Facebook Twitter

საქმე №ას-1385-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „ე–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ჰ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინების ძალაში დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სს „ე–ისა“ და სს „კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა - სს „ს.ბ–ს“ აეკრძალა: 2019 წლის 17 სექტემბერს გაცემული საავანსო გადახდის გარანტიის (Advance Payment Guarantee) №ADV45867-19 საფუძველზე ან/და მისგან გამომდინარე, 2016 წლის 25 აპრილს გაცემული საავანსო გადახდის გარანტიის (Advance Payment Guarantee) №ADV37854-16-ის ან/და მისგან გამომდინარე, 2016 წლის 25 აპრილს გაცემული №Pe37855-16 შესრულების გარანტიის (Performabnce Guarantee), ან/და მისგან გამომდინარე და 2021 წლის 4 მაისს გაცემული დაკავებული თანხის №R48997-21 გარანტიის (Retention Money Guarantee) საფუძვლებზე ან/და მისგან გამომდინარე, ნებისმიერი თანხის საარბიტრაჟო მოპასუხისათვის - შპს „მ.ჰ–ის“ გადაცემა/გადახდა სარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. ზემოაღნიშნული განჩინება შპს „მ.ჰ–მა“ საჩივრით გაასაჩივრა და საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, შპს „მ.ჰ–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე ერთობლივი საჩივარი წარადგინეს სს „ე–იმ“ და სს „კ–იმ“ (სს „კ–ის“ ნაწილში საჩივარს არსებითად განხილვის შემდგომ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და იგი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სს ,,კ–ის“ საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ).

5. სს „ე–ის“ განმარტებით, სს „ს.ბ–ის“ მიერ ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული საკმაოდ მოცულობითი თანხის გადახდის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ წარმოეშობა ბანკისათვის ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება. ბანკს კი, თავის მხრივ, წარმოეშობა ვალდებულება, დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი, რაც უმძიმესი ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენებს არა მხოლოდ სს „ე–ს“, არამედ, ქართულ-უკრაინულ კორსონციუმსა და იმ ხუთ კომპანიას, რომელთა ქონება უზრუნველყოფს საბანკო გარანტიებით გათვალისწინებულ თანხებს. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლები მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტსა და ტენდერში, მათ შორის, სს „ე–ი“, როგორც ინდივიდულურად, ისე ქართულ-უკრაინული კონსორციუმის სახელით ახორციელებს არაერთ პროექტს და ისეთი არსებითი ღირებულების საბანკო გარანტიების განაღდება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე სარგებლობს, მნიშვნვლოვან ზიანს მიაყენებს საჩივრის ავტორს. სს „ე–ი“ ვეღარ შეძლებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტენდერებსა და პროექტებში როგორც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, ასევე – მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესრულებას.

6. საჩივრის ავტორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ საბანკო გარანტიის განაღდების შემდეგ და მას შემდეგ რაც დასრულდება საარბიტრაჟო დავა ან საარბიტრაჟო დავის ფარგლებში განმცხადებლებს საშუალება ექნებათ იდავონ საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის მოცულობის ანაზღაურებაზე, ეს თანხა ვერ დააკომპენსირებს ხუთი სხვადასხვა კომპანიისათვის მიყენებულ ზიანს, რაც გარდაუვლად დადგება მათი ძირითადი აქტივების გასხვისების და ფაქტობრივად, ოპერირების გაგრძელებისათვის არსებითად აუცილებელი რესურსების ჩამორთმევის შემთხვევაში. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა ბენეფიციარის მიერ უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენება, კერძოდ, საარბიტრაჟო მოპასუხესა და ინჟინერს უნდა განესაზღვრათ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოცულობა, რაც დღემდე არ განუხორციელებიათ. საარბიტრაჟო მოსარჩელეებს არ მიუღიათ იმ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაც კი, რომლის შესრულებაც სადავო არ არის.

7. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ იმ მიზნით ცდილობს საბანკო გარანტიების განაღდებას, რომ ისინი დააყენოს ფინანსური ზიანის მიყენების რისკის წინაშე, მოიპოვოს მათზე უპირატესობა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მორიგებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და აიძულოს ისინი, დასთანხმდნენ მხოლოდ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მორიგების ხელსაყრელ პირობებს. საარბიტრაჟო მოპასუხე კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევითა და უფლების ბოროტად გამოყენებით აგრძელებს განცხადებლებთან ურთიერთობას, რაც გამოიხატება განაღდების თაობაზე საბანკო გარანტიების სრული ოდენობით მოთხოვნით, როდესაც მას ამის აუცილებლობა არ გააჩნია და მას აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები საჩივრის ავტორის მიმართ.

8. საჩივრის ავტორი მიუთითებს საბანკო გარანტიის გაცემის სანაცვლოდ იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის რისკზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ბუნდოვანია შპს „მ.ჰ–ისგან“ უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების პერსპექტივა, რამეთუ ეს უკანასკნელი ჰესის გასხვისებას გეგმავს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, სს „ე–ის“ საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, რაც ამ უკანასკნელმა საჩივრით გაასაჩივრა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სს „ე–ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საჩივარი დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სს „ე–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და, სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ) 879-ე, მე-8 და 115-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ურთიერთობებში, სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს ბანკის მიერ დადგენილ გამოუთხოვად ვალდებულებაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. არამართლზომიერი მოთხოვნის გარდა, ძირითადი ვალდებულების სუბიექტების ურთიერთობაში სასამართლოს ჩარევა გამორიცხულია. სხვა შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საერთაშორისო კომერციის ნდობას. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ მოთხოვნა არამართლზომიერია ან უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბენეფიციარის/საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის გადახდის პოტენციური მოთხოვნა არამართლზომიერია ან მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება იქნება, რისი გათვალისწინებითაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინება დასაბუთებულია, საჩივრის ავტორმა კი ვერ დაამტკიცა ამ განჩნების გაუქმების/შეცვლის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. პალატის მითითებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად მოთხოვნილი გარანტის (ბანკის) მიერ საბანკო გარანტიების საფუძველზე თანხის ბენეფიციარისათვის (საარბიტრაჟო მოპასუხისათვის) გადახდის აკრძალვა გაუქმდა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

19. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია, შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ №ას-1215-2019, 31.01.2020წ.).

20. საქმის მასალებით თანახმად, მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება ახალციხეში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლის უზრუნველსაყოფად სს „ე–ის“ მიერ დამკვეთისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) წარდგენილია სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული გარანტიები. საქმეში წარმოდგენილი საავანსო გადახდისა და შესრულების გარანტიების ტექსტებით დადგენილია, რომ ბანკმა საბანკო გარანტიებით უპირობოდ და გამოუთხოვადად აიღო ვალდებულება, ბენეფიციარს გადაუხადოს გარანტიებით განსაზღვრული თანხა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარისაგან მიიღებს წერილობით მოთხოვნას, რომელშიც მიუთითებს საბანკო გარანტიას, მათ შორის, ბენეფიციარის განცხადებას თუ რა სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია პრინციპალმა და იმ თანხის ოდენობას, რომელსაც ითხოვს ბანკისგან. ამ მოთხოვნის შემდგომი მტკიცების ან იურიდიული ან სხვა საფუძვლის ჩვენების გარეშე ან მასში მითითებლი თანხის ან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენს გარეშე, მიღებისთანავე (იხ. ტ.1, ს.ფ. 58-77).

21. პალატის მითითებით, მაშინ როდესაც, საჩივრის ავტორი (პრინციპალი) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვს გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის საფუძველზე ან/და მისგან გამომდინარე თანხის გადაცემის აკრძალვას, უნდა განიმარტოს საბანკო გარანტიის მნიშვნელობა, თავისებურება და მიზანი.

22. საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

23. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი).

24. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. მისი არააქცესორული ბუნება კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება სსკ 887-ე მუხლის მეორე ნაწილში - თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

25. პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნით ბენეფიციარი, როგორც წესი, ორ მიზანს ისახავს: 1. მოიპოვოს უზრუნველყოფა მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში და 2. სწრაფად მიიღოს ის თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას, თავისი აზრით, გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ამას სადავოდ ხდის; ამ შემთხვევაში საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვით ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს ნათელი დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ.

26. საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების პრაქტიკული ახსნა მის ეკონომიკურ დანიშნულებაშია. სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშესაწყობად, კანონმდებელმა საბანკო გარანტიის სახით შექმნა მოთხოვნის უზრუნველყოფის იმგვარი მექანიზმი, რომელიც კრედიტორის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და დავის წარმოების გარეშე უზრუნველყოფს მის მყისიერ დაკმაყოფილებას მაღალი რეპუტაციის, გადამხდელუნარიანი მეწარმე სუბიექტის (ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის) უშუალო ჩართულობით. საბანკო გარანტიის სიმყარე და ეფექტურობა ხელს უწყობს მრავალი ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა გარანტის სახით ბანკის ურთიერთობაში მონაწილეობა, რაც მესამე პირის ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ვალდებულების აღებასა და მისი შესაგებლების გამოყენების გარეშე საბანკო გარანტიის მოსარგებლის ფინანსურ დაკმაყოფილებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, საბანკო გარანტიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში სასამართლოს იმგვარი ჩარევა, რომელიც ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას გაურკვეველი დროით გადაავადებს, უნდა იყოს ძალზედ იშვიათი, საგამონაკლისო შემთხვევა იმ ზოგადი წესიდან, რომლის თანახმადაც, ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მყისიერ დაკმაყოფილებას, თუნდაც სადავო იყოს სამართალურთიერთობა, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. გამონაკლისს წარმოადგენს: 1) არამართლზომიერი მოთხოვნა და 2) უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად წარდგენილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა (იხ., ლიპარტია ნ., „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 199).

27. საბანკო გარანტიის ეფექტური ფუნქციონირებისა და მისი კომერციული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტერმინი „არამართლზომიერი მოთხოვნა“ სასამართლოს მხრიდან ფართოდ არ უნდა იქნეს განმარტებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარანტისათვის საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნის აკრძალვა ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა გამარტივდება ყველა ისეთ საქმეში, სადაც პრინციპალს სურს, შეაყოვნოს ბენეფიციარის დაკმაყოფილება და შესაბამისად, გარანტის რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილება მის მიმართ. ამრიგად, საკასაციო პალატა არამართლზომიერ მოთხოვნად განიხილავს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ: 1) ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები არ წარმოშობილა ან 2) წარმოიშვა, მაგრამ არაარსებითია; 3) ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტრობრივი საფუძვლები დადგა, თუმცა პრინციპალი მასზე პასუხს არ აგებს (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბენეფიციარის ბრალით ან პრინციპალის ბრალის გარეშე); 4) საგარანტიო მოთხოვნაში დასახელებული ფაქტი არანამდვილია ან თანდართული დოკუმენტაცია გაყალბებულია. უფლების ბოროტად გამოყენებით წარდგენილად კი უნდა ჩაითვალოს მოთხოვნა, სადაც მოთხოვნის უფლების არარსებობა უდავოდ დადასტურებულია (იხ. ფოფხაძე გ., საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება, 2016, გვ. 42).

28. პალატის მითითებით, უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობას სასამართლო ახდენს მხარეთა ინტერესების დაბალანსების მეთოდის გამოყენებით. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ მოთხოვნა არამართლზომიერია ან უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია. ამასთან, მოთხოვნის არამართლზომიერების ან/და ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი, საბანკო გარანტიის განაღდების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებლის მხარეზეა, რომელმაც მაღალი სტანდარტით, ცალსახად, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მოთხოვნის არამართლზომიერება ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-245-2019 05.06.2019წ).

29. საჩივრის ავტორის პოზიციების მართებულობის შეფასებისას, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმის ცალსახად დასადასტურებლად, რომ ბენეფიციარის (საარბიტრაჟო მოპასუხის) მიერ საბანკო გარანტიის გადახდის პოტენციური მოთხოვნა არამართლზომიერია ან იგი მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება იქნება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალების თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება და სარჩელის უზრუნველყოფის ეტაპზე მხარეებს გააჩნიათ რიგი ურთიერთმოთხოვნები, რომელთა საფუძვლიანების შეფასება სარჩელის უზრუნველყოფის ეტაპზე შეუძლებელია. ნიშადობლივია ისიც, რომ 15.04.2022 წლის წერილის მიხედვით, შპს „მ.ჰ–ი“ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს ხარვეზის გამოსწორების შეუსრულებლობასა (წერლში ჩამოთვლილია მთელი რიგი დარღვევები), და იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტორმა არ განაგრძო ინდივიდუალური ეტაპების სათანადოდ ხელშეკრულების შესაბამისად შესრულება, ასევე, ვერ დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულების 8.2 ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საარბიტრაჟო მოპასუხემ თავად მიმართა განმცხადებლებს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის საპასუხოდ საარბიტრაჟო მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოლაპარაკების პროცესის წარმოება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარეოებაზეც, რომ უშედეგო მოლაპარაკებების მიუხედავად, განმცხადებელმა საარბიტრაჟო მოპასუხეს შესთავაზა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის გაგრძელება.

30. პალატის მითითებით, ამ მოცემულობაში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნის არამართლზომიერების დასადასტურებლად, კერძოდ, ცალსახად არ ადასტურებს, რომ ბენეფიციარის პოტენციურ მოთხოვნას საერთოდ არ გააჩნია საფუძველი. ამასთან, პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვადაში მყოფი საბანკო გარანტიის გამოთხოვა უფლების ბოროტად გამოყენებაა და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაუშვებელია, მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა, ფინანსური საშუალებების მიღების მცდელობისას მოეთხოვოს იმის დასაბუთება, თუ რატომ ესაჭიროება კონკრეტულ თანხაზე თავისუფალი წვდომა. საბანკო გარანტიის ვადაში ყოფნის მოტივით ბენეფიციარს ვერ შეეზღუდება მისი განაღდების შესაძლებლობა, ვინაიდან ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა არა მის, არამედ პრინციპალის მხარეს არის. საბანკო გარანტიის დროული გამოყენება არც პრინციპალის გადამხდელუნარიანობაზეა დამოკიდებული, ვინაიდან საბანკო გარანტიის არსებობის მიზანი კრედიტორის სწრაფ, დაუბრკოლებელ დაკმაყოფილებას ემსახურება და ვალდებული პირის ქონებრივი შესაძლებლობები ამ პროცესში კანონმდებელს ანგარიშგასაწევ ფაქტორად არ მიუჩნევია, განსხვავებით, მაგალითად, სუბსიდიური თავდებობისაგან, რისი გათვალისწინებითაც, დასაბუთებული ვერ იქნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

31. პალატის მითითებით, საჩივრის ავტორმა სასამართლო ვერ დაარწმუნა ვერც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მისთვის გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის მიყენების საშიშროების არსებობაში, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება, რადგან განცხადებას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოსალოდნელ ზიანს მოწმობს. ამასთან, საჩივრის ავტორმა საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის აქტივების ღირებულების გათვალისწინებით, ვერც ის გარემოება დაასაბუთა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე აღსრულება მნიშვნელოვნად გაძნელდება.

32. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, შესაბამისად, არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე