Facebook Twitter

№ას-636-2023

19 ოქტომბერი, 2023 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, გ.ბ–ძის კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

2022 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გუქმება და საქმისწარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: გ.ბ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ასევე დაევალა კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2023 წლის 06 ივნისს.

2023 წლის 16 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება ითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა ა) კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით (კერძო საჩივრის მოტივების); ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს ვადას განუსაზღვრავს და იმ საპროცესო მოქმედებებს დაუდგენს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: გ.ბ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ასევე დაევალა კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2023 წლის 06 ივნისს.

2023 წლის 16 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება ითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა ა) კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით (კერძო საჩივრის მოტივების); ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

გ.ბ–ძეს სასამართლო გზავნილი და 2023 წლის 26 ივნისის ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 4 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, კერძოდ 5 ოქტომბრიდან და ამოიწურა იმავე წლის 09 ოქტომბერს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ.ბ–ძეს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე