საქმე №ას-1351-2023
27 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ქ.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ს–ა, მ.ს–ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ჯამურად 210 238 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით შპს „ქ.მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ ა.ს–ამ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და მ.ს–ამ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
2. მოგვიანებით, 47 990.46 ევროს დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელეთა მიმართ იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მიმართა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 181 620 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 19 618 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და პირველმა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
5.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5.2. პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
5.3. სარჩელის აღძვრიდან, 2021 წლის 10 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირველი მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
5.4. პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან, 2021 წლის 10 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 181 620 ლარის წლიური 4.5%-ის გადახდა დაეკისრა;
5.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ქ.მ–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ქ.მ–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა 2023 წლის 01 ნოემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 02 ნოემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ ვინაიდან 11 ნოემბერი არის არასამუშაო დღე (შაბათი), კასატორს ხარვეზის შევსების შესაძლებლობა გააჩნდა მომდევნო სამუშაო დღის 13 ნოემბრის 24 საათამდე. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 13 ნოემბრის 24 სააათამდე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „ქ.მ–ი-ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე