საქმე №ას-965-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ტ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჯ–ი, ი.მ–ი, მ.ტ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) სარჩელი გ.ჯ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მსესხებელი), ი.მ–ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, თავდები ან გამჩუქებელი) და მ.ტ–ვას (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან დასაჩუქრებული) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:
1.1.1. 2017 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3809016-9175269 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 674.04 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა 8 257.61 ლარი, პროცენტი - 1 614.56 ლარი, ჯარიმა - 773.93 ლარი და დაზღვევა - 27.94 ლარი);
1.1.2. მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის 3 417.15 ლარის ანაზღაურება;
1.1.3. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2020 წლის 9 ივლისიდან) 2017 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3809016-9175269 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8 257.61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 2 500 ლარისა;
1.2. მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 13 000 ლარით განისაზღვრა;
1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ შპს „ტ.კ–ი“ იქნა ცნობილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 07.09.2017 წელს საბანკო კრედიტის N3809016-9175269 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%, კრედიტის ვადა კი 2020 წლის 6 სექტემბრამდე განისაზღვრა. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 7 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ;
4.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის, იმავე თარიღით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თავდებმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ 2017 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების მიხედვით, თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა 13 000 ლარით განისაზღვრა;
4.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2018 წლის 7 ივლისს დაირღვა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადახდა აღარ მომხდარა;
4.5. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 4 038.12 ლარი, საიდანაც 1 742.39 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 2 084.56 ლარით - პროცენტი, 141.45 ლარით - ჯარიმა, ხოლო, - 69.72 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია;
4.6. 2020 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, პირველ და მეორე მოპასუხეებს 2017 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 10 674.04 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 8 257.61 ლარი, პროცენტი - 1 614.56 ლარი, ჯარიმა - 773.93 ლარი და დაზღვევა - 27.94 ლარი;
4.7. მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის, 2018 წლის 27 ნოემბერს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..... საკადასტრო კოდით: ........ საჯარო რეესტრში მესამე მოპასუხის სახელზე აღირიცხა.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამსესხებელი (კრედიტორი) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული 2018 წლის 27 ნოემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ....., ს/კ: ........ მეორე მოპასუხის (თავდების) საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში.
6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე (კრედიტორი) აცხადებდა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, მოპასუხე მხარეებს არ ჰქონდათ ნება, გაეფორმებინათ ჩუქების ხელშეკრულება, მოპასუხეთა შორის სადავო გარიგების დადება განპირობებული იყო ,,ბანკის’’ მიმართ მოსალოდნელი ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით. აპელანტი (მოსარჩელე) მიუთითებდა, რომ სოლიდარულმა თავდებმა მის მეუღლეზე (მესამე მოპასუხეზე) გადააფორმა უძრავი ქონება მის მიმართ მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სადავო გარიგება დროში ემთხვევა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, რაც ,,ბანკისაგან’’ მოასწავებდა სათანადო რეაგირებას. ყოველივე აღნიშნული კი ცნობილი იყო დასაჩუქრებულისათვის (მესამე მოპასუხისათვის).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხორციელებულად მიჩნევის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე მუხლს, კერძოდ, მის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
8. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მტკიცების ტვირთის, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი განაწილების პრინციპის მიხედვით, ნების გამოვლენის ნაკლი უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელე მხარემ (გამსესხებელმა).
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, რის საფუძველზეც სასამართლო მართებულად მივიდა სამართლებრივ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულების მხარეთა მიზანი ჩუქების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგის ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა იყო. თავის მხრივ, ამგვარი სამართლებრივი შეფასება საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სწორი გადაწყვეტილების მიღებისა.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) და 56.1. (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)) მუხლებით და განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს გარიგება მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ნების წარმოსაჩენად იდება და მხარეებს არ გააჩნიათ შინაგანი ნება ამგვარი გარიგების დადებისათვის, შესაბამისად, მათთვის არც ამ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არ არის მისაღები. ამდენად, გარიგების სსკ-ის 56-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ სადავო ხელშეკრულებისადმი მხარეთა შინაგანი, ნამდვილი ნების არარსებობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, რომელიც შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, ,,ბანკი’’, როგორც მოსარჩელე, მოვალე იყო მიეთითებინა და წარედგინა ზემოთ მითითებული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ანუ მტკიცების ტვირთი სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობის დასადასტურებლად ეკისრება მოდავე მხარეს.
11. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ პირად მოვალეს არ გააჩნდა რაიმე ქონება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა კრედიტორის (,,ბანკის’’) მოთხოვნის დაკმაყოფილება; მეორე მოპასუხემ, როგორც თავდებმა, იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება იყო ერთადერთი ქონება, საიდანაც შესაძლებელი გახდებოდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე, მისთვის ცნობილი იყო ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები, ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მას შემდეგ, რაც თავდებმა ვეღარ შეძლო სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხების გადახდა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეებს არ სურდათ ჩუქების ხელშეკრულების დადება და არ გააჩნდათ საამისოდ შინაგანი ნება, ანუ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას.
12. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ უახლოეს ნათესავებს, დასაჩუქრებული არის თავდების მეუღლე, ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია გამჩუქებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ იგი დაავადებულია უმძიმესი სენით. ამგვარ პირობებში საკმაოდ ლოგიკურია მისი მტკიცება, რომ ავადმყოფობის არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება სამკვიდროს მიღებისათვის საჭირო პროცედურები, რაც დროში გაჭიანურებულია, ამასთან მოითხოვს გარკვეული ხარჯების გაღებას, რაც დაკავშირებულია შეზღუდულ ვადებთან და სხვა.
13. ის გარემოება, რომ ამ გარიგების დადებით ფაქტობრივად სადავო უძრავ ქონებაზე არიდებულ იქნა კრედიტორის მოთხოვნის მიქცევის შესაძლებლობა, არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 56-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია სოლიდარული თავდებობა, თავდების პასუხისმგებლობა არსებული დავალიანების მოცულობას აღემატება. კრედიტორს (ბანკს) კრედიტის გაცემის დროს არ უფიქრია ვალდებულების სხვაგვარ უზრუნველყოფაზე, რაც არ შეიძლება, სსკ-ის 319-ე მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში გარიგების ბათილად ცნობის გამამართლებელ წინაპირობად იქცეს. ამასთან მოსარჩელე ბანკმა დამაჯერებლად ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ სადავოდ ქცეული გარიგების საფუძველზე გასხვისებული უძრავი ქონებით უნდა მომხდარიყო, ან ამის გარეშე აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, პირადი თავდებობის პირობებში თავდებს არ ეზღუდებოდა გარიგების დადების თავისუფლება მის კუთვნილ ქონებაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ კრედიტორიმა (გამსესხებელმა) არ იზრუნა მოთხოვნის კონკრეტული ქონებით უზრუნველყოფაზე.
14. საგულისხმოა, რომ თავდები არ უარყოფს ,,ბანკის’’ მიმართ ვალის არსებობას. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა შესაბამისი შინაგანი ნების გარეშე და მხარეებს არ სურდათ ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელობიდან გამომდინარე შედეგის დადგომა.
15. აპელანტი (კრედიტორი) სადავო გარიგების მოჩვენებითობის დასასაბუთებლად იმ გარმოებაზეც მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ სადავო ქონებას კვლავაც ფლობს თავდები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ეს გარემოება, მხარეთა შორის არსებული ნათესაური კავშირის (მჩუქებელი და დასაჩუქრებული მეუღლეები არიან) გათვალისწინებით არ შეიძლება, არაბუნებრივად იქნეს მიჩნეული, რაც კრედიტორის სასარგებლოდ ცალსახად დაადასტურებდა სადავო ხელშეკრულების მიმართ მხარეთა მოჩვენებითი დამოკიდებულების არსებობას. ამასთან დადასტურებულია ისიც, რომ არა მხოლოდ რეგისტრირებულია უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე მისამართზე, არამედ ყველა სახის კომუნალურ გადასახადებსაც ის ემსახურება, რაც დადებული გარიგების მიზნის კანონიერებას უფრო აღრმავებს, ვიდრე ასუსტებს.
16. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ბანკმა ვერ უზრუნველყო სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმის კვალიფიკაციისა და მისიგამოყენებისათვის აუცილებელი გარემოებების დადასტურება, ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი მოსარჩელის (კრედიტორის) მიერ მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე მითითებული მტკიცების გაზიარების საფუძველი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების თავდების სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული 2018 წლის 27 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია და შესაბამისად, ბათილ გარიგებას წარმოადგენს, რადგან ხელშეკრულების მხარეები არიან ოჯახის წევრები - მეუღლეები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ივარაუდება, რომ დასაჩუქრებულისთვის, როგორც მსესხებლის ოჯახის წევრისათვის, ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო თავდების ვალდებულების შესახებ გამსესხებლის წინაშე;
17.3. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდები უძრავი ქონების მესაკუთრე იყო 2010 წლიდან და მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემდეგ გადაუფორმა ქონება მეუღლეს, როცა ამდენი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, თუკი სხვა ინტერესი არსებობდა, გარდა ვალდებულებისგან თავის არიდებისა. ამასთან, ქონების გასხვისების შემდეგაც არ გაგრძელებულა და დღემდე არ ხდება ვალდებულების შესრულება და სავარაუდოდ არც მოხდება, რადგან მოპასუხეებმა მოსპეს კრედიტრორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ბერკეტი;
17.4. დასაჩუქრებულს მიღებული ქონება არ განუკარგავს არანაირი ფორმით - არ დაუტვირთავს იპოთეკით, არ გაუქირავებია, არ გაურემონტებია ან სხვ., შესაბამისად, მესამე მოპასუხეს (დასაჩუქრებულს) არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ მიღებულ ქონებას დაეუფლა და განკარგავს, როგორც საკუთარს.
17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (კრედიტორის) მოთხოვნა სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების არანამდვილობას ეფუძნება, მოსარჩელე სადავო ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითობაზე მიუთითებს.
23. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
24. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).
25. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.
26. კასატორი ვერ სთავაზობს სასამართლოს მოვლენათა განვითარების იმგვარ ჯაჭვს, რაც სადავო გარიგების ნამდვილობას საეჭვოს გახდიდა. ფაქტია, რომ სესხის გაცემის დროს სადავო უძრავი ქონება მეორე მოპასუხეს ეკუთვნოდა, თუმცა გამსესხებელს სესხის გაცემისას უძრავი ქონება მხედველობაში არ მიუღია, მოსარჩელემ სესხი სანივთო უზრუნველყოფის (იგულისხმება უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარეშე) გარეშე გასცა და მარტოოდენ პიროვნულ (პირად) უზრუნველყოფის საშუალებას - თავდებობას დასჯერდა .
27. მეორე და მესამე მოპასუხეების ნათესაური კავშირი ერთ-ერთი ელემენტია სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, თუმცა - არასაკმარისი (შეადრ. სუსგ Nას-366-2023, 25.05.2023წ.). კასატორის პრეტენზია, რომ გამჩუქებელი ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მესამე მოპასუხეს აჩუქა, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან გამჩუქებელი და დასაჩუქრებული მეუღლეები არიან და, ბუნებრივია, ისინი ერთად ცხოვრობენ. რაც შეეხება, პრეტენზიას, რომ უძრავი ქონება ახალ მესაკუთრეს არც გაურემონტებია და არც რაიმე ფორმით განუკარგავს, სადავო გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება, რადგან მხარეები უძრავ ქონებაში ცხოვრებას განაგრძობენ და მისით სარგებლობა/განკარგვა სრულად მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გამოვლინდა პირთა ნათესაური კავშირი, საკასაციო სასამართლომ სწორედ სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიიჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: Nას-366-2023, 25.05.2023წ; N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას-1314-2020, 22.02.2022წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-1212-1138-2015, 06.06.2016წ; N ას 871-821-2015, 05.02.2016წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015წ; წN ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლისათვის სესხის გაცემის დროს კრედიტორს (გამსესხებელს) არ „უზრუნია“ მოვალის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების სანივთო უზრუნველყოფაზე და პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებით - თავდებობით შემოიფარგლა, შესაბამისად, ის სამართლებრივი რისკი, რომელიც მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების რისკს უკავშირდება, მოცემულ შემთხვევაში სხვა პირის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება, რადგან მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არის მიჩნეული მოჩვენებით გარიგებად.
28. თავდებობა, როგორც კრედიტის უზუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ). სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; № ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი. (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; შდრ: სუსგ-ებს: N ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ; N ას-372-2023, 6.10.2023წ.).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია გამსესხებლის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ტ.კ–ს" (ს/ნ …….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1691557125, გადახდის თარიღი 2023 წლის 10 აგვისტო), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური