№ას-349-2022
16 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „თ.ს.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ყ–ი, ბ.წ–ია, ი.კ–ძე, ნ.ს–ი, ნ.კ–ძე, პ.ც–ი, მ.ბ–ძე, მ.გ–ია, ლ.მ–ი, მ.ფ–ძე, ნ:.მ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ კომპენსაციის და ბონუსის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ყ–მა, ბ.წ–იამ, ი.კ–ძემ, ნ.ს–მა, ნ.კ–ძემ, პ.ც–მა, მ.ბ–ძემ, მ.გ–იამ, ლ.მ–მა, მ.ფ–ძემ და ნ:.მ–ძემ (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „თ.ს.მ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-21).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ი.კ–ძის, მ.ფ–ძისა და ნ:.მ–ძის ძირითადი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში. სხვა მოსარჩელეებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოთხოვნილი ოდენობით თანხები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ი.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1206.62 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ი.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის ნოემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 343 ლარის 0.07%-ის 0.24 ლარის გადახდა 2019 წლის 25 დეკემბრიდან; 2019 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 275.62 ლარის 0.07%-ის 0.19 ლარის გადახდა 2020 წლის 25 იანვრიდან; 2020 წლის იანვრის თვის მიუღებელი ხელფასის 196 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2020 წლის 25 თებერვლიდან; 2020 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 245 ლარის 0.07%-ის 0.17 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მარტიდან; 2020 წლის მარტის თვის მიუღებელი ხელფასის 147 ლარის 0.07%-ის 0.10 ლარის გადახდა 2020 წლის 25 აპრილიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ბ.წ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1223.04 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ბ.წ–იას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 203.84 ლარის 0.07%-ის 0.14 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან; 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 203.84 ლარის 0.07%-ის 0.14 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან; 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 101.92 ლარის 0.07%-ის 0.07 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან; 2019 წლის სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 305.76 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან; 2019 წლის ნოემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 203.84 ლარის 0.07%-ის 0.14 ლარის გადახდა 2019 წლის 25 დეკემბრიდან; 2019 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 203.84 ლარის 0.07%-ის 0.14 ლარის გადახდა 2020 წლის 25 იანვრიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ი.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2013.19 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ი.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის მარტის თვის მიუღებელი ხელფასის 397.88 ლარის 0.07%-ის 0.27 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან. 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 339.08 ლარის 0.07%-ის 0.23 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან. 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 339.08 ლარის 0.07%-ის 0.23 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან; 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 338.10 ლარის 0.07%-ის 0.23 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან; 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 309.28 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან; 2019 წლის სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 289.77 ლარის 0.07%-ის 0.20 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ნ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1457 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ნ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 200 ლარის 0.07%-ის 0.14 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან. 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 285 ლარის 0.07%-ის 0.19 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან. 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 300 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან; 2019 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 297 ლარის 0.07%-ის 0.20 ლარის გადახდა 2020 წლის 25 იანვრიდან; 2020 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 375 ლარის 0.07%-ის 0.26 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მარტიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2281.80 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 412.04 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან. 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 453.25 ლარის 0.07%-ის 0.31 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან. 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 536.66 ლარის 0.07%-ის 0.37 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან; 2019 წლის სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 313.60 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2020 წლის 25 ოქტომბრიდან. 2019 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 333.20 ლარის 0.07%-ის 0.23 ლარის გადახდა 2020 წლის 25 იანვრიდან; 2020 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 233.16 ლარის 0.07%-ის 0.16 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მარტიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე პ.ც–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1159.06 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე პ.ც–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2020 წლის იანვრის თვის მიუღებელი ხელფასის 310.46 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2020 წლის 25 თებერვლიდან. 2020 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 434.64 ლარის 0.07%-ის 0.30 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მარტიდან; 2020 წლის მარტის თვის მიუღებელი ხელფასის 310.46 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2020 წლის 25 აპრილიდან; 2020 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 103.50 ლარის 0.07%-ის 0.07 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მაისიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე მ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1999.20 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე მ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 235.20 ლარის 0.07%-ის 0.16 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან. 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 235.20 ლარის 0.07%-ის 0.16 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან. 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 235.20 ლარის 0.07%-ის 0.16 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან. 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 411.60 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან; 2019 4 წლის სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 411.60 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან; 2019 წლის ნოემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 470.40 ლარის 0.07%-ის 0.32 ლარის გადახდა 2019 წლის 25 დეკემბრიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე მ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1500 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე მ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2018 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 300 ლარის 0.07%-ის 0.21 ლარის გადახდა 2018 წლის 25 მარტიდან; 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 400 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან. 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 400 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან; 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 400 ლარის 0.07%-ის 0.28 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ლ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2646 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ლ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 441 ლარის 0.07%-ის 0.30 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან. 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 392 ლარის 0.07%-ის 0.27 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან. 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 392 ლარის 0.07%-ის 0.27 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან. 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 392 ლარის 0.07%-ის 0.27 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან; 2019 წლის სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 343 ლარის 0.07%-ის 0.24 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან; 2020 წლის იანვრის თვის მიუღებელი ხელფასის 196 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2020 წლის 25 თებერვლიდან. 2020 წლის თებერვლის თვის მიუღებელი ხელფასის 196 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მარტიდან; 2020 წლის მარტის თვის მიუღებელი ხელფასის 196 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2020 წლის 25 აპრილიდან. 2020 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 98 ლარის 0.07%-ის 0.06 ლარის გადახდა 2020 წლის 25 მაისიდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე მ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 880.82 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე მ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2019 წლის მარტის თვის მიუღებელი ხელფასის 195.68 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან; 2019 წლის აპრილის თვის მიუღებელი ხელფასის 195.68 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2019 წლის 25 მაისიდან; 2019 წლის მაისის თვის მიუღებელი ხელფასის 195.68 ლარის 0.07%-ის 0.13 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივნისიდან. 2019 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 146.76 ლარის 0.07%-ის 0.10 ლარის გადახდა 2019 წლის 25 ივლისიდან; 2019 წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის 147.02 ლარის 0.07%-ის 0.10 ლარის გადახდა 2019 წლის 25 აგვისტოდან.
- მოპასუხე შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელე ნ:.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 600 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელე ნ:.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუღებელი თანხის 0.07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შემდეგი გაანგარიშებით: 2018 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 600 ლარის 0.07%-ის 0.42 ლარის გადახდა 2019 წლის 25 იანვრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ს.მ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. შპს „თ.ს.მ–სა“ და ი.ყ–ს შორის 2019 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა ექთნის პოზიცია. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ანაზღაურება იყო კონფიდენციალური და არ ექვემდებარებოდა გახმაურებას, ხოლო 4.2. პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ ხელფასი გაიცემოდა ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვამდე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა თითოეულ მორიგეობაში 50 ლარით.
5.1.1. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი, რომელიც ამავდროულად მოიცავდა 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. 6.3. პუნქტით კი დგინდებოდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შემწყდარიყო დასაქმებულის მიერ 3 კალენდარული თვით წინასწარ დამსაქმებლისათვის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული დამსაქმებელს 3 თვით წინასწარ არ შეატყობინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა მისი ბოლო 3 თვის ანაზღაურების ოდენობა.
5.1.2. შპს „თ.ს.მ–ის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 12 მარტის N62-20 ბრძანების მიხედვით, ი.ყ–ი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად.
5.2. შპს „თ.ს.მ–სა“ და ბ.წ–იას შორის 2019 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა მორიგე კარდიოლოგის პოზიცია. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ანაზღაურება იყო კონფიდენციალური და არ ექვემდებარებოდა გახმაურებას, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ ხელფასი გაიცემოდა ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვამდე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა თითოეულ მორიგეობაში 130 ლარით.
5.2.1. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი, რომელიც ამავდროულად მოიცავდა 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. 6.3. პუნქტით კი დგინდებოდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შემწყდარიყო დასაქმებულის მიერ 3 კალენდარული თვით წინასწარ დამსაქმებლისათვის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული დამსაქმებელს 3 თვით წინასწარ არ შეატყობინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა მისი ბოლო 3 თვის ანაზღაურების ოდენობა.
5.2.2. შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 17 იანვრის N27-20 ბრძანების მიხედვით, ბ.წ–ია დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.3. შპს „თ.ს.მ–ს“ და ნ.ს–ს შორის 2019 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა სანიტრის პოზიცია. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ანაზღაურება იყო კონფიდენციალური და არ ექვემდებარებოდა გახმაურებას, ხოლო 4.2. პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ ხელფასი გაიცემოდა ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვამდე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრებოდა მის მიერ გაწეული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. სამუშაოს ღირებულება განსაზღვრული იყო სამედიცინო დაწესებულებაში დამტკიცებული შიდა სტანდარტით - 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. ანაზღაურება შეადგენდა 425 ლარს, რომელიც მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
5.3.1. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის ვადით, რომელიც ამავდროულად მოიცავდა 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. 6.3. პუნქტით კი დგინდებოდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილიყო დასაქმებულის მიერ 3 კალენდარული თვით ადრე დამსაქმებლისათვის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული დამსაქმებელს 3 თვით ადრე არ შეატყობინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ვალდებული იქნებოდა დამსაქმებლისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა მისი ბოლო 3 თვის ანაზღაურების ოდენობა.
5.3.2. შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 03 იანვრის N14-20 ბრძანების მიხედვით, ნ.ს–ი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.4. შპს „თ.ს.მ–ს“ და ნ.კ–ძეს შორის 2019 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა სანიტრის პოზიცია. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ანაზღაურება იყო კონფიდენციალური და არ ექვემდებარებოდა გახმაურებას, ხოლო 4.2. პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ ხელფასი გაიცემოდა ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვამდე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრებოდა მის მიერ გაწეული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. სამუშაოს ღირებულება განსაზღვრული იყო სამედიცინო დაწესებულებაში დამტკიცებული შიდა სტანდარტით - 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. ანაზღაურება შეადგენდა 425 ლარს, რომელიც მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
5.4.1. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი, რომელიც ამავდროულად მოიცავდა 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დგინდებოდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილიყო დასაქმებულის მიერ 3 კალენდარული თვით ადრე დამსაქმებლისათვის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული დამსაქმებელს 3 თვით ადრე არ შეატყობინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა მისი ბოლო 3 თვის ანაზღაურება.
5.4.2. შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 20 იანვრის N28-20 ბრძანების მიხედვით, ნ.კ–ძე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.5. შპს „ე.ბ.ჰ–სა“ (დღეის მდგომარეობით შპს „თ.ს.მ–ი“) და მ.ბ–ძეს შორის 2019 წლის 01 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა რენტგენოლაბორანტის ასისტენტის პოზიცია. ამავე მუხლით განისაზღვრა სამუშაო გრაფიკი - 24 საათიანი მორიგეობა ყოველი თვის დასაწყისში და ანაზღაურება - საათობრივად, 1 საათი - 1.57 ლარი.
5.5.1. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით და ძალაში იყო 2019 წლის 01 სექტემბრამდე. ხელშეკრულების მე-9 მუხლი განსაზღვრავდა, რომ დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ 40 კალენდარული დღით ადრე შეეტყობინებინა დამსაქმებლისათვის. მოშლის შეუტყობინებლობის შემთხვევაში დასაქმებულს არ აუნაზღაურდებოდა მისაღები საბოლოო ანგარიშსწორება.
5.5.2. შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის 2019 წლის 02 დეკემბრის ბრძანების მიხედვით, მ.ბ–ძე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.6. შპს „ე.ბ.ჰ–სა“ (დღეის მდგომარეობით შპს „თ.ს.მ–ი“) და ლ.მ–ს შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა ექთნის პოზიცია. ამავე მუხლით განისაზღვრა სამუშაო გრაფიკი - 24 საათიანი მორიგეობით და ანაზღაურება დარიცხული: ქირურგიულ დეპარტამენტში - 62.50 ლარი 24 საათიან მორიგეობაში; ზოგადი რეანიმაციისა და ანესთეზიის დეპარტამენტში - 87 ლარი 24 საათიან მორიგეობაში; ინტენსიური კარდიოლოგიის დეპარტამენტში - 50 ლარი 17 ან 24 საათიან მორიგეობაში და მიმღები/გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში - 62.50 ლარი 24 საათიან მორიგეობაში.
5.6.1. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. 4.24. ხელშეკრულების მე-10 მუხლი განსაზღვრავდა, რომ დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ 40 კალენდარული დღით ადრე შეეტყობინებინა დამსაქმებლისათვის. მოშლის შეუტყობინებლობის შემთხვევაში დასაქმებულს არ აუნაზღაურდებოდა მისაღები საბოლოო ანგარიშსწორება, აგრეთვე დასაქმებულს დაეკისრებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.
5.6.2. შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის ბრძანების მიხედვით, ლ.მ–ი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.7. შპს „თ.ს.მ–ს“ და პ.ც–ს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა დაიკავა მორიგე რეგისტრატორის პოზიცია. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა გამომუშავებით, საათში 3.33 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). 3.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელფასი გაიცემოდა ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვამდე.
5.7.1. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი, რომელიც ამავდროულად მოიცავდა 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. 5.3. პუნქტით კი დგინდებოდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შემწყდარიყო დასაქმებულის მიერ 3 კალენდარული თვით ადრე დამსაქმებლისათვის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევაში, თუ დასაქმებული დამსაქმებელს 3 თვით ადრე არ შეატყობინებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა მისი ბოლო 3 თვის ანაზღაურების ოდენობა.
5.7.2. შპს „თ.ს.მ–ის“ აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის N92-20 ბრძანების მიხედვით, პ.ც–ი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
5.8. შპს „თ.ს.მ–ს“ ი.კ–ძის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 2013.19 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება მოიცავდა შემდეგი პერიოდის და ოდენობის სახელფასო ანაზღაურებას: 2019 წლის მარტი - 397.88 ლარი; აპრილი - 339.08 ლარი; მაისი - 339.08 ლარი; ივნისი - 338.10 ლარი; ივლისი - 309.28 ლარი; სექტემბერი - 289.77 ლარი. შპს „თ.ს.მ–ს“ მ.ფ–ძის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 880.82 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება მოიცავდა შემდეგი პერიოდის და ოდენობის სახელფასო ანაზღაურებას: 2019 წლის მარტი - 195.68 ლარი; აპრილი - 195.68 ლარი; მაისი - 195.68 ლარი; ივნისი - 146.76 ლარი; ივლისი - 147.02 ლარი. შპს „თ.ს.მ–ს“ ნ:.მ–ძის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 600 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება მოიცავდა 2018 წლის დეკემბრის თვის აუნაზღაურებელ ხელფასს. შპს „თ.ს.მ–ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება, რაც სადავო არ იყო. სადავო იყო თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში (გარდა ი.კ–ძის, მ.ფ–ძის და ნ:.მ–ძისა, რომელთან მიმართებითაც მოპასუხემ ძირითადი მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი) დავალიანების ოდენობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სარჩელზე დართულ შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის მიერ გაცემულ ცნობებზე, რომლითაც დგინდებოდა თითოეული მოსარჩელის დავალიანების ოდენობა. მოპასუხე არ დაეთანხმა მასში მითითებულ თანხებს იმ მიზეზით, რომ ხელმომწერი დირექტორი შეიცვალა და როგორც შესაგებელში და სხდომაზე განმარტეს, მისი ხელმძღვანელობის დროს გაცემულ ცნობებში იყო უზუსტობები, რაც გამოწვეული იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმების (დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის დროს დამსაქმებლის გაუფრთხილებლობა ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ადრე) გაუთვალისწინებლობით და საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი დირექტორის ხელმოწერით გაცემული ცნობები. გარდა ამისა, მოპასუხის პოზიცია იყო იმგვარი, რომ არსებობდა შპს „თ.ს.მ–ის“ 2020 წლის 10 თებერვლის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ჰყავდა ორი დირექტორი, ნ.მ–ი და ნ.ს–ი, რომლებსაც ევალებოდათ საზოგადოების ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. ორივე დანიშნული დირექტორი უფლებამოსილი იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად წარმოედგინა საზოგადოება მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, ორივე დირექტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახდენდა საზოგადოების მართვას. გამონაკლისს წარმოადგენდა ფინანსური ოპერაციების დროს, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას - საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას ორივე დირექტორის ხელმოწერის სავალდებულობა. კრების ოქმის აღნიშნულ ჩანაწერზე მითითებით მოპასუხე განმარტავდა, რომ ნ.მ–ს ზოგადად უფლებამოსილებაც არ ჰქონდა ერთპიროვნულად გაეცა მსგავსი ხასიათის ცნობები, რაც კომპანიის ფულად ვალდებულებებს უკავშირდებოდა და სახელფასო დავალიანებების თაობაზე ცნობის გაცემაც, მოპასუხის მოსაზრებით, შედიოდა ამ კატეგორიის უფლებამოსილებებში.
5.13. ამ შედავებასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ სადავო იყო მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების ანაზღაურების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას თავის მხრივ ექნებოდა მოთხოვნა რომელიმე მოსარჩელესთან, სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეეძლო ედავა და ცალკე სასარჩელო წარმოების ფარგლებში იმსჯელებდა საქმის განმხილველი სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში კი, ის ფაქტი, რომ კლინიკას ერიცხებოდა დავალიანება დასაქმებულების მიმართ, არ იყო სადავო. რაც შეეხება წინა დირექტორის მიერ გაცემულ სადავო ცნობებს და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ცნობებს შორის თანხების სხვადასხვაობას, პალატამ აღნიშნა, რომ იგი ჯარიმის სახით გამოკლებული ხელფასების ხარჯზე იყო ასახული ასახული.
5.14. პალატამ მიუთითა, რომ თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობდა კლინიკასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დარეგულირებული იყო სახელფასო ანაზღაურების საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ დავალიანებებს, აღნიშნული დასტურდებოდა საქმეზე დართული ცნობებით. ამასთან, რამდენადაც სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია დავალიანების არსებობასთან და მის ოდენობასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი იყო მოთხოვნა ყოველ დაყოვნებულ დღეზე ჯარიმის დაკისრების თაობაზეც. აღნიშნული მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხის აპელირება, თითქოს ხელფასის დროულად ჩარიცხვა ვერ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ თავად კლინიკას არ ჩარიცხვია თანხები სახელმწიფოსგან, პალატამ დაუსაბუთებელ და არარელევანტურ შედავებად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ს.მ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია პარტნიორთა კრების ოქმი მხოლოდ ერთი დირექტორის უფლებამოსილების დამდგენად ვალის აღიარებასთან მიმართებით და რის საფუძველზე მიიჩნია ვალის არსებობის ცნობებიდან კონკრეტული ცნობები უპირატესად. კასატორის მოსაზრებით სასამართლო ასევე არ ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე მიიჩნია დირეტორის მიერ გაცემულ ცნობებს შორის სხვაობა მხოლოდ პირგასამტეხლოს გაქვითვად და ასეთად მიჩნევის შემთხვევაშიც, რომელ ნორმას ეწინააღმდეგებოდა დამსაქმებლის საპასუხო მოთხოვნის გამოყენება დასაქმებულის ვალის ოდენობის დაანგარიშებისას.
6.2. სასამართლოს არ დაუსაბუთებია რის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოვალეს პირგასამტეხლო, თუ მას ვადის გადაცილებაში ბრალი არ მიუძღვის. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, თანხების დაქვითვაზე ცალკე სასარჩელო წარმოების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ დასაქმებულებმა ხელშეკრულება თვითნებურად შეწყვიტეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ და შესაბამისად, არ აქვთ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
7. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, შპს „თ.ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება.
13. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასა და დასაქმებულების (მოსარჩელის) წინაშე სახელფასო დავალიანების არარსებობას.
15. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.
16. საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას. პალატა მიუთითებს, რომ როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა (საკასაციო პრეტენზიის ნაწილში) იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, ანაზღაურების ვალდებულების არარსებობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ი.კ–ძის, მ.ფ–ძისა და ნ:.მ–ძის ძირითადი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოთხოვნილი ოდენობით თანხები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა (მოპასუხემ), მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ ცნობისა, გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სრულად და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ინ ნაწილზე, რომელზეც მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნა არ უცვნია და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში წარმოადგენს დავის საგანს.
17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი სადავო არ არის, დადგენილია მოსარჩელეების შრომის ანაზღაურების ოდენობა და ისინი მიუთითებენ სახელფასო დავალიანებაზე. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილია შპს „თ.ს.მ–ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობები, რომლებშიც მითითებულია თითოეული მოსარჩელის დავალიანების ოდენობა. მოპასუხე ცნობებში მითითებულ თანხებს არ დაეთანხმა იმ მიზეზით, რომ ხელმომწერი დირექტორი შეიცვალა და მისი ხელმძღვანელობის დროს გაცემულ ცნობებში არის უზუსტობები, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმების (დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის დროს დამსაქმებლის გაუფრთხილებლობა ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ადრე) გაუთვალისწინებლობით. მოპასუხე მხარემ საპირისპიროდ წარადგინა ახალი დირექტორის ხელმოწერით გაცემული ცნობები. მოპასუხე ასევე აღნიშნავდა, რომ შპს „თ.ს.მ–ის“ 2020 წლის 10 თებერვლის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, საზოგადოებას ჰყავდა ორი დირექტორი, რომლებსაც ევალებოდათ საზოგადოების ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. ორივე დანიშნული დირექტორი უფლებამოსილი იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად წარმოედგინა საზოგადოება მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, ორივე დირექტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახდენს საზოგადოების მართვას. გამონაკლისს წარმოადგენდა ფინანსური ოპერაციების დროს, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას - საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას ორივე დირექტორის ხელმოწერის სავალდებულობა. კრების ოქმის აღნიშნულ ჩანაწერზე მითითებით მოპასუხე განმარტავდა, რომ ნ.მ–ს უფლებამოსილება არ ჰქონდა ერთპიროვნულად გაეცა მსგავსი ხასიათის ცნობები, რაც კომპანიის ფულად ვალდებულებებს უკავშირდებოდა და სახელფასო დავალიანებების თაობაზე ცნობის გაცემაც, მოპასუხის მოსაზრებით, შედიოდა ამ კატეგორიის უფლებამოსილებებში. მოპასუხის მითითებულ არგუმენტს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის - ნ.მ–ის მიერ მოსარჩელეებზე გაცემული ცნობები, მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების შესახებ, ადასტურებს კლინიკის დავალიანებას მოსარჩელეების მიმართ. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ ნ.მ–ი და ნ.ს–ი არიან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ამასთან, უფლებამოსილების რაიმე ფორმით შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში დატანილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხე მხარის პოზიცია ნ.მ–ის, როგორც კლინიკის დირექტორის მიერ გაცემული ცნობების არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.
18. კასატორი მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საპასუხო მოთხოვნის გამოყენება დასაქმებულის ვალის ოდენობის დაანგარიშებისას კანონშესაბამისია. ამ შედავებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.მ–ის“ გენერალური დირექტორის ნ.მ–ის მიერ კომპანიის სახელით გაცემული ცნობები, თითოეული მოსარჩელის სახელფასო დავალიანების ოდენობის მითითებით. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორმა კომპანიის სახელით აღიარა სახელფასო დავალიანების არსებობა თითოელი მოსარჩელის მიმართ კონკრეტული ოდენობით, აღნიშნული კი წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოსარჩელეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არარსებობის შესახებ, ვინაიდან, მას თანხები არ ჩარიცხვია სახელმწიფოსგან და გადახდის ვადის გადაცილებაში არ მიუძღვის ბრალი, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მრავალგვარი. მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, როდესაც ბრალის გარეშე ვერ ასრულებს ვალდებულებებს საზოგადო ან მის პიროვნებასთან, ანდა კრედიტორის მოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2001 წელი, გვ.421). სკ-ის 401-ე მუხლს ვალდებულებათა დარღვევის სისტემაში ორმაგი ფუნქცია აქვს. ერთი მხრივ, ამ ნორმით დგინდება, რომ მოვალეს ვადის გადაცილება არ შეერაცხება, თუ მას ბრალი არ მიუძღვის ვადის გადაცილებაში, ხოლო მეორე მხრივ, ამ ნორმით (მათ შორის, მისი სათაურით) დგინდება, რომ შეუძლებლობის შემთხვევაში, არ ხდება ვადის გადაცილება, რამეთუ ასეთ დროს შესრულების ვალდებულება ქარწყლდება ან დროებით წყდება. ამით კანონმდებელმა მართებულად გამიჯნა შეუძლებლობა და ვადის გადაცილება (იხ. სუსგ.: ას-1438-2022, 02.02.2023წ.). ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით. როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 637-639). შესაბამისად, სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძვლით მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ასეთად კი ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირების მიერ მოვალის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწორედ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ და სხვა, დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავდაპირველ ხელშეკრულებასთან, გავლენას ვერ მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების არსებობაზე.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის არგუმენტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ იქნება მიჩნეული კლინიკის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებისგან დამსაქმებლის გათავისუფლების საფუძვლად. როგორც ზემოთ იქნა განმარტებული „ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. მავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1351.65 ლარის 70% – 946.15 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ.ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „თ.ს.მ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1351.65 ლარის (848.35 ლარი, საგადახდო დავალება N1647943948, გადახდის თარიღი 22.03.2022; 503.3 ლარი, საგადახდო დავალება N1649845275, გადახდის თარიღი 13.04.2022) 70% – 946.15 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე