საქმე №ას-877-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – შპს "კ.ს–ე" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა–ი (მოსარჩელე)
II კასატორი -გ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "კ.ს–ე" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მეორე კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი შპს „კ.ს–ეს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, პირველი კასატორი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2021 წლის 25 დეკემბრის ბრძანება მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 9 250 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის (დამსაქმებლის) სააპელაციო და მოსარჩელის (დასაქმებულის) შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 1 აგვისტოს, დაიდო N 01/08/21-0001 შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დაინიშნა კვებისა და სასმელების დეპარტამენტში, სასტუმრო „ბ.ვ–ის“ აღმასრულებელი შეფის პოზიციაზე, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით;
3.2. ხელშეკრულება მოქმედებდა 31.01.2022 წლამდე;
3.3. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შედგებოდა მყარი და ცვალებადი ნაწილებისაგან. დარიცხული ხელფასის მყარად განსაზღვრული ნაწილი ყოველთვიურად 7 500 ლარს შეადგენდა. ყოველთვიური ხელფასის ცვლადი ნაწილი დგინდებოდა და დაანგარიშდებოდა კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული გეგმის შესრულების შემთხვევაში. ბონუსი დაანგარიშდებოდა სერვის გეგმის შესრულების მიხედვით და იქნებოდა 3 %;
3.4. მოსარჩელემ, 2021 წლის 24 დეკემბერს, წერილობით მიმართა დამსაქმებელი კომპანიის გენერალურ დირექტორს ბ.შ–ას და, 2021 წლის 25 დეკემბრიდან, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. იქვე მიუთითა, რომ რაიმე სახის პრეტენზია დამსაქმებლის მიმართ არ გააჩნდა;
3.5. მოპასუხე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, 2021 წლის 25 დეკემბერს, გამოსცა N 25/12/21-001 ბრძანება, დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის 2021 წლის 24 დეკემბრის განცხადება;
3.6. მოსარჩელეს აქვს საკრედიტო ვალდებულებები სს „ბ.ბ–ის“ წინაშე, მისი დავალიანება 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 8 209.08 ლარს შეადგენდა, ხოლო მეორე სესხზე - 58 678.97 ლარს. მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი მ. ა–ი, დაბადებული 2017 წლის 26 დეკემბერს;
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ.ა–ის ჩვენების თანახმად:
3.7.1. საირმეში 2021 წლის 23 დეკემბერს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ღამით, დაახლოებით პირველ ან ორ საათზე დაურეკეს მოსარჩელეს, როგორც მათ ზემდგომ პირს და მოსთხოვეს, რომ ჩასულიყო თანამშრომლებთან ერთად ტერასაზე თოვლის გადასაწმენდად. იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი აღჭურვილობა, შესაბამისი ტანსაცმელი და ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, განაცხადეს უარი. როგორც გაირკვა, მათი უარის გამო მოსარჩელეს შელაპარაკება მოუვიდა დაცვის უფროსთან, რომელიც დაემუქრა, რომ 24 საათის განმავლობაში დაატოვებინებდა სამსახურს;
3.7.2. მოწმემ მიუთითა, რომ 24 დეკემბერს, „ა.ს–ეს“ გენერალურმა მენეჯერმა გ.დ–ლმა სთხოვა, რომ მოსარჩელე და გ.ქ–ი დალოდებოდნენ გ.ბ–ს, რომელსაც რაღაც საქმე ჰქონდა მათთან. გ.ბ–ი საირმეში ჩავიდა იმავე დღეს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე. შევიდნენ ცალკე ოთახში თავად მოსარჩელე, სერვის-მენეჯერი გ.ქ–ი და გ.დ–ლი. გ.ბ–მა სამივეს აცნობა, რომ ხელმძღვანელს თ.კ–ძეს არ მოსწონდა მათი მუშაობა, ამიტომ შესთავაზა, დაეწერათ განცხადება და საკუთარი სურვილით წასულიყვნენ სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე დღეს მაინც ჩამოვიდოდა ხელმძღვანელი და გაუშვებდა სამივეს. ისინი არ დაეთანხმნენ ამ წინადადებას, რადგან გაურკვეველი იყო სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი;
3.7.3. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ.ბ–მა კიდევ ერთხელ ახსნა, რომ თუკი არ დატოვებდნენ სამსახურს, შეიძლებოდა მათი მდგომარეობა გართულებულიყო, კერძოდ, არ ჩაურიცხავდნენ ხელფასს. ვინაიდან მოდიოდა ახალი წელი და სჭირდებოდათ თანხა, იძულებული გახდნენ მიეღოთ ეს წინადადება. ამავე დროს გამოთქვეს შიში, რომ განცხადებაზე ხელმოწერის შემთხვევაშიც არ ჩაერიცხებოდათ ხელფასი, თუმცა გ.დ–ლმა მათ თვალწინ დაურეკა დირექტორს ბ.შ–ას, რომელმაც დაადასტურა, რომ განცხადებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში ხელფასი ჩაერიცხებოდათ. გ.დ–ლმა მაშინვე მოიტანა განცხადების ბლანკები, ხელის მოწერის შემდეგ გადაუღო სურათები და გადაუგზავნა ბ.შ–ას;
3.7.4. მოწმის განმარტების თანახმად, მეორე დილით სასტუმროში მივიდა ავტომანქანა მათ წასაყვანად და მათ იმავე დღეს ჩაურიცხეს ხელფასი. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვისაა ცნობილი, გ.ბ–ი სასტუმროს „ბრენდ-შეფი “იყო, იგი თითქმის ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას მიდიოდა სასტუმროში და სამზარეულოში დასაქმებულ პირებს, მათ შორის მოსარჩელესაც, აძლევდა დავალებებს;
3.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.06.2022 წ. სხდომაზე მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმის სახით დაკითხული გ.დ–ლის ჩვენების თანახმად:
3.8.1. მოპასუხე კომპანიაში 2018 წლის დეკემბრიდან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო შემდეგ 2022 წლის მარტის ბოლომდე, სასტუმროს მენეჯერი იყო. მოსარჩელე მას არ ექვემდებარებოდა, დასაქმებული ანგარიშვალდებული იყო კურორტის დირექტორის წინაშე. მოწმის ინფორმაციით, მოსარჩელეს რეკომენდაცია გაუწია გ.ბ–მა, რომელიც ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი იყო, როგორც ჩანს იგი გებულობდა ხოლმე იმ შენიშვნებს, რაც ხელმძღვანელობას დასაქმებულის მიმართ ჰქონდა,, ამიტომ მივიდა სასტუმროში და ესაუბრა მოსარჩელეს მისი (მოწმის) თანდასწრებით. ბ–მა ურჩია მოსარჩელეს წასულიყო სამსახურიდან საკუთარი განცხადებით, რადგან ხელმძღვანელობას არ მოსწონდა მისი მუშაობა და, თანამშრომლობის შეწყვეტას, სჯობდა საკუთარი ნებით წასვლა. მოსარჩელეც დაეთანხმა ამ წინადადებას. მოწმეც იზიარებდა გ.ბ–ის პოზიციას და იგივე რჩევა მისცა დასაქმებულს, მანვე ჩააყენა საქმის კურსში დირექტორი ბ.შ–ა;
3.8.2. მოწმის განმარტების თანახმად, როდესაც დასაქმებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ღამის 11 საათზე „ეიჩართან“ შეთანხმებით ამობეჭდა ბლანკები ხელმოსაწერად, რადგან დილით ადრე ყოფილიყო მზად. გ.ბ–ი დაჰპირდა სამივე დასაქმებულს, რომ ხელმძღვანელობას დაელაპარაკებოდა და სამივეს ჩაერიცხებოდა ხელფასი. მეორე დღეს, როდესაც თანხა ჩაირიცხა, სამივე დასაქმებულმა დატოვა სასტუმროს ტერიტორია. გ.ბ–ი იყო სასტუმროს მფლობელის კონსულტანტი;
3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.06.2022 წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ.შ–ას ჩვენების თანახმად:
3.9.1. იგი იყო დამსაქმებელი კომპანიის გენერალური დირექტორი იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო. მოსარჩელეს რეკომენდაცია გაუწია ცნობილმა შეფმზარეულმა გ.ბ–მა, რომელიც იყო სასტუმროს „ინფლუენსერი“, კონსულტაციას უწევდა მათ და „პიარს“ უკეთებდა. ამასთან, გ.ბ–ი მოულოდნელად მოდიოდა სასტუმროში, ამოწმებდა მომზადებულ საკვებს და, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თავის შეხედულებებს ხელმძღვანელობას უზიარებდა, თუმცა იურიდულად თანამშრომელი არ ყოფილა. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა საქმიანობაში და ამაზე არაერთხელ მისწერა ელექტრონული ფოსტით, მიუხედავად ამისა, ერთად შეიმუშავეს საახალწლო პროგრამა, მოსარჩელემ კი შეადგინა მენიუ. ასეთ ვითარებაში მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა მოსარჩელის სამსახურიდან წასვლა, რის შესახებაც, როგორც ახსოვს, გ.დ–ლმა შეატყობინა. მას შემდეგ რაც დასაქმებულმა დატოვა სამსახური, წერილობით სთხოვა ინვენტარიზაციის პროცესში და გადაბარებაში მონაწილეობის მიღება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 48.8-9 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) და 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის მე-17.3 მუხლი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, რაც გამოიწვევს გამოსაცდელი ვადით დასაქმების მოდიფიცირებას ვადიან ან უვადო შრომით ურთიერთობად. აღნიშნული მუხლის შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ კანონმდებელი გულისხმობს არა ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების თავიდანვე არსებობას, არამედ მის წარმოშობას, მხოლოდ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ, საიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა, რომ გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება არ გულისხმობს დასაქმებულთან თავიდანვე უვადო შრომით ურთიერთობაში შესვლას. ყოველგვარი სხვა განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს.
6. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის გათვალისწინებისას არ წარმოშობილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანი შრომითი ურთიერთობა. მისი წარმოშობა დამოკიდებული იყო გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლაზე.
7. სშკ-ის 47-ე მუხლი უთითებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე არა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, არამედ ამ ვადის წარმატებით გავლის შემდგომ, მხარეთა შორის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობისას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს უშუალოდ სშკ-ის მე-17 მუხლის შინაარსიდანაც, რომელიც განსაზღვრავს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომითი ხელშეკრულების დადება-არდადებას და იქვე აკონკრეტებს, რომ არსებობს შრომის ხელშეკრულების არდადების, მხოლოდ ერთი საფუძველი-პირის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობასთან პირის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეუსაბამობას.
8. დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულების არდადების შემთხვევაში, სშკ-ის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი თუ დამსაქმებელს დაეკისრება, მაშინ გამოსაცდელი ვადა საერთოდ დაკარგავს თავის დანიშნულებას. გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს.
9. ამდენად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 47-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, სშკ-ის მე-17.4 მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, ასევე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები (ზემოაღნიშნული მსჯელობები გამომდინარეობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.10.2017წ. №ას-227-216-2017წ. და 18.04.2018წ. №ას-142-134-2017წ. გადაწყვეტილებები).
10. ზემოთ აღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით (6 თვით) დადების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში დასაქმებულის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
12. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
13. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ);
14. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, მოსარჩელემ წერილობით გამოხატა ნება სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თუმცა აღნიშნული საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შედგებოდა მყარად განსაზღვრული და ცვალებადი ნაწილებისაგან, დარიცხული ხელფასის მყარად განსაზღვრული ნაწილი კი ყოველთვიურად შეადგენდა 7 500 ლარს, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დასაქმებულს გააჩნია საკრედიტო ვალდებულებები სს „ბ.ბ–ის“ წინაშე, მისი დავალიანება 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 8 209.08 ლარს, ხოლო მეორე სესხზე - 58 678.97 ლარს. მოსარჩელეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი მ. ა–ი, დაბადებული 2017 წლის 26 დეკემბერს. მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, გონივრული განსჯის შედეგად, დასაქმებულს არ უნდა ჰქონოდა ამგვარი მაღალანაზღაურებადი სამსახურის დატოვების ნება - სურვილი, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი სხვა სამსახურში სამუშაოდ არ წასულა.
16. სააპელაციო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოდავე მხარეთა მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებიც და საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სარწმუნოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ იყო ნამდვილი და არ გამოხატავდა მის რეალურ სურვილს. დამსაქმებელმა იგი ჩააყენა მისთვის არახელსაყრელ და გამოუვალ მდგომარებაში, რის გამოც დასაქმებული საბოლოო ჯამში იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა.
17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლოა დამსაქმებლის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გამოავლინა ცალმხრივი ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მის მიერ გამოვლენილი ნება არ იძლეოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას სშკ-ის 47.1-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
18. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შედგებოდა მყარად განსაზღვრული და ცვალებადი ნაწილებისაგან. დარიცხული ხელფასის მყარად განსაზღვრული ნაწილი ყოველთვიურად 7 500 ლარს შეადგენდა.
19. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ვინაიდან, დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გამო, არ არსებობს მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა მისაღები ანაზღაურება, განაცდური - 2021 წლის 25 დეკემბრიდან (უკანონო გათავისუფლებიდან) გამოსაცდელი სამუშაო ვადის დასრულებამდე - 2022 წლის 31 იანვრამდე, რაც 9 250 ლარს შეადგენს.
20. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად დააკმაყოფილა დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა; მოსარჩელემ - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
21.2. პირველი კასატორის (დამსაქმებლის) განმარტებით, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის, გარდა საკუთარი განმარტებისა, არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ გამოვლენილი ნების ფორმირებაზე მოპასუხის მხრიდან ზეგავლენას დაადასტურებდა და სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება დაწერილი იყო სწორედ გათავისუფლებამდე არსებულ მოვლენათა ქრონოლოგიიდან გამომდინარე და დაედგინა, რომ მოსარჩელის განცხადება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ის სათანადოდ ვერ ასრულებდა მენეჯერული ფუნქცია-მოვალეობებს;
21.3. პირველი კასატორის მტკიცებით, შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებულის ანაზღაურება შედგებოდა მყარად განსაზღვრული და ცვლადი ნაწილისაგან. დარიცხული ხელფასის მყარად განსაზღვრული ნაწილი ყოველთვიურად შეადგენდა 7 500 ლარს, შესაბამისად, დასაქმებულის ხელზე ასაღებ თანხას შეადგენდა 6 000 ლარი, საიდანაც იქვითებოდა საპენსიო შენატანის 2 პროცენტი და ასევე მის მიერ შერჩეული სადაზღვევო თანხა (საოჯახო პოლისი) 85 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც დასაქმებულის ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 5 790.40 (ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი 40 თეთრი) ლარს. დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ დასაქმებულთან საბოლოო ანგარისშსწორება განახორციელა და, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2021 წლის 25 დეკემბერს, მოსარჩელეს თანხა ჩაერიცხა 2021 წლის 31 დეკემბრის პერიოდის გათვალისწინებით;
21.4. პირველი კასატორის განმარტებით, დასაქმებულის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 379-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს-ს.მ–ძეს სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდათ 2022 წლის 24 აგვისტოს, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2022 წლის 15 დეკემბერს, კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით;
21.4. მეორე კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) მტკიცებით, მოსარჩელის შრომით-სამართლებრივი საქმიანობა ატარებდა მუდმივ ხასიათს, რომელიც დამსაქმებელმა შეწყვიტა მოსარჩელის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. მოპასუხის მიერვე შემუშავებული სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების ხელმოწერას მოჰყვა მუდმივი ხასიათის მქონე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სშკ-ის 47.1.-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე და არა ამავე კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ შრომითი ხელშეკრულება არ მიიჩნია უვადოდ დადებულად, არ აღადგინა მოსარჩელე თანამდებობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად არ დააკისრა იძულებითი განაცდური;
21.5. მეორე კასატორმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა იშუამდგომლა.
21.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
24. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
25. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7).
26. ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., გაგუა ილონა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მასთან დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016 წ.). ამდენად, ასეთ დროს სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძველს და ვერ იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა რაიმე წინაპირობა (იხ., სუსგ-ები: №ას-573-2021, 21.06.2022 წ., პ.13; №ას-660-2020, 11.03.2022 წ.).
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა (სშკ-ის მე-17.1 მუხლის პირველი ნაწილით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით). გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (სუსგ Nას-17-2021, 20.05.2021წ.). გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 47-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, სშკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას (სუს-ები: N ას-227-216-2017წ.მ 13.10.2017წ; N ას-142-134-2017, 18.04.2018წ.).
30. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.)
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი და სადავო არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - შრომითი ურთიერთობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას, დასაქმებულის ნების გამოვლენის განმარტებასთან დაკავშირებით და მოწმეთა ჩვენებებში აღწერილი მოვლენების განვითარების შესწავლის შედეგად, მართებულად მიიჩნევს, რომ დასაქმებულისათვის გამოსაცდელი ვადა, შეთანხმებულზე ადრე, უკანონოდ შეწყდა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე პერიოდისათვის, დაკისრების თაობაზე. პირველი კასატორის (დამსაქმებლის) პრეტენზიას, რომ მან დასაქმებულს განაცდურის ნაწილი უკვე აუნაზღაურა, რის გამოც არასწორად იქნა დაანგარიშებული იძულებითი განაცდური, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან სააპელაციო საამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ, რომ დასაქმებულმა ნამდვილი ნების არარსებობის პირობებში შეწყვიტა გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება და პირადი განცხადებით სამუშაოდან წასვლა განპირობებული არ ყოფილა დასაქმებულის სურვილით, დამსაქმებელმა სამართლებრივად ვარგისი, მათ შორის საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლეული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა სასამართლოს.
32. მოპასუხე კომპანიის იმ პროცესუალურ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შემოწმების საფუძველზე (იხ. ტ. 2, ს/ფ 13-15),
33. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) პრეტენზიას, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, როგორც დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს, არ იზიარებს. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება არც ვადიან და არც უვადო შრომით ურთიერთობად არ კვალიფიცირდება, თუკი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მხარეებმა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ გამოთქვეს.
34. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენით უნდა წარიმართოს.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია დასაქმებულისა და დამსაქმებლის საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "კ.ს"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს "კ.ს"-ს (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 462,50 ლარის (საგადახდო დავალება N1691734616 გადახდის თარიღი 2023 წლის 11 აგვისტო), 70% – 323,75 ლარი;
4. გ.ა–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N4906 გადახდის თარიღი 2023 წლის 15 აგვისტო), 70% – 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური