Facebook Twitter

საქმე №ას-1122-2023

27 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ყ.ბ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჩ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უხარისხო პროდუქციის მიწოდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ყ.ბ–ამ“ სარჩელი აღძრა შპს „ჩ–ას“ მიმართ უხარისხო პროდუქციის მიწოდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ყ.ბ–ას” სარჩელი; შპს „ჩ–ას“ დაეკისრა შპს „ყ.ბ–ასათვის” 64 214.9 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა შპს „ყ.ბ–ას“ მოთხოვნები ცხოველების სიკვდილიანობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ;

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, შპს „ყ.ბ–ას“ და შპს „ჩ–ა“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ყ.ბ–ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, შპს „ყ.ბ–ას“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, იმავე წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კი, კასატორს 7 დღით გაუგრძელდა მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

2023 წლის 26 ოქტომბერს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 23.10.2023წ.) კასატორის რწმუნებულმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, შპს „ყ.ბ–ას“ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ყ.ბ–ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, შპს „ყ.ბ–ას“ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 დღით. კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს ც.დ–ს (იხ. მინდობილობა) 2023 წლის 09 ნოემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 10 ნოემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 16 ნოემბერს.

შესაბამისად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს ,,ყ.ბ–ა-ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე