Facebook Twitter

საქმე №ა-3946-შ-103-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. ს. ს. „А.“

მოწინააღმდეგე მხარე – LLC „ „А.“ (შპს „ა–ი“)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინებით დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობა სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნების ნებაყოფლობით დაკმაყოფილების გამო, სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა. შპს „А-ს“ (იურიდიული მისამართი: სასომხეთის რესპუბლიკა, ქ.ერევანი, ......., ოფისი ......, ანგარიშსწორების ანგარიში 217002037950101, ЗАО „Эйч Эс Би Си Банк Армения,“ ტერიანის ქ. 66, ქ.ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა; ანგარიშსწორების ანგარიში 2050022010161020 ЗАО „Инокобанк,“ ..., ქ.ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა) და LLC „ „А.“-ს“ (იურიდიული მისამართი: ...., ქ.თბილისი, ძველი თბილისი, საქართველო) დ. ს. ს. „А.“-ის“ (სარეგისტრაციო ნომერი, УНП: ..... ადგილსამყოფელი: 220035, ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.მინსკი, ..... გამზირი 61) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად სასამართლო ხარჯების - 725 ბელორუსული რუბლის გადახდა, რაც განჩინების გამოტანის დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენს 287,76 აშშ დოლარს.

დ. ს. ს. „А.“-მა“ 2023 წლის 21 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება LLC „ „А.“-ისათვის“ (შპს „ა–ი“) სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 10 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა LLC „ „А.“-ს“ (შპს „ა–ი“) საქმეში არსებულ მისამართზე – თბილისი, ..... (ძველი თბილისი). სასამართლოში მობრუნებული კონვერტით და უზენაესი სასამართლოს კურიერის აქტიდან ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მისამართზე არ მდებარეობს.

საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის განჩინებისა და დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობის თანდართული მასალით LLC „ „А.“-ისათვის“ (შპს „ა–ი“) ჩაბარება.

2023 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს (ვერის დასახლება) უფროსის მოადგილე დ.კ–ძის წერილიდან ირკვევა, რომ გზავნილი ჩაბარდა LLC „ „А.“-ის“ (შპს „ა–ი“) წარმომადგენელ მ.ბ–ს.

2023 წლის 16 ოქტომბერს LLC „ „А.“-ის“ (შპს „ა–ი“) წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, სადაც არ დაეთანხმა განსახილველ შუამდგომლობას იმ საფუძვლით, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინებით დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო სასამართლო ხარჯები დაეკისრა მოპასუხეებს, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობას, რადგან ქართულ იურისდიქციაში მოსარჩელის შუამდგომლობით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა მოპასუხეზე სასამართლო ხარჯების დაკისრება.

გარდა ამისა, შპს „ა–ი“ წარმოადგენს თავდებს და არ ძირითად მოვალეს. 2015 წელს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით თავდებისათვის ხანდაზმული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რაც სავარაუდოდ გახდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ასევე გახლავთ უკანონო ქართული ეროვნული კანონმდებლობით. მით უმეტეს, რომ თავად ბელარუსის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ დაადგენდა შპს „ა–ის“ სოლიდარულ პასუხისმგებლობას და აღსასრულებელი განჩინება არის სუფთა პროცესუალური ხასიათის და ეხება მხოლოდ საქმის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, სრულად და გასაგებად დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილებები და პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა ყველა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც საკითხის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსასრულებელი განჩინება არსებით კონფლიქტშია შიდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მისი ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. შესაბამისად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 64-ე მუხლის მოთხოვნებისა, წარმოდგენილი შუამდგომლობა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა ( იხ. 2023 წლის 16 ოქტომბრის განცხადება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საცნობი განჩინება შეეხება მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრების საკითხს.

რაც შეეხება დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობას ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის, ხოლო აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შუამდგომლობას, იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. „საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამავე დროს ეს ხდება პირველი ინსტანციის წესით“ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბ., 2010 წ., გვ. 43.).

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020 წ., გვ.178).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარ კრიტერიუმებს შესაძლებელია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურა გაწერილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე მუხლებში. ეს ნორმები მხოლოდ ეროვნული სასამართლოს შესაბამის საქმიანობას აწესრიგებს და არა სააღსრულებო წარმოების განმხორციელებელი ორგანოებისა. დასახელებული ქცევის წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა დებულებები, რომლებიც, როგორც წესი, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურას უფრო ამარტივებენ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბ., 2010 წ., გვერდი 85.). „გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და შესაბამისი ქვეყანა ორმხრივი ხელშეკრულების ან მრავალმხრივი კონვენციის მონაწილენი არიან, ხდება მის საფუძველზე. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ საქართველოს უზენაესი სასამართლო გადწყვეტილებას ცნობს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონზე დაყრდნობით ან კეთილი ნების საფუძველზე“ (შდრ: სულხან გამყრელიძე, შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში ევროპის, გერმანული და შვეიცარიული სამართლის გათვალისწინებით, თბ., 2015 წ., გვ. 130).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს (იხ. თ.ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020 წ., გვერდი 233.; ზვიდ გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2016 წ., გვ. 463).

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (შდრ: H. v. Belgium, 30 ნოემბერი 1987, § 53, Series A N 127-B;Suominen v. Finland, N 37801/97, § 36, 1 ივლისი 2003; Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; ).

როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს. შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვება გამოიკვლიოს შემდეგი: მხარეთა ძირითადი არგუმენტები, კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული განცხადებები; ეროვნული სასამართლოები ვალდებულები არიან აღნიშნული განცხადებები განსაკუთრებული სიმკაცრითა და სიფრთხილით შეისწავლონ (შდრ: Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 30, Series A N 303-A; Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005; Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006; Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, N 76240/01, § 96, 28 ივნისი 2007;). დროის ეკონომიურობისა და სამართალწარმოების დაჩქარების სურვილი არ ამართლებს ისეთი ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფას, როგორიცაა შეჯიბრებითი სამართალწარმოების უფლება (იხ: Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, § 30, Reports of Judgments and Decisions 1997-I;).

შეჯიბრებითი პროცესის უფლება ნიშნავს სამოქალაქო საქმის მონაწილე მხარეების უფლებას, გაიცნონ და კომენტარები გააკეთონ ყველა წარდგენილი მტკიცებულების ან დასკვნის შესახებ, რათა გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (შდრ: Ruiz-Mateos v. Spain, 23 ივნისი 1993, § 63, Series A N 262; McMichael v. the United Kingdom, 24 თებერვალი 1995, § 80, Series A N 307-B; Vermeulen v. Belgium, 20 თებერვალი 1996, § 33, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Lobo Machado v. Portugal, 20 თებერვალი 1996, § 31, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Kress v. France [დიდი პალატა], N 39594/98, §74, ECHR 2001-VI;).

შეჯიბრებითი სამართალწარმოების მხარეს უნდა ჰქონდეს სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, ისევე, როგორც მის შინაარსსა და ავთენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფორმითა და გონივრული დროის განმავლობაში, კომენტარის გაკეთების საშუალება (იხ: Krčmář and Others v. the Czech Republic, N 35376/97, §42, 3 მარტი 2000; Immeubles Groupe Kosser v. France, N 38748/97, §26, 21 მარტი 2002) საჭიროების შემთხვევაში, ამ უფლების განხორციელების მიზნით უნდა გადაიდოს საქმე (იხ.Yvon v. France, N 44962/98, § 39, ECHR 2003-V.); მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცნობილი გახადონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მათი პოზიციის გასამყარებლად არის საჭირო. სასამართლომ პატივი უნდა სცეს შეჯიბრებითობის პრინციპს (იხ: Clinique des Acacias and Others v. France, N 65399/01 და 3 სხვა, §37-38, 13 ოქტომბერი 2005;) მხოლოდ დავის მონაწილე მხარეების გადასაწყვეტია, მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მოწმის ჩვენება საჭიროებს თუ არა საპასუხო კომენტარს (იხ. Andret and Others v. France (განჩინება), N 1956/02, 25 მაისი 2004;). მართლმსაჯულების საქმიანობის მიმართ სამართალწარმოების მონაწილეების ნდობა დაფუძნებულია იმის ცოდნაზე, რომ მათ აქვს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის შესახებ აზრის გამოთქმის უფლება (მათ შორის სასამართლოს მიერ საკუთარი შუამდგომლობით მოპოვებული დოკუმენტების თაობაზე (იხ. Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, §29, Reports of Judgments and Decisions 1997-I; Pellegrini v. Italy, N30882/96, § 45, ECHR 2001-VIII;).

სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფცია მოიცავს ,,მხარეთა თანასწორობის’’ პრინციპს. ,,მხარეთა თანასწორობის’’ მოთხოვნა, მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ დაცვის მნიშვნელობით, ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე (იხ. Feldbrugge v. the Netherlands, 29 მაისი 1986, § 44, Series A N 99;). მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ შენარჩუნება, მხარეთა თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს მისი საქმის, მათ შორის, მტკიცებულების, წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ისეთ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ პოზიციაში არ ჩააყენებს. დაუშვებელია მხარემ სასამართლოს წარუდგინოს დოკუმენტები და ამის თაობაზე მეორე მხარემ არ იცოდეს; მეორე მხარეს უნდა მიეცეს აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. მხოლოდ მხარეების გადასაწყვეტია, საჭიროებს თუ არა წარდგენილი დოკუმენტების საპასუხო რეაქციას (იხ. APEH Üldözötteinek Szövetsége and Others v. Hungary, N 32367/96, §42, ECHR 2000-X).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები,1.1.) სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციის პროცესში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართლებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არცერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს (შდრ: სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 7 ივლისი, 2017 წელი). „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი.“ (იხ. სუსგ №ას-209-196-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ხოლო კონვენციის 53-ე მუხლი კი, ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას, საკასაციო პალატა დაეყრდნობა „ მინსკის კონვენციისა“ და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: „სპეციალური კანონი“) მოთხოვნებს.

„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.

„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი თანხის გადახდის დაკისრებას შეეხება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები ჯეროვნად და სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის და დავის საგნის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმას უკავშირებს ძირითადად იმ საფუძვლს, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჯარო წესრიგს, რადგან ქართულ იურისდიქციაში მოსარჩელის შუამდგომლობით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა მოპასუხეზე სასამართლო ხარჯების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის აღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო:

ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინებიდან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დგინდება, რომ დახურულმა სააქციო საზოგადოება „А-მა“ სარჩელით მიმართა სასაამრთლოს მოპასუხეების შპს «А-ის“( სასომხეთის რესპუბლიკა, 1-ლი მოპასუხე) და LLC „ „А.““ (შპს „ა–ი“) ( საქართველო, მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის სოლიდარულად დაკისრება ნასყიდობისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. სარჩელის აღძვრის შემდეგ მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს სარჩელზე სრულად უარის თქმისა და გაწეული სასამართლო ხარჯების ( სახელმწიფო ბაჟის) მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები. მოსარჩელემ მოითხოვა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. მოპასუხეების წარმომადგენლები, რომლებიც სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული, არ გამოცხადდნენ. საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ ეწინააღმდეგება ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნებს. იმავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას. სასამართლომ ასეევ მიუთითა, რომ თუკი სოლიდარული პასუხისმგებლობა გამომდინარეობს სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან, ეკონომიკური საქმის განმხილველი სასამართლო, მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრებს სასამართლო ხარჯების გადახდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა მოსარჩე ლის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის -სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება725 ბელორუსული რუბლის ოდენობით, რაც განჩინების გამოტანის დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 287,76 აშშ დოლარს. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩვრდეს ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში თხუთმეტი დღის განმავლობაში მისი გამოცხადებიდან (იხ.ქალაქ მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისს განჩინება).

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და მეორე კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ, 2015 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე, რომლის 12.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში ქ. მინსკის ეკონომიკურ საქმეთა სასამართლოს განსჯადობაზე, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები ჯეროვნად და სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებული განსახილველ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოწინააღმდეგე მხარე გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმას უკავშირებს ძირითადად იმ საფუძვლს, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჯარო წესრიგს, რადგან ქართულ იურისდიქციაში მოსარჩელის შუამდგომლობით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა მოპასუხეზე სასამართლო ხარჯების დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

საქართველოს უზენაესი სასმაართლო მიუთითებს, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

ევროპული დოქტრინის მიხედვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება წყვეტს კერძო სამართლებრივ დავას. ამასთან, აღნიშნული დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს ისეთ სასამართლო პროცესზე, რომელზედაც პროცესის მხარეებს თანაბრად ჰქონდათ მინიჭებული უფლებები, დაეცვათ, თავიანთი ინტერესები.

ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონი ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს.

კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის შემთხვევებს. ასე, მაგალითად, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ, ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებად აღირებულია დათქმა “საჯარო წესრიგის შესახებ”. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო წესრიგის დეფინიცია განსაზღვრული არ არის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საჯარო წესრიგის დათქმა უცხოური სამართლის იგნორირებას კი არ ნიშნავს, არამედ მიუთითებს მისი გამოყენების შეუძლებლობაზე. თანაც მთავარი აქცენტი აქ გამახვილებულია არა რომელიმე უცხო ქვეყნის ნორმის წინააღმდეგ, არამედ იმ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ასეთი ნორმის გამოყენებას მოყვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო წესრიგის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ უცხოური სამართალი აშკარად საპირისპიროა გადაწყვეტილების მცნობი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ მართლლწესრიგთან, ასეთ შემთხვევაში ეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა იქნეს გამოყენებული. საჯარო წესრიგი მოწოდებულია დაიცვას გადაწყვეტილების მცნობი ქვეყნის მართლწესრიგი იმ უცხოური ნორმების მოქმედებისაგან, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ზნეობრივი ფაქტორებიდან გამომდინარე. საჯარო წესრიგის ნეგატიური ფუნქცია უცხო ქვეყნის სამართლის გამოუყენლობაა, ხოლო პოზიტიური ფუნქცია კი გულისხმობს უცხოური სამართლის გამოუყენლობის შემთხვევაში ეროვნული სამართლის გამოყენებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმის გამოყენების უარყოფა მხოლოდ გამონაკლისია, ის არ გულისხმობს, მთლიანი უცხოური სამართლის გამორიცხვას და ეხება მხოლოდ კონკრეტულ ნორმას, რომელიც იწვევს მიუღებელ შედეგებს. უარყოფა შეფასებული უნდა იქნას საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით. დათქმა საჯარო წესრიგის შესახებ ორიენტირებულია უცხოური ნორმების გამოყენებით წარმოშობილი შედეგების წინააღმდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად გასაზიარებელია შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, საერთო წესის მიხედვით, არ ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას მოპასუხის მიერ. თუმცა ამ საერთო წესიდან გათვალისწინებულია გამონაკლისი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54 I მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. „მოპასუხეს, რომელმაც სარჩელის აღძვრის შემდგომ, ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელე, მაინც გადახდება მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები“ (შდრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-797-797-2018, პ.17).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, შუამდგომლობის ავტორმა უარი თქვა სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ პირველმა მოპასუხემ (მყიდველი) ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრის შემდეგ.

შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე ასევე მიუთითებს, რომ შპს „ა–ი“ წარმოადგენს თავდებს და არ ძირითად მოვალეს. 2015 წელს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით თავდებისათვის ხანდაზმული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რაც სავარაუდოდ გახდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ასევე გახლავთ უკანონო ქართული ეროვნული კანონმდებლობით. მით უმეტეს, რომ თავად ბელარუსის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ დაადგენდა შპს „ა–ის“ სოლიდარულ პასუხისმგებლობას და აღსასრულებელი განჩინება არის სუფთა პროცესუალური ხასიათის და ეხება მხოლოდ საქმის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.

მოწინააღმდეგე მხარის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 22 ოქტომბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც LLC „ „А.“-ი“ თავდებად დაუდგა შპს „А-ს“ დ. ს. ს. „А.“-ის მიმართ 2015 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულებით, თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის ყველა სხვა ხარჯისათვისაც, რაც გამოწვეული იქნება ძირითადი მოვალის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული თავდებობის ხელშეკრულებით, გადაწყდება ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. 2015 წლის 22 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება).

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს: ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ს. ს. „А.“-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინება, რომლითაც LLC „ „А.“-ს“ (იურიდიული მისამართი: შანიძის ქ. 21, ქ.თბილისი, ძველი თბილისი, საქართველო) დ. ს. ს. „А.“-ის“ (სარეგისტრაციო ნომერი, УНП: 100010198 ადგილსამყოფელი: 220035, ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.მინსკი, ......გამზირი 61) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად სასამართლო ხარჯების - 725 ბელორუსული რუბლის გადახდა, რაც განჩინების გამოტანის დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენს 287,76 აშშ დოლარს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი