Facebook Twitter

საქმე №ას-1202-2023 1 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორის 2021 წლის 6 აპრილის №ბ10.36210963 ბრძანებით დ.მ–ე (შემდგომში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „ყოფილი დასაქმებული“) 2021 წლის 5 აპრილიდან, ერთი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში (შემდგომში „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილებაში მუშად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 360 ლარით.

2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელმა 2021 წლის 18 აგვისტომდე გააგრძელა მუშაობა მოპასუხე ორგანიზაციაში იმავე პოზიციაზე.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 6 სექტემბრის ცნობის თანახმად, მოსარჩელეს დადგენილი აქვს დიაგნოზი - საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა (F 71), ამავე წლის 30 სექტემბრის სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად კი, იგი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები დადგენილი აქვს უვადოდ.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეს დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი ი.ხ–ძე (დედა) შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პენსიის (დახმარების) დანიშვნისა და მიღების; სოციალური პაკეტის მიღებისა და განკარგვის; ბანკიდან პენსიის მიღებისა და განკარგვის; სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად, სოციალური და საარსებო შემწეობის მისაღებად პლასტიკური ბარათის დამზადების, აღების, გაუქმების; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დანიშნული ნებისმიერი სახის მიზნობრივი დახმარების; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, სასამართლოსთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობის და აიდი ბარათის დამზადების სფეროებში.

5. დამსაქმებლის 2021 წლის 18 აგვისტოს №ბ10.36212301 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში სშკ) 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) და „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტების საფუძველზე;

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ, მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 24 თვის შრომის ანაზღაურების დაკისრება.

6.2. მოსარჩელის განცხადებით, სამუშაოდან წასვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნება არ არის ნამდვილი, რადგან მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გააჩნია წერისა და კითხვის უნარები. განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას, დაწერილია სხვის მიერ, მისთვის უცნობი შინაარსით და არ გამოხატავს დასაქმებულის ნებას.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებული სამუშაოდან დაითხოვეს კანონმდებლობის სრული დაცვით, იგი სამუშაოზე მიღებული იყო გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლებისას მასზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებდა. ამასთან, მოსარჩელე პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობებს.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2021 წლის 18 აგვისტოს ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 5000 ლარის გადახდა.

9. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, 48.8-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძვლებით მუშაკის დათხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით შეაფასა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები), ასევე სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც დასტურდება მოსარჩელისთვის დროებითი მხარდამჭერის დანიშვნა და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნდა წერისა და კითხვის უნარები, იგი წერილობით ვერ გამოხატავდა ცალმხრივ ნებას სამუშაოდან წასვლის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის თაობაზე.

10.3. სასამართლომ ასევე შეაფასა დამსაქმებლის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის - სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) - გამოყენების მართლზომიერება და დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ იკვეთებოდა აღნიშნული საფუძვლით მუშაკის სამუშაოდან დათხოვის წინაპირობა. ამასთან მოპასუხის მიერ მითითებული არც ის გარემოება დგინდებოდა, რომ დასაქმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობებს.

10.4. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის გონივრულობასთან მიმართებით და დაასკვნა, რომ არც ამ ნაწილში არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

11. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები და არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა ნების ნაკლის გამო სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი. ამ ლოგიკით ბათილია, ასევე, მუშაკის სამუშაოზე დანიშვნის შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა მოსარჩელის თხოვნა (განცხადება) დასაქმების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სრულად უგულებელყო მოსარჩელის (და მისი მეურვის) პასუხისმგებლობა, რომელიც ავალდებულებდა მას დამსაქმებლისთვის გაეცნო ის ვითარება, რომელიც შეიძლება ხელისშემშლელი გარემოება გამხდარიყო დაკისრებული საქმიანობის განხორციელებისას (სშკ-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა). ასეთი კი იყო სამედიცინო დასკვნა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოსარჩელის მეურვის მიერ ამ დასკვნის დაფარვა მუშაკის სამუშაოზე მიღებისას, სავარაუდოდ წინასწარ იყო განსაზღვრული ორგანიზაციისთვის ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლები და არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას გამოვლენილი ნების ნაკლის გამო სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი.

17. კასატორის მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად

გამოყენება.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

19. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).

20. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.

21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტები - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება და სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს გამოხატული ნების ნაკლზე, სწორედ მას ევალებოდა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის დამტკიცება.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1221-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი). იგივე შეიძლება ითქვას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებაზეც.

23. ამასთან, როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრივი გარიგების შემთხვევაში, მხარის მიერ ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან (სსკ 52-ე მუხლი). ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს (კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით) და ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ საქმე №ას-282-270-2015,13 მაისი, 2015 წელი). მაგალითად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის წარდგენილი განცხადებით გამოვლენილი ნების განმარტებისას, უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან, განცხადებაში მითითებული გამონათქვამები უნდა შეფასდეს განცხადების მთლიანი ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით, ამასთან, შესაფასებელია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი, რომელიც წინ უსწრებს აღნიშნული სახის განცხადების დამსაქმებლისთვის წარდგენას.

24. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).

25. მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელე სამსახურში დაინიშნა ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით, 2021 წლის 5 მაისამდე, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, იგი აგრძელებდა მუშაობას. 2021 წლის 18 აგვისტოს კი, დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის წერილობითი განცხადება, ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი (სამედიცინო დიაგნოზით: საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა) და მას არ გააჩნია წერისა და კითხვის უნარები, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეხატა წერილობითი ნება სამსახურის დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა სამუშაოდან წასვლისას მოსარჩელის მიერ წერილობით გამოხატული ნების ნაკლი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს სსსკ მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორის აპელირება, რომ სადავო ბრძანების ბათილობის პირობებში, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელის სამუშაოზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაც, რადგან იგი გამოცემულია შშმ პირის მიერ გამოვლენილი ნების (განცხადების) საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ საკითხის განხილვა არსებითად ცდება წინამდებარე დავის ფარგლებს, ამასთან, ვერც გაამართლებს მოპასუხის პოზიციას მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების კანონშესაბამისობის შესახებ.

28. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაში გამოვლენილი ნება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ იყო ნამდვილი.

29. ამრიგად, საკასაციო სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-484-465-2016, 12 ივლისი, 2016 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს 437371915 სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი

3. TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №03448, გადახდის თარიღი 06/09/2023), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე