№ას-1176-2023
19 ოქტომბერი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.კ.ს–ო’’
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძის (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უცვლელად დარჩა.
2. 2023 წლის 11 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 423.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა, რომლის შეუვსებლობის გამოც ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებით განცხადება განუხილველად დარჩა.
4. ზემოაღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე ხარვეზი დადგინდა, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განმცხადებელს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით წაკითხვადი სახის კერძო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.
6. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რაკი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაანთავისუფლა, შესაბამისად, ბაჟის გადახდა მას არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ ევალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს ვადას განუსაზღვრავს და იმ საპროცესო მოქმედებებს დაუდგენს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის შეფასებისას, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:
1). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი დაუდგინდა, კერძოდ, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მას ორი სხვადასხვა საპროცესო მოქმედება უნდა შეესრულებინა, სახელდობრ, 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანთან ერთად, გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით წაკითხვადი კერძო საჩივარი უნდა წარმოედგინა.
2). დადგენილ ვადაში განმცხადებელმა საკასაციო პალატას წერილობით მომართა, სადაც აღნიშნა, რომ რაკი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაანთავისუფლა, რის შესაბამისადაც, ბაჟის გადახდა მას არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ ეკისრებოდა.
9. საკასაციო პალატის შეფასებით, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია. ჯერ ერთი, გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით წაკითხვადი კერძო საჩივარი განმცხადებელს არ წარმოუდგენია, რაც ხარვეზის სრულად აღმოფხვრილად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო.
ამასთან, ზემომითითებული ხარვეზი გამოსწორებულად ვერც სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ვერ ჩაითვლება, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილ მოთხოვნაზე აპელირებით (სსსკ-ის 46.1 "გ" პუნქტი) კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ იკვეთება.
საკსაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ.ბ–ძის მოთხოვნა შეეხება არა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არამედ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილია განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის და სხვა ხასიათის ხარვეზის გამოსწორების ვალდებულება.
10. ამავდროულად, ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განჩინებაზე მითითება (რომლითაც იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული), რომელიც წინამდებარე განჩინებით განსახილველი საქმის (საქმე კერძო საჩივრის ავტორის განცხადებისა გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე) წარმოების ფარგლებში არ გამოტანილა. უფრო მეტიც, განსახილველ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დააკისრა, რომელიც განმცხადებელს არ გამოუსწორებია და რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს გასაჩივრებული განჩინების მიღების ერთ-ერთი საფუძველია.
11. სსსკ-ის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : ვლადიმერ კაკაბაძე