ას-191-2023
16 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ჯ–ია, ე.შ–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვადის განსაზღვრის ნაწილში ბრძანებების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ჯ–იამ და ე.შ–იამ (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდეგში მოწინაღმდეგე მხარე, კასატორი) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, შრომითი ხელშეკრულებების ვადის განსაზღვრის ნაწილში ბრძანებების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 2-31 დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ.1, ს.ფ. 179-180).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ჯ–ასა და ე.შ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განსაზღვრის ნაწილში სსიპ წამლის სააგენტოს ბრძანებები. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს გადაწყვეტილება ი.ჯ–იასა და ე.შ–იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ (თითოეულისათვის ცალ-ცალკე) დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით (თვეში 2000 ლარის (დარიცხული ოდენობა) გათვალისწინებით).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა გასახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2022 წლის 29 სექტემბერს, 12:30 საათზე. აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს კანცელარიის თანამშრომელს.
4.1. 2022 წლის 29 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიუთითა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლების შეზღუდული საკადრო და დროის რესურსის გამო, ვერ ახერხებდა წარმომადგენლის უზრუნველყოფას 2022 წლის 29 სექტემბრის პროცესზე და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება გონივრული ვადით.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ჯ–იას და ე.შ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. სსიპ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტომ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობას ახორციელებდა გ.ჯ–ძე, რომელიც 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით, 28-30 სექტემბერს იმყოფებოდა მივლინებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ასევე აღნიშნული დროისათვის სხვადასხვა სასამართლოებში წარმომადგენლობას ახორციელებდნენ სააგენტოს სხვა იურისტები, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტს არ ჰქონად შესაძლებლობა უზრუნველეყო წარმომადგენლის გამოცხადება 2022 წლის 29 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4.5. პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრებოდა მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო იყო მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. პალატის მოსაზრებით, აპელანტი მხარის მიერ სასამართლოს ინფორმირება სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ განხორციელდა დაგვიანებით, კერძოდ, 2022 წლის 29 სეტემბერს, 12:46 საათზე, მაშინ როდესაც, სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2022 წლის 29 სექტემბერს 12:30 საათზე. გარდა ამისა, წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვოდა განცხადებაში მითითებული გარემოებების, კერძოდ, სააგენტოს იურისტების წარმომადგენლობის მიზნით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში მივლინებით ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
4.6. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტს სასამართლოს უწყება ჩაჰბარდა 2022 წლის 10 აგვისტოს. შესაბამისად, მისთვის გონივრული ვადით ადრე იყო ცნობილი სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ და საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სხდომაზე გამოცხადებულიყო წარმომადგენლის მეშვეობით, ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. აპელანტმა განცხადებით აცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ შეზღუდული საკადრო რესურსისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო, ვერ ახერხებდა 2022 წლის 29 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის უზრუნველყოფას.
5.2. კასატორის მოსაზრებით, რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის განცხადებით დასტურდება, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს სააგენტოს ჰქონდა რამდენიმე პროცესი, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ფიზიკურად ართმევდა აპელანტს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების შესაძლებლობას.
5.3. სააგენტომ გამოავლინა მკაფიო ნება, რომ ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე წარმომადგენლობის სურვილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არის ზედმეტად მკაცრი, ნაჩქარევი, არაპროპორციული და აღღვევს აპელანტის საპროცესო უფლებებს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. 9. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია. 10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2022 წლის 29 სექტემბერს 12:30 საათზე. აღნიშნული განჩინების ასლი ჩაჰბარდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კანცელარიის თანამშრომელს 2022 წლის 10 აგვისტოს.
10.1. 2022 წლის 29 სექტემბერს 12:46 საათზე სააპელაციო სასამართლოს შუამგომლობით მიმართა აპელანტმა, მიუთითა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლების შეზღუდული საკადრო და დროის რესურსის გამო, ვერ ახერხებდა წარმომადგენლის უზრუნველყოფას 2022 წლის 29 სექტემბრის პროცესზე და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება გონივრული ვადით.
10.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სხდომის გადადების შესახებ განცხადება წარდგენილ იქნა დაგვიანებით და ასევე, მას არ ერთვოდა განცხადებაში მითითებული გარემოების, კერძოდ სააგენტოს იურისტების რაიონულ სასამართლოებში წარმომადგენლობის მიზნით მივლინების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ი.ჯ–იას და ე.შ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. სსიპ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
14. კასატორი, მისი გამოუცხადებლობის განაპირობებელ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ შეზღუდული საკადრო რესურსისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო, ვერ ახერხებდა 2022 წლის 29 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის უზრუნველყოფას.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარდგენილი განცხადებას არ ერთვოდა სათანადო მტკიცებულებები აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად და მხოლოდ მხარის მითითება საპატიო მიზეზზე ვერ გახდებოდა სხდომის გადადების საფუძველი.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ, მას არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება, მითუმეტეს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და თარიღის შესახებ აპელანტი მხარე ინფორმირებული იყო 2022 წლის 10 აგვისტოს, სხდომის თარიღამდე ერთი თვით და 19 დღით ადრე. სხდომის გადადების შესახებ განცხადება კი სასამართლოში წარდგენილ იქნა არათუ გონივრული დროით ადრე, არამედ სხდომის დასაწყებად განსაზღვრული დროის 12:30 საათის შემდეგ - 12:46 საათზე.
17. საკასაციო პალატა ასევე შეაფასებს აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარზე დართულ ბრძანებებს, რომლებიც ადასტურებს მხოლოდ გ.ჯ–ძისა და ზ.ლ–ის მივლინებაში ყოფნისა და თ.მ–ის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტებს. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით კი დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობის უფლება ჰქონდათ სააგენტოს თანამშრომლებს: რ.შ–ას, ზ.ლ–ს, ა.ს–ს, ნ.ს–ძეს, გ.ჯ–ძეს და მ.ჯ–ს. ამდენად, მხარეს რ.შ–ას, ა.ს–ის, ნ.ს–ძისა და მ.ჯ–ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, მხოლოდ მითითება წარმომადგენლითი უზრუნველყოფის შეუძლებლობაზე, ვერ გახდებოდა სხდომის გადადების საფუძველი. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით სააგენტოს ექვს თანამშრომელს ჰქონდა პროცესზე წარმომადგენლად გამოცხადების უფლებამოსილება, ხოლო სააგენტოს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სხდომამდე 1 თვით და 19 დღით ადრე, სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა ორგანიზება გაეწია და უზრუნველეყო წარმომადგენლის დასწრება 2023 წლის 29 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, სააგენტო ვალდებული იყო გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება).
19. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. საქმე №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება).
20. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია. 21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. 22. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე