საქმე №ას-1090-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "კ.ბ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება, შვებულების თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ყ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი სს ,,კ.ბ–ის'' (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ბანკს 3187,50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, საიდანაც 2250 ლარი არის 2 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია, ხოლო 937,50 ლარი - 2020/2021 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაა;
3. მოპასუხე ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 47,81 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბანკის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
5.1. 2020 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „ფ.ბ.ს“-ს ბათუმის ფილიალში (ამჟამად - მოპასუხე ბანკი) საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1125 ლარს შეადგენდა (იხ. ს.ფ. 111- 129);
5.2. 2021 წლის 18 ოქტომბერს სს „ფ.ბ.ს“ რეორგანიზაციის შემდეგ შეერწყა მოპასუხე ბანკს და მისი უფლებამონაცვლე გახდა (იხ. ს.ფ. 38- 40);
5.3. მოპასუხე ბანკის რეორგანიზაციის პროცესში მოდავე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბანკში მოსარჩელის მუშაობის გაგრძელების შესახებ (იხ. ს.ფ. 84-89);
5.4. დამსაქმებელმა ბანკმა 2021 წლის 17 ივლისს დასაქმებულს (მოსარჩელეს) შესთავაზა სესხის ოფიცრის პოზიცია და აცნობა, რომ დაელოდებოდა მის დასტურს შემოთავაზებაზე. დასაქმებულს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა თანდართული ფაილი/შრომითი ხელშეკრულების ფორმა (იხ.ს.ფ. 63-70, 73-74, 77-78, 81- 82;);
5.5. დასაქმებულმა 2021 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა შემოთავაზებაზე და არ აპირებდა ბანკში მუშაობას (იხ. ს.ფ. 71-72);
5.6. ბანკმა 2021 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დასაქმებულს 2021 წლის 30 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც დასაქმებულს მისცემდა ორი თვის შრომის ანაზღაურებას და დარჩენილ საშვებულებო ანაზღაურებას (იხ. ს.ფ. 86-89, 138-139);
5.7. დამსაქმებელმა ბანკმა 2021 წლის 7 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტით აცნობა დასაქმებულს, რომ წინა შეთანხმების გაგზავნა მასთან შეცდომით მოხდა და გაუგზავნა ახალი გასწორებული ორმხრივი შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 86);
5.8. დასაქმებულმა 2021 წლის 12 და 21 ოქტომბერს ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა ბანკის შემოთავაზებაზე, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო, რადგანაც ამ შემოთავაზებით სამუშაო პირობები იცვლებოდა მისთვის საზიანოდ, მისთვის მისაღები არ იყო ბანკის სამუშაო გარემო და სპეციფიკა, რომელსაც პირდაპირი გავლენა ექნებოდა მის მუშაობაზე და შედეგებზე. დასაქმებულისათვის არ იყო მისაღები ბანკის საკომპენსაციო და საბონუსე სქემები, ასევე - ბანკის მიდგომები და დამოკიდებულება შიდა და გარე მომხმარებელთან. დამსაქმებელი ბანკის კულტურა, მართვისა და მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა იმ გარემოსაგან, რომელშიც ის მუშაობდა და მისთვის არ იყო მისაღები. შესაბამისად, აღარ აპირებდა ბანკში მუშაობის გაგრძელებას (იხ. ს.ფ. 71-72, 75-76, 79-80, 83-85, 88-89);
5.9. დამსაქმებლმა ბანკმა 2021 წლის 27 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტით აცნობა დასაქმებულს, რომ ვინაიდან მას არ უცნობებია ოფიციალურად სამსახურიდან წასვლის თაობაზე და სამართლებრივად ავტომატურად გადავიდა წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლე ბანკში, შესაბამისად, იმ ეტაპზე ოფიციალურად კვლავ ბანკის თანამშრომლად მიიჩნეოდა და დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტით შეტყობინებას („იმეილს“) მიიღებდნენ ცნობად სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამასთან, სადავო შეთანხმება შეცდომით გადაიგზავნა დასაქმებულთან, დამსაქმებელი ბანკი არ ყოფილა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი და ვინაიდან ხელშეკრულება თავად დასაქმებულმა შეწყვიტა, შეთანხმების ნაცვლად, მას უნდა დაეწერა ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და რადგან ასეთი განცხადება მას არ დაუწერია, დამსაქმებელი დასაქმებულის ელექტრონულ წერილს მიიღებდა ასეთ ცნობად და გამოსცემდა შესაბამის ბრძანებას (იხ. ს.ფ. 87-89);
5.10. დამსაქმებელმა ბანკმა 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება დასაქმებულის (მოსარჩელის) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 2021 წლის 18 ოქტომბრიდან, გათავისუფლების საფუძვლად კი მიუთითა, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება (იხ. ს.ფ. 91);
5.11. დასაქმებულმა 2021 წლის 7 დეკემბერს წერილობით მიმართა ბანკს, სადაც დააფიქსირა, რომ მასსა და ბანკს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, ასევე, მხარეთა შორის 2021 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სშკ-ის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაქმებულს უნდა მიეღო 2 თვის შრომის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი კომპენსაცია (იხ. ს.ფ. 34-35);
5.12. დამსაქმებელმა ბანკმა 2021 წლის 24 დეკემბრის წერილით მიმართა მოსარჩელეს და განუმარტა, რომ დამსაქმებელი არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი, შესაბამისად, ბანკს არ ეკისრებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციების გადახდის ვალდებულება ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 34- 37);
5.13. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხე ბანკში სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, იგი დასაქმებულია სხვა კომპანიაში (იხ. ს.ფ. 87-89).
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევათ მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სშკ-ის 31.5-ე (შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად) და 48.2-ე (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის - 2250 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 937,50 ლარის (რომლის ოდენობაც და გაუცემლობაც მხარეთა შორის სადავო არაა) ანაზღაურების მართლზომიერება.
8. შესამოწმებელია დამსაქმებელი ბანკის მიერ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება სშკ-ის 47.1-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) საფუძვლით, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების საფუძველია.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რეორგანიზაციამდე მუშაობდა სს „ფ.ბ.ს“-ს ბათუმის ფილიალში (ამჟამად სს „კ.ბ–ი“) საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1125 ლარს; სს „ფ.ბ.ს“-ს რეორგანიზაციის პროცესში მოდავე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დასაქმებულის (განსახილველი დავის მოსარჩელის) ბანკში მუშაობის გაგრძელების შესახებ, თუმცა, საბოლოო ჯამში დასაქმებულისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბანკის მიერ შეთავაზებული პირობები, რის გამოც მან აღარ მოისურვა ბანკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება; 2021 წლის 30 სექტემბერს დამსაქმებელმა ბანკმა დასაქმებულს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა 2021 წლის 30 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც დასაქმებულს მისცემდა ორი თვის შრომის ანაზღაურებას და დარჩენილ საშვებულებო ანაზღაურებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ.
11. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდეგში: სსკ/ 115-ე მუხლი). საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით იმისათვის, რომ დამსაქმებელს არ მიეცეს თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო გათავისუფლების შესაძლებლობა, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი“ (იხ.სუსგ-ები: N ას-545-513-2012, 5.10. 2012წ.; N ას-106-101-2014, 2.10. 2014 წ.; N ას- 893-851-2013 , 7.11.2013წ.).
12. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ამ ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ N ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.). ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
13. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).
14. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251- 256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ელექტრონულ ფოსტაზე მიწერილი შეტყობინებით, მოსარჩელემ გამოხატა ნება სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თუმცა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დამსაქმებელმა შეუცვალა, გაუუარესა მას შრომითი ხელშეკრულების პირობები, რაც პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა დასაქმებულისათვის, რის გამოც დასაქმებული იძულებული გახდა უარი ეთქვა შეთავაზებულ სამუშაოზე და, შესაბამისად, დამსაქმებელ ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულს ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე არ დაუწერია. ამასთან, დასაქმებულმა შემდგომში ფაქტიურად უარყო მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება და 2021 წლის 7 დეკემბრის ელექტრონულ წერილში დააფიქსირა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, რის გამოც დამსაქმებელს სთხოვდა 2 თვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას.
16. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ბანკმა, რომელიც წარმოადგენდა სს ,,ფ.ბ.ს“-ს უფლებამონაცვლეს, ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება და არ შესთავაზა მოსარჩელეს იგივე სამუშაო პირობები, რითაც იგი ჩააყენა არახელსაყრელ და გამოუვალ მდგომარეობაში, რის გამოც დასაქმებული საბოლოო ჯამში იძულებული გახდა შეეწყვიტა ბანკთან შრომითი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დამსაქმებლის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია, რომ დასაქმებულმა ცალმხრივი ნება გამოავლინა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება არ იძლეოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას სშკ-ის 47.1-ე მუხლი ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები, კერძოდ, დასაქმებულის წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას, რადგან განპირობებული იყო დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის შეთავაზებული ბევრად უარესი პირობებით იმასთან შედარებით, რაშიც დასაქმებული მანამდე იმყოფებოდა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე ბანკი არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებულმა თავად დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.
18. საქმეში დადგენილი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, რაც მისთვის კომპენსაციის დაკისრებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების საფუძველია.
19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი ბანკის შედავება იმის თაობაზე, რომ სშკ-ის 48.6-ე (დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში) მუხლის მოთხოვნის დაუცველობის გამო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო სასამართოლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მხარეთა შორის სადავო იყო კომპენსაციის ანაზღაურების საკითხი, რაც გამორიცხავს აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ბანკმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20.2. ბანკს მიაჩნია, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, ამასთან, ადამიანური შეცდომით გამოწვეული და მხარეების მიერ ხელმოუწერელი-არაავტორიზებული შრომითი ხელშეკრულების სასამართლოს მიერ დადებულად მიჩნევა სრულიად დაუსაბუთებელია;
20.3. კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი უსწორობა იმაშიც ვლინდება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების დადგენა, ეს სადავოდ არც კი გაუხდია, თუმცა, მოითხოვა კომპენსაციის გაცემა იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულმა თვითონ გამოავლინა ნება სამუშაოდან წასულიყო და არ მოისურვა მუშაობა იმ დამსაქმებელთან, რომელსაც არ ჰქონია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სურვილი;
20.4. კასატორი უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 7 ანალოგიური მიმდინარე საქმეა, სადაც ერთი და იმავე სერვის-ცენტრიდან დასაქმებულები კონკურენტ დამსაქმებელთან გადავიდნენ და ეს ერთსა და იმავე პერიოდში, დაახლოებით 2.5-3 თვის შემდეგ მოხდა, რაც მათ თანხმობა გამოვლინეს მოპასუხე ბანკში დასაქმებაზე, უეცრად ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა დასაქმება, თანაც თარიღები, „მეილები“ და განცხადების ტექსტებიც კი ერთნაიარია.
20.5. კასატორი სადავოდ ხდის ასევე მოთხოვნის განხორციელებადობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთავაზება მიიღო 2021 წლის 17 ივლისს, ხოლო უკმაყოფილება გამოხატა იმავე წლის 30 სექტემბერს (როდესაც დასაქმებულმა ხელშეკრულება რეალურად დადო სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან), ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხე ბანკს მიმართა 2021 წლის 7 დეკემბერს დათარიღებული წერილით, პასუხი ჩაბარდა იმავე წლის 30 დეკემბერს, ხოლო სარჩელი აღძრა 2022 წლის მარტში, რაც სშკ-ის 48-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით მოხდა (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი- ს.ფ. 282-299).
20.6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე ბანკის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391.5-ე მუხლის საფუძველზე მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დადგენილი.
24. კასატორის პრეტენზიის პასუხად, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სავსებით მართებულად არის განსაზღვრული სააპელაციო კვლევისა და სამართლებრივი შეფასების საგანი, რაც არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას ეხება, არამედ იმას, თუ ვისი ინიციატივით შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რა გარემოებები უძღოდა და როდის შეწყდა ეს ურთიერთობა, წარმოეშვა თუ არა დამსაქმებელს დასაქმებულისათვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული საქმის შესწავლისა და გამოკვლევისათვის, გარდა იმისა, რომ ეს ინდივიდუალურად ხდება, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე განმარტებები, რომლებიც ანალოგიურ საქმეებს უკავშირდება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ნორმის განმარტება სავალდებულოა ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის. ამდენად, კასატორისეული განზოგადებული მითითება, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთსა და იმავე პერიოდში რამდენიმე დასაქმებულმა რატომ გადაწყვიტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კონკურენტ დამსაქმებელთან გააგრძელა მუშაობა, მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება და სამართლებრივად უვარგისი არგუმენტია. წინამდებარე დავა დასაქმებულის ინიცირებულია სასამართლოში, ხოლო თუ რამდენიმე დასაქმებულმა ერთი და იმავე სერვის-ცენტრიდან კონკურენტ დამსაქმებელთან გადაინაცვლა და ამით რაიმე საფრთხე შეუქმნა დამსაქმებელს ან ზიანი მიაყენა, ეს სხვა დავის საგანი შეიძლება იყოს და დამსაქმებელს საკუთარი საპროცესო უფლების განკარგვა შეუძლია კანონით განსაზღვრული წესით. დამსაქმებლის ეს არგუმენტი იმ თვალსაზრისითაც არის უსაფუძვლო, რომ განსახილველი შემთხვევა არ უკავშირდება სშკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გამოყენებას-შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვას. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იმას ნიშნავს, რომ „ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
26. კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც, ცხადია, მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებელში, ხოლო შემდეგ სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. შესაგებელი-ს.ფ.49-62; სააპელაციო საჩივარი-ს.ფ.177-189)), წინააღმდეგ შემთხვევაში არ გახდებოდა საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი, დაუსაბუთებელია. ხანდაზმულობასთან მიმართებით სავსებით კანონიერად იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (იხ. ს.ფ.162 და ს.ფ. 27-276) და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ეხება, რაზედაც სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის განსაზღვრული 3-წლიანი ვადა ვრცელდება (სსკ-ის 129 -ე მუხლი). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება სშკ-ის 48.6-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, რომელიც 30 დღიან ვადას აწესებს.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1-5.13 ქვეპუნქტები) საწინააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. დამსაქმებლის არგუმენტი, რომ ადამიანური შეცდომა, არ შეიძლება გამოირიცხოს და ამის გამო არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს დამსაქმებელს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დეტალურად აქვთ გამოკვლეული და შეფასებული, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის წერილები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, რათა დადგენილიყო, როგორც დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, ისე - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი მხარე.
28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
29. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო და მხარეთა მიერ საკუთარი საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის თვალსაზრისით, კანონიერად მიუთითა, რომ მოპასუხე ბანკი არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებულმა თავად დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე (იხ. დამსაქმებლის შესაგებელი-ს.ფ.49-62). ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
30. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
31. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
32. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). ამასთან, შრომითი დავები სპეციფიკური მტკიცების ტყვირთით ხასიათდება, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით იმას გულისხმობს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-1145-1001-2016, 17.03.2017წ; N ას- 227-216-2017, 13.10.2017წ; N ას- 1263-2018, 14.12.2018წ; N ას-1418-2018, 13.12.2019წ; N ას-871-2020, 18.12.2020წ; N ას-744-2021, 28.12.2021წ; N ას-301-2022, 30.11.2022წ; N ას-799-2021, 14.12.2022წ; N ას-1378-2023, 1.03.2023წ. N ას-584-2023, 07.07.2023წ; N ას-222-2023, 23.07.2023წ; )
34. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა და საქართველოს საერთო სასამართლეობის პრაქტიკა სწორედ დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობის /favour prestatoris/ პრინციპის გამოყენებას ეფუძნება, რა დროსაც დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში უნდა შეფასდეს (შეად. სუსგ-ებს: Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48; ასევე- N ას-1295-2020. 05.02.2021წ; N ას-1291-2020, 09.02.2021წ; N ას- 102-2020. 17.02.2021წ; N ას-5112-2020, 18.02.2021წ; N ას-792-2019, 18.02.2021წ; N ას-952-2020, 05.03.2021წ; N ას- 1172-2020, 12.03.2021წ; N ას-360-2023, 11.05.2023წ; N ას-222-2023, 27.07.2023წ.). სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეთა მტკიცების ტვირთზე სწორედ სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობის მოთხოვნებს, შრომით დავებზე დადგენილ საუკეთესო სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
35. სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ იხილეთ წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "კ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "კ.ბ–ს" (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N10140594, გადახდის თარიღი 2023 წლის 31 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური