16 ნოემბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-1046-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ხ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 8 მაისს ს.ხ–ძესა (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოპასუხემ ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში 513 030.96 ლარის ღირებულების 60 000 ერთეული პირსახოცის მოსარჩელისათვის მიწოდების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 8 სექტემბრით განისაზღვრა.
2. დადგენილ ვადაში მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, კერძოდ, 64 248.48 ლარის ღირებულების 7 514 ერთეული პირსახოცი მოსარჩელეს 78 დღის დაგვიანებით, ხოლო, 448 782.38 ლარის ღირებულების 52 486 ერთეული პირსახოცი 221 დღის დაგვიანებით მიეწოდა.
3. 198 123.59 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 3 962.4 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მართალია, ვალდებულება მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა (რაც, ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა), თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და შემცირებას ექვემდებარებოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 418-ე, 420-ე მუხლები).
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა (0.002%) აშკარად არაგონივრულია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მიერ განსახილველი ძირითადი საკითხი შემდეგია: რამდენად მართლზომიერია მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი მოცულობის პირგასამტეხლოს დაკისრება.
8. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.
9. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...;
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).
ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
10. საკასაციო პალატის განსჯით, მსჯელობა, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის გონივრულობა დაასაბუთა საკასაციო პალატისათვის სრული მოცულობით გაზიარებული ვერ იქნება. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოსათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა კონკრეტული საქმის მკაცრად ინდივიდუალურ მახასიათებლებს ენიჭება, რომელთა გაანალიზების შედეგად უნდა გადაწყდეს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხიც.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაცვლად 19 812.35 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რომლის პირობებში თავდაპირველად დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა ათჯერ მცირდება, სამართლიანად, გონივრულად და სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.
პალატის დასკვნით, 19812,35 ლარი, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში უკვე მიღებული 10261 ლარის გათვალისწინებით (მთლიანობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული პირგასამტეხლოს მოცულობა 30073,35 ლარს შეადგენს) ვალდებულების დარღვევის ადექვატური ანაზღაურებაა.
ამგვარი დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებშია აღწერილი და სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
12. პირაგსამტეხლოს გაზრდის თვალსაზრისით საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის კონსტიტუციის "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომლის ერთ ერთ ძირითად დანიშნულებას ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება წარმოადგენს. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების ხანგრძლივი პერიოდით შეუსრულებლობა (განსახილველ შემთხვევაში 78 და 221 დღე) გარკვეულწილად აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებას;
ამავე მსჯელობიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების კონტექსტში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 19 812.35 ლარის განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის საპირწონედ უნდა ჩაითვალოს.
13. აღსანიშნავია, რომ 11. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
14. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელე გათავისუფლებულია. შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის - 792.49 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ს.ხ–ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 19 812.35 ლარის გადახდა;
5. ს.ხ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 792.49 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე