№ას-827-2022
02 დეკემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „D. B.“, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“, ნ.გ–ი, ა.გ–ი, გ.მ–ძე, ნ.ქ–ძე, ნ.ც–ძე, ზ.ბ–ძე, ს.ჟ–ვა, ნ.გ–ძე, ს.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა..“-მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „D. B.“-ის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის, ნ.გ–ის, ა.გ–ის, გ.მ–ძის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძისა და ს.გ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები), რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 338 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება (იხ. 21.05.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი).
2. მოპასუხეებმა - შპს „D. B.“-მა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-მა, ნ.გ–მა, ა.გ–მა, გ.მ–ძემ, ნ.ქ–ძემ, ნ.ც–ძემ, ზ.ბ–ძემ, ს.ჟ–ვამ, ნ.გ–ძემ და ს.გ–მა სარჩელი არ ცნეს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითებს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, მხანაგობა „ე..“-ის, შპს „D. B.“-ის, ნ.გ–ის, ს.გ–ის, ა.გ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძის და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ა..“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: შპს „D. B.“-ს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ს, ნ.გ–ს, ა.გ–ს, გ.მ–ძეს, ნ.ქ–ძეს, ნ.ც–ძეს, ზ.ბ–ძეს, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძეს და ს.გ–ს მოსარჩელე შპს „ა..“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 215 220 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, შპს „ა..“-ის სარჩელი მოთხოვნათა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; შპს „ა..“-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, შპს „D. B.“-მა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-მა, ნ.გ–მა, ა.გ–მა, გ.მ–ძემ, ნ.ქ–ძემ, ნ.ც–ძემ, ზ.ბ–ძემ, ს.ჟ–ვამ, ნ.გ–ძემ და ს.გ–მა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1.1. შპს „ა..“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 21 თებერვალს.
11.1.2. 2008 წლის 25 თებერვალს, შპს „ა..’’-მა, ნ.გ–მა, ს.გ–მა, ა.გ–მა, ნ.ქ–ძემ, ნ.ც–ძემ, ზ.ბ–ძემ, ს.ჟ–ვამ და ნ.გ–ძემ დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“. ამხანაგობის პატრნიორმა ფიზიკურმა პირებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების შენატანებით. შპს „ა..“-ის შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება.
11.1.3. 2013 წლის 10 მაისს, შპს „ა..“-მა განცხადებით მიმართა იბა „ე..“-ს და განცხადებით მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლა.
11.1.4. 2013 წლის 20 მაისს, შედგა იბა „ე..“-ის წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა სამი საკითხი: 1) ამხანაგობა „ე..“-ის წევრობიდან შპს „ა..“-ის გასვლა; 2) ამხანაგობა „ე..“-ში ახალი წევრის მიღება; 3) ამხანაგობა „ე..“-ის დამფუძნებელ წევრთა შემადგენლობაში ცვლილების შეტანა. ამხანაგობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა..“-ს ნება დაერთო გასულიყო ამხანაგობა „ე..“-ის წევრობიდან და შეწყვეტოდა შესაბამისი უფლებამოსილებები. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ შპს „ა..“-თან გაფორმებულიყო ამხანაგობიდან გასვლის ხელშეკრულება. ინვესტორის მოძიების მიზნით, მიღებული იქნა ახალი წევრი გენად მელაძე და მის წევრად მიღებასთან დაკავშირებით, ცვლილება შევიდა ამხანაგობა „ე..“-ის წევრთა შემადგენლობაში.
11.1.5. 2013 წლის 20 მაისს, ამხანაგობა „ე..“-ს და შპს „ა..“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-დან გასვლის შესახებ, რომლის საფუძველზეც, შპს „ა..“-ს შეუწყდა ამხანაგობა „ე..“-ის წევრის უფლებამოსილება და 2008 წლის 25 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების 1.2. პუნქტში, მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნდათ.
11.1.6. 2013 წლის 05 ივლისს, ჩატარდა იბა „ე..“-ის წევრთა მორიგი კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იბა „ე..“-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებების გაყიდვაზე: ქ. ბათუმში, ......... არსებული 1936 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი - ღირებული 2 139 342 ლარად; მშენებარე სახლის პროექტი, დღგ-ს ღირებულების ჩათვლით - ღირებული 121 650 ლარად; მშენებლობის ნებართვა დღგ-ს ჩათვლით - ღირებული 3 000 ლარად. ოქმში მითითებული იყო, რომ დასაშვები იყო დასახელებული ქონებების ღირებულებების ანაზღაურება მომხდარიყო შერეულად. ქონების ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი უნდა ანაზღაურებულიყო ფულადი სახით ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების სახით, ხოლო ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილის 1 075 800 ლარის ანაზღაურება - ნატურით და ამ მიზნით, 2016 წლის 1 იანვრამდე, შპს „D. B.“-ს ამხანაგობა „ე..“-ის წევრებისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ასაშენებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 1630 კვ.მ. ფართი. ოქმში ასევე მითითებული იყო მიღებული თანხის განაწილების წესის შესახებ.
11.1.7. მხარეები ადასტურებდნენ და სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 8 ივლისს, ამხანაგობა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა „ე..“-მა შპს „D. B.“-ს 2 139 342 ლარად მიყიდა ქ. ბათუმში, ......... არსებული 1936 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი, ღირებული 2 139 342 ლარად; 121 650 ლარად მიყიდა მშენებარე სახლის პროექტი და 3 000 ლარად მიყიდა მშენებლობის ნებართვა. შპს „D. B.“-მა იკისრა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 1 188 192 ლარი გადაეხადა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილი ნაწილის - 1 075 800 ლარის ანაზღაურება მოეხდინა ნატურით - 1630 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემით.
11.1.8. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, იმავე დღეს - 2013 წლის 08 ივლისს, ამხანაგობა „ე..“-მა შპს „D. B.“-ს გადასცა ქ.ბათუმში, ....... არსებული 1936 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი, ამავე მისამართზე მშენებარე სახლის პროექტი და ამავე სახლის მშენებლობის ნებართვა. თავის მხრივ, შპს „D. B.“-მა ამხანაგობა „ე..“-ს 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 მაისამდე პერიოდში ჩაურიცხა 1 331 634 ლარი.
11.1.9. შპს „ა..“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2016 წლის 24 ოქტომბერს, შპს „ა..“-ის ამხანაგობიდან გასვლიდან - 2013 წლის 20 მაისიდან - 3 წლის, 5 თვისა და 4 დღის გასვლის შემდეგ, ხოლო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს მიმართა 2016 წლის 14 სექტემბერს.
11.1.10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-2360/2016), არ დაკმაყოფილდა შპს „ა..“-ის სარჩელი ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შპს „ა..“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, შპს „D. B.“-ის, ამხანაგობა „ე..“-ის, ასევე ნ.გ–ის, ს.გ–ის, ა.გ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვასა და ნ.გ–ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. საქმეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, მიენიჭა სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი - №2-430/2020.
11.1.11. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა–ა ..“-ს შეუკვეთა და დაამზადებინა არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა ასაშენებელი ფართის ერთ კვ.მ.-ზე 6 აშშ დოლარი. მთლიანმა საპროექტო ფართობმა შეადგინა 35 870 კვ.მ., რომლის საპროექტო ღირებულებამ შეადგინა 215 220 აშშ დოლარი. ამასთან, კომპანიის დირექტორმა (რ.ნ–ამ), რომელიც ამავე დროს იყო ამხანაგობის თავმჯდომარე, მოამზადა და წარადგინა ყველა დოკუმენტაცია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №140 დადგენილების მე-9 მუხლით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში, რის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების გასაცემად, ქ. ბათუმში, .......... მრავასართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. მერიის სამსახურის მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2008 წლის 01 სექტემბერს მიღებულ იქნა ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შესაბამისი ბრძანება №01-22/912. აღნიშნული ბრძანების შემდგომ, ასევე გაიცა არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება №206. შემდგომში კი, ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის №01-22/383 ბრძანების საფუძველზე, შეთანხმებულ იქნა არქიტექტურულ სამშენებლო პროექტი ამხანაგობა „ე..“-ის მიერ ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.
11.1.12. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ შპს „ა..“-ს ამხანაგობიდან გასვლისა და ამხანაგობის წევრად შპს „D. B.“-ის მიღების შემდგომ, ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა შპს „D. B.“-მა, მოსარჩელე შპს „ა..“-ის მიერ, ამხანაგობაზე გადაცემული შპს „ა–ა ..“-ის მიერ დამზადებული არქიტექტურულ სამშენებლო პროექტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №140 დადგენილების მე-9 მუხლით, მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებების - 2008 წლის 01 სექტემბერს მიღებული ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შესაბამისი ბრძანების №01-22/912, ასევე, აღნიშნული ბრძანების შემდგომ, გაცემული არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება №206-ის და 2009 წლის 19 ივნისის №01-22/383 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ბრძანების საფუძველზე. მოპასუხეები უარყოფდნენ ამას, თუმცა, შპს „D. B.“-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ საცხოვრებელი სახლი სხვა პროექტით აშენდა, რომ პროექტი მან დაამზადა ან სხვას დაამზადებინა, მას არც მისი სახელით ნაწარმოები რაიმე სხვა მტკიცებულება წარმოუდგენია მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე შპს „ა..“-მა განახორციელა ამხანაგობა „ე..“-ში 215 220 აშშ დოლარის ოდენობით შენატანი, რაც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ არ დაბრუნებია, არ განხორციელებულა მისი რესტიტუცია. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კი, შპს „D. B.“-ისათვის ამხანაგობაში გაწევრიანებისთანავე ცნობილი იყო.
11.1.13. მოსარჩელე განმარტავდა, რომ შპს „ა..“-მა დაიწყო აღებული ვალდებულებების შესრულება და უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადა 23 050 აშშ დოლარი: 2008 წლის 08 ოქტომბრიდან 2009 წლის 07 მაისის მდგომარეობით, 16 000 აშშ დოლარი კომპანიის დირექტორმა გადასცა გ.კ–ძეს (რომელსაც ევალებოდა მობინადრეებთან მიმართებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა), ხოლო, 7 050 აშშ დოლარი გადაეცა თ.მ–ძეს (რომელსაც ევალებოდა მობინადრეების პირველად მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დადგენის მიზნით მათთან მუდმივი კონტაქტი). მოსარჩელის მიერ ამხანაგობის წევრებზე ზემოაღნიშნული თანხების გადაცემის შემდეგ, თ.მ–ძე დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს და აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიას ჰქონდა პრობლემები, კერძოდ, ბათუმის მერიის მხრიდან ნავარაუდევი იყო სატრანსპორტო გზის გაყვანა. ამიტომ დაწყებული საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო იყო დამატებით 100 000 აშშ დოლარის მოძიება და განახლებული სამშენებლო ფონის საფუძველზე, ადგილობრივი ხელისუფლების დარწმუნება, რომ საქმიანობას საფრთხე არ შექმნოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანიის დირექტორმა რ.ნ–ამ, საკუთარი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ....., ბინა 23, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა და აღებული სესხის თანხა 100 000 აშშ დოლარი, ქ. ბათუმში, კომპანია „ო–ის“ ოფისში, ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის გ.ბ–ძის თანდასწრებით ხელზე გადასცა თ.მ–ძეს.
11.1.14. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელეს, მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო თავის მხრივ, ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირთა მიერ კი, ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა. მათ შეიტანეს ამხანაგობაში ნაკისრი შენატანები - უძრავი ქონებები, ხოლო საკომპენსაციო თანხები მოსარჩელეს არ გადაუცია. გარდა აღნიშნულისა, 23 050 აშშ დოლარი, რომელზედაც მიუთითებდა მოსარჩელე, საიდანაც 16 000 აშშ დოლარი გადაეცა გ.კ–ძეს და 7 050 აშშ დოლარი - თ.მ–ძეს - ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვერ ჩაითვლებოდა ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან გ.კ–ძე და თ.მ–ძე არ იყვნენ ამხანაგობის წევრები. ასევე, მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 100 000 აშშ დოლარის გადაცემა - მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი განმარტება იყო. გარდა აღნიშნულისა, ასეც რომ ყოფილიყო, ეს ფაქტი ამხანაგობის და მისი წევრების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში ვერ ჩაითვლებოდა, რადგან გ.კ–ძე და თ.მ–ძე არ იყვნენ ამხანაგობის წევრები და არც რაიმე თანხა მათ მშენებლობის განსახორციელებლად არ გაუხარჯავთ, ამდენად, ამას მოცემული დავის საგანთან ვერ ექნებოდა კავშირი. შესაბამისად, მოსარჩელეს კომპენსაციის სახით არ გადაუხდია 123 050 აშშ დოლარი.
11.1.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეებზე საკომპენსაციო თანხების გადახდის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მან ამ გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ ზეპირი განმარტება წარმოადგინა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან მოპასუხეებს გადაუხადა საკომპენსაციო თანხები - 23 050 აშშ დოლარი, ასევე, რომ გასწია 100 000 აშშ დოლარის შენატანი. შესაბამისად, მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ დაამტკიცა 123 050 აშშ დოლარის შენატანის ნაწილში ვალდებულების შესრულება.
11.2. სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები:
11.2.1. შპს „ა..“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 21.02.2008 წელს; მისი დირექტორი/ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია რ.ნ–ა, ხოლო პარტნიორები - რ.ნ–ა, ი.დ–ი, გ.მ–ძე, მ.ხ–ია (ტომი 1, ს/ფ 17-18).
11.2.2. 2008 წლის 25 თებერვალს, დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“, რომლის დამფუძნებელი წევრები გახდნენ შპს „ა..“, ს.გ–ი, ა.გ–ი, ნ.გ–ი, ნ.ქ–ძე, ნ.ც–ძე, ზ.ბ–ძე, ს.ჟ–ვა, ნ.გ–ძე. მათ შორის დადებული ბინათმშენებლობის შესახებ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად:
- ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მიზანი იყო ქ.ბათუმში, ...... მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, ამხანაგობის წევრების საცხოვრებელი ანდა არასაცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად;
- ამხანაგობის წევრის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულბების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რასაც არ მოჰყოლია ფინანსური ზარალი, ამხანაგობა უფლებამოსილია ის გარიცხოს ამხანაგობიდან და დაუბრუნოს შენატანი გარიცხვიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
- ამხანაგობის წევრი შპს „ა..“ ვალდებული იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვის ვადაში დაესრულებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;
- შპს „ა..“-ს შენატანს წარმოადგენდა ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსებით აშენებაში, დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით და ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე საკომპენსაციო თანხების გაცემაში შემდეგ პირებზე: ნ.ქ–ძე, ნ.ც–ძე, ზ.ბ–ძე, ნ.გ–ი, ს.გ–ი, ა.გ–ი, ს.ჟ–ვა, ნარგიზი გოგრაჭაძე;
- ამხანაგობის ნებისმიერ წევრს შეეძლო გასულიყო ამხანაგობიდან, რაც არ გამოიწვევდა მის დაშლას. წევრის გასვლისას მას უკან დაუბრუნდებოდა მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელი იყო გასვლის რეგისტრაციისათვის. ამხანაგობა უფლებამოსილი იყო დაეყოვნებინა დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე თუ თანხის გაცემით საფრთხე დაემუქრებოდა ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა ყოფილიყო ერთ კალენდარულ წელზე მეტი წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან, გადახდა შეიძლებოდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ (ტომი 5, ს/ფ 102-112).
11.2.3. 2008 წლის 16 აპრილს, შპს „ა..“-სა (დამკვეთი) და შპს „ა–ა ..“-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ა–ა ...“-მა აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, .... მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისათვის შეექმნა არქიტექტურული პროექტი. წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა ასაშენებლი ფართის თითო კვ.მ.-ზე 6 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შესრულებული საქმიანობის ღირებულების გადახდა მოხდებოდა არქიტექტურული პროექტის წარდგენისთანავე, 7 დღის განმავლობაში (ტომი 5, ს/ფ 126-127).
11.2.4. 2008 წლის 10 ივლისს, შპს „ა..“-სა (დამკვეთი) და შპს „ა–ა ..“-ს (შემსრულებელი) შორის, დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც: 1. შპს „ა..“-სა და შპს „ა–ა ..“-ს შორის, 2008 წლის 16 აპრილს, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგნად განისაზღვრა ქ. ბათუმი, ...... მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისათვის არქიტექტურული პროექტის შექმნა; 2. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენდა 06 აშშ დოლარი 1 კვ.მ.-ზე; 3. დამკვეთის მიერ არქიტექტურული პროექტის შედგენა განხორციელდა შესრულებით, არსებულ 35,970 კვ.მ.-ზე. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 215 220 აშშ დოლარი; 4. დამკვეთმა 2008 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, სრულად დაფარა ჯამური ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით; 5. მხარეებს ერთმანეთის წინაშე დამატებითი ვალდებულება, ფინანსური ან სხვა რაიმე სახის პრეტენზია შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში, არ გააჩნდათ (ტომი 5, ს/ფ 128).
11.2.5. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 01.09.2008 წლის ოქმით დადგენილია, რომ იბა „ე..“-ის თავმჯდომარის - რ.ნ–ას განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში, .......... (ყოფილი ..) ქუჩა №94-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის თაობაზე (ტომი 5, ს/ფ 122-123).
11.2.6. ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 01.09.2008 წლის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ ბრძანების თანახმად, იბა „ე..“-ის თავმჯდომარე რ.ნ–ას განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ, ქ. ბათუმში, .......... (ყოფილი ...) ქუჩა №94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. მის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რაც გათვალისწინებული იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.03.05 წლის №140 დადგენილების მე-9 მუხლით. შესაბამისად, ამავე ბრძანებით, დაკმაყოფილდა იბა „ე..“-ის განცხადება ქ. ბათუმში, .......... (ყოფილი ...) ქუჩა №94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გაიცა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება №206 (ტომი 5, ს/ფ 124-125).
11.2.7. ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 19.06.2009 წლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე ბრძანების თანახმად, იბა „ე..“-ის თავმჯდომარის - რ.ნ–ას განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში, .......... (ყოფილი ...) ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. მის მიერ წარდგენილ იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი იბა „ე..“-ის მიერ ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე (პროექტი№107) (ტომი 5, ს/ფ 131).
11.2.8. 10.05.2013 წელს იბა „ე..“-ს განცხადებით მიმართა ამავე ამხანაგობის წევრმა შპს „ა..“-ის დირექტორმა რ.ნ–ამ და მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლა იმ მოტივით, რომ იგი სათანადო ფინანსების უქონლობის გამო, ვერ ახერხებდა ამხანაგობის წინაშე ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (ტომი 1, ს/ფ 52).
11.2.9. 2013 წლის 20 მაისს, ჩატარდა იბა „ე..“-ის წევრთა კრება, რომელმაც იმავე დღეს ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 1. ნება დაერთო შპს „ა..“-ს იბა ,,ე..“-დან გასვლაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეწყდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის წევრის შპს „ა..“-ს უფლებამოსილება და ამხანაგობა „ე..“-ის დაფუძნების შესახებ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები; 2. იბა „ე..“-ში საქმიანობის ორგანიზების, ინვესტორის მოძიების მიზნით მიღებული იქნა ახალი წევრი გ.მ–ძე და იგი მიუერთდა იბა „ე..“-ის დაფუძნების შესახებ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას. გ.მ–ძის წილი იბა „ე..“-ში განისაზღვრა შემდეგნაირად - ქ. ბათუმი, ........... ქ. №94-ში მშენებარე ან მის მიმდებარედ არსებულ ახალაშენებულ სახლში საცხოვრებელი ბინა 259,50 კვ.მ. და ფულადი თანხა - 44 325 აშშ დოლარის გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარში (ტომი 1, ს/ფ 53-56).
11.2.10. 2013 წლის 20 მაისს, იბა „ე..“-დან გასვლის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, იბა „ე..“ და შპს „ა..“ შეთანხმდნენ, რომ:
- წინამდენარე ხელშეკრულებით შპს „ა..“ გადიოდა ერთობლივი საქმიანობიდან, უწყდებოდა ამხანაგობა „ე..“-ის წევრის უფლებამოსილება და ამხანაგობა „ე..“-ის დაფუძნების შესახებ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები;
- მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი ან სხვა რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ; - წინამდებარე ხელშეკრულებით შეწყდა მხარეთა შორის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის დაფუძნების ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები;
- შპს „ა..“-ის ამხანაგობიდან გასვლა არ იწვევდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის დაფუძნების შესახებ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით (დადასტურებული 2008 წლის 25 თებერვალს) გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტას (ტომი 1, ს/ფ 57).
11.2.11. 2013 წლის 05 ივლისს, ჩატარდა იბა „ე..“-ის წევრთა კრება, რომელმაც იმავე დღეს ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
- შპს „D. B.“-ზე გაიყიდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებები: ქ. ბათუმი, ....... არსებული 1936,00 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი, ს/კ ....... - ღირებულებით 2 139 342 ლარად; მშენებარე სახლის პროექტი ღირებული დღგ-ის ჩათვლით 121 650 ლარად; მშენებლობის ნებართვა ღირებული დღგ-ის ჩათვლით 3 000 ლარად;
- დასაშვები იყო დასახელებული ქონებების ღირებულების ანაზღაურება მომხდარიყო შერეულად, დასახელებული ქონებების ნაწილი 1 188 192 ლარი ანაზღაურებულიყო ფულადი სახით ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხოლო დარჩენილი ნაწილის 1 075 800 ლარის ანაზღაურება მომხდარიყო ნატურით, კერძოდ, დასახელებული ქონებების ღირებულების დარჩენილ თანხაში 1 075 800 ლარში არსებული წესების დაცვით, არაუგვიანეს 2016 წლის 01 იანვრისა მყიდველ შპს „D. B.“-ს საკუთრებაში უნდა გადაეცა (მიეყიდა) ამხანაგობა „ე..“-სთვის ქ. ბათუმში, ........ ახალაშენებულ (ან სხვა მიმდებარედ არსებულ) სახლში 1630,00 კვ.მ. ფართი - დასაშვები იყო მშენებარე ფართის საკუთრებაში გადაცემაც (ტომი 1, ს/ფ 58-61).
11.2.12. 2013 წლის 08 ივლისს, იბა „ე..“-სა და შპს „D. B.”-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც: შპს „D. B.-მა იბა „ე..“-სგან იყიდა:
- ქ. ბათუმში, .......... არსებული 1936,00 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი, ს/კ ......., რომლის ღირებულება შეადგენდა 2 139 342 ლარს; - ქ. ბათუმი, ........ №94-ში მშენებარე სახლის პროექტი, რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 121 650 ლარს;
- ქ. ბათუმი, ......... მშენებლობის ნებართვა, რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 3 000 ლარს;
- მყიდველმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი ფულადი სახით ნაღდი/უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილის 1 075 800 ლარის ანაზღაურებას მოახდენდა ნატურით, კერძოდ, მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ახალაშენებული (ან სხვა მიმდებარედ არსებულ) სახლიდან გადეცა 1630,00 კვ.მ. ფართი - დასაშვები იყო მშენებარე ფართის საკუთრებაში გადაცემა (ტომი 1, ს/ფ 68-71).
11.2.13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იმავე დღეს, ანუ 2013 წლის 08 ივლისს, იბა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მყიდველმა ჩაიბარა ნასყიდობის საგანი:
- ქ. ბათუმში, ........ არსებული 1936,00 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი, ს/კ .....; - ქ. ბათუმი, ........ მშენებარე სახლის პროექტი (არქიტექტურული, კონსტრუქციული ნაწილები);
- ქ. ბათუმი, ........ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა - თვითმართველ ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №02/773 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, მშენებლობის სანებართვო მოწმობა სმ №000189, 30/05/2013 (ტომი 1, ს/ფ 71-72).
11.2.14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 08.07.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „D. B.”-მა იბა „ე..“-ს 21.10.2013 წლიდან 19.05.2014 წლამდე ჯამში ჩაურიცხა 1 331 634,00 ლარი (იტომი 1, ს/ფ 73-81).
11.2.15. 2016 წლის 22 დეკემბერს, იბა „ე..“-ის თავმჯდომარე თ.გ–ძემ გასცა ცნობა მასზედ, რომ იბა „ე..“-სა შპს „D. B.“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის 08/07/2013 ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმი, ........... ქ. №94-ში მდებარე 1936,00 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი (ს/კ ......) მშენებარე სახლის პროექტი, მშენებლობის ნებართვა გადეცა შპს „D. B.“-ს. ნასყიდობის 08/07/2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „D. B.“-მა ამხანაგობა „ე..“-ს გადაუხადა თანხები - სულ 1 331 634,00 ლარი და ასევე გადასცა საკუთრებაში გარკვეული ფართები. შესაბამისად, ამხანაგობა „ე..“-ს შპს „D. B.“-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა (ტომი 1, ს/ფ 82).
11.2.16. სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ამხანაგობასთან გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა შესატანის შეტანა, ხოლო, შპს „ა..“-ის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსებით აშენებაში, დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით და ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში.... პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული შენატანის შეტანა ამხანაგობაში განხორციელდა შპს „ა“-ის მიერ, რადგან ამ დავის ფარგლებში მისი დაკვეთით და ხარჯით შეიქმნა 215 220 აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტი (რაც მატერიალური სახით წარმოდგენილია საქმეში), რომლის გამოყენებით მოპასუხეთა მიერ დღეისათვის აშენებულია მრავალსართულიანი ნაგებობა. პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ აღნიშნული პროექტით მატერიალური სიკეთე (სარგებელი) მიიღო როგორც ამხანაგობამ (მისმა წევრებმა), ასევე შპს „D. B.“-მა, რომლებმაც ვერ დაამტკიცეს სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენით ამ პროექტისგან განსხვავებული/სხვა პროექტით მათ მიერ მრავალსართულიანი მშენებლობის განხორციელება, ასევე ვერ დაადასტურეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მშენებლობის პროექტი რეალიზირდა სხვა პირის მიერ, სხვა კონკრეტულ მისამართზე და არა მათ მიერ. პირიქით, საქმეში არსებული მასალები, კერძოდ შპს „D. B.“-ის მიერ რეალურად აშენებული სახლის ფოტოსურათები და მასზე გამოსახული შენობის კონსტრუქციული ნაწილი, გარე ხედი, ვიზუალი, შენობის ბლოკების რაოდენობა და ა.შ. იდენტური იყო შპს „ა..“-ის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობისა; ასევე, პალატამ მიიჩნია, რომ ვერ დადასტურდა ამხანაგობის ყოფილი წევრისათვის მის მიერ განხორციელებული შენატანის უკან დაბრუნების გარემოება, ასევე ვერ დადასტურდა შპს „D. B.“-ის მიერ სადავო მშენებლობის პროექტით სარგებლობსათვის საფასურის გადახდა, რითაც მან შპს „ა..“-ის ხარჯზე მიიღო მატერიალური სარგებელი (სიკეთე). დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით შპს „ა“-ის მოთხოვნას მოპასუხეთა მიმართ სამშენებლო პროექტის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, ლეგიტიმურს ხდიდა.
11.2.17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელით შპს „ა..“-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 24 ოქტომბერს (ტომი 1, ს/ფ 1-16), მანამდე (14.09.2016 წ.) კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით (ტ. 3 ს.ფ. 1-148).
11.3. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე წარმოეშვა თუ არა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება.
11.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასტურდებოდა შპს „ა..“-სსა და ამხანაგობას შორის სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის პირობებზე შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელემ ამხანაგობაში გაწევრიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რომელიც არ იყო კომპენსირებული; შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის ყოფილი წევრი მოითხოვდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
11.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „D. B.“-ის პრეტენზია მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე და განმარტა შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა..“ დაობს, რომ ამხანაგობაში მის მიერ განხორციელებული შენატანით ისარგებლა შპს „D. B.“-მა. კერძოდ, ამხანაგობამ, შპს „ა..“-ის ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ, მის მიერ განხორციელებული შენატანი (საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და გაცემული საკომპენსაციო თანხები), რომელიც ამხანაგობიდან გასვლისას მას არ დაბრუნებია, გაასხვისა მოპასუხე შპს „D. B.“- ზე, რომლითაც მან ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიღო/დაზოგა ქონებრივი სიკეთე და ამგვარად მიიღო სარგებელი. ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მოსარჩელეს შპს „D. B.“-ის მიმართ გააჩნია კონკრეტული მოთხოვნა, რაც სათანადო მხარედ აქცევს მას.
11.6. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს „ა..“-ის მოთხოვნა მოპასუხე იბა „ე..“-სა და მისი წევრების მიმართ გამომდინარეობდა ერთობლივი საქმიანობიდან (ამხანაგობა), რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ განხორციელებული შენატანის - გაწეული ხარჯის დაბრუნებას. შპს „D. B.“-ის მიმართ მოთხოვნის ფარგლებში, ასევე უნდა შემოწმებულიყო, ჰქონდა თუ არა ადგილი ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე, რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, ასეთი სიკეთით სარგებლობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას/კომპენსირებას.
11.7. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის სადავო საკითხების დადგენისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით; მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 102-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, შპს „ა..“-მა, როგორც ამხანაგობის წევრმა თავისი აქტიური ქმედებით დაიწყო და ნაწილობრივ განახორციელა ამხანაგობაში მისი შენატანის შეტანის პროცესი, რაც გულისხმობდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის და შესაბამისი ნებართვების მოპოვებას: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემული ბრძანებით (01-22/383) დასტურდებოდა იბა „ე..“-ის მიერ ქ. ბათუმში, .......... (ყოფილი ....) ქ. №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის არსებობა, რომლის შეთანხმებაც 2009 წლის 19 ივნისს მოხდა და რომლის დამზადებაც შპს „ა..“-მა დაუკვეთა და მანვე გადაიხადა საფასურიც. 2008 წლის 10 ივლისს, შპს „ა..“-სსა (დამკვეთი) და შპს „ა–ა ..“-ს (შემსრულებელი) შორის, დადებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ღირებულებაც - 215 220 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარე უთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა შეთანხმებული ბინათმშენებლობის პროექტის დამზადება, შესაბამისად არ მომხდარა ამ შრომის ანაზღაურება (შენატანის - პროექტის ღირებულების ანაზღაურება). სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხის არგუმენტები მიმართული იყო თავად საქმეში წარმოდგენილი პროექტის არსებობის გაბათილებისა და მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არ არსებობის დადასტურებისაკენ, იმ გარემოებებზე აპელირებით, რომ შპს „D. B.-ის“ მიერ 2013 წელს შედგენილ იქნა ახალი პროექტი და ამ ახალი პროექტის საფუძველზე განხორციელდა მშენებლობა, თუმცა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ერთი მხრივ, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ზემოთ მითითებული გარემოებების საწინაღმდეგო მტკიცებულება და ვერ გაბათილდა შპს „ა..“-ის მიერ პროექტის დამზადება, მისი წარდგენა-შეთანხმება მერიის შესაბამის სამსახურთან, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი აღიარებდნენ, რომ შპს „ა..“-ს არ დაბრუნებია უკან რაიმე სახის შენატანი, რისი უფლებაც მას ჰქონდა 2008 წლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ იქნა დადასტურებული მათი მთავარი არგუმენტი - შპს „D. B.”-ის მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ახალი პროექტის დამზადება და წარდგენა.
11.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და შეფასება არ მისცა მოპასუხის მიერ სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს - შპს „კონსტრუქტორი 21“-ის პროექტს, ცნობას, მშენებლობის სანებართმო მოწმობას, ბრძანება №02/773, საბანკო ქვითრებს, პროექტის ღირებულების შესახებ დასკვნას, ვინაიდან, მოპასუხეებს ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ, არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება და ვერ მიუთითეს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
11.9. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა შპს „ა..“-ის მხრიდან პროექტის დამზადებისათვის 215 220 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, ხოლო, მოპასუხე რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულებით ვერ აბათილებდა პროექტის ღირებულების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 215 220 აშშ დოლარს შეადგენდა და სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა შპს „ა..“-ის შენატანს ამხანაგობაში, რაც ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ არ ანაზღაურებია.
11.10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 08.07.2013 წელს ამხანაგობა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში მშენებარე სახლის პროექტის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 121 650 ლარს, ხოლო მშენებლობის ნებართვის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 3 000 ლარს, თუმცა, სააპაელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხები შპს „D. B.“-ის მიერ სწორედ ამ მიზნობრიობით იქნა გადახდილი. მართალია საქმეში წარმოდგენილი იყო საგადახდო დავალებების ასლები, რომლის თანახმადაც შპს „D. B.“-ი გარკვეულ თანხებს ურიცხავდა ამხანაგობა „ე..“-ს დანიშნულებით „დავალიანების/ვალის დაფარვა“, თუმცა ისინი არ შეიცავდნენ კონკრეტულ ინფორმაციას მიზნობრიობის თაობაზე.
11.11. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იბა „ე..“-ის დამფუძნებელი წევრების იმ შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ წევრის გასვლისას მას უკან დაუბრუნდებოდა მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები, არსებობდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-სათვის და მისი წევრებისათვის, შპს „ა..“-ის სასარგებლოდ, მის მიერ მშენებლობის პროექტისათვის გაწეული ხარჯის - 215 220 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „D. B.“-მა ვერ დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ მან საცხოვრებელი სახლი ააშენა სხვა პროექტით და არა შპს „ა..“-ის მიერ დაკვეთილი და შედგენილი პროექტით; ასევე, ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ ამ პროექტში მან გადაიხადა საზღაური. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „D. B.“-ს მიღებული ჰქონდა სარგებელი და მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანი იყო სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 982-ე და 991-ე მუხლების საფუძველზე.
11.12. იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ შპს „D. B.“-მა გამოიყენა ამხანაგობაში შპს „ა..“-ის მიერ შენატანის სახით დაკვეთილი და დამზადებული პროექტი, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში, კერძოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილ მასალებში მოცემულ შპს „D. B.“-ის მიერ რეალურად აშენებული სახლის ფოტოსურათებსა და მასზე გამოსახული შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე, გარე ხედზე, ვიზუალზე, შენობის ბლოკების რაოდენობაზე, რაც პალატის მოსაზრებით, იდენტური იყო შპს „ა..“-ის მიერ შპს „ა–ა-..“-ის მიერ შედგენილი პროექტით გათვალისწინებულო შენობა-ნაგებობისა.
11.13. რამდენადაც პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „D. B.“-მა ქ. ბათუმი, .......... №94-ში მრავალსართულიანი სახლის აშენებისას გამოიყენა შპს „ა..“-ის მიერ ამხანაგობაში შენატანის სახით წარდგენილი პროექტი, ადგილი ჰქონდა ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე მითითებული სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას, ხოლო შესაგებელში იმ დათქმაზე მითითება, რომ მოსარჩელემ თავის დროზე წერილობით დაადასტურა, რომ მოპასუხეთა მიმართ არ ექნებოდა ფინანსური თუ სხვა სახის პრეტენზია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველი.
11.14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის ყოფილი წევრის - შპს „ა..“-ის ფინანსურ მოთხოვნაზე, პასუხისმგებელი სუბიექტები იყვნენ არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის, კონკრეტული ფართების, თუ სხვა კომერციული მოგების მიღება/შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით, ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს. საქმის მასალებით დადგენილი იყო და არც მოპასუხე აპელანტები ხდიდნენ სადავოდ, რომ ამხანაგობის ასეთი წევრი იყო შპს „D. B.“, შესაბამისად, სხვა მოპასუხეებთან ერთად ისიც იყო პასუხისმგებელი ამხანაგობის სახელით დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც შეწყდა შპს „ა..“-ის მიმართ, რის გამოც მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი თანხა (შენატანი) უკან უნდა დაბრუნებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის წინაშე სსკ-ის 930-ე მუხლისა და 937-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოეშვათ სოლიდარული პასუხისმგებლობა.
11.15. რაც შეეხება შპს „ა..“-ის სასარჩელო მოთხოვნას დარჩენილი თანხების - 123 050 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ, მართალია მოსარჩელე მიუთითებდა, რომ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადა 23 050 აშშ დოლარი (მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 08 ოქტომბრიდან 2009 წლის 07 მაისის მდგომარეობით, 16000 აშშ დოლარი კომპანიის დირექტორმა გადასცა გ.კ–ძეს, რომელსაც ევალებოდა მობინადრეებთან მიმართებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა, ხოლო 7050 აშშ დოლარი გადაეცა თ.მ–ძეს, რომელსაც ევალებოდა მობინადრეების პირველად მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დასდგენის მიზნით მათთან მუდმივი კონტაქტი), თუმცა, მოსარჩელე მხარეს ამ თანხების გადახდის თაობაზე, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, არანაირი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გარდა მითითებულისა, სააპელაციო პალატის განმარტებით, ეს თანხები მათი გადახდის დამტკიცების შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ვალდებულების შესრულებად, რადგან ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ იყო განსაზღვრული ის პირები, რომელთაც საკომპენსაციო თანხები უნდა გადასცემოდათ, თ.მ–ძე და გ.კ–ძე კი, არ იყვნენ აღნიშნულ სიაში. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა გ.კ–ძისა და თ.მ–ძის ფუნქციონალურ კავშირს სამშენებლო პროცესის საორგანიზაციო საკითხებთან.
11.16. სააპელაციო პალატა არ გაიზიარა მოპასუხეების/აპელანტების მსჯელობას მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ამხანაგობიდან გასვლიდან - 2013 წლის 20 მაისიდან, 1 წლის შემდგომ ანუ 2014 წლის 20 მაისიდან, რადგან იბა „ე..“-ის დამფუძნებელი წევრები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა უფლებამოსილი იყო დაეყოვნებინა დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე, თუ თანხის გაცემით საფრთხე დაუმუქრებოდა ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა ყოფილიყო ერთ კალენდარულ წელზე მეტი წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. განსახილველი სარჩელით შპს „ა..“-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 24 ოქტომბერს, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ არ იყო გასული სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები შესაბამისად, მათ მიმართ მოქედებდა ხანდაზმულობის საერთო - 10-წლიანი ვადა (სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც მოსარჩელეს დაცული ჰქონდა.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „D. B.“-მა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-მა, ნ.გ–მა, ა.გ–მა, გ.მ–ძემ, ნ.ქ–ძემ, ნ.ც–ძემ, ზ.ბ–ძემ, ს.ჟ–ვამ, ნ.გ–ძემ და ს.გ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
13. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
13.1. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე, არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეს ამხანაგობა „ე..“-ში 2008 წელს განხორციელებული ჰქონდა შენატანი 215 220 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის დამზადების სახით, რომელიც შემდგომ, 2013 წელს, ამხანაგობამ შპს „დ.ბ–ს“ მიჰყიდა და რომ ამ უკანასკნელმა, სწორედ ამ პროექტის საფუძველზე განახორციელა მშენებლობა, რისი ღირებულებაც არ გადაუხდია და აღნიშნულის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. კერძოდ, კასატორების მითითებით:
13.1.1. მოსარჩელეს თავისი შენატანის (საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დამკიცებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისა და საცხოვრებელი კორპუსის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება) განსახორციელებლად სჭირდებოდა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება (იხ. 25.02.2008 წ სადამფუძნებლო ხელშეკრულება), რაც არ მიღებულა;
13.1.2. მოსარჩელეს საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, ამხანაგობაში შენატანი არ განუხორციელებია და ამიტომაც გავიდა ხელშეკრულებიდან; ამასთან, გასვლის ხელშეკრულებაშივე მიუთითა, რომ ფინანსური, ქონებრივი ან სხვაგვარი პრეტენზიები არ გააჩნდა;
13.1.3. შენატანის განხორციელების შესახებ მოსარჩელის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც, ამხანაგობა უფლებამოსილი იყო გაესხვისებინა პროექტი და ნებართვა, რაც შეიძინა შპს „დ.ბ–მა“ შესაბამის ღირებულების გადახდით. სახელშეკრულებო ვალდებულება, სანივთოსგან განსხვავებით, ნივთს არ მიჰყვება და ასეთი ვალდებულების გადაკისრებისთვის საჭიროა დამოუკიდებელი ხელშეკრულების გაფორმება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
13.1.4. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომ მან დაუკვეთა პროექტი და გადაიხადა მასში 215 220 აშშ დოლარი. ასეთ მტკიცებულებად არ შეიძლებოდა განხილულიყო მოსარჩელის დირექტორის რ.ნ–ას მიერ ორმხრივად (როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის სახელით) ხელმოწერილი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი (ასევე ორმხრივად რ.ნ–ას მიერ ხელმოწერილი);
13.1.5. შპს „ა..“-ის მიერ პროექტის შეძენის დასტურად წარდგენილი თანხის გადახდის დოკუმენტებისაგან განსხვავებით, შპს „დ.ბ–ს“ გააჩნია ამხანაგობასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და თანხების საბანკო გადარიცხვის დოკუმენტები 1 300 000-ზე მეტ ლარზე. ამ მტკიცებულებების მიუხედავად, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ შპს „დ.ბ–ს“ არ ჰქონდა გადახდილი პროექტის ღირებულება და ის შპს „ა..“-ის მიერ მომზადებული პროექტის სარგებლობით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შპს „დ.ბ–ი“ თანხას შპს „ა..“-ს ვერ გადაუხდიდა, რადგან პროექტი მას ამხანაგობამ მიჰყიდა;
13.1.6. საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებდა, რომ შპს „დ.ბ–მა“ სწორედ „ა..“-ის მიერ შექმნილი პროექტით (თუ საერთოდ არსებობს ასეთი პროექტი და ის გადაცემული ჰქონდა ამხანაგობას) ისარგებლა და ამაზე ცალსახად მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სწორედ იმ საკითხის გარკვევა დაევალა, თუ რომელი პროექტი მიჰყიდა ამხანაგობამ შპს „დ.ბ–ს“, რაც არ შესრულებულა;
13.1.7. პროექტის დაკვეთისა და მისი შესრულების, ასევე ამ პროექტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტაცია იყო ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის შემცველი, რის საფუძველზე შეუძლებელი იყო სარჩელის დაკმაყოფილება. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანებას N01- 22/383 (რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, რომ თითქოს ამ ბრძანებით შეთანხმებული პროექტი გადაეცა შპს „ა..“-სგან ამხანაგობას და შემდეგ უკვე შპს „დ.ბ–ს“, რომელმაც ისარგებლა პროექტით და .......... ქ. N94-ში განახორციელა მშენებლობა), ერთვის პროექტი N107 - გაცემული ...... და ..... ქუჩის კვეთა N49-ში და არა .......... N94-ში განსახორციელებელ მშენებლობაზე. არც ქუჩა და არც ნომერი თანხვედრაში არ არის. სააპელაციო პალატა ცდილობს გვერდი აუაროს ამ წინააღმდეგობას და განჩინებაში ყველგან, სადაც უთითებს პროექტის/მშენებლობის განხორციელების მისამართს, .......... ქუჩას აიგივებს .... ქუჩასთან, მოიხსენიებს როგორც - .......... (ყოფილი ...) ქუჩას. ამასთან, ფოტოსურათებთან პროექტის შედარებით ასკვნის მათ იდენტურობას. ასეთი მსჯელობა კასატორების მოსაზრებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან პროექტს აშკარად სხვა მისამართი აქვს - არა .......... 94, არამედ - ჯ.......... და ....... ქუჩის კვეთა N49 და ამასთან, საქმეში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტი დამოწმებული სანოტარო წესით, რომლითაც არქიტექტორმა რ.ნ–ამ ჯერ კიდევ ამხანაგობიდან გასვლამდე, 2012 წელს მშენებლობის პროექტი დაუთმო არქიტექტორ გ–ვას. თუ პროექტი დამზადდა შპს „ა..“-ის დაკვეთით, მისაღები იყო ამხანაგობისთვის და გადაცემულიც ჰქონდა ამხანაგობას, მაშინ რა წერილობითი თანხმობა მისცა ჯერ კიდევ ამხანაგობიდან გასვლამდე რ.ნ–ამ არქიტექტორ გ–ვას, კასატორებისათვის გაუგებარია.
13.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უკანონოდ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას შპს „დ.ბ–ის“ სათანადო მოპასუხეობის ნაწილში და არასწორად განსაზღვრა სარჩელზე პასუხისმგებელ პირად. კერძოდ, კასატორების მითითებით:
13.2.1. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლი, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს. აღნიშნული ნორმის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გადააკისრა ამხანაგობიდან გასული წევრისთვის შენატანის კომპენსირების ვალდებულება მესამე პირს;
13.2.2. სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ერთი მხრივ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება დააკისრა შპს „დ.ბ–ს“ და მეორე მხრივ, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე დააკისრა თანხის გადახდა. თუ ვალდებულება გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ უსაფუძვლო გამდიდრებაზე მითითება სამართლებრივი ნონსენსია. შპს „დ.ბ–ს“ ქონება (პროექტი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ შეუძენია, ის მიიღო თანხის სანაცვლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
13.2.3. სასამართლომ არ გამიჯნა რომელ სუბიექტებს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა და ამხანაგობის წევრებთან ერთად შენატანის დაბრუნების ვალდებულება სოლიდარულად ისე დააკისრა შპს „დ.ბ–ს“, რომ იგი არასდროს ყოფილა ამხანაგობის წევრი, არ ჰქონია რაიმე შემხებლობაც კი, არათუ სამართლებრივი ურთიერთობა ამხანაგობიდან გასულ წევრ მოსარჩელესთან. შესაბამისად, გასული წევრის მიმართ პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან პროექტი 2013 წლის 8 ივლისს იყიდა ამხანაგობისგან და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მყიდველის მიმართ სრულად შეასრულა. შპს „ა..“-ის ან მისი მოთხოვნების შესახებ (თუ ასეთი მოთხოვნი უფლება მას საერთოდ გააჩნდა) კი, შპს „დ.ბ–ისთვის“ ცნობილი არ ყოფილა;
13.2.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებების საფუძველზე დაადგენდა პროექტის დაკვეთისა და მისი ღირებულების გადახდის ფაქტს, შენატანის დაბრუნების (კომპენსირების) ვალდებულება შეიძლებოდა მხოლოდ ამხანაგობის წევრებისთვის დაეკისრებინა, რადგან სწორედ მათ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმადაც, გასულ წევრს უფლება ჰქონდა მოეთხოვა განხორციელებული შენატანი, ხოლო ამხანაგობას/მის წევრებს ჰქონდა შენატანის დაბრუნების ვალდებულება. თუკი სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მხრიდან შენატანის განხორციელება - ანუ პროექტის ამხანაგობისათვის გადაცემა, - გამოდის რომ ამ პროექტითა და მშენებლობის ნებართვით სარგებლობის უფლება მოიპოვა ამხანაგობამ და მანვე, როგორც მართლზომიერმა მფლობელმა გაასხვისა ეს უფლება საკუთარ მიწის ნაკვეთთან ერთად, რასაც არავითარი ვალდებულება არ გადაჰყოლია შემძენის მიმართ, ვინაიდან განხორციელებული შენატანის მოთხოვნის უფლება არ იყო სანივთო უფლება, რომელიც მყიდველის მიმართ გავრცელდებოდა.
13.3. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მტკიცების იმაზე მეტი ტვირთი დააკისრა, ვიდრე ამას მოითხოვდა ამ უკანასკნელის შესაგებელში აღნიშნული გარემოებები. განსახილველ დავაში, მოსარჩელის მოთხოვნა შენატანის უკუგებისკენაა მიმართული, ამდენად, სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ რესტიტუციის ფარგლებში თანხის უკუგებაზე ვალდებულ პირებს სწორედ მის მიერ დასახელებული მოპასუხეები წარმოადგენდნენ, მით უმეტეს, როცა მოპასუხეები სადავოდ ხდიდნენ მათი ვალდებულების წარმოშობას მოსარჩელის წინაშე.
13.4. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის არგუმენტაცია.
13.5. სასამართლომ აპელანტ მხარეს არ მისცა შესაძლებლობა საქმეზე დაერთო მტკიცებულებები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 19.02.2019 წლის განჩინების მითითებების შესასრულებლად, მაშინ, როცა წლების მანძილზე სასამართლო არ ზღუდავდა მოსარჩელეს სარჩელის დაზუსტებასა და ახალ-ახალი მტკიცებულებების წარმოდგენაში, რაც სამოქალაქო პროცესში მოქმედი მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით, შპს „D. B.“-ის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის, ნ.გ–ის, ა.გ–ის, გ.მ–ძის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძისა და ს.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რომ მან, როგორც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“-ის წევრმა, ამხანაგობის ფიზიკური წევრების საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული თანხები დახარჯა. კერძოდ, შპს „ა–ა ..“-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 215220 აშშ დოლარად მომზადდა არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი; ამასთან, კომპანიამ გარკვეული თანხები გადასცა იმ პირებს, რომლებიც მობინადრეთა ინტერესებს ადგენდნენ და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდნენ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, ზემოაღნიშნული თანხები კომპანიას უნდა დაბრუნებოდა, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელის მითითებით, ამხანაგობაში მის მიერ განხორციელებული შენატანით ისარგებლა შპს „D. B.“-მა, რამეთუ ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ, მის მიერ განხორციელებული შენატანი (საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და გაცემული საკომპენსაციო თანხები), ამხანაგობამ სწორედ შპს „D. B.“-ზე გაასხვისა, რომლითაც ამ უკანასკნელმა ააშენა საცხოვრებელი კორპუსი; შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს „D. B.“-მა უსაფუძვლოდ მიიღო/დაზოგა ქონებრივი სიკეთე და ამგვარად მიიღო სარგებელი.
22. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 25.02.2008 წლის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „ა..“-მა, ნ.გ–მა, ს.გ–მა, ა.გ–მა, ნ.ქ–ძემ, ნ.ც–ძემ, ზ.ბ–ძემ, ს.ჟ–ვამ და ნ.გ–ძემ დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..“. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის მიზანი (ქ. ბათუმში, ........ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, ამხანაგობის წევრების საცხოვრებელი ანდა არასაცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად), მონაწილეთა უფლება-მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი (ამხანაგობის პატრნიორმა ფიზიკურმა პირებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების შენატანებით. შპს „ა..“-ის შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება), პარტნიორთა წილები და სხვა საკითხები, მათ შორის, ამხანაგობიდან გასვლის საკითხი.
23. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მასზედ, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე შეთანხმებაა, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელემ ამხანაგობასთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად გარკვეული ვალდებულებები იკისრა (სსკ-ის 930-ე მუხლი). შესაბამისად, შპს „ა..“-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე იბა „ე..“-ისა და მისი წევრების (ს.გ–ის, ა.გ–ის, ნ.გ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძის და გ.მ–ძის (რომელიც მოგვიანებით გახდა ამხანაგობის წევრი)) მიმართ გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეს სურს დაიბრუნოს ამხანაგობისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობა (გაწეული ხარჯი), ხოლო, შპს „D. B.“-ის მიმართ მოთხოვნას მოსარჩელე უსაფუძვლო გამდიდრებას უკავშირებს.
24. კასატორების არგუმენტების საფუძვლიანობის შემოწმებამდე, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
27. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.
28. პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, სასამართლო ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
30. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ამხანაგობაში შენატანის განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - მხარეთა ახსნა-განმარტებები; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი: შპს „ა..“-ის ამონაწერი; 25.02.2008 წლის „ერთობლივი საქმიანობის შესახებ“ ხელშეკრულება; შპს „ა..“-სა და შპს „ა–ა ..“-ს შორის 16.04.2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულება და ამავე მხარეებს შორის, 10.07.2008 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი; ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 01.09.2008 წლის ოქმი ქ. ბათუმში, .......... ქ. №94-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და ამავე სამსახურის ამავე თარიღის №01-22/912 ბრძანება არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება №206-ის გაცემის შესახებ: ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 19.06.2009 წლის №01-22/383 ბრძანება ქ. ბათუმში, .......... ქ. №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, №107 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე; შპს „ა..“-ის 10.05.2013 წლის განცხადება ამხანაგობიდან გასვლის შესახებ; იბა „ე..“-ის 20.05.2013 წლის და 05.07.2013 წლის კრების ოქმები; იბა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ის შორის 08/07/2013 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე მხარეებს შორის იმავე თარიღით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად, მართებულად დაასკვნა, რომ შპს „ა..“-მა, როგორც ამხანაგობის წევრმა თავისი აქტიური ქმედებით დაიწყო და ნაწილობრივ განახორციელა ამხანაგობაში მისი შენატანის შეტანის პროცესი, რაც მოიცავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის და შესაბამისი ნებართვების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ კასატორებმა ვერ მიუთითეს ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინეს ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოტანილი დასკვნების სისწორე/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
31. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „ე..“-ში მოსარჩელის შესატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით, ამხანაგობის თავმჯდომარედ მოსარჩელის დირექტორი - რ.ნ–ა აირჩიეს. დადგენილია, რომ 2008 წლის 1 სექტემბერს, ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა დააკმაყოფილა ამხანაგობა „ე..“-ის თავმჯდომარის - რ.ნ–ას განცხადება და №01-22/912 ბრძანებით, ქ. ბათუმში .......... ქ. №94-ში გასცა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება N206; ამავე სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის №01-22/383 ბრძანებით კი, ქ. ბათუმში .......... ქ. №94-ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე შეთანხმებულ იქნა რ.ნ–ას (როგორც ამხანაგობა „ე..“-ის თავმჯდომარის) მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი; 2013 წლის 05 ივლისის კრების ოქმისა და 2013 წლის 08 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დასტურდება, რომ ამხანაგობამ შპს „D. B.“-ზე 2 263 992 ლარად სწორედ იმ მისამართზე (ქ. ბათუმში .......... ქ. №94-ში) მდებარე ცარიელი მიწის ნაკვეთი გაასხვისა (მშენებარე სახლის შესაბამის პროექტთან და მშენებლობის ნებართვასთან ერთად), რომელ მისამართზედაც №01-22/912 და №01-22/383 ბრძანებებით იქნა გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და შეთანხმებულ იქნა პროექტი.
32. ამდენად, ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის №01-22/912 და №01-22/383 ბრძანებებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ამხანაგობა „ე..“-ს, ქ. ბათუმში .......... ქ. №94-ში მდებარე ცარიელი მიწის ნაკვეთის გასხვისებისას, უკვე ჰქონდა ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, რაც შეთანხმდა შესაბამის სამსახურთან და რაც მოსარჩელის ამხანაგობიდან გასვლის შემდგომ (20.05.2013 წ.), 2013 წლის 08 ივლისს, შესაბამის მშენებლობის ნებართვასთან ერთად, ამხანაგობამ გაასხვისა კიდეც შპს „D. B.“-ზე. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ერთმნიშვნელოვად უსაფუძვლოს ხდის კასატორების ეჭვს ზოგადად პროექტის არსებობასთან მიმართებით; ხოლო, რაც შეეხება კასატორების შედავებას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, კონკრეტულად თუ რომელი პროექტი მიჰყიდა ამხანაგობამ შპს „დ.ბ–ს“, ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორების იმ განმარტებაზე, რომ 2009 წლის 19 ივნისის N01-22/383 ბრძანებას, რომლითაც ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეთანხმდა, ერთვის პროექტი N107 - გაცემული ჯ.......... და .... ქუჩის კვეთა N49-ში და არა .......... ქ. №94-ში. გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წლის 09 ივნისის N01-22/383 ბრძანებით, ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე შეთანხმებულ იქნა №107 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ამასთან, რამდენადაც კასატორები თავადვე აპელირებენ, რომ პროექტი №107 წარმოადგენს ჯ.......... და ... ქუჩის კვეთა N49-ში გაცემულ პროექტს, ისინი ფაქტობრივად ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მატერიალური სახით წარმოდგენილი პროექტისა (გაცემული ჯ.......... და .... ქუჩის კვეთა N49-ში) და N01-22/383 ბრძანებით შეთანხმებული №107 პროექტის იდენტურობას. რამდენადაც დადგენილია, რომ 08/07/2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, იბა „ე..“-მა სწორედ .......... ქუჩა №94-ში მდებარე ცარიელი მიწის ნაკვეთი, მშენებარე სახლის შეთანხმებული პროექტი და ნებართვა გაასხვისა, საკასაციო პალატა დადასატურებულად მიიჩნევს, რომ იბა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი (პროექტი) მართლაც ის ქონება (პროექტი) იყო, რომელზეც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა. ამდენად, ზემოაღნიშნული არგუმენტით, კასატორები მართალია პროექტის დაკვეთისა და მისი შესრულების, ასევე ამ პროექტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტაციის ურთიერთსაწინააღდეგო ხასიათის დადასტურებას ცდილობდნენ, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამავე არგუმენტით მათ დაადასტურეს, რომ N01-22/383 ბრძანებით, ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №94-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე, სწორედ ის პროექტი შეთანხმდა, რომელიც საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მატერიალური სახით და მომზადებულია შპს „არქიტექტურა 95“-ის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და თვით კასატორების ახსნა-განმარტების მხედველობაში მიღებით, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ იბა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის გარიგების საგანი სწორედ ის პროექტი იყო, რომლის მომზადებაც რ.ნ–ამ, როგორც მოსარჩელე შპს - „ა..“-ის დირექტორმა, შპს „ა–ა ..“-ს დაუკვეთა. აღნიშნული მოსაზრების გამაქარწყლებელ გარემოებასა (მაგ. იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთთან ერთად რაიმე სხვა პროექტი და ნებართვა გასხვისდა) და ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე კი, კასატორებს არ მიუთითებიათ.
33. ზემოაღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატას ვერ გაუქარწყლებს კასატორების შედავება პროექტის დაკვეთისა და მისი შესრულების, ასევე ამ პროექტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტაციის ურთიერთსაწინააღდეგო ხასიათზე. ამ მიმართებით, საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება ის გარემოება, რომ 2008 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებით, შპს „ა–ა 95“-მა, როგორც შემსრულებელმა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის პროექტის შექმნის ვალდებულება აიღო ქ. ბათუმში, ... ქ. №94-ში და არა .......... ქ. №94-ში, თუმცა, ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემულ №01-19/674 ცნობაზე საჯარო გაცნობისათვის (დაინტერესებული პირებისათვის), სადაც მშენებარე ნაგებობის მისამართად და ფუნქციურ დანიშნულებად მიეთითა - „ქ. ბათუმი, ....., მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა“ და ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 01 სექტემბერი. ამავე თარიღის ადმინისტრაციული მოსმენის ოქმით კი, განხილულ იქნა საკითხი ქ. ბათუმში, .......... ქ. №94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა და ამავე მისამართზე გაიცა დავალება №206. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თვით არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტები (ცნობა და ადმინისტრაციული მოსმენის ოქმი) აიგივებს .......... ქუჩას .....ქუჩასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა კასატორების შედავება პროექტის დაკვეთისა და მისი შესრულების, ასევე ამ პროექტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტაციის ურთიერთსაწინააღდეგო ხასიათზე.
34. მოსარჩელის მხრიდან ამხანაგობაში შენატანის განხორციელების ფაქტის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა კასატორების ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ მოსარჩელეს თავისი შენატანის განსახორციელებლად სჭირდებოდა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება, რაც არ მიღებულა. საკასაციო პალატა უარყოფს დასახელებულ შედავებას და ამ მიმართებით, პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე (მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად; შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით) და განმარტავს, რომ 2008 წლის 25 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით, სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა მონაწილეთა უფლება-მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი. დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს წარმოადგენდა შპს „ა..“, რომელმაც ამხანაგობაში შენატანის სახით, საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება იკისრა. შესაბამისად, ამხანაგობაში შენატანის განხორციელება, მოსარჩელის მხრიდან, ამხანაგობის ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულების შესრულების გამოხატულებაა, რის განსახორციელებლადაც მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობის დანარჩენ მონაწილეთა სავალდებულო თანხმობა არ ესაჭიროება. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ლეგალურ დეფინიციას და ადგენს, რომ ამხანაგობის ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. უნდა განიმარტოს, რომ წარმომადგენლობითი და სხვა მმართველობითი ხასიათის საკითხების სადავოობისას, სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საკანონმდებლო რეგლამენტაციით: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 წინადადების თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ამხანაგობის მმართველობითი უფლებამოსილების საკითხის ამომწურავ ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა, უდავოა, რომ მას მიეკუთვნება ამხანაგობის წევრთა მიერ გადაწყვეტილების მიღება (კრების გადაწყვეტილება), რომელიც ხელშემკვრელ მხარეთა დისკრეციის საგანია. ამასთან, მოხმობილ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ამხანაგობის საქმეების ერთობლივად მართვას და მესამე პირებთან მიმართებაში ერთობლივ წარმომადგენლობას აწესებს, თუმცა, ამ საკანონმდებლო რეგულაციით არ გამოირიცხება ნორმისგან განსხვავებული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა და ლეგიტიმურობა. ამგვარი დასკვნის საფუძველს საკასაციო პალატას აძლევს მითითებული ნორმის დისპოზიციური შინაარსი, რომელიც არ გამორიცხავს ამხანაგობის მონაწილეთა სხვაგვარი შეთანხმების არსებობას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცილებასთან მიმართებით.
35. ამდენად, სახელშეკრულებო თავისუფლებიდან გამომდინარე, დაშვებულია განსხვავებული შეთანხმების მიღწევის შესაძლებელობაც, სახელდობრ, ამხანაგობის ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომ ამხანაგობის მხოლოდ ერთი ანდა რამდენიმე წევრი იყოს დამოუკიდებლად ამხანაგობის საქმეების გაძღოლაზე უფლებამოსილი. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ამგვარი უფლებამოსილების მქონე წევრი, ამხანაგობის მმართველობას და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებთან დაკავშირებით, პრინციპულად თავისუფალია და სხვა წევრთა თანხმობის გარეშე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამგვარი ქმედების განხორციელების თაობაზე. ამა თუ იმ ქმედების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითონ ამხანაგობის მართვაზე უფლებამოსილი წევრი დამოუკიდებლად (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, ვებ.გვერდი WWW.GCCC.GE - http://www.gccc.ge/?s=934, ავტორი ი.რობაქიძე).
36. ამავდროულად, შესაძლებელია ისიც, რომ ამხანაგობის ხელშეკრულებით ამხანაგობის წევრებმა მმართველობითი უფლებამოსილება ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს მიანიჭონ, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თაობაზე კი, საკითხი ღიად დატოვონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას იგი წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმომადგენლობით უფლებამოსილების პრეზუმირებას ამკვიდრებს, რომლის თანახმად, თუ ამხანაგობის მმართველობა ხელშეკრულებით ერთ-ერთ წევრს აქვს ჩაბარებული/მინდობილი, საეჭვოობისას იგი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებითაცაა აღჭურვილი და მის მიერ ამხანაგობის სახელით დადებული გარიგებები იურიდიულ შედეგს წარმოშობს თავად ამხანაგობისა და რა თქმა უნდა მე-3 პირის მიმართაც.
38. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება დაეკისრა ამხანაგობის თვმჯდომარეს - შპს „ა..“-ის დირექტორს - რ.ნ–ას, რომელიც წარმოადგენდა ამხანაგობის უმაღლეს თანამდებობის პირს; სწორედ იგი ხელმძღვანელობდა ამხანაგობის საქმიანობას, წარმოადგენდა ამხანაგობას გარიგებებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებელი იყო მათ შორის, ამხანაგობის წევრთა მიერ შენატანების დროულად შეტანასა და ხარჯვაზე. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მოსარჩელის შესატანს წარმოადგენდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი მსჯელობის ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა იმგვარი პრეზუმფციის გასავრცელებლად, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს მოსარჩელის შენატანის განხორციელების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, „დამფუძნებელ წევრთაგან“ შესაბამისი თანხმობა გააჩნდა. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის გარდა, ამხანაგობაში შენატანი ამხანაგობის პარტნიორმა ფიზიკურმა პირებმაც განახორციელეს - კუთვნილი მიწის ნაკვეთების შეტანის გზით, თუმცა, კასატორები მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულ შენატანს ხდიან სადავოდ ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების არ არსებობის გამო, დანარჩენ ფიზიკურ წევრთა მიერ განხორციელებულ შენატანთან დაკავშირებით კი, არც კი მიუთითებენ, რომ მათ ასეთი თანხმობა გააჩნდათ.
39. აქვე, მოსარჩელის მხრიდან ამხანაგობაში შენატანის განხორციელების ფაქტის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა კასატორების ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომ მან დაუკვეთა პროექტი და გადაიხადა მასში 215 220 აშშ დოლარი. ასეთ მტკიცებულებად კასატორების მოსაზრებით არ შეიძლებოდა განხილულიყო მოსარჩელის დირექტორის რ.ნ–ას მიერ ორმხრივად (როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის სახელით) ხელმოწერილი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი (ასევე ორმხრივად რ.ნ–ას მიერ ხელმოწერილი). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26). განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება პროექტის არსებობა, ამ პროექტის შეთანხმება შესაბამის სამსახურთან და შემდგომ, ამავე პროექტის განკარგვა, საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრება პროექტის დაკვეთისა და მით უფრო, მასში ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ფიქტიურობის თაობაზე, რამეთუ არქიტექტურული პროექტის მომზადების შესახებ ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს და სასყიდლიანია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ აძლევს სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს, რომ პროექტის დაკვეთისა და მისი შესრულების (მიღება-ჩაბარების აქტი) შესახებ დოკუმენტები სინამდვილეში ფიქციაა. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დამკვეთსა (შპს „ა..“) და შემსრულებელს (შპს „ა–ა ..“-ის) შორის ნამდვილად არსებობდა არქიტექტურული პროექტის მომზადების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომზადდა პროექტი. ამასთან, რამდენადაც კასატორების მხრიდან შესაბამისი კონტრარგუმენტების წარმოდგენის გზით, ვერ იქნა გაქარწყლებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაცია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე პროექტის ღირებულების განსაზღვრის შესახებ, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ა..“-ის დაკვეთით მომზადებულმა პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 215220 აშშ დოლარი.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი მსჯელობისა და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, ასევე, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებითაც, რომ გასაზიარებელია სააპელაციო პალატის შეფასება შპს „D. B.“-ის მიერ რეალურად აშენებული სახლის ფოტოსურათებზე გამოსახული შენობის კონსტრუქციული ნაწილის ვიზუალურ იდენტურობაზე შპს „ა..“-ის მიერ შპს „ა–ა-..“-ისათვის დაკვეთილ და მის მიერვე შედგენილი პროექტთან, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, დასტურდება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები - მისი მხრიდან ამხანაგობის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ფაქტი - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნებართვების მოპოვების სახით, რაც მოსარჩელის ამხანაგობიდან გასვლის შემდგომ, ამხანაგობამ სწორედ შპს „D. B.“-ზე გაასხვისა. მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში კი, საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხეთა მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეებს შეეძლოთ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავადაც წარმოედგინათ საპირისპირო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა, მოპასუხეთა მხრიდან საპირწონე მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ვერ გაბათილდა ქ. ბათუმში, .......... ქ.№94-ში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლისათვის შპს „ა..“-ის მიერ პროექტის დამზადების, მერიის შესაბამის სამსახურთან ამ პროექტის წარდგენა/შეთანხმების, ამხანაგობის მხრიდან ამავე პროექტის გასხვისების ფაქტი და რაც ყველაზე მთავარია, მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული საცხოვრებელი სახლის სხვა პროექტით აშენების ფაქტი.
41. კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ კასატორები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც კასატორების განმარტებით მოპასუხეებს დაუსაბუთებლად არ მიეცათ შესაძლებლობა საქმეზე დაერთოთ მტკიცებულებები: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 07.04.2021 წლის წერილი, შპს „კ–ი ..“-ის პროექტი, ცნობა, მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ბრძანება №02/773, საექსპერტო დასკვნა შპს „კ–ი ..“-ის მიერ მომზადებული პროექტის განხორციელებაზე, საბანკო ქვითრები, პროექტის ღირებულების შესახებ დასკვნა, რაც მათივე მოსაზრებით, მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ შედავებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას; თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, თუმცა, უნდა დადგინდეს, რომ მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობა მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზით იყო განპირობებული (იხ. სუსგ საქმეზე №ას-123-123-2018, 09/11/2018 წ.).
42. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები საპატიო მიზეზად იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ დასახელებული მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობა განაპირობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში ასახულმა მითითებებმა. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების დასაბუთებას მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან მიმართებით და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და განჩინებაში მითითებული საკითხების გადასაწყვეტად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავე განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ განჩინებაში მითითებული საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ იყო უფლებამოსილი მიეღო ახალი მტკიცებულებები, რომლითაც განჩინებაში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა იქნებოდა შესაძლებელი (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების 4.14 აბზაცი). აღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სადავო მტკიცებულებები საქმეზე დართვის მიზნით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, არა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა შპს „ა..“-ის სარჩელზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა კიდეც იგი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა და არ მისცა შეფასება მოპასუხეთა მიერ, სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების შესაძლებლობასაც.
43. ამდენად, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მხარის პოზიციას საფუძვლიანს ხდის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე მხარის შეპირისპირება ეყრდნობა მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებასა და დაუშვებელ მტკიცებულებებს, სასამართლოს უჩნდება საფუძველი გაიზიაროს სწორედ მოსარჩელე მხარის პოზიცია და უარყოს საწინააღმდეგო არგუმენტაცია და ვარაუდები. იმ პირობებში, როდესაც საწინააღდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მარტოოდენ კასატორების ზეპირსიტყვიერი განცხადება, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება. კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით კი, მოპასუხეებმა/კასატორებმა ვერ შეძლეს. შემდავებლებს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინათ, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მათი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, მოპასუხეების/კასატორების მოსაზრება არ განიხილება, რადგან ისინი პროცესის შედეგით დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
44. რაც შეეხება შპს „D. B.“-ისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობებს, ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად, მოპასუხეს წარმოეშვა ამხანაგობა „ე..“-სა და შპს „D. B.“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის ღირებულების თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია საგადახდო დავალებების ასლები, რომლის თანახმადაც შპს „D. B.“-ი გარკვეულ თანხებს ურიცხავდა ამხანაგობა „ე..“-ს დანიშნულებით: „დავალიანების/ვალის დაფარვა“, თუმცა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხები შპს „D. B.“-ის მიერ გადახდილი იქნა სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „D. B.“-მა უსაფუძვლოდ მიიღო სარგებელი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში, მოპასუხე შპს „D. B.“-მა, რომლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებასაც გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენდა, შესაბამისი კონტრარგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია ვერ გააქარწყლა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სუბიექტს შპს „D. B.“-იც წარმოადგენს, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას წარმოშობს.
45. საკასაციო პალატა აქვე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით აღნიშნოს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება) (იხ. ას-948-2019, 27.05.2021 წ.). საგულისხმოა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) მხარეები თავისუფალნი არიან მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულების, მათ შორის, საექსპერტო დასკვნის წამოდგენაში.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინციპით არის განმსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით (იხ. სუსგ-ები: N ას-313-2021, 30.06.2021წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება (სუსგ-ები: N ას-1100-1057-2016, 09.06.2017წ; N ას-1340-1260-2017, 07.03.2018წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.220).
47. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს თანაბრად ჰქონდათ საპროცესო შესაძლებლობა თავად უზრუნველეყოთ საქმისწარმოების მსვლელობისას კვალიფიციურ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა სარწმუნოობასაც სასამართლო საკუთარი მიხედულების ფარგლებში მიანიჭებდა უპირატესობას და ჩათვლიდა უფრო დასაბუთებულად. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, ორივე მხარემ სრულად შეძლო თანაბრად და დაუბრკოლებლად ამ პრინციპებით სარგებლობა, ხოლო, თუ რამდენად წარმატებულად, აღნიშნული აისახა სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
48. აქვე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რაზედაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავადაც ვრცლად იმსჯელა გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. ამ განჩინების 6.16. პუნქტი).
49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
50. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
51. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „D. B.-ს“, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..-ს, ნ.გ–ს, ა.გ–ს, გ.მ–ძეს, ნ.ქ–ძეს, ნ.ც–ძეს, ზ.ბ–ძეს, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძესა და ს.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „D. B.-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „D. B.-ის“, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..-ის“, ნ.გ–ის, ა.გ–ის, გ.მ–ძის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ვას, ნ.გ–ძისა და ს.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. კასატორების მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „D. B.-ს“ (.....), ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..-ს“ (........), ნ.გ–ს (......), ა.გ–ს (........), გ.მ–ძეს (.......), ნ.ქ–ძეს (.........), ნ.ც–ძეს (........), ზ.ბ–ძეს (.......), ს.ჟ–ვას (......., ნ.გ–ძესა (........) და ს.გ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „D. B.-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N432, გადახდის თარიღი 30.05.2022) 70% – 5600 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი