Facebook Twitter

საქმე №ას-1255-2023

27 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ჭ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი, ლ.ბ–ი, ნ.ა–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ხელშეკრულებიდან გასვლისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით ნ.ჭ–იას (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ნ.ბ–მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), ლ.ბ–მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და ნ.ა–ძემ (შემდეგში - მესამე მოსარჩელე).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შპს „ქ. კ–ის“ 1.11% წილის მესაკუთრედ; მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შპს „ქ.კ–ის“ 1.11% წილის მესაკუთრედ; მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შპს „ქ.კ–ის“ 8.95% წილის მესაკუთრედ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ჭ–იას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 441.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ჭ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ჭ–იას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 441.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა ნ.ჭ–იას წარმომადგენლის ოჯახის წევრს - ა.ბ–ს (სიდედრი) 2023 წლის 09 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 10 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 19 ოქტომბერს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ.ჭ–იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე