Facebook Twitter

№ას-1375-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.თ–ძე, გ.ლ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი თ.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), გ.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და ი.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:

- პირველ და მეორე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, 164 521.17 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 157 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 4449.69 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 2627.22 აშშ დოლარი და საკომისიო - 444.26 აშშ დოლარი;

- პირველ და მეორე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, სესხის ძირ თანხაზე - 157 000 აშშ დოლარზე, წლიური 7% საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, ყოველდღიურად 30.11 აშშ დოლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- პირველ და მეორე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, სესხის ძირ თანხაზე - 157 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს დღეში 785 აშშ დოლარს, 2022 წლის 31 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ......... (საკადასტრო კოდი N......) და მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმში, ....... (საკადასტრო კოდი N .....) სარეალიზაციოდ მიქცევა;

- იმ შემთხვევაში, თუ მითითებული უძრავი ქონებების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარავად, გადახდევინების მიქცევა პირველ და მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.11.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 25 აპრილის N56168585-ა-5616585 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 164 521.17 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 157 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 4449.69 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 2627.22 აშშ დოლარი და საკომისიო - 444.26 აშშ დოლარი; პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2022 წლის 31 იანვრიდან, 2017 წლის 25 აპრილის N56168585-ა-5616585 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 157 000 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე წლიური 7% სარგებლის გადახდა; მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ....... (საკადასტრო კოდი N..........) და მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, ........ (საკადასტრო კოდი N.....); იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებები არ იქნება საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, გადახდევინება განხორციელდეს პირველ და მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის სხვა ქონებიდან; სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მესამე მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 19-41). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მესამე მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 85-99). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის შესავსებად მიეცა 10 დღე. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 118-122).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2023 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - გ.ფ–ს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ტ.3, ს.ფ.102,103; საკასაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ.107; გზავნილი, ტ.3, ს.ფ.123) და ჩაჰბარდა პირადად 20.11.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ.124).

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 21.11.2023 წელს და ამოიწურა 30.11.2023 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 30.11.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1207-2023, 01.11.2023წ.; №ას-802-2023, 30.10.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე