Facebook Twitter

საქმე №ას-1387-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - თ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე თ.გ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ლ.ჭ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 369-ე, 2591, მე-60, 61-ე, 374-ე მუხლები).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, სადაც განმარტა, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით ტელეფონით სასამართლოს არაერთხელ უშედეგოდ მიმართა და გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 2023 წლის 14 ივლისს შეძლო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,

2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი).

დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოება:

სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2023 წლის 5 მაისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებასაც აპელანტი ესწრებოდა (ს.ფ. 98).

13. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის შემთხვევაში, მისი ასლი ჩაებარებინა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება არგუმენტირებული, რელევანტური დასაბუთებით კერძო საჩივარში გაქარწყლებული არ არის, რის გამოც პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

აშკარაა, რომ აპელანტმა სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაიცვა, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის 5 მაისს გამოცხადდა, მისი გამოცხადებიდან 30-ე დღე 2023 წლის 5 ივნისია (4 ივნისი იყო არასამუშაო დღე - შაბათი), ხოლო, მითითებული დროის განმავლობაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 6 ივნისს დაიწყო და 2023 წლის 19 ივნისს ამოიწურა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2019 წლის 14 ივლისს (სააპელაციო საჩივრის ფოსტაში შეტანის თარიღია - 2023 წლის 12 ივლისი), ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად.

16. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე