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავას, რომელიც კერძო სამართლის კანონმდებლობით (“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი) უნდა მოწესრიგდეს და სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული განსჯადი სასამართლოს _ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნებს საჯარო რეესტრის მიერ სადავო ფართის მფლობელად მისი (გ. მ-ის) რეგისტრაციის, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს საპასპორტო განყოფილების მიერ სადავო მისამართზე მისი რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნულ მოთხოვნებზე პროცესუალურად ადმინისტრაციული დავა ჯერ არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს სათანადო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არ მიუმართავს შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნით და არც მათი უარი მიუღია რეგისტრაციაში გატარებაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შეიძლება გახდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავა პროცესუალურად ჯერ არ არსებობს, ხოლო სადავო ფართის მოსარგებლედ და მფლობელად გ. მ-ის ცნობის, ასევე სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ სარჩელი სამართალსუბიექტობის პრინციპისა და დავის არსის მიხედვით წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, რომელიც განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

2. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.