Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-902-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ.ბ–ი, ი.ბ–ი, თ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ე–ი, ლ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქონების უკანონო სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2015 წლის მდგომარეობით ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მესაკუთრეებად ლ.კ–ი (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და მ.კ–ი ირიცხებოდნენ. 2016 წელს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო აუქციონზე მ.კ–ის წილი ზ.ე–მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) შეიძინა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კ.ბ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), ი.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი), თ.ბ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი), თ.კ–სა და თ.ს–ის მიმართ მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადაეცათ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ ფართს მოპასუხეები ფლობდნენ, ხოლო მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ. ამავდროულად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ბინას ყოფილი მესაკუთრის, მ.კ–ის თანხმობით ფლობდნენ, თუმცა ახალი მესაკუთრისგან ფლობის უფლება არ მიუღიათ.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მეორე მოსარჩელის მოთხოვნა საქმის განხილვის დროისათვის მიყენებული ზიანის, 5 250 ლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ.

3. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, თეონა კოხრეიძემ და თ.ს–მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იგივე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მეორე მოსარჩელემ წარადგინა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება ძალაში დარჩა.

6. 2018 წლის 29 იანვრიდან უძრავი ქონების სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათთვის გადაცემამდე ყოველთვიურად 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ზ.ე–მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ლ.კ–მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2018 წლის 29 იანვრიდან უძრავი ქონების სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეთათვის გადაცემამდე ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

რაკი წინა დავის ფარგლებში თავისი წილი მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებმა დაძლიეს და მოპასუხეთა მხრიდან ნივთის უკანონო ფლობის ფაქტი დაადასტურეს (გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა და მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.01.2018წ. გადაწყვეტილება იძულების წესით არ აღსრულებულა), შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების დადასტურება, რომ 29.01.2018წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სადავო ფართს ისინი აღარ ფლობდნენ.

აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, რის გამოც გაზიარებას ექვემდებარებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეები სადავო ნივთს აღნიშნულ პერიოდამდე დაუფლებულნი იყვნენ.

9.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 982-ე მუხლშია წარმოდგენილი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი).

მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე №ას-472-448-2013, სუსგ. 16.12.2016წ., საქმე №ას-678-649-2016, სუსგ 22.04.2015წ., საქმე №ას-445-420-2014წ.).

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო ამ უკანასკნელებმა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგეს, მათ უფლება ეძლევათ, ამოიღონ ეს ქონება ხელმყოფებისაგან.

აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

9.3. საქმეზე წარმოდგენილი შპს ა“-ის მიერ გაცემული დასკვნის გათვალისწინებით (სადაც აღნიშნულია, რომ შესაფასებელი ფართი გაყოფილია სამ ნაწილად; სამივეს აქვს ინდივიდუალური შესასვლელი, აბაზანა და ტუალეტი; მათი გაქირავება შეიძლება ცალ-ცალკე; პირველ სართულზე განთავსებული ოროთახიანი ფართის (30.35კვ.მ) ყოველთვიური ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 227 აშშ დოლარს, ამავე სართულზე მდებარე 36.19 კვ.მ. ფართის - 284 აშშ დოლარს, ხოლო, მეორე სართულზე მდებარე 23.91კვ.მ ბინის ყოველთვიური ქირა - 175 აშშ დოლარს) მოსარჩელეებმა დისპოზიციური ნების საფუძველზე მოითხოვეს მოპასუხეთათვის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება, 2018 წლის 29 იანვრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ წარმატებულად მიიჩნია და მოთხოვნილი თანხის ფარგლებში სარჩელი დააკმაყოფილა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 248-ე მუხლი).

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების უკანონოდ ხელყოფის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, კასატორთა მიმართ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ნორმების გამოყენება უსაფუძვლოა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

14. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა, მოპასუხეთა მიერ, მოსარჩელეთა უძრავი ქონების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული მოთხოვნები.

15. ვინდიკაციური დავებზე მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, მოსარჩელეებს შემდეგი ორი გარემოების დადასტურება მართებდათ: მათ უნდა დაემტკიცებინათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხეთა მიერ აღნიშნული ქონების უკანონოდ ფლობის ფაქტები.

16. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი გარემოებებია საყურადღებო, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან კასატორებს მათ წინააღმდეგ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ეს გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება იძულების წესით აღსრულებული არ არის.

17. მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას.

პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ: სუსგ, №ას-324-309-2016, 10.01.2017).

სსსკ-ის 266-ე მუხლის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.

ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია.

გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.

სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020).

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები) სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების დადასტურება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვიტეს სადავო ფართის ფლობა; აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

19. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა ქმნიდა სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) გათვალისწინებულ სამართლებრივ შემადგენლობას, რამაც, თავის მხრივ წარმოქმნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან კასატორებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღწერილი მსჯელობის გამაქარწყლებელი არგუმენტები არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონთან შესაბამისია.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ბ–ის, ი.ბ–ისა და თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კ.ბ–ს (პ/ნ ...), ი.ბ–სა (პ/ნ ...) და თ.ბ–ს (პ/ნ ..) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე კ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 900 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 2.11.2021წ.) 70% - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე