ას-881-778-2016 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილის
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხე ო. ფ–ას უფლებამონაცვლეები) – ა.ჯ–ია, მ. ფ–ა, დ. ფ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე სს „ბ.რ–ას“ უფლებამონაცვლე) – სს თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ბ.რ–ასა“ (უფლებამონაცვლე სს „თ.ბ–ი“, შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე) და შპს „გ.მ. N?-ს“ (შემდეგში - მსესხებელი, პრინციპალი, პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შორის 2004 წლის 15 სექტემბერს დაიდო „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ” გენერალური ხელშეკრულება (შემდეგში - გენერალური ხელშეკრულება), რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, დაედოთ კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის ხელშეკრულებები. გენერალური ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს უფლება ჰქონდა ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის - 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში; ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 15 სექტემბერი (2005 წლის 23 დეკემბერს, 2007 წლის 01 მაისსა და 2009 წლის 13 მარტს, გენერალურ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც მსესხებელს უფლება ჰქონდა, ეკისრა ვალდებულებები 5 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 15 სექტემბრამდე).
2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 8 მაისს დაიდო საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ ხელშეკრულება (N11604). საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 420 633.00 ევროთი.
3. 2007 წლის 10 სექტემბერს გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და რ. მ–ძეს, ლ. მ–ძესა და ო. ფ–ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, თავდები პირები კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგნენ პირველ მოსარჩელეს გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და მასთან ერთად იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით.
4. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2008 წლის 3 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (66773) კრედიტის - 2 700 000 ლარის გაცემის თაობაზე.
5. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 13 მარტს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო გარანტიით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (N89174/09/კბ), რომლის საფუძველზეც, ბანკმა გასცა საბანკო გარანტია პრინციპალის კრედიტორის - სსიპ „მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ (შემდეგში - ბენეფიციარი) სასარგებლოდ. საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 60 399 ლარით.
6. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 12 აგვისტოს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო გარანტიით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (N95080/09/კბ), რომლის საფუძველზეც, ბანკმა გასცა საბანკო გარანტია პრინციპალის კრედიტორის - სს „ვ.პ.ჯ–ას“ (შემდეგში - ბენეფიციარი) სასარგებლოდ 500 000 ლარის ფარგლებში.
7. 12.08.2009 წლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხეთა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, თავდებობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 600 000 ლარით.
8. პრინციპალის მიერ ბენეფიციარების წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გარანტმა, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებათა შესაბამისად, ბენეფიციარებს მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.
9. ბანკმა სარჩელი აღძრა შპს „გ.მ. N..-ის“, შპს „გ. ..-ის“, რ. მ–ძის, ლ. მ–ძისა და ო. ფ–ას (შემდეგში ასევე ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა:
- 2004 წლის 15 სექტემბერის გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება;
- საბანკო გარანტიების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების 538 305.28 ლარის (N95080/09/კბ გარანტიისაგან წარმოშობილი ძირითადი თანხა - 483 334.42 ლარი, N8917409/კბ გარანტიისაგან წარმოშობილი ძირითადი თანხა - 53 769 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1 012,66 ლარი, დარიცხული ჯარიმა 189,20 ლარი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
10. მოპასუხეებმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ბანკის მიერ საჯარო აუქციონზე გასხვისდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, რითაც სრულად დაიფარა მოპასუხეთა დავალიანება ბანკის წინაშე. ამასთან, აღნიშნული დავა განხილული და გადაწყვეტილი აქვს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და გამოიტანა 2010 წლის 9 ივლისის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე.
11. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა:
11.1. ბანკის უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა. შეგებებულ სარჩელით მოსარჩელის მითითებით, 2010 წელს კერძო აღმასრულებელმა არბიტრაჟის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძვველზე პირველი და მეორე მოპასუხის მოძრავი ნივთები ბანკს გადასცა, რომელთაგან ნაწილი თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გავიდა და ბანკმა შეიძინა. ბანკი ა.ს–ის მეშვეობით შეძენილი ქონების არამართლზომიერი მფლობელია და უნდა დაევალოს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების დაბრუნება. ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარი განაცხადა, ქონება არამართლზომიერად გასხვისდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემძენი, ბანკი შეძენილი ქონების არამართლზომიერი მფლობელია.
11.2. ბანკის მიერ შპს „ა.ს–ის“ მეშვეობით ქონების განკარგვის გაუქმება;
11.3. 2009 წლის 23 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: ბანკს უნდა დაეკისროს 2009 წლის 23 დეკემბრიდან გაუმართლებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მისთვის გადაცემული მოძრავი ქონების უკანონო მფლობელობაში დაყოვნებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით პირველი მოპასუხის შემთხვევაში დღეში 36 015 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე (რაც სარჩელის წარდგენის დღისათვის შეადგენს 31 603 162 ლარს), მეორე მოპასუხის შემთხვევაში - 7 400 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე (რაც სარჩელის წარმოდგენის დღისათვის შეადგენს 6 493 500 ლარს); 2009 წლის დეკემბრის შესრულებიდან წარმოშობილი საგადასახადო დავალება - ბიუჯეტში გადასახდელი თანხის დღგ-ს სახით, რომელიც წარმოიშვა 2009 წლის 29 დეკემბერს, 509 371 ლარის გადახდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საურავების დარიცხვით გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ანგარიშებზე ყადაღის გამოყენებისა და მოძრავი ქონების ბანკისათვის გადაცემით გამოწვეული იძულებით შეწყვეტილი სამუშაოებიდან - კოდა-თეთრიწყარო ტN84-08, 05-06-2008 მონაკვეთიდან წარმოშობილი სადაზღვევო კომპანია „ვ–ის” მიერ გადახდილი ძირი თანხის 26 240 ლარისა და პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1% (რაც სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენს 56 320 ლარს); იძულებით შეწყვეტილი სამუშაოებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება შეგებებული სარჩელის მოსარჩელის კრედიტორებისათვის გადასახდელი თანხის - 1 575 788 ლარის გადახდა.
11.4. ბანკის მიერ გაუცემელი საბანკო გარანტიის გამო დაკარგული შემოსავლის (მიუღებელი მოგების) - 12 343 000 ლარის ანაზღაურება;
11.5. ბანკის მიერ გაცემული კრედიტის პირველი მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებით დაფარულად აღიარება და ზედმეტად გადახდილი თანხით საბანკო კრედიტიდან გამომდინარე მოთხოვნის გაქვითვა. ამ მოთხოვნის საფუძვლად მსესხებლი მიუთითებს, რომ ბანკი არაკეთილსინდისიერად მიზანმიმართულად მოქმედებდა, რათა მოვალეთა ქონებას დაუფლებოდა: არ გასცა მოთხოვნილი საბანკო გარანტიები, რის გამოც მსესხებელმა ვერ გადაიხადა კრედიტის ძირი თანხა და პროცენტი. ამით ბანკმა შექმნა საფუძველი, რომ გენერალურ ხელშეკრულებაში 2009 წლის 13 და 17 მარტის ცვლილებებით შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო გაეთვალისწინებინა და იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონება აუქციონის მეშვეობით გაეყიდა. მსესხებელი იძულებული იყო ამ ცვლილებებს დასთანხმებოდა, რადგან გარდა იმისა, რომ კრედიტის დაფარვას ვერ ახერხებდა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, საჭირო იყო ტენდერებში მონაწილეობა რისთვისაც მას საბანკო გარანტიის წარდგენა სჭირდებოდა. ამის შესაძლებლობას კი, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები იძლეოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროცენტი და ჯარიმა 718 327.65 ლარი მსესხებელს უკანონოდ აქვს დარიცხული (N66773 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე), და ეს თანხა უნდა გაიქვითოს მოსარჩელის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაში, თუკი ასეთი ვალი არსებობს, ხოლო თუ დადგინდა რომ ეს ვალი არ არსებობს თანხა მსესხებელს უნდა დაუბრუნდეს (ტ. 4, გვ. 353, 373).
12. ბანკმა შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- შეწყვეტილად იქნა აღიარებული ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2004 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება;
- მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის (№95080/09/კბ) საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 483 334.42 ლარის გადახდა;
- მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ (№89174/09/კბ) საბანკო გარანტიის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 53 769 ლარის, პროცენტის - 1 012,66 ლარის და პირგასამტეხლოს - 19 ლარის გადახდა;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ბანკს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა.
- შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა მოპასუხემ და თავდებმა პირებმა (ასევე ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც აპელანტები), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. 2013 წლის 7 თებერვალს, სს „ბ.რ–ას“ წარმომადგენელმა ი.ლ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა. 2013 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ სასამართლომ სს „ბ.რ–ას“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოთხოვნილ ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით სს „გ. N..-სა“ და ო. ფ–ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით რ. და ლ. მ–ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.
17. 2015 წლის 3 თებერვალს ო. ფ–ამ სასამართლოში წარადგინა განცხადება, დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია სააპელაციო საჩივარზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნად და 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადებაში მითითებული საფუძვლები იყო სააპელაციო საჩივრის საგანი და შესაბამისად, მისი მართზომიერებისა და დასაუთების საკითხი არსებითი განსჯის სფერო. ასევე არ ირკვეოდა, რამ განაპირობა უზრუნველყოფის განცხადების წარმოდგენის აუცილებლობა.
18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 04 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა ო. ფ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ ჩაბარებია. სს „რ.ბ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება კი იმ მოტივით არის გასაჩივრებული, რომ სარჩელზე წარმოება შესაწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის შუამდგომლობა, რომლითაც იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმებას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ითხოვს.
22. სსსკ-ის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია: 1. გარკვეული ვადით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება; 2. გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. გააგრძელოს აღსრულება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
23. აღნიშნული ნორმის მიზანია, სსსკ-ის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალიზების მეშვეობით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი.
24. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის წინაპირობებად მიუთითა, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადებაში მითითებული საფუძვლები იყო სააპელაციო საჩივრის საგანი და შესაბამისად, მისი მართზომიერებისა და დასაბუთების საკითხი არსებითი განსჯის სფერო. ასევე არ ირკვეოდა, რამ განაპირობა უზრუნველყოფის განცხადების წარმოდგენის აუცილებლობა.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მხარე, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ითხოვს, უნდა დაასაბუთოს, სადავოდ ხდის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას და ითხოვს მის გაუქმებას, თუ აღსრულების შეჩერება შეგებებულ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. ასეთ შემთხვევაში მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მის გამოუყენებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები... მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება აღნიშნულ მოტივაციას არ შეიცავდა და პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობები.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ჯ–იას, მ. ფ–ასა და დ. ფ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი